როდის შექმნა იოსებ გრიშაშვილმა ოჯახი და რატომ იყო ის მაინც მარტო
„კოცნის პოეტი“ – ასე უწოდა ხალხმა იოსებ გრიშაშვილს. ის მართლაც თავისი სატრფიალო ლექსების წყალობით გახდა საზოგადოებისთვის საყვარელი და პოპულარული. „იოსებ გრიშაშვილი მუდამ შეყვარებული იყო და მუდამ გულით იყო შეყვარებული, მას სხვაგვარად არ შეეძლო ლექსების წერა. არა სწამდა ერთი ნახვით შეყვარება და ერთხელ შეყვარება”, – ამბობს მის შესახებ ჩვენი რესპონდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რუსუდან კუსრაშვილი. ინტერვიუში იგი გვიამბობს, თუ რატომ გაიარა მძიმე ბავშვობა იოსებ გრიშაშვილმა, ვისზე იყო შეყვარებული და როგორი წარმოდგენა ჰქონდა მას საკუთარ თავზე.
რუსუდან კუსრაშვილი: იოსებ გრიშაშვილი ყველასთვის ცნობილი და საყვარელი პოეტი იყო. ის სიცოცხლეშივე ისე უყვარდა ხალხს, რომ მისი ლექსები სულ ზეპირად იცოდნენ. ერთი შემთხვევა მახსენდება: მსახიობი ლეილა აბაშიძე ჩემი ახლო მეგობარი გახლდათ, ჩვენ ერთად ვიზრდებოდით, სკოლაშიც ერთად დავდიოდით. ერთხელ ლეილას დედამ წაგვიყვანა თავისთან სამსახურში – იოსებ გრიშაშვილს ვიწვევთო. ძალიან გავიხარეთ.
– როგორ ჩაიარა საღამომ?
– შესანიშნავად. მართლაც მოვიდა იოსებ გიშაშვილი, მიართვეს ყვავილები, მრავალი ლექსი წაიკითხა. ერთ-ერთი მათგანის კითხვისას უცებ გაჩერდა, რადგან ფრაზა დაავიწყდა. სიჩუმე მსენელებმა დაარღვიეს და ლექსი მთელმა დარბაზმა გააგრძელა.
– სად მიმდინარეობდა ეს შეხვედრა პოეტთან?
– ახლანდელ ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში. ეს საღამო არასდროს დამავიწყდება. იოსებ გრიშაშვილს ცრემლები მოადგა თვალზე, გაუხარდა რომ ყველამ ზეპირად იცოდა მისი სტრიქონები.
იოსებ გრიშაშვილს რთული ბავშვობა ჰქონდა. პატარა იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა, დედა მეორედ გათხოვდა და დარჩა 14 წლის ობოლი სახლში მარტოდმარტო.
– როგორ გადალახა ეს საშინელი პერიოდი?
– ის სულ კითხვაში ატარებდა დროს. წერაც ამ პერიოდიდან დაიწყო. ჯერ იყო და, მიცვალებული მეზობლის სახელზე დაწერა ეპიტაფია. შემდეგ ეპიტაფიების წერით ძალიან გაითქვა სახელი თავის მშობლიურ უბანში – ხარფუხში. ამ პერიოდში პატარ-პატარა ლექსებიც შექმნა.
– ხარფუხის ფარგლებს როდის გასცდა იოსებ გრიშაშვილის სახელი?
– ერთ-ერთ ლიტერატურულ საღამოზე იოსებ გრიშაშვილს ყურადღება მიაქცია მაშინდელმა ცნობილმა მსახიობმა და რეჟისორმა ვალერიან გუნიამ. სწორედ ამ უკანასკნელმა წაიყვანა მომავალი პოეტი თეატრში სამუშაოდ.
– რომელ თეატრში?
– იოსებ გრიშაშვილმა სუფლიორად დაიწყო მუშაობა „საზოგადოებრივ თეატრში“ – ასე უწოდებდნენ იმხანად შოთა რუსთაველის სახელობის თეატრს, ხანდახან პატარ-პატარა როლებსაც თამაშობდა. იოსები იმდენად იყო აღფრთოვანებული ვალერიან გუნიას მიერ გაწეული ამ სამსახურით, რომ მთელი სიცოცხლე მისი მადლიერი დარჩა და მას მამა უწოდა. ის ჩემი მამაა, რომელმაც გზაზე დამაყენაო – ამბობდა და მას ლექსებიც მიუძღვნა. სხვათა შორის, თუკი ვინმეს რაიმე სიკეთე გაუკეთებია და ხელი გაუმართავს მძიმე ბავშვობის პერიოდში გრიშაშვილისთვის, პოეტი ამას არასდროს არ ივიწყებდა.
