ვინ მართავს რეალურად ქვეყანას და რატომ არის მოსალოდნელი დიქტატურა მმართველობიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემთხვევაში
მიუხედავად რუსული პოლიტელიტის მტკიცებისა, რომ ამერიკა-რუსეთს შორის ურთიერთობა არც დამთბარა და არც დამტკბარა (რაკი ერთმანეთს რაკეტებს აღარ მიუშვერენ), ქართული პოლიტსპექტრი ამ შეთანხმებაში სულ სხვაგვარ კონტექსტს ხედავს და ზემოთქმული ძალთა თავიდან გადანაწილების დასაწყისად მიაჩნია. რა როლი ელის საქართველოს ახლებურ მსოფლიოში – ამ თემას პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილთან ერთად გავარჩევთ.
– ალექსანდრ დუგინი ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ რაკეტების ამბავი არაფერს ნიშნავს, გარდა სიტყვების თამაშისა. თქვენც ასე ფიქრობთ თუ ეს მართლაც გარდატეხის დასაწყისია რუსულ-ამერიკულ ურთიერთობაში?
– დუგინს ერთი რამ ეშლება: 2006 წელს, როდესაც ბუშმა ეს განაცხადა, ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწიათ პოლონეთსა და ჩეხეთში, რადგან მოსახლეობა კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მან, ეტყობა, არ იცის, რომ შარშან, საქართველოში ომის შემდეგ, კონდოლიზა რაისი სასწრაფოდ ჩაფრინდა ჩეხეთში და ხელი მოაწერა დოკუმენტს, მანამდე კი იგივე რამ მოხდა პოლონეთში. კონდოლიზა რაისმა ჩეხები დააშინა, თუ სასწრაფოდ არ მოაწერთ ხელს, თქვენთანაც შემოვლენ რუსებიო. რადგან მოსახლეობა წინააღმდეგი იყო, პარლამენტს არ უნდოდა დოკუმენტის რატიფიცირება, მაგრამ, ბოლოს, მაინც მოახდინა. რუსები ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ ვითარება, თითქოს არაფერი მომხდარა. რეალურად, პირიქითაა საქმე და ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ობამას მოსვლისთანავე თქვა ჰილარი ქლინთონმა, უნდა გამოვასწოროთ ყველა შეცდომაო. ავღანეთის შეცდომას ასე ადვილად ვერ გამოასწორებენ; ვერც ერაყის შეცდომას…
– მაგრამ ირანის შეცდომა თითქმის გამოასწორეს?
– ირანის პრეზიდენტმა გაეროში ძალიან ტკბილად ილაპარაკა, არადა, ორი წლის წინათ სულ მუშტებს იქნევდა.
– როგორც ჩვენი პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ.
– ერთი სტილია, მათ ჰგავს ჩავესიც; ამასთან დაკავშირებით ლირიკულ გადახვევას გავაკეთებ: სააკაშვილის პროექტი ამერიკაში „კონსერვატორებმა“ ფიდელ კასტროს მიხედვით შექმნეს, სააკაშვილსაც ეგონა, ნახევარ საუკუნეს ვიჯდებიო და არ იცოდა, რომ საქართველო ცოტათი განსხვავდება კუბისგან. დასაწყისიც კი ერთნაირი ჰქონდათ: კასტრომ ანთებული ფარებით გაატარა ავტომანქანები სანტიაგო დე კუბიდან დედაქალაქამდე, რაც სააკაშვილმა გაიმეორა წალენჯიხიდან თბილისამდე. არადა, ეს უკვე იყო ისტორიაში, უბრალოდ, ჩვენთან არ იციან. განსხვავება ის არის, რომ ჩვენთან ეს მოხდა გიორგობაზე, იქ კი – ახალი წლის ღამეს. შეიძლება, სააკაშვილმაც არ იცოდა, მაგრამ მისი მონაწილეობით კუბის მოდელის სარკისებრი ანარეკლის გაკეთება გადაწყვიტეს. ეს, შესაძლოა, ობამასაც არ სცოდნოდა, რადგან სხვა თაობას ეკუთვნის. ისევ სარაკეტო სისტემებს დავუბრუნდეთ: ორიოდე კვირის წინათ შესთავაზეს ამერიკელებმა რუსეთს, სანქციები უნდა გავამკაცროთ ირანის წინააღმდეგო, რუსებმა მშვიდად უთხრეს, ჩვენ არ მოგცემთ ირანის წინააღმდეგ სანქციების გატარების უფლებასო.
