კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში გადაეცემოდა გარდაცვლილი ერისთავის მამულები მეფეს და როგორ დასრულდა ბაღვაშთა პარპაში


მას შემდეგ, რაც კაცხის მამულის მფლობელი ბაღვაშები მეფეს ეყმნენ და კლდეკარის მამულები მიიღეს სამართავად, ბაღვაშთა საგვარეულომ დიდ გავლენას მიაღწია. ამ ყველაფერმა საკმაოდ გაზარდა მათი ამბიციები და, საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ ბაღვაშთა საგვარეულოს ზოგიერთი წარმომადგენელი, განსაკუთრებით კი ლიპარიტ მეხუთე, საკმაოდ უარყოფითად შევიდა საქართველოს ისტორიაში. თუ როგორ და რის გამო მოხდა ბაღვაშებისა და ბაგრატიონების ინტერესების გადაკვეთა და როგორ დასრულდა ეს კონფლიქტი, ამას ინტერვიუში ისტორიკოსი, პროფესორი ჯაბა სამუშია გვიამბობს.



ჯაბა სამუშია: ბაღვაშები ერთ-ერთი წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო იყო მეცხრე საუკუნიდან მეთორმეტე საუკუნის დასაწყისის ჩათვლით. ამ საგვარეულოს მამაპაპეული მამული არგვეთში გახლდათ – ეგრეთ წოდებული არგვეთის მამული, მეორენაირად მას კაცხის მამულსაც ეძახდნენ. კაცხი მათი საგვარეულო ტაძარი იყო და მის გარშემო არსებულ ტერიტორიებსაც ბაღვაშები ფლობდნენ.

მეცხრე საუკუნეში ბაღვაშთა ამ შტოს წარმომადგენლები გადადიან სამხრეთ საქართველოში, იქ ეყმობიან ქართველ მეფეებს და სამაგიეროდ იღებენ თრიალეთს, სადაც აშენებენ კლდეკარის ცნობილ ციხესიმაგრეს.

– სად მდებარეობდა კლდეკარის ციხე და რის გამო იყო ის მნიშვნელოვანი?

– კლდეკარის ციხე საკმაოდ საინტერესო ადგილას მდებარეობდა. თრიალეთის ქედზე იყო რამდენიმე გადასასვლელი, მაგრამ ყოველი მათგანი საკმაოდ რთული გადასალახავი იყო ვაჭრებისა თუ მოგზაურებისთვის. სწორედ კლდეკარის მონაკვეთში, ბაღვაშებმა, როგორც ჩანს, დაამუშავეს და ხელოვნურად გაჭრეს კლდის დიდი მასივი, რის შედეგადაც ვაჭარსა თუ მოგზაურს საშუალება მიეცა სამხრეთ საქართველოდან, თრიალეთიდან შიდა ქართლში, თეძმის ხეობაში მოხვედრისა. ეს მონაკვეთი ძალიან სტრატეგიული იყო თავისი მნიშვნელობით. სწორედ ამ ხელოვნურად გაჭრილი კლდის თავზე იყო აშენებული კლდეკარის ციხე. ასე რომ, კლდეკარი წარმოადგენდა საკმაოდ მნიშვნელოვან პუნქტს, რომლითაც ბაღვაშები აკონტროლებდნენ საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვან სავაჭრო მაგისტრალს, რამაც ხელი შეუწყო ბაღვაშების მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებად ქცევას.

ბაღვაშთა გვარი საკმაოდ გავლენიანი გახლდათ. ამ საგვარეულომ საქართველოს ისტორიას რამდენიმე დიდი პიროვნება მისცა თავისი პოლიტიკური გავლენით. თუმცა ზოგიერთმა მათგანმა ამ გავლენის წყალობით საკმაოდ უარყოფითი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში.

– რომელ მათგანს ჩამოთვლით?

– მაგალითად, რატი ბაღვაში, რომელიც იყო ბაგრატ მესამის თანამედროვე მოღვაწე, საბოლოოდ შეიპყრო ბაგრატმა.

