კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: მართალია თუ არა, რომ რაც უფრო ხშირად შეიჭრი თმას, მით უფრო სწრაფად დაიწყებს ის ზრდას? ისიც გამიგია, რომ გადაპარსვა ხელს უწყობს თმის საფარის გახშირებას.
პასუხი: ეს არასწორი მოსაზრებაა. წელიწადში 3-4-ჯერ თმის შეჭრა მხოლოდ დაგიცავთ ეგრეთ წოდებული „ბოლოჭამიების“ გაჩენისგან. სქელი და თხელი თმა ძირითადად გენეტიკაზეა დამოკიდებული.
კითხვა: როგორც ვიცი, ნებისმიერი, თუნდაც საუკეთესო ხარისხის შამპუნის ხანგრძლივად ხმარების შემთხვევაში, მას თმა „ეჩვევა“ და შესაბამისად, ნაკლებად აქვს დადებითი შედეგი. რამდენ ხანში ერთხელ უნდა შევცვალო შამპუნი, რომ ეს არ მოხდეს?
პასუხი: ყოველგვარი „შეჩვევა“ გამორიცხულია. თუ თქვენ იპოვეთ (შეარჩიეთ) თქვენი თმისთვის სასურველი შამპუნი, შეგიძლიათ, წლების განმავლობაში არ შეცვალოთ. უბრალოდ, პერიოდულად „გაახალისეთ“ თმა და გამოკვებეთ თმის ძირები ბუნებრივი პროდუქტებით: კვერცხის გულით, ძმრით, A და E ვიტამინებით, აბუსალათინის ზეთითა და მცენარეული ნაყენებით.
კითხვა: რა სიხშირით უნდა გავიკეთო ხელის აბაზანები, რომ კანი რბილი, გლუვი და სრიალა მქონდეს? ასევე, მაინტერესებს, ხელის აბაზანებისთვის საკმარისია თუ არა მხოლოდ საპნიანი თბილი წყალი?
პასუხი: გააჩნია, რას საქმიანობთ ყოველდღიურად, ანუ რა დონეზე გიზიანდებათ კანი ხელებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თქვენი ასაკი 25-ს გადაშორდა, სასურველია, ხელის აბაზანები გაიკეთოთ ორ დღეში ერთხელ, საღამოს, დაძინებამდე 1-2 საათით ადრე: პატარა ჯამში ჩაასხით თბილი წყალი, გახსენით მასში ზღვის (ან ჩვეულებრივი) მარილი, ჩააწვეთეთ 5 წვეთი იოდი, ცოტაოდენი კოსმეტიკური (ან თხევადი) საპონი, აურიეთ და ჩააწყვეთ ხელები 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაიკეთეთ პილინგი, გადაივლეთ გრილი წყალი, შეიმშრალეთ და წაისვით ხელის მკვებავი ან გლიცერინი. სასურველია, ამ პროცედურების შემდეგ ჩაიცვათ თითებიანი ხელთათმანი და დილამდე არ მოიხსნათ. მართალია, ახლა ცხელა და ხელთათმანების ჩაცმა ძალიან გაგიჭირდებათ, მაგრამ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ამის გაკეთება არ დაგავიწყდეთ.
კითხვა: ბოლო ხანებში ისევ მოდაში შემოვიდა თვალების „ჩრდილები“. რა ფერის „ჩრდილი“ მოუხდება ღია თაფლისფერ თვალებს?
პასუხი: „ჩრდილების“ შერჩევისას გასათვალისწინებელია არა მარტო თვალების, არამედ სახის კანის ფერიც. საბოლოო ჯამში ყველაფერი ადამიანის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ზოგადად კი, შეგვიძლია, ის გირჩიოთ, რომ წელს მოდაშია პასტელის ფერები – მკრთალი, მშვიდი, „ჩამქრალი“ ტონები.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა კოსმეტიკური საშუალებებით მოვიშორო სახესა და ტანზე კუპეროზა?
პასუხი: თუ მხოლოდ შენიღბვას გულისხმობთ, მაშინ შესაძლებელია, მაგრამ კუპეროზული „ვარდების“ მოშორება მხოლოდ ლაზერით შეიძლება.
კითხვა: ბოლო ხანებში თვალების ქვეშ გამიჩნდა სილურჯე. როგორ მოვიქცე?
პასუხი: თვალების ქვეშ სილურჯეს მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. თუ რაიმე ორგანული დაავადება არ გჭირთ, მაშინ, უნდა მოიწესრიგოთ დღის რეჟიმი, განსაკუთრებით კი – ძილი. ასევე, მოერიდეთ სტრესებს, ნერვიულობას, ხშირად ისეირნეთ ჰაერზე. ასეთ დროს ძალიან ეფექტურია გახეხილი უმი კარტოფილის (გახეხილი კარტოფილი მოათავსეთ 2 ფენა დოლბანდში) ცივი კომპრესები. კარგ შედეგს იძლევა, ასევე, შემდეგი საშუალებები: უმი კიტრი გათალეთ, დაჭერით რგოლებად. 2 რგოლი ამოავლეთ ლიმონის წვენში, დაწექით და 15 წუთის განმავლობაში დაიდეთ დახუჭულ თვალებზე. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით თვალის გელი.
ან, დაჭრილი პომიდვრის ორი რგოლი ამოავლეთ გვირილის ნახარშში (დანარჩენი – იგივე).
კითხვა: ვერანაირი მზა საშუალებით ვერ მოვიშორე ქერტლი. ახლახან მირჩიეს, თუ თავს კვირაში ერთხელ დაიბან, ქერტლი აღარ შეგაწუხებსო, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან მიჭირს, რადგან კვირის განმავლობაში დაუბანელი თმა საშინელ დისკომფორტს მიქმნის. რას მირჩევთ?
პასუხი: ამაზე ცუდ რჩევას ვერავინ მოგცემდათ. კვირაში ერთხელ თავის დაბანა არათუ გააქრობს ქერტლს, არამედ, რომც არ გქონდეთ, შეიძლება, თმის ასეთი მოვლისას გაგიჩნდეთ. თავი უნდა დაიბანოთ იმ სიხშირით, რასაც თქვენი თმა მოითხოვს. რაც შეეხება მოვლას, რადგან მზა პროდუქტები არ გშველით, მიმართეთ ბუნებრივ საშუალებებს: ორი-სამი თვის განმავლობაში, ყოველ მეორე დღეს, სამის ნაცვლად, წაისვით ათქვეფილი კვერცხის გული და ჩამოიბანეთ ჭინჭრისა და გვირილის ნახარშის ნარევით.
კითხვა: რა ასაკიდან არის ქალისთვის აუცილებელი თვალების გარშემო კანის მოვლა?
პასუხი: თვალების გარშემო კანი „სიგნალს“ გვაძლევს უკვე 20-22 წლის შემდეგ. ამიტომ, იყავით განსაკუთრებით ყურადღებიანი და მზრუნველი სახის ამ მონაკვეთის მიმართ, რადგან მერე პრობლემის დაძლევა ძალიან გაგიჭირდებათ.