ვისი დაკომპლექსება არ უნდა თეონა კონტრიძეს და ვის უვლის ის ტიბეტური სოკოთი
თეონა კონტრიძე თავისი კონტრასტებით ყოველთვის მაოცებდა: ის არის გენიალური მომღერალი, ნამდვილი ბომბი სცენაზე, რომელიც შიგნიდან ყველა უჯრედს გიფეთქებს და თავისთან ერთად მიჰყავხარ ტრანსში... მისი შემხედვარე, ძნელია, წარმოიდგინო, როგორ ამზადებს სუპებს ქმრისთვის და პატარა კონტეინერებით ატანს სამსახურში, ან, როგორ აყენებს მაწონს შვილებისთვის. თბილისს საშინლად მონატრებული თეონა წვიმიანი მოსკოვიდან გვესაუბრა.
თეონა კონტრიძე: საშინელი ზაფხული იყო, რუსეთი დაიწვა, დაიბუგა. მე და ჩემმა მეუღლემ მყარი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოში გადმოვდივართ, რადგან აქ, უბრალოდ, ფიზიკურად არ შეიძლება ცხოვრება... არ ვიცი მიზეზი. ცუდ ენერგიას რომ დავაბრალოთ, გერმანია საერთოდ არ უნდა არსებობდეს. სასულიერო პირები ამბობენ, ამ ქვეყანაში სულ უარესი და უარესი სიტუაცია იქნება, უნდა მოინანიოთო. როდესაც მთელი დედაქალაქი კვამლში იყო გახვეული, მოსკოვიდან 120 კილომეტრში, ბიძაჩემის აგარაკზე ვიყავით ყველანი წახვეტილები. კონცერტი მქონდა სან-ტროპეში, ციურიხით ჩავფრინდი და ჟანგბადისგან თავბრუსხვევები დამეწყო. ამ ზაფხულს, მოსკოვი თავიდან ბოლომდე გამონაკლისი იყო, რადგან ზაფხულში ყოველთვის ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, მაგრამ მთელი ივლისი და აგვისტო საერთოდ არ ტარდებოდა კონცერტები. რა ეკონცერტებოდა ხალხს, ვერანდები ღია იყო და კაციშვილი არ იჯდა. „საილენთ ჰილი“ რომ არის, ზუსტად ისეთი სიტუაცია იყო – დაცლილი ქალაქი. სველი ტილოებით გვეძინა. როგორც იქნა, ყველაფერმა ჩაიარა.
– რა ხდება შემოქმედებაში, ზაფხულის შემდეგ რა სიახლეებია?
– ეს ერთი თვე ვეწეოდი, ახლა, პირველ სექტემბერს, ისევ დავანებე თავი. წელიწადში, შეიძლება, ერთი თვე, ორი კვირა მოვწიო – მინდება. ხანდახან რომ ეწევი, კარგია. ძალიან ბევრი რაღაცეებია უკვე დაგეგმილი. ორ დღეში ნიცაში მივფრინავ, მერე იქიდან წავალ მონაკოში, ერთი კვირა დავისვენებ, მერე ჩამოვალ და 13, 19 და 23 სექტემბერს კონცერტები მაქვს.
– საქართველოში კონცერტი არ იგეგმება?
– ეს პროდიუსერებმა უნდა შემომთავაზონ, მე თვითონ ხომ არ ჩამოვალ! ჯერჯერობით საქართველოში კონცერტი არ მქონია. სტეფანემ და კახუჩელამ ორჯერ დამიძახეს, მაგრამ, ჩამოსვლა ვერ მოვახერხე, სხვა გეგმებს დაემთხვა. თბილისში კონცერტი უკვე ოცნებად გადამექცა. მანდ ჩვენი გადმოსვლა უკვე გადაწყვეტილია, დიდ სახლს ვიშენებთ. ორი სართული უკვე დამთავრებულია. მე და გიორგი ჟორჟოლიანი მეზობლები ვიქნებით. ერთი დიდი სახლი იქნება, რომელსაც გავყოფთ. ჯიქიას ქუჩაზე იქნება ჩვენი სახლი. იმედი მაქვს, თბილისში გადმოსვლაში ხელს არაფერი შეგვიშლის.
– მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დატვირთული ხარ, ძალიან დიდ დროს ატარებ შვილებთან. არადა, დედების უმრავლესობა, ვინც დაკავებულია, წუწუნებს, რომ შვილებისთვის დრო აღარ რჩებათ.
– შეიძლება, იმიტომ, რომ ქართველი გოგონები 18 წლის ასაკში თხოვდებიან და მერე, როდესაც თავისუფალ ჰაერს ჩაისუნთქავენ, აიწყვეტენ ხოლმე, და შვილები აღარ ედარდებათ. საკმაოდ დიდი ვიყავი, როდესაც დედა გავხდი, აზროვნება უკვე სისტემას ექვემდებარებოდა. ჩემთვის ბავშვებთან ურთიერთობა უდიდესი სიამოვნებაა და ფანტასტიკურად მაქვს დრო განაწილებული. თან, ქარხანაში არ ვმუშაობ, დილის 9 საათიდან 7 საათამდე სამსახურში არ ვარ. ყველაფერს ვახერხებ, ვასწრებ, რომ სახლში სუპი გავაკეთო...
– თეონა კონტრიძეს სცენაზე, ტრანსში მყოფს რომ უყურებ, ძნელია, წარმოიდგინო, როგორ ამზადებს ის სახლში სუპს.
– არადა, სულ ვაკეთებ, სისტემატურად. ჩემს მეუღლეს აუცილებლად უნდა მოვუმზადო სადილი, რომ სამსახურში წაიღოს. ბავშვობიდან კუჭის წყლული აქვს და სულ სჭირდება კონტროლი, რომ რაიმე არ გაურთულდეს. თუ არ მივხედე, სულ „მაკდონალდსში“ შეჭამს. ამიტომ, ქორბუდასავით ვარ გადაფარებული. კონტეინერებში გემრიელად ჩალაგებული საჭმელები მიაქვს სამსახურში. ასევე ბავშვებსაც, რა თქმა უნდა. საჭმელს კი არა, მაწონსაც თვითონ ვაყენებ. აი, ახლაც მაქვს გამზადებული რამდენიმე ქილა. სხვათა შორის, ტიბეტური სოკო ჩამომიტანეს, რომელიც კეფირით ყენდება და ბავშვებს მართლა მოვუწესრიგე კუჭ-ნაწლავი ამ სოკოთი.
– განსაკუთრებული, ცოტა სპეციფიკური მიდგომა გაქვს ბავშვებთან. ამას წინათ ამბობდი: მეშინია, მაგრამ, არ მინდა, ვუთხრა, რომ სპაიდერმენივით ვერ გაფრინდები, არ მინდა, რუხ მასაში ჩაეწეროს, იოცნებოსო.
– სიმართლე გითხრა, ერთი-ორჯერ კი მოვცხე ორივეს, ორჯერ კი არა, სამჯერ. მაგრამ, მათი „მოცხობა“ და მათ მიმართ აგრესიის გამოხატვა ისეთ ტკივილს მაყენებს, რომ მერე თავის მოკვლა მინდა ხოლმე და ერთი კვირის განმავლობაში ბოდიშებს ვუხდი. ჩემი შვილები ნამდვილად არ იმსახურებენ ჩემი მხრიდან აგრესიას, უბრალოდ, ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით აღზრდაზე, ბევრი რამ არ ვიცით მათთან მიდგომაზე. რაც უნდა ბევრი წიგნი წაიკითხო ამაზე, ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია, ფიზიოლოგიური ინტერესი. „ის მანახე, ეს მანახე, ეს რა არის?“ – სულ არის ეს კითხვები და, არ იცი, რა უპასუხო. რაც უფრო დრო გადის, სულ უფრო მეტი და რთული კითხვაა. არ იცი, რა უპასუხო, არ გინდა, რომ დააკომპლექსო, ფიზიოლოგიური შიშები გაუჩინო. თან, იმასაც ნერვიულობ – ხომ არ გაშიშვლდები შვილის მიმართ?! გასაგებია, რომ მეგობრები ხართ, მაგრამ, ავტორიტეტული ასპექტების დარღვევაც არ მინდა. ორივეს ძალიან ვუყვარვარ, პარალელურად, ის მომენტიც აქვთ, რომ, არ უნდათ, მაწყენინონ, სულ თვალებში მიყურებენ. ძალიან მაგარი ადამიანები არიან.
– არიან ეს ის ადამიანები, ვისთვისაც ღირს ცხოვრება?
– იცი რა, ისინი ერთ-ერთი კომპონენტი არიან, ასე ვიტყოდი. არის კიდევ ჩემი ქმარი, პროფესია, მეგობრები, ჩემი სამშობლო... საკმარისად არის დაგროვილი კომპონენტები, რისთვისაც ცხოვრება ღირს.
ამას წინათ სოფო ნიჟარაძეს ველაპარაკებოდი, ჩემი დიდი ხნის მეგობარია და ვკითხე, არ გიჭირს მანდ ყოფნა-მეთქი? არაო, მითხრა. საქმეში ვარ ჩართული, თავის მოსაფხანი დრო არ მაქვს, თან, ძალიან კარგად ვარო. როგორც ჩანს, ეს მონატრება სულ არის ჩემში. დღემდე ვერ შევეჩვიე ამ ნაცრისფერ კორპუსებს, ამ მშრალ გარემოს. ხანდახან თავის ჩამოხრჩობა მინდა, ისე მზარავს აქაურობა – ეს სკოლები, ბაღები, ეს პოლიკლინიკები, ეს კაფელი, ყველგან ერთნაირი. სულ მტანჯავს ეს, ვიზუალურად რთული ასატანია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი გარემო და მეგობრები მყავს. რაც ასაკში შევედი, უფრო და უფრო გიჟივით დავიწყე იმაზე ლაპარაკი: აუ, თბილისში, იცით, რა არის... და გაუთავებლად ვყვები თბილისზე, მაგრამ პროფესია რაღაცეებს განსაზღვრავს. სცენის ხალხი მაინც ცოტა ეგოცენტრიკულები ვართ, ისე ვართ მოწყობილი, რომ, სადაც ჩვენი თვითრეალიზება ხდება, იქ გვიწევს ყოფნა. ალბათ, მალე მოვა დრო და შევძლებ, რომ საქართველოში მოვახერხო ეს ყველაფერი. მარტო სიმღერა კი არა, სამი პროფესია მაქვს და რომელიმეს მაინც გამოვიყენებ.
– რა პროფესიებია?
– ერთი – პროდიუსერი ვარ. ის კი არა, კონცერტებს რომ ატარებს, არამედ, რაც ეხება ხმას, ბგერას, საუნდს, რეკორდს, ჩაწერებს. ერთ-ერთი ძვირად ღირებული პროდიუსერი ვარ რუსეთში; მეორე – მუსიკის პედაგოგი. პოლიტიკაც მაინტერესებს, სიმართლე გითხრა, კულტურის დეპარტამენტი, ადამიანებთან ურთიერთობები...
– შეიძლება, რომ ოდესმე პოლიტიკაშიც მოხვიდე?
– გააჩნია სფეროს. თუ კულტურის სფეროს შევეხებით, რატომაც არა, შესაძლებელია. იმის თქმა მინდა, რომ, მინდა ჩემი პროფესიით ვიყო დაკავებული, ამას ვაკეთებდე, თორემ, ნაკლებად ანაზღაურდება ეს საქმე თუ მეტად, ამას პატარა მნიშვნელობა აქვს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ საქართველოში „ტრუსიკი“ ორასი დოლარი არ ღირს, როგორც აქ. რუსეთში ხარჯებმა უკვე გადაგვრია ხალხი. მე და ჩემმა ქმარმა დავთვალეთ, რამდენი გვჭირდებოდა თვეში მხოლოდ საჭმელზე, თან, არაფერ განსაკუთრებულს არ ვჭამთ და, დაახლოებით, 2 500-დან 3 000 დოლარამდე იხარჯება მარტო ჭამაში. სიგიჟეა ნამდვილი. მიკროფონის დადების უფლება არ მაქვს, რომ საჭმელი არ მოგვაკლდეს. იცი, როგორი ქალაქია? ვთქვათ, გრიპი გაქვს, გაცივდი, გარეთ ვერ გადიხარ. ორი დღის მერე რომ გამოხვალ, გგონია, რომ ყველას დაავიწყდი, აღარაფერი აღარ ხარ, მოკვდი, აღარავის ახსოვხარ. ნულიდან უნდა დაიწყო. ყველას ავიწყდები აქ, ჰაა, ვინ ხარ?!
– მითხარი, ინგლისელი გოგი როგორი ბიჭია?
– გაგიჟდები, ინგლისელი გოგი ისეთი ლამაზია, გაუთოებულივით არის, ისეთი ჩასრიალებული კანი აქვს. სულ უხეშია, სულ უკმაყოფილო და გაბრაზებული სახით ლაპარაკობს.
– ფიქრობ კიდევ შვილის გაჩენაზე?
– არ ვიცი, ამ ქალაქში ყველაფრის მეშინია. თბილისში რომ ვიყო, არც ბაღზე ვინერვიულებდი, არც სკოლაზე და არც ძიძაზე. ფული რომ გაქვს, ყველაფერს მოახერხებ; აქ კიდევ, შოულობ და მაინც სულ რაღაც ხვრელია, სულ არ გყოფნის. გეგონება, აიღე და უნიტაზში ჩარეცხე. მოსკოვში უნდა ცხოვრობდეს ის ადამიანი, ვისაც უყვარს მოსკოვი. მოსკოვი მიყვარს, ოღონდ, როგორც ტურისტს, მაგრამ ტურისტული და საცხოვრებელი მოსკოვი სულ სხვადასხვაა, ისევე, როგორც თბილისი. ნებისმიერი მოსკოველი ადამიანი თბილისში რომ ჩააგდო საცხოვრებლად, შეიძლება, გაგიჟდეს, მაგრამ, აი, ცოტა ხნით რომ ჩამოდიან ჩემთან ერთად, გიჟდებიან ამ ქალაქზე, თბილისზე შეყვარებულია ყველა. თუ თბილისში სადმე წასასვლელი არ არის, სახლში შეიძლება ჩაჯდე, მეგობრებმა დაგირეკონ, ამოვიდნენ, ყავა მოადუღო და იჭორაოთ მთელ თბილისზე. არადა, რაშია, იცი, საქმე? შენ ხომ ჭორავ თბილისს და, თბილისი – შენ გჭორავს.
– თბილისური ჭორები მანამდე თუ გწვდება?
– ჩემ შესახებ ხალხი არ ჭორაობს. უინტერესო ვარ, იმიტომ, რომ საკუთარ თავზე თვითონ ვჭორაობ, ყველაფერს ვყვები. დამისვი კითხვა – გიპასუხებ, გინდა პირადზე, გინდა საზოგადოებრივზე. ისე, ჩემთან ჭორაობა მოსაწყენია – არაფერი მაკვირვებს: უი, მართლა?! – ეს ფრაზა ჩემს ლექსიკონში არ არის. მათთვის საკვირველ და ჩემთვის ჩვეულებრივ რაღაცეებს რომ მიყვებიან, მეცინება. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, მე რომ გაკეთებული არ მაქვს? ამიტომ, არაფერზე ვამბობ: ვაიმე, ეს რა გავიგე-მეთქი.
– როდის მიხვდი, რა გჭირდებოდა სრულყოფილი ცხოვრებისთვის, ბედნიერებისთვის; რომ გჭირდებოდა მეუღლე, შვილები, სახლი თბილისში...
– საქმე ისაა, რომ ასე კონკრეტულად ვერ მივხვდი. ყველაფერი დრომ და არა ჩემმა სურვილმა მოიტანა. „ბავშვი მინდა“ – ეს მომენტი არ ყოფილა. დავორსულდი – გავაჩინე. კიდევ დავორსულდი – მეორეც გავაჩინე. დაგეგმილი არაფერი მქონია, არ ვარ გეგმის ადამიანი. ეს რომ კარგია, ბავშვობიდან, ერთი წლის ასაკიდან ვიცოდი. რედიკუშა 4 წლისაა და უკვე უნდა გათხოვება და შვილები. ბავშვს თუ გავაჩენ, ლიზას და ანასტასიას დავარქმევო, ამოჩემებული აქვს ეს სახელები.
– ქართულად ლაპარაკობენ?
– არა. როდესაც ხუთი დიდი ადამიანიდან მხოლოდ ერთი ლაპარაკობს ქართულად და დანარჩენები – რუსულად, რთულია, ისწავლონ ენა. მაგრამ ქართულ სიტყვებს მარტივად იმეორებენ, დარწმუნებული ვარ ადვილად ისწავლიან ენას. ბავშვები მთლიანად რუსულ გარემოში იზრდებიან, მხოლოდ დედა ჰყავთ ქართველი, რომელიც საქართველოში გაიზარდა, თან, ცოტა არასტანდარტული აღზრდა მიიღო.
– ქართველებისთვის – არასტანდარტული, რუსებისთვის კი – ქართული ხასიათი გაქვს.
– ზუსტად ასეა. იცი, რატომღაც, სულ მეუბნებიან, სულ ამბობენ, რომ მაქვს ეპატაჟური და პროვოკაციული იმიჯი და ვერ ვხვდები, ეს რას ნიშნავს. ჩემთვის ეს არ არის პროვოკაცია და არანაირ ეპატაჟს ჩემი მხრიდან ადგილი არ აქვს. კონცეპტუალურად გათვლილი არაფერი მაქვს: ახლა მე მოვალ, ჩავიხდი „ტრუსიკს“, ასი ჟურნალისტი გადაიღებს და, რა მაგარია, ეს დაიბეჭდება – ძალიან შორსაა ჩემგან, სპეციალურად გათვლილი ეს არ მაქვს, ბავშვებს გეფიცებით (იცინის), თუ საქართველოსთვის პროვოკაციაა იმის თქმა, რასაც ვფიქრობ – ეს სხვა საკითხია და, როგორც ჩანს, პროვოკაციულად ვაზროვნებ. შეიძლება, სხვებიც ფიქრობენ ასე, მაგრამ, თამაშობენ, უკანალის გასაღებს არ კარგავენ, გასაგებია. მაგრამ, საქმე ისაა, გამოიკვეთა, რომ მოსკოვშიც