– ამის პასუხად ვიტყვი, რომ, დუგინის აზრით, მხოლოდ იმ მიზნით ითანამშრომლებს რუსეთი ამერიკასთან, რომ დაიცვას ირანის ინტერესები.
– დუგინს არ ეკითხებიან, ითანამშრომლებენ თუ არა რუსეთი და ამერიკა. ეს უკვე გადაწყვეტილია, რუსებმა თვითონ შესთავაზეს ამერიკელებს თანამშრომლობა: მათ ირანის საწინააღმდეგოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკვე აქვთ ამ ტიპის სადგური, აზერბაიჯანისგან იჯარით აქვთ აღებული. ამერიკელებმა თქვეს, მოძველებული ტექნიკააო, თუმცა პოლონეთსა და ჩეხეთში საერთოდ არაფერი იყო, განახლება კი გაცილებით ნაკლები დაჯდება, ვიდრე ახლის დამონტაჟება. მთავარი მიზეზი ის არის, რომ რუსებს ბაზა იჯარით 2012 წლამდე აქვთ აღებული და, ალბათ, იფიქრეს, აზერბაიჯანელებმა შეიძლება, იჯარა აღარ გაგვიგრძელონო, მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანელებმა გაუორმაგეს გადასახადი. შემდეგ რუსებმა ამერიკელებს შესთავაზეს არმავირი და ამერიკელები ამჯერად დასთანხმდნენ. როდესაც ლაპარაკია: კავკასიასთან ახლოსო, სწორედ არმავირი იგულისხმება, რადგან აზერბაიჯანი ახლოს კი არა, კავკასიაშია. გეითსმა თქვა კიდეც, არმავირი გვაინტერესებსო. ესე იგი, შეთანხმდნენ.
– რუსეთი თავს იკლავს, საქართველოში ნატოს ჯარისკაცი რომ დავინახო, ატომურ ბომბს ვისვრიო, მაშინ თვითონ რატომ უშვებს თავის ტერიტორიაზე ამერიკელებს?
– იმიტომ, რომ პოლონეთში „პატრიოტები“ სწორედ რუსეთის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული. მართალია, ამერიკელები თავს იკლავდნენ, თავდაცვის მიზნით უნდა განვალაგოთო, მაგრამ, რეალურად ეს იყო რუსეთის და არა ირანის წინააღმდეგ მიმართული აქცია. როდესაც თქვენი დუგინი ამბობს, ირანს ვიცავთო, რანაირად იცავენ?! აზერბაიჯანში რუსული ბაზა სწორედ ირანისგან თავდაცვის ფუნქციას ასრულებს! თუ რუსეთის ტერიტორიაზე განლაგდება რაკეტები, ბუნებრივია, ისინი რუსეთის წინააღმდეგ ვეღარ იქნება მიმართული, მას ნამდვილად ირანის წინააღმდეგ მიმართა.
– ანუ ტატამის ფუნქციაც დავკარგეთ?
– არანაირი ასეთი ფუნქცია აღარ გაგვაჩნია.
– მგონი, კარგია, თუ ტატამი აღარ ვიქნებით?
– სააკაშვილი, როგორც ვითომ კასტრო, მხოლოდ რუსეთთან კონფრონტაციისთვის დასვეს, მაგრამ მოვიდა ახალი ადმინისტრაცია, რომელსაც აღარ უნდა რუსეთთან კონფრონტაცია, რადგან მიხვდა, რომ ეს უაზრობაა და ამაში საბოლოოდ დარწმუნდა აგვისტოს ომის დროს. შეიძლება, რუსეთს მოძველებული ტანკები ჰყავდეს, მაგრამ ევროპაში შესვლა ისევ შეუძლიათ. მით უფრო, რომ თავის დროზე სწორედ ამ ძველი ტანკებით გადაუარეს. ასე რომ, შეიცვალა სიტუაცია. ამერიკაში, როგორც ვხედავთ, ხელისუფლებამ გაიღვიძა. დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთის საზოგადოებრივი აზრიც ასე ადვილად გაიღვიძებს, მაგრამ რუსეთის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ამერიკასთან. სააკაშვილმა ბოლო წლის განმავლობაში ყველაფრით დაამტკიცა, რომ შემთხვევითი პიროვნებაა და თავისი ფუნქციის შესრულება ვერ შეძლო. მისი ფუნქცია იყო, რომ ის რუსული ტანკები თბილისში შემოსულიყვნენ.
– ცოტა არ მჯერა ამ ვერსიის, რით იყო ხელსაყრელი ამერიკისთვის რუსული ტანკების შემოსვლა თბილისში?
