რატომ უტოლდება თავისი თვისებებით შოპინგომანია ნარკომანიას
ჩვენს ქვეყანაში გაჩნდა ტერმინი „შოპინგოთერაპია”, რაც, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, შოპინგომანიაში გადაიზარდოს, ამ პრობლემასთან გამკლავება კი ფსიქოლოგის ჩარევის გარეშე რთული ხდება. რა არის საერთოდ ეგრეთ წოდებული შოპინგოთერაპია, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია მას და როდის გადაიზრდება ის ავადმყოფობაში, გვესაუბრება ფსიქოლოგი ნინო ჩეჩელაშვილი.
– რა არის შოპინგოთერაპია და როდის შეიძლება, ის გადაიზარდოს სერიოზულ პრობლემაში?
– დღესდღეობით შოპინგოთერაპია ძალიან მოდაშია, თუმცა, არა ყველა სოციალური კლასის წარმომადგენლისთვის. შოპინგოთერაპია უფრო გავრცელებულია საზოგადოების იმ ფენაში, რომელსაც აქვს ამის ფინანსური შესაძლებლობა. ზუსტად ეს, შეიძლება, ავადმყოფობად და ნაკლოვანებად ჩავთვალოთ, მაგრამ მას აქვს გარკვეული დადებითი მხარეც და ესაა თერაპია. „შოპინგოთერაპია” – რაღაც დონეზე ნიშნავს სტრესის მოხსნას ნივთების ან ტანისამოსის ყიდვის გზით. ეს ისეთ ადამიანებს სჭირდებათ, რომლებიც ძალიან დაკავებულები არიან და ცდილობენ, რომ ცხოვრება გაიმრავალფეროვნონ, სხვა საქმეზე გადაერთონ, დროის რაღაც ნაწილი დაუთმო „შოპინგს“. ასეთი ადამიანებისთვის ეს პროცესი არის, უბრალოდ, ნივთის ან საჩუქრის ყიდვის მოთხოვნილება. შოპინგოთერაპიას შეიძლება ჰქონდეს სიმბოლური მნიშვნელობაც, როდესაც ადამიანი ცდილობს, ახალი ნივთის ყიდვით სიახლე შეიტანოს ცხოვრებაში. რაც შეეხება უარყოფით მხარეს, შოპინგოთერაპია შეიძლება გადაიზარდოს არა თერაპიაში, არამედ რაღაც ავადმყოფობაში. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი – დიფამინი და სწორედ ყიდვის პერიოდში გამოიყოფა ეს ჰორმონი, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ადამიანი წყვეტს ყიდვის პროცესს, ვარდება პოსტდეპრესიულ მდგომარეობაში, ანუ, აქვს რაღაც დანაკლისის განცდა და აპათიაშია. მცირე პერიოდის გავლის შემდეგ მას ისევ უბრუნდება „შოპინგზე“ წასვლის სურვილი და ეს უკვე არის შოპინგომანია – შოპინგოთერაპიის უკიდურესი ფორმა, რომელიც შეიძლება, ისეთივე ავადმყოფობად ჩავთვალოთ, როგორიც ნარკომანიაა. ეს ორივე ფენომენი არის ადიქტური ქცევა, ამიტომ ადამიანმა თვითონვე უნდა იცოდეს, სად გადის ზღვარი ნორმალურ და მანიაკალურ „შოპინგებს“ შორის. ეს პრობლემა ხშირ შემთხვევაში აქვთ ისეთ ქალებს, რომლებიც არ მუშაობენ, არ არიან რეალიზებულნი და ამიტომ მიმართავენ „შოპინგს“. ასევე, ეს ემართებათ ქალებს, რომლებსაც ჰყავთ მდიდარი ქმრები, თვითონ კი სახლში სხედან და, ფაქტობრივად, „შოპინგი“ ხდება მათი რეალიზაციის საშუალება.
– რა უნდა ქნას იმან, ვისაც შოპინგოთერაპია დაავადებაში გადაეზარდა?
– თუკი ამან სერიოზული სახე მიიღო და გადაიქცა ადიქტურ ქცევად, ანუ ადამიანი „შოპინგზე“ დამოკიდებული გახდა, რაც, ფაქტობრივად, უკვე ავადმყოფობაა, აუცილებელია ფსიქოლოგის ჩარევა, რადგან თვითონ უკვე ვეღარ მოახერხებს ამ პრობლემასთან გამკლავებას.
– ხშირად ადამიანს აქვს „შოპინგზე“ სიარულის მოთხოვნილება, მაგრამ მატერიალური მდგომარეობა არ უწყობს ხელს. ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს?
– თუ ადამიანს საშუალება არ აქვს, მაშინ საკუთარი თავის რეალიზება აუცილებლად სხვა გზით უნდა მოახდინოს, მაგალითად, შემოქმედებით სფეროში აქტიურობით ან, თვითონ შექმნას რაიმე ღირებული და ამით შეძლოს, მოიხსნას სტრესი. ზოგიერთი ქალისთვის კი, შეიძლება, დიასახლისობაც იყოს სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალება. ამით იმის თქმა მინდა, რომ შოპინგოთერაპია არ არის სტრესის მოსახსნელი საშუალება.
– შოპინგოთერაპიის დაავადებაში გადაზრდის შემთხვევაში რა პრობლემები წარმოიქმნება?
– ფსიქიკასთან ერთად, შოპინგომანია თითქმის ისეთივე დაავადებაა, როგორიც ნარკომანია, ისინი თითქმის ერთ დონეზე დგას. რა თქმა უნდა, ნარკომანია უფრო სერიოზული დაავადებაა, რადგან ის ადამიანის ორგანიზმსაც აზიანებს. შოპინგომანია კი სერიოზულად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე და საკმაოდ სერიოზულ პრობლემას უქმნის ოჯახის ბიუჯეტს. თუ ადამიანს აქვს „შოპინგის“ სურვილი, მაგრამ ამაში ხელს მატერიალური მდგომარეობა არ უწყობს, ხდება მისი სურვილების ბლოკირება ანუ შუსტირება. რაც ქმნის გარკვეულ სტრესულ სიტუაციას და თუ ამან მანიაკალური სახე მიიღო, აუცილებელია ფსიქოლოგის ჩარევა.
– თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ფსიქოლოგისთვის მიუკითხავს ასეთ ადამიანს?
– პირადად ჩემთან ასეთი პრობლემით არავინ მოსულა. საერთოდ, არსებობს თუ არა შოპინგომანია, არ ვიცი, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ არიან მდიდარი ქალები, რომლებიც ვერ ახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას, ან, ქალები, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობენ და არ აქვთ დრო, „შოპინგზე“ ხშირად იარონ, მათთვის ნამდვილი თერაპიაა, მაგრამ, ვინც მხოლოდ ტანსაცმლის ყიდვაზე არის ორიენტირებული და მის გარეშე, უბრალოდ, აღარ შეუძლია არსებობა, დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიაკითხავს ფსიქოლოგს. ეს უფრო გლობალური პრობლემაა და, ალბათ, ევროპის ქვეყნებში უფროა გავრცელებული ფსიქოლოგთან შეხვედრები ამ საკითხთან დაკავშირებით.
– შოპინგომანიით „დაავადებულ” ქალებს, ალბათ, ოჯახში პრობლემები ექმნებათ.
– ასეთ ქალებს მეუღლესთან აუცილებლად ექმნებათ პრობლემები. იმ ფულით, რასაც „შოპინგში“ ხარჯავენ, ოჯახისთვის ღირებული ნივთის ყიდვა შეიძლება და, როცა ადამიანი შრომობს, შოულობს ფულს ოჯახის სარჩენად, ეს ფული კი, ფაქტობრივად, წყალში იყრება, პრობლემები აუცილებლად იჩენს თავს და, შეიძლება, ოჯახის დანგრევაც გამოიწვიოს.
– როგორც ფსიქოლოგი, რა რჩევას მისცემთ ასეთი პრობლემით შეწუხებულ ქალებს?
– ასეთი პრობლემით შეწუხებულ ქალებს ვურჩევ, რომ გამონახონ ალტერნატიული გზა, რითაც შეეძლებათ დეპრესიის დროს დაკავდნენ. თუ მიაჩნიათ, რომ ბედნიერებისთვის მხოლოდ ტანსაცმლის შეძენა და გარდერობის განახლებაა საკმარისი, მაშინ, მისდიონ ამ საქმიანობას, მაგრამ, თუ უკვე დისკომფორტს განიცდიან, ან თვითონ ეძიონ გამოსავალი, ან მიაკითხონ ფსიქოლოგს. არსებობს მესამე ვარიანტიც – ეცადონ, ნელ-ნელა გადაეჩვიონ „შოპინგზე“ სიარულს. ამ დროს ისინი სხვა განზომილებაში არიან მათი რაციონალური მხარე დახშულია, მათთვის მთავარი მიზანი და ამოსავალი წერტილი არის ყიდვის პროცესი. მაგრამ, როგორც კი სურვილს იკმაყოფილებენ, შემდეგ უჩნდებათ სინანულის გრძნობა, რომ ამდენი არ უნდა დაეხარჯათ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ისევ ერთვება აპათიის მომენტი და ისევ ჩნდება „შოპინგის“ სურვილი. ფაქტობრივად, ეს არის რგოლი: ყიდულობ და გამოიყოფა კმაყოფილების ჰორმონი; შემდეგ ირაციონალური მდგომარეობიდან ადამიანი გადადის რაციონალურში, ათვითცნობიერებს, რა გააკეთა, მაგრამ, მოკლე ხანში იმავეს იმეორებს. ასეთი მანიაკალური და ავადმყოფური ჩვევის დროს კი აუცილებელია, მიმართოთ ფსიქოლოგს, თუკი თვითონ ვერ უმკლავდებით პრობლემას.