რეალური საიდუმლო
რატომღაც, გავრცელებული მოსაზრებით, მსოფლიოში ყველაზე შეყვარებულ ადამიანებად ფრანგებს მიიჩნევენ. მაინც რით იპყრობენ ფრანგი მამაკაცები ქალბატონების გულებს – მართლა აქვთ რაიმე საიდუმლო, თუ ეს მცდარი რეალობაა? საქმე ისაა, რომ ქალებს ყურებით უყვართ, ფრანგი მამაკაცები კი კომპლიმენტების დიდოსტატები არიან. მათ, ასევე, უყვართ და შეუძლიათ მოაწყონ რომანტიკული ვახშამი სანთლების შუქზე. ვიყოთ გულახდილები და ვაღიაროთ, რომ ქართველი კაცები ამას ვერ „ქაჩავენ“. არა, რაღაც-რაღაცეები შეუძლიათ, მაგალითად, ხელგაშლილობა, ზოგჯერ გაუმართლებელიც კი, მაგრამ, ვახშამი, სანთლებით თუ უსანთლებოდ, იქით უნდა მოუწყო. მამაკაცების უმრავლესობას ძალიან მოსწონს ქალი, რომელიც გულითადად და ვნებიანად იღიმება, მხიარულია და მზერით ბევრის თქმა შეუძლია. ასეთ შემთხვევაში დიდი მკერდი და გრძელი ფეხები აუცილებელი სულაც არ არის.
სიყვარული რთულია. გიყვარს? – ეს უკვე ბედნიერებაა, მაგრამ, მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება ძალიან შეიცვლება, მაგალითად, შეყვარებულების 32 პროცენტი კარგავს მადას. გრძნობა მათ საკვებს უცვლის და ჭამა საერთოდ აღარ უნდათ. რა თქმა უნდა, იკლებენ წონაში, მაგრამ ამას ვერც გრძნობენ.
შეყვარებულების 27 პროცენტი უძილობას უჩივის. რა ქნან, ფიქრობენ, ფიქრობენ და... არ ეძინებათ. ეს უჭმელობაზე არანაკლები პრობლემაა. უძილობა მძიმედ აისახება ადამიანის ნერვულ სისტემაზე და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
ყველაზე ცუდ დღეში შეყვარებულების 41 პროცენტი ვარდება – მათ უჭირთ ყურადღების კონცენტრაცია. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს მათ შრომის ნაყოფიერებაზე როგორ აისახება. ადვილი შესაძლებელია, სამსახურიც დაკარგონ. ასე რომ, შეიყვარეთ, მაგრამ თავს ნუ დაკარგავთ, ის კიდევ „გამოგადგებათ“!