– ბუშისთვის იყო ხელსაყრელი, რადგან ბუში მაშინ თავის პარტიაზე ფიქრობდა: თბილისში რომ რუსული ტანკები შემოსულიყვნენ, არჩევნებში მაქქეინი იმარჯვებდა. ეს კონფრონტაცია მოწყობილი იყო იმისთვის, რომ არჩევნებში „რესპუბლიკურ პარტიას“ გაემარჯვა. იმიტომაც უთხრა ბუშმა სარკოზის, ნუ ჩაერევიო. ისიცაა, რომ ბუშმა არ იცოდა ეს ამბავი: მისი გაოგნებული სახე, როდესაც ომის ამბავი გაიგო ოლიმპიადაზე, მთელ მსოფლიოში აჩვენეს, მაგრამ შემდეგ ბუში სასწრაფოდ დაბრუნდა ვაშინგტონში და იქ აუხსნეს, თორემ იმდენი ჭკუა სად ჰქონდა, თვითონ მიმხვდარიყო ან მოეფიქრებინა. მას აუხსნეს, ეს იმიტომ გაკეთდა, რომ მაქქეინს გაემარჯვაო. თუმცა, ვიმეორებ, ეს ბუშის იდეა არ ყოფილა, მას არც ეკითხებოდნენ არაფერს, ისევე, როგორც ახლა სააკაშვილს არ ეკითხებიან არაფერს. მოკლედ, სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. რუსულ პრესას რომ ვკითხულობ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ ჯერ ვერ გაუგიათ, რა მოხდა; სამაგიეროდ, სულ ზემოთ უკვე გაერკვნენ და არც აინტერესებთ, აუხსნან საზოგადოებას. ხდება ძალთა კარდინალური გადანაცვლება. დასავლეთმა მოგვცა მთელი გაზაფხული და ზაფხული იმისთვის, რომ გვეჩვენებინა, რა შეგვიძლია…
– მათ, თურმე, შეცდომები დაუშვეს და ახლა ჩვენგან ელოდებიან, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო დანგრევის ხარჯზე გამოვასწოროთ?! ეს უსამართლობაა.
– უბრალოდ, ისინი განზე გადგნენ – თქვენს საქმეებში აღარ ვერევით და თავად გაერკვიეთ, შემდეგ კი ჩვენ გავერკვევითო, მაგრამ დაინახეს, რომ ამ ოპოზიციამ ვერაფერი გააკეთა, თუმცა ამავე დროს სააკაშვილიც ჩამოწერილი აღმოჩნდა – სამ თვეს არ ჩანდა, არც პარლამენტი მუშაობდა, არც მთავრობა…
– მაგრამ სამი თვის შემდეგ რომ მოახერხებ და გამოჩნდები, თან ასე რიხიანად, ჩამოწერილი როგორ გამოდიხარ?!
– გამოჩნდა, მაგრამ, ფაქტია, რომ ძალაუფლება დათმო. ახლა პატარა ჯგუფი მართავს ქვეყანას და ის ჯგუფი, რომელმაც ამ სამ თვეში ძალაუფლება აიღო, ასე ადვილად სააკაშვილს მას არ დაუბრუნებს. მათ დაინახეს, რომ სააკაშვილი მშიშარაა. თანაც მერაბიშვილი ცეცხლზე ნავთს უსხამდა, თორემ რა გახდა პრეზიდენტის სასახლის ერთი შესასვლელის გასუფთავება?! მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ეუბნებოდა, თქვენთვის ძალიან საშიშია იქ მისვლა და ჩემს ციხე-სიმაგრეში უნდა მოხვიდეთ ქალაქგარეთო. ამით აჩვენა, რომ მშიშარაა და პრეზიდენტობის ღირსი არ არის. ისინი სააკაშვილს მხოლოდ ლეგიტიმაციისთვის ინახავენ. მართალია, სააკაშვილის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ 5 იანვრის არჩევნების შემდეგ დგას, მაგრამ მათ, ვინც სინამდვილეში მართავს ქვეყანას, საერთოდ არ აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ ინახავენ რაღაც მომენტამდე: შესაძლოა, ეს იყოს ტალიავინის კომისიის დასკვნა; შესაძლოა, იმასაც ელოდებოდნენ, მართლაც გაირჩევა თუ არა ჰააგაში ეს საქმე: სტრასბურგში ერთ კვირაში გადაწყდება, გამოიყოფა თუ არა გამომძიებელი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად.
– მრჩება შთაბეჭდილება, ოპოზიცია იმიტომაა გაყუჩებული, რომ ელოდება საერთაშორისო ძვრებს, რადგან იმედი აქვთ, რომ შემდეგ გამზადებულ სკამებზე ამათ დასხამენ?
– მათ ავიწყდებათ, რომ ხელისუფლება სხვების ხელშია და ისინი მას ასე ადვილად არ დათმობენ. შეიძლება, პარლამენტში უფრო მეტი შეუშვან, მაგალითად, 49 ადამიანი, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობა ისევ მათ ექნებათ, თუმცა, მგონი, 49 ოპოზიციონერი არც გვყავს. ზოგი კომიტეტის თავმჯდომარე იქნება, ზოგი – ფრაქციის…
– როგორც თქვენ ამბობთ, ამჟამად „ნაციონალების“ შიგნით ხდება ძალაუფლების გადანაწილება, ესე იგი, ოპოზიციას ნარჩენები შეხვდება? უგულავას ართმევენ მერობას?
– უგულავას მერობა აღარ უნდა, ის უფრო დიდ სიმაღლეებზე ფიქრობს. მერობაზე შეიძლება, ეფიქრა, თუკი სააკაშვილი დარჩებოდა, სააკაშვილის დარჩენა კი ძალიან პრობლემურია. უგულავა დიდ პოლიტიკურ თანამდებობაზე ფიქრობს.
– პრეზიდენტობაზე?
– ან პრემირ-მინისტრობაზე. „ნაციონალებში“ ყველაზე მეტი ქარიზმა მას აქვს: დადის ხალხში, რაღაცეებს ჰპირდება. უგულავას გარდა, სხვა არც მახსენდება დღევანდელი სახელისუფლო ელიტიდან, რომელმაც ნაწილობრივ დემოკრატიულ არჩევნებში ხალხის ხმების შეგროვება შეძლოს. ქალბატონი კერვალიშვილის მერობაზეც გაჩნდა ხმები, მაგრამ, როგორც გოგუაძე დატოვეს ბანკის გარეშე, შესაძლოა, კერვალიშვილსაც იგივე ბედი ეწიოს. ბაქრაძემ, ფაქტობრივად, მაშინ დაამთავრა, როდესაც დასთანხმდა იმ პოსტს, რომელსაც დღეს იკავებს. ამით უჩვენა თავისი პოლიტიკური შესაძლებლობები. ძალიან კარგი ამერიკელი ფსიქოლოგი ამბობდა, რომ ყველა პიროვნებას აქვს თავისი ჭერი, ამიტომ, როდესაც ვერტიკალზე მიდიხარ, რაღაც მომენტში ჰორიზონტალზე უნდა წახვიდე, რადგან შენს ჭერს ზევით თუ ეცდები ასვლას, ჰორიზონტალში ადგილი აღარ გექნება. აი, ეს მოუვიდა ბაქრაძეს. ამიტომ მისთვის ჰორიზონტალში ადგილი აღარ დარჩა.
– ესე იგი, მერაბიშვილი მაინც ყველაზე მყარად ძლიერი ფიგურაა?
– ყველაზე ძლიერია. სწორედ ამაზე ვლაპარაკობდით „კავკასიის“ ეთერში და აქუბარდიამ მკითხა, კი მაგრამ, მერაბიშვილი ხომ სააკაშვილმა შექმნაო. ჩვენ ვმსჯელობდით და შემოვიდა მესიჯი: სააკაშვილიც ხომ ჟვანიამ შექმნა, მაგრამ სად არის ჟვანიაო?!
– თუკი დასავლეთმა ჩვენზე ხელი აიღო, რუსეთმა კი თვითდინებაზე მიუშვა საქმე წყლის ამღვრევის მიზნით, მიჩნდება ეჭვი, რომ დიქტატურის საფრთხე გვემუქრება. ვაჭარბებ?
– დიქტატურის საფრთხე გვემუქრება, მაგრამ დიქტატორი სააკაშვილი არ იქნება. ბევრ ქვეყანაში ყოფილა შემთხვევა, რომ კოლექტიურ მმართველ გუნდს ჩაუგდია ხელში ძალაუფლება, რასაც არასწორად უწოდებენ ხუნტას. სინამდვილეში „ხუნტა“ ესპანური სიტყვაა, ნიშნავს „საბჭოს“ და ლათინურ ამერიკაში ამ საბჭოში შედიან სამხედროები. ასე რომ, სწორედ ხუნტა შეიძლება, მოგვევლინოს ქვეყნის სათავეში სააკაშვილის წასვლის შემდეგ. სასწორზე რომ დავდოთ, რა იქნება სააკაშვილის წასვლის შემდეგ: დემოკრატია თუ დიქტატურა, დემოკრატიაზე მეტად ხუნტაა მოსალოდნელი.
ნინო ხაჩიძე