კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაეხმარნენ თეიმურაზ მეორე და ერეკლე მეორე ირანის ახალ მბრძანებელს ხელისუფლებაში მოსვლაში


ერეკლე მეორის შეფასება დღემდე საპოლემიკოდ რჩება ისტორიკოსთა შორის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მეფისადმი წაყენებული ბრალდებების უმრავლესობა უსაფუძვლოა და მეტწილად კონიუნქტურის შედეგი, თუმცა, ცხადია, ერეკლე მეორეს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში ჰქონდა გარკვეული შეცდომები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა განპირობებული იყო ობიექტური მიზეზებით. ჩვენ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორთან პროფესორ ვახტანგ გურულთან საუბრისას შევეცდებით, შევაფასოთ ერეკლე მეორის მოღვაწეობა.



– ბატონო ვახტანგ, როგორ დაახასიათებთ ერეკლეს პიროვნებას?

– დავიწყოთ იმით, რომ ერეკლე იყო ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელი, ეკლესიური პიროვნება. ცნობილია, რომ აღა-მაჰმად-ხანს თბილისში შემოჭრის შემდეგ ერეკლეს შეპყრობა ჰქონდა გადაწყვეტილი. ერეკლემ ეს კარგად იცოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მეტეხის ხიდზე გასული, აბოს ნიშასთან შეჩერდა და დიდხანს ილოცა. ლოცვის დროს მტერი სულ რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით იმყოფებოდა. ცხადია, მეფის შეჩერების მიზეზი აღა-მაჰმად-ხანმა არ იცოდა. ერეკლეს ასეთმა უშიშარმა საქციელმა იგი შეაშფოთა და ცხენოსანი ჯარის სარდალს უთხრა: დევნა შეაჩერე, ერეკლე ნადირ-შაჰის გამოზრდილია და რაღაც ხაფანგს არ გვიგებდესო. როგორც ვხედავთ, დამარცხებული, რამდენიმე ათეული მხედრის ამარა დარჩენილი ერეკლე, აღა-მაჰმად-ხანისთვის მაინც დიდ საშიშროებას წარმოადგენდა.

ერეკლე განგებისგან დაჯილდოებული იყო დიდი დიპლომატიური ნიჭით. უცხო ქვეყნებში დიპლომატიური მისიის არარსებობის პირობებში, პრაქტიკულად ყოველგვარი საჭირო ინფორმაციის გარეშე, ერეკლე ზუსტად ამოიცნობდა ხოლმე ამა თუ იმ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს. დიპლომატიურ შეხვედრებზე იგი პრაქტიკულად ხმას არ იღებდა, სხვებს უსმენდა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრიდან გამოსულმა უცხოელმა თურმე ერეკლეს შესახებ იკითხა, ის კაცი მუნჯი ხომ არ იყოო.

ერეკლეს საკმაოდ საფუძვლიანი სამხედრო განათლება ჰქონდა მიღებული. მან დიდი სკოლა გაიარა ნადირ-შაჰთან, როცა ირანის მბრძანებელს ინდოეთის ლაშქრობაში თან ახლდა.

– რატომ გახდა საპოლემიკო ერეკლე მეორის ნაღვაწის შეფასება?

– ერეკლე მეორის ნაღვაწის შეფასებას ცდილობდნენ რუსეთის იმპერიის, საბჭოთა (ქართული და რუსული), პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართული და თანამედროვე რუსული ისტორიოგრაფიული სკოლები. რუსეთის იმპერიის ისტორიოგრაფიისთვის ერეკლე მეორე იყო პრორუსული ორიენტაციის მეფე, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი რუსეთის იმპერიის მიერ კავკასიური პოლიტიკის წარმატებით რეალიზებას. საბჭოთა ისტორიოგრაფია (გამომდინარე რუსი და ქართველი ხალხის საუკუნოვანი „მეგობრობის“ ისტორიიდან) ამტკიცებდა, რომ ერეკლეს პრორუსულმა ორიენტაციამ ქართველი ერი და საქართველო იხსნა ირანისა და ოსმალეთის აგრესიისგან და საბოლოოდ გადაარჩინა ქვეყანა. პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართული ისტორიოგრაფია კრიტიკულად მოეკიდა ერეკლეს ნაღვაწის შეფასებას და ბრალად დასდო მას რუსოფილობა, რომლის შედეგი გახდა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობა. თანამედროვე რუსული ისტორიოგრაფია თითქმის მთლიანად იმეორებს რუსეთის იმპერიის ისტორიოგრაფიის მოსაზრებას და დღევანდელ ქართველობას აყვედრის ერეკლე მეორის პოლიტიკური კურსის უგულებელყოფას. თანაც, დასძენს, რომ ერეკლე მეორემ და გიორგი მეთორმეტემ ქართლ-კახეთის სამეფო ნებაყოფლობით შეუერთეს რუსეთს და ამიტომ ქართველებს არ აქვთ უფლება, ჰქონდეთ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობაო. ეს სიცრუე დღეს რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას წამდაუწუმ იყენებენ რუსი პოლიტიკოსები, ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები და პირველი პირები. ყოველივე ეს, ცხადია, მკითხველში გარკვეულ დაბნეულობას იწვევს.

– რატომ ბრალდება ერეკლე მეორეს რუსოფილობა?

– ერეკლეს რუსოფილად გამოცხადება საქართველოს ისტორიის ელემენტარული კურსის არცოდნის შედეგია. ვახტანგ მეექვსის რუსეთში გადახვეწის შემდეგ, ქართლსა და კახეთში შეიქმნა უმძიმესი მდგომარეობა: ოსმალებმა ორივე სამეფო გააჩანაგეს. შეუძლებელი გახდა მეტ-ნაკლებად ნორმალური ცხოვრება. ოსმალეთის ბატონობას ქართლსა და კახეთში ბოლო მოუღო ირანის ცნობილმა პოლიტიკურმა და სამხედრო მოღვაწემ – ნადირ-ხანმა, რომელიც შემდგომ ირანის შაჰი გახდა. 1735 წელს ნადირმა ოსმალთა ერთ-ერთ ძლიერ დასაყრდენს – განჯის ციხეს შემოარტყა ალყა. კახეთის სამეფო სახლის წარმომადგენლებმა: თეიმურაზ ერეკლეს ძემ და მისმა ვაჟმა – ერეკლე თეიმურაზის ძემ ვითარება აბსოლუტურად სწორად შეაფასეს. მამა-შვილი მიხვდა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ოსმალეთის ბატონობის ხანა დასრულდა. ამ დასკვნის შედეგი იყო ის, რომ თეიმურაზი და ერეკლე პროირანულ ორიენტაციაზე დადგნენ, ნადირ-ხანს განჯის ციხის აღებაში დაეხმარნენ და თბილისში შემოუძღვნენ. ნადირი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო. ვახტანგ მეექვსის პრორუსული ორიენტაციის შემდეგ, რაც ირანისთვის შეიძლებოდა, ძალზე ცუდად დამთავრებულიყო, თეიმურაზისა და ერეკლეს პროირანულ ორიენტაციას იგი მოწონებით შეხვდა. მისი ჩანაფიქრი ასეთი იყო: ქართლისა და კახეთის მიმართ ზოგიერთი დათმობის სანაცვლოდ, ამ სამეფოების პროირანულ ორიენტაციაზე დაყოლიება და რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის თავიდან აცილება. თეიმურაზისა და ერეკლეს პოლიტიკით კმაყოფილმა ნადირ-შაჰმა 1744 წელს თეიმურაზ მეორე – ქართლის, ხოლო ერეკლე მეორე – კახეთის მეფედ დაამტკიცა. მეფედ დამტკიცების პირობად ნადირ-შაჰს გამაჰმადიანება არ წამოუყენებია. ორივე მეფე ქრისტიანული წესით ავიდა ტახტზე. 1632 წლის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქართლისა და კახეთის ტახტებზე ქრისტიანი მეფეები ავიდნენ. ქართლისა და კახეთის პროირანული ორიენტაცია 30 წელზე მეტხანს გაგრძელდა.

– რა მოუტანა პროირანულმა ორიენტაციამ ქართლისა და კახეთის სამეფოებს?

– ნადირ-შაჰის სიკვდილის შემდეგ ირანში არეულობა დაიწყო. ირანის შაჰები ქვეყნის პერიფერიებში მდგომარეობას ვეღარ აკონტროლებდნენ. ეს შეეხო ერევნის, განჯის, ყარაბაღის, ნახჭევნის, შუშისა და სხვა სახანოებს. სამაგიეროდ, ამ სახანოებზე თავიანთი გავლენა გაავრცელეს და გარკვეულწილად კონტროლი დააწესეს თეიმურაზმა და ერეკლემ. ირანის ცენტრალური ხელისუფლების დასუსტების პირობებში მაჰმადიანი ხანები უზენაეს ხელისუფლად ერეკლესა და თეიმურაზს მიიჩნევდნენ, მათგან ელოდნენ სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერას. მხარდაჭერა კი ერთმანეთთან დაპირისპირებულ ხანებს მუდამ სჭირდებოდათ. ირანის შაჰები, ცხადია, კარგად ხედავდნენ ქართლისა და კახეთის მეფეების წარმატებას, მაგრამ, იმასაც გრძნობდნენ, რომ თეიმურაზისა და ერეკლეს გარეშე ამიერკავკასიის სახანოებში დაუსრულებელი ქაოსი დაისადგურებდა, რაც საშიში იყო მთელი ირანისთვის. ხელისუფლებისთვის მებრძოლი შაჰობის პრეტენდენტები დიდი პატივითა და მოწიწებით ეპყრობოდნენ ერეკლესა და თეიმურაზს, რათა მათგან, საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერა მიეღოთ. სწორედ ერეკლესა და თეიმურაზის მხარდაჭერამ განაპირობა ის, რომ ირანის მომავალმა მბრძანებელმა გზიდან ჩამოიცილა საშიში მოწინააღმდეგე, თავრიზის ხანი – აზატი. იგი კახეთის მეფემ დაამარცხა, შეიპყრო და ქერიმ-ხანს გაუგზავნა.

ერეკლემ და თეიმურაზმა კარგად ისარგებლეს ირანში შექმნილი ვითარებით და სასურველ შედეგს მიაღწიეს: თბილისიდან ირანის გარნიზონი გააძევეს და ამიერკავკასიის ირანულ სახანოებზე გაბატონდნენ. ირანელი ხანების მორჩილება ქართველი მეფეებისადმი ემყარებოდა ცნობილ პრინციპს: „შიში შეიქმს სიყვარულსა“. ისინი, ცხადია, ერეკლესა და თეიმურაზს უღალატებდნენ მაშინვე, როგორც კი შესაფერის დროს იხელთებდნენ, მაგრამ ჩვენი მეფეები ფხიზლად ადევნებდნენ თვალყურს სახანოებს და როცა საჭირო იყო, იქ ჯარით შეჭრასა და სისხლის ღვრასაც არ ერიდებოდნენ.

– ყოველივე ამის შემდეგ რატომ სდებენ ერეკლე მეორეს ბრალად რუსოფილობას?

– ერეკლემ პროირანულ ორიენტაციაზე ხელი აიღო არა იმიტომ, რომ რუსები ძალიან უყვარდა, არამედ იმიტომ, რომ დაუსრულებელი შინაომების შედეგად ირანი ისე დასუსტდა, რომ სამომავლოდ სამხრეთ კავკასიაში შემოჭრილ რუსეთს წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევდა. დასუსტებული ირანის მხარეზე დარჩენას ერეკლემ პრორუსული ორიენტაცია არჩია. ირანი რომ ძლიერი სახელმწიფო ყოფილიყო, ერეკლე პროირანულ ორიენტაციაზე უარს არასოდეს იტყოდა. რუსული ორიენტაციის აღიარების შემდეგ და თვით გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგაც კი – 1783 წელი, ერეკლე მოკავშირეს ეძებდა ევროპაში. ასე რომ, ერეკლე მეორე რუსოფილი არ ყოფილა. აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი აღნიშნავდა: ქართველ ისტორიკოსებს ვერ გაურკვევიათ, რუსეთი მოდიოდა თუ ერეკლეს მოჰყავდაო. ცხადია, რუსეთი მოდიოდა და, თუ ის ირანსა და ოსმალეთს დაამარცხებდა, ქართლ-კახეთის სამეფოს ერეკლეს პრორუსული ორიენტაციის გარეშეც დაისაკუთრებდა, ისევე, როგორც დაისაკუთრა მთელი ჩრდილოეთი კავკასია და ამიერკავკასიის ირანული სახანოები.

– მაინც, რამ განაპირობა ერეკლე მეორის პოლიტიკური კურსის მარცხი?

– დიდმა პოლიტიკამ. დიდ პოლიტიკას თავისი კანონზომიერებები აქვს, რომლის შეცვლა პატარა სახელმწიფოებს არ ძალუძთ. დიდ პოლიტიკაში სრულფასოვანი მოთამაშეები დიდი სახელმწიფოები არიან. საქართველო და მთელი კავკასია დარჩებოდა ირან-ოსმალეთ-რუსეთის დაპირისპირებაში გამარჯვებულს. მეცხრამეტე საუკუნის დამდეგისთვის კი ამ ხანგრძლივ დაპირისპირებაში გამარჯვებული რუსეთი აღმოჩნდა; ამიტომ, საქართველოსთვის, ერეკლე მეორის საგარეო პოლიტიკური კურსის მიუხედავად, ფინალი მაინც ასეთი იქნებოდა. რაც შეეხება ერეკლე მეორეს, მას შთამომავლობა პატივს უნდა მიაგებდეს იმისთვის, რომ თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში, დიდი პოლიტიკისგან განწირულმა, სამშობლოს გადარჩენისთვის ბრძოლას შეალია ცხოვრება.


скачать dle 11.3