ვალერიან გუნიას შესახებ იგი წერს, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც თბილისიდან გავედი და მთელი საქართველო მოვიარე თეატრთან ერთად ვალერიან გუნის წყალობითო. პოეტი უზომოდ მადლიერი იყო თეატრისაც და აღნიშნავდა თეატრში გატარებული დღეები მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ დამავიწყდებაო. დიდი მოწიწებითა და მადლიერებით იხსენიებდა კოტე მარჯანიშვილს, კოტე მესხს, ნატო გაბუნიას, მაკო საფაროვა-აბაშიძისას და სხვებს.
სუფლიორი იოსებ გრიშაშვილი არც ისე კარგად ფლობდა რუსულ ენას და ერთ-ერთი სპექტაკლის დროს რუსული სიტყვა არასწორად გამოთქვა. ამას მსახიობებს შორის სიცილ-ხარხარი მოჰყვა. ამ მომენტის აღწერისას პოეტი წერს: არ იცინოდა მხოლოდ ერთი, რომელიც ძალიან დაღონებული იჯდაო. ეს ერთი იყო მსახიობი ოლღა ლეჟავა. ასეთი თანაგრძნობა რომ დაინახა გრიშაშვილმა ამ მსახიობის მხრიდან, თავდავიწყებით შეუყვარდა ის. ოცდაათზე მეტი არაჩვეულებრივი ლექსი უძღვნა ოლღა ლეჟავას პოეტმა.
– ოლღა ლეჟავა თუ თანაუგრძნობდა იოსებ გრიშაშვილს?
– მართალია, ოლღა კარგად იყო განწყობილი იოსების მიმართ, თუმცა მისი ურთიერთობა გრიშაშვილისადმი მეგობრობის საზღვრებს არ გასცილებია. შეყვარებული სოსო ძალიან საყვედურობდა მსახიობს ამის გამო. საბოლოოდ ისინი დასცილდნენ ერთმანეთს. იოსები დარწმუნდა, რომ სიყვარულისთვის ბრძოლას აზრი არ ჰქონდა და მეც მეგობრულ ურთიერთობაზე გადავედიო, – აღნიშნავს თავის ჩანაწერებში.
იოსებ გრიშაშვილი მუდამ შეყვარებული იყო და მუდამ გულით იყო შეყვარებული, მას სხვაგვარად არ შეეძლო ლექსების წერა. გრიშაშვილს არა სწამდა ერთი ნახვით შეყვარება და ერთხელ შეყვარება, მას მუდამ უყვარდა.
– ოლღა ლეჟავას შემდეგ ვინ დაიდო პოეტის გულში ბინა?
– მისი სიყვარულის ობიექტი ამჯერად იყო მშვენიერი სოფიო, ანუ სონა ჩიჯავაძე, მაგრამ ეს სიყვარულიც არ შედგა. მართალია, სოფიოსაც და იოსებსაც ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ მათ გრძნობას წინ აღუდგნენ სოფიოს მშობლები, რომლებიც არწმუნებდნენ ქალს, რად გინდა ღატაკი, თანაც პოეტიო. საბოლოოდ, სონა სხვაზე გაათხოვეს. ამის შემდეგ იგი მეუღლესთან ერთად უცხოეთში დაბინავდა. სოსომ ძალიან განიცადა ეს ამბავი და ოცდაათამდე ლექსი უძღვნა ამ სიყვარულს.
– ამის შემდეგ ვინ გამოჩნდა მის ცხოვრებაში?
– ამის შემდეგ გრიშაშვილმა ერთ-ერთი გასტროლების დროს გაიცნო ფოთის თეატრის მსახიობი ნინო ჩილხაძე. ნინოც თანაუგრძნობდა იოსებს, მიწერ-მოწერებიც ჰქონდათ ერთმანეთთან, მაგრამ ეს სიყვარულიც მინელდა.
– ამჯერად რა იყო ამის მიზეზი?
– ამის მიზეზი იყო სიშორე. ეს ახლა სჭირდება ფოთში ჩასვლას რამდენიმე საათი, მაშინ ხომ მაგისტრალები და ჩქარი მატარებლები არ იყო. სიშორეს კი მოსდევდა მრავალი გაურკვევლობა და ეჭვიანობა შეყვარებული პოეტის მხრიდან.
ამის შემდეგ იოსებ გრიშაშვილი დაუახლოვდა პოეტ მარიჯანს. მე გრიშაშვილის მთელი არქივი გადავატრიალე და მათ შორის არსებული ურთიერთობის დამადასტურებელი ვერც ერთი წერილი ვერ ვნახე. როდესაც ავუხსენი გრიშაშვილის მუზეუმის დირექტორს, იოსებ გრიშაშვილის დისშვილს, ნოდარ გრიგორაშვილს, რასაც ვეძებდი, მან გამარკვია, რომ მარიჯანის მემკვიდრეებს გადავეცით მარიჯანისა და გრიშაშვილის ურთიერთობის ამსახველი საარქივო მასალაო. მარიჯანსაც არაჩვეულებრივი ლექსები უძღვნა იოსებმა.
გრიშაშვილი მარიჯანისადმი უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით იყო განმსჭვალული, თუმცა, ამ პერიოდისთვის მარიჯანი უკვე გათხოვილი გახლდათ.
ასე მოვიდა იოსებ გრიშაშვილი ამ სიყვარულებში სიბერემდე და საბოლოოდ თავისი ცხოვრება დაუკავშირა ქეთო ჯაფარიძეს, რომელიც საქართველოსა და მთელ საბჭოთა კავშირში რომანსების ცნობილი შემსრულებელი გახლდათ. გრიშაშვილების ოჯახს ბინა მისცეს ვერაზე, ფილარმონიის მოპირდაპირედ. ამ სახლს ხალხი დღესაც გრიშაშვილის სახლს უწოდებს.
– რამდენი წლის ასაკში შექმნა ოჯახი ხარფუხელმა პოეტმა?
– 61 წლის ასაკში შექმნა იოსებ გრიშაშვილმა ოჯახი, რის გამოც მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ქეთო ჯაფარიძე სულ გასტროლებზე დადიოდა. პოეტი წერდა: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ და ოჯახი მაქვს, მაინც სულ მარტო ვარ და მაინც მე ვიკეთებ საჭმელებსო.
როდესაც ხარფუხიდან ვერაზე გადმოვიდა გრიშაშვილი საცხოვრებლად, თქვა, რომ გარდავიცვლები, ეს მთავრობა მე არაფერს გამიკეთებსო. ამიტომ, სიცოცხლეშივე მოიწყო სახლ-მუზეუმი მშობლიურ ხარფუხში და აქვე განათავსა თავისი ძალიან იშვიათი წიგნებით ცნობილი მდიდარი ბიბლიოთეკა.
არაჩვეულებრივი მკითხველი იყო იოსებ გრიშაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაც ვერ დაამთავრა უსახსრობის გამო, ის არც ერთ კლასიკური განათლების მქონე პიროვნებას არ ჩამოუვარდებოდა თავისი ინტელექტითა და ცოდნით. იგი იყო დიდებული მკვლევარი და უნიკალური „ქალაქური ლექსიკონის” ავტორი. დადიოდა ბუკინისტებში და აგროვებდა უნიკალურ და ძველისძველ წიგნებს. იოსებ გრიშაშვილმა საუკეთესოდ მოწყობილი არქივი დაგვიტოვა თავის სახლ-მუზეუმში. მე სპეციალობით ტექსტოლოგი ვარ, მუდამდღე არქივებში მიწევს მუშაობა და, შემიძლია ვთქვა, რომ გრიშაშვილისთანა არქივი არც ერთ მწერალს არ აქვს – მას ყველაფერი თემატურად და ქრონოლოგიურად აქვს დაწყობილი. მან ეს მუზეუმი დაუტოვა მომავალ თაობას.
ამ ყველაფერთან ერთად, იოსებ გრიშაშვილი ძალიან კარგი დეკლამატორიც იყო და ყველასგან განსხვავებულად კითხულობდა საკუთარ ლექსებს, თითქოს მღეროდა. ხალხს ეს ძალიან მოსწონდა
– რატომ აიღო პოეტმა გვარად „გრიშაშვილი“?
– მამამისს ერქვა გრიგოლი და გრიშას ეძახდნენ, პოეტს ძალიან უყვარდა ის და მის პატივსაცემად დაირქვა გრიშაშვილი. მისი ნამდვილი გვარი მამულაშვილია.
გრიშაშვილს მრავალი ფსევდონიმი აქვს გამოყენებული. გამოკვლევები ჰქონდა, მეცნიერული წერილები, რომელთა უმრავლესობაც ფსევდონიმებითაა ხელმოწერილი. მაშინ ან მოდაში იყო ფსევდონიმები, ან ცენზურის გამო ირქმევდნენ სხვა სახელებს და გვარებს. გრიშაშვილის პერიოდში თითქმის ყველა კლასიკოსი მწერალი მრავალ ფსევდონიმს იყენებდა, გრიშაშვილმა აქაც მეტისმეტად გადააჭარბა – მას 93 ფსევდონიმი ჰქონდა.
ხალხი გრიშაშვილს „კოცნის პოეტს“ უწოდებდა. მისი სატრფიალო ლირიკა განსაკუთრებით პოპულარული იყო, თუმცა მის პოეზიაში ბევრია ეროვნულ-პატრიოტული ხასიათის ლექსი, ასევე, ყოფაცხოვრებისა და 1905 წლის რევოლუციის თემაზე. ხალხს ის უყვარდა და მისი ლექსები ზეპირად იცოდნენ. მიუხედავად ამისა, გრიშაშვილი ძალიან თავმდაბალი კაცი იყო და საკუთარ თავზე არასდროს არ ჰქონია დიდი წარმოდგენა. ის მუდამ თავისი თავის უკმაყოფილო იყო და უკვირდა, როცა ხალხი მას აღფრთოვანებით ხვდებოდა და „ბრავო, ბრავოს” ეძახდა. ასეთი რა გავაკეთეო? – სულ ამას კითხულობდა თავის ნაწერებში.