10 ყველაზე ეფექტური და სასარგებლო პროდუქტი დიეტისთვის
შვებულება დამთავრდა. მართალია, კარგად დაისვენეთ, მაგრამ ცოტა არ იყოს, რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი „აკრიფეთ“, რაც დისკომფორტს გიქმნით. ზაფხულში ნებივრობის შემდეგ კი მკაცრი დიეტის დაცვა აშკარად აღემატება თქვენს ძალებს... რა თქმა უნდა, უსიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ არა უსაშველო. რაც უფრო მალე შეუდგებით „აკრეფილი“ კილოგრამების განდევნას, მით უფრო ადვილად მოიგერიებთ მათ. ამისთვის კი სულაც არაა საჭირო რაიმე განსაკუთრებული ღონისძიების ჩატარება. უბრალოდ, უნდა იცოდეთ, რომელი პროდუქტები შეიტანოთ თქვენს რაციონში და, კიდევ, რომელი საკვებით ჩაანაცვლოთ თქვენთვის სასურველი კერძი ან სასუსნავი.
გთავაზობთ 10 ყველაზე ეფექტური და სასარგებლო პროდუქტის ჩამონათვალს:
1. რძის პროდუქტები – უცხიმო ხაჭო, მაწონი, კეფირი, ყველი;
2. ვაშლის ძმარი (აქრობს მადას) – 1 ჩაის კოვზი მოასხით უმი ბოსტნეულის სალათას;
3. ნალექიანი ყავა და მწვანე ჩაი (ხელს უწყობს ცხიმების წვას);
4. წითელი წიწაკა – მისი სიმწარე წვავს დღეში 305 კილოკალორიას (ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ);
5. სანელებლები – ხელს უწყობს საჭმლის სწრაფ მონელებას;
6. „ჰერკულესი“ – ხელს უშლის ცხიმების „ჩალაგებასა“ და ორგანიზმში სითხის შეკავებას;
7. ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) – ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი. თუ ყოველი კვების შემდეგ ნახევარ გრეიპფრუტს მიირთმევთ, ის სასწრაფოდ „დაწვავს“ მიღებული კალორიების ნახევარს;
8. იმბირის ფესვი – აწესრიგებს კუჭის სეკრეციას, სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლას, რაც ხელს შეგიწყობთ გახდომაში;
9. სალათის ფოთლები – აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას;
10. პაპაია – შეიცავს ცხიმების „დამწველ“ ბუნებრივ ნივთიერებებს. მიირთვით უშუალოდ ჭამამდე, ჭამის პროცესში ან მაშინვე, ჭამის შემდეგ – მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებთ სასურველ შედეგს;
ახლა კი შემოგთავაზებთ „კალორიული ბომბების“ ალტერნატიულ ვარიანტებს:
1) 1 ცალი შოკოლადში ამოვლებული, კრემიანი „პეჩენია“ (475 კილოკალორია) = ყველიან ბუტერბროდს + 1 ფინჯან „კაპუჩინოს“ + 1 ულუფა ბოსტნეულის სალათას + 1 პატარა ნაჭერ ხაჭოს ნამცხვარს;
2) 1 შაურმა (680 კილოკალორია) = 2 ცალ მოზრდილ კივის + 200 მილილიტრ იოგურტს + 2 ცალ ბოსტნეულის ტოლმას + 1 ცალ ჩიზბურგერს;
3) 1 ცალი შემწვარი წიწილა შემწვარი კარტოფილის გარნირით (525 კილოკალორია) = 1 ულუფა კრემ-სუპს + 3 ცალ უკრემო და უშოკოლადო „პეჩენიას“ + 1 ულუფა სპაგეტის + 250 გრამ ხილის სალათას.
ასე რომ, არჩევანი თქვენზეა!