მნიშვნელოვანია აგრეთვე გიორგი პირველის თანამედროვე ბაღვაშების მოღვაწეობა. სხვათა შორის, ეს თაობა ბაღვაშებისა (რატი, ლიპარიტი) საკმაოდ ერთგულნი იყვნენ იმდროინდელი საქართველოს მეფისა. შემდგომი თაობის ბაღვაშები: ლიპარიტ მეოთხე, მისი ვაჟი – ივანე და შვილიშვილი – ლიპარიტ მეხუთე (დავით აღმაშენებლის თანამედროვე, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ), ეს სამი წარმომადგენელი ბაღვაშების საგვარეულოსი, შეიძლება ითქვას, საკმაოდ ცუდ როლს თამაშობდა საქართველოს ისტორიაში. ისინი ხშირად ეწინააღმდეგებოდნენ მეფეს და საქართველოს განვითარების შემაფერხებელ ძალასაც წარმოადგენდნენ, რასაც კარგად იყენებდნენ ჩვენი მტრები, ბიზანტია იქნებოდა ეს თუ თურქ-სელჩუკები. სამწუხაროდ, ამგვარი სეპარატისტული მოძრაობა იმხანად საკმაოდ გავრცელებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნიჭიერები იყვნენ, როგორც ლიპარიტ მეოთხე, ისე მისი ვაჟი ივანე, მათი როლი საქართველოს ისტორიაში საკმაოდ უარყოფითია. ეს სწორედ მათი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციით გამოიხატებოდა – ისინი გადამწყვეტ მომენტში ერთიანი საქართველოს ფორმირებას წინ აღუდგებოდნენ ხოლმე. ჩვენ ადრე ვისაუბრეთ ლიპარიტ მეოთხის უარყოფით დამოკიდებულებაზე ბაგრატ მეოთხის მიმართ, მაგრამ, ორიოდე სიტყვით მაინც ვიტყვი, რომ მისი ცხოვრება მრავალფეროვანია და კარგი რომანისტის ხელში ეს ყოველივე საინტერესოდ გაცოცხლდებოდა, რადგან, ესაა ადამიანი, რომელიც კბილებით იცავდა თავის დროზე ერთიანი საქართველოს ფორმირებას, იდგა საქართველოს მეფეთა ინტერესების დასაცავად. უცებ კი იგი იქცა პიროვნებად, რომელმაც საქართველო დიდ სამოქალაქო ომში ჩაითრია და ამ ომმა 15 წელი გასტანა. მისი ვაჟი, ივანე გაჰყვა მამის კვალს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბიზანტიაშიც იმყოფებოდა, მაგრამ, როდესაც ლიპარიტ მეოთხე დიდი გარდაიცვალა, ივანემ თავშესაფარი ითხოვა. იგი ბაგრატს შეურიგდა, დაბრუნდა და არგვეთის მამული დაიბრუნა, თრიალეთი კი ჩამოართვეს და მეფემ დაიტოვა. ამის შემდეგ ივანე განაგრძობს მოღვაწეობას, მაგრამ, როგორც კი თურქ-სელჩუკები გამოჩნდნენ და საქართველოში პოლიტიკური ვითარება აირია, ის კვლავ აღარ დასჯერდა მამაპაპეულ მამულს. ასე რომ, საკმაოდ უარყოფითი როლი ითამაშა ივანემაც. ივანეს შვილია ლიპარიტ მეხუთე, რომლითაც, ფაქტობრივად, ბაღვაშების პარპაში დაასრულა დავით აღმაშენებელმა.

– შესაძლოა თუ არა, რომ ბაგრატ მეხუთე მოვიხსენიოთ ანტიგმირად და პირადად თქვენ როგორ საზღვრავთ ანტიგმირის ფორმულას?

– ადამიანი, რომელიც უპირისპირდება საკუთარ სახელმწიფოს, ახორციელებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, აღვივებს ქვეყნის შიგნით სამოქალაქო დაპირისპირებას, რა თქმა უნდა, ანტიგმირად იწოდება. შეიძლება თქვათ, ბაღვაშებს რომ გაემარჯვათ მეფესთან დაპირისპირებაში, შესაძლოა, მათი მოღვაწეობაც სხვანაირად შეფასებულიყო, მაგრამ სეპარატიზმი ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფითად ფასდება.

– რა არის ცნობილი ლიპარიტ მეხუთე ბაღვაშის შესახებ?

– მის შესახებ ბევრი ცნობა არ გაგვაჩნია. ვიცით მხოლოდ ის, რომ გარკვეული ხნის განმავლობაში იგი მამამისმა თურქ-სელჩუკებთან გაგზავნა, სადაც ის მძევლად იმყოფებოდა, თუმცა მან მოახერხა გამოპარვა. ამის შემდეგ ლიპარიტის შესახებ ცნობები აღარ გვხვდება და კიდევ ერთხელ ჩნდება წყაროებში, როდესაც მეფე გიორგი სცილდება პოლიტიკურ საქმიანობას და ტახტს იკავებს მისი ძე – დავითი. უნდა ითქვას, რომ ამ დროიდან იცვლება პოლიტიკა განკერძოებისკენ მიდრეკილი ფეოდალებისადმი.

– რას გულისხმობთ?

– გიორგი ძალიან ლმობიერი მონარქი იყო, მაგალითად, როდესაც ქვეყანაში აჯანყება მოეწყო, მისი მთავარი მიზანი იყო, რომ ეს აჯანყება არ გადაზრდილიყო სამოქალაქო დაპირისპირებაში და საჩუქრებითა და გარკვეული პრივილეგიებით აკმაყოფილებდა ფეოდალთა ამბიციებს – ამ გზით აჩერებდა ამ პროცესს და ცდილობდა, რაც შეიძლება მალე დაემთავრებინა ის.

– რა იცვლება დავითის მეფობის ხანაში?

– დავითის ხელისუფლებაში მოსვლიდან მთლიანად იცვლება პოლიტიკა თავნება პოლიტიკოსების მიმართ. დავითი აღარ არის ლმობიერი და დამთმობი, როგორიც მამამისი – გიორგი იყო. პირიქით, დავითის მეფობისას თვალშისაცემია ის, რომ მისთვის დაუშვებელია ურჩი ფეოდალების არსებობა და სწორედ აქ ხდება ბაღვაშებისა და საქართველოს მეფის ინტერესების გადაკვეთა. საქმე ისაა, რომ მეფეები ბაღვაშებს ედავებოდნენ თრიალეთს, კლდეკარს, რადგან ეს ადგილები არ წარმოადგენდა ბაღვაშთა სამამულო ტერიტორიას, არამედ ის ბაღვაშებს ბაგრატიონებმა მისცეს სამართავად. ანუ, მამული, უშუალოდ კლდეკარი, ბაგრატიონების საკუთრებაა. რაც შეეხება ბაღვაშების საკუთარ მამულს, კაცხს, მათ არავინ ედავებოდათ. ბაგრატიონებს სურდათ, თრიალეთი დაებრუნებინათ, იქიდან ამოეკვეთათ ბაღვაშების ფეხი და ეს უკანასკნელნი თავიანთ არგვეთის მამულში დაებრუნებინათ. ბაღვაშები წინააღმდეგობას უწევდნენ, ვინაიდან მათ არ სურდათ დათმობა იმ მთავარი მაგისტრალისა, რომლითაც საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდათ. როგორც ჩანს, თავდაპირველად აღმაშენებელმა ეს ტერიტორია მოითხოვა და ბრძანა, რომ ბაღვაშები დამორჩილებოდნენ მას და შეესრულებინათ მეფის მოთხოვნა.

1093 წელს ლიპარიტ ბაღვაში განუდგა დავით აღმაშენებელს. მეფემ სასწრაფოდ მოახერხა მისი შეპყრობა. მემატიანე წერს, რომ ლიპარიტმა აღიარა და მოინანია თავისი შეცდომა, რის სანაცვლოდაც მეფემ მას აპატია და გაუშვა.

– თუმცა, მოგვიანებით, იგივე მემატიანე წერს, რომ, როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე ბაღვაშთა საგვარეულოო...

– ასეა. ზუსტად ამ მოვლენიდან რამდენიმე თვეში, ლიპარიტ მეხუთე ბაღვაშმა ხელახლა დაიწყო განკერძოება, საქართველოს მეფის წინააღმდეგ მოქმედება. აქ კი უკვე მეფის პოზიცია იყო საკმაოდ მკაცრი და შეუვალი.

– როგორ მოიქცა საქართველოს მეფე?

– დავით აღმაშენებელმა მოახერხა, ხელახლა შეეპყრო ლიპარიტ ბაღვაში, თუმცა, არ მოუკლავს, მეფემ ლიპარიტ ბაღვაში ბერად აღკვეცა და ბიზანტიაში გაისტუმრა. ამის შემდეგ კი თრიალეთის მამული შეიერთა. კაცხის მამულს რაც შეეხება, მას ჯერ კიდევ ჰყავდა კანონიერი მფლობელი, რომელიც გახლდათ ლიპარიტის ვაჟი – რატი. აღსანიშნავია, რომ კაცხის მამულის შეერთება ხდება შედარებით გვიან, დაახლოებით 1104 წლის ახლო პერიოდში. რატი ბაღვაში გარდაიცვალა უმემკვიდრეოდ. მას არავინ დარჩა და, ამის შემდეგ, როგორც მაშინდელ საქართველოში იყო მიღებული, – უმემკვიდრეოდ დარჩენილი მამული მეფის საკუთრებაში გადადიოდა, მაგრამ დავითმა ეს მამული გადასცა გელათის ახალ მონასტერს. ასე დასრულდა ბაღვაშთა პარპაში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბაღვაშების ერთი შტო ჯერ კიდევ დარჩა – ესენი იყვნენ რაჭის ერისთავები – კახაბერიძეები. მოგვიანებით, მეცამეტე საუკუნეში, როდესაც კახაბერ კახაბერიძე აუჯანყდება დავით ნარინს, მემატიანე იტყვის, რომ ეს საგვარეულო ყოველთვის ასეთი უკუღმართობით გამოირჩეოდა და ისინი, როგორც ბაღვაშთა შთამომავლები, ისე განაგრძობენ თავიანთ საქმესო. მთლიანობაში ბაღვაშების ბოლო სამი თაობა, განსაკუთრებით კი – დამარცხებული ბაგრატ მეხუთე, საკმაოდ უარყოფითად შევიდა საქართველოს ისტორიაში.


скачать dle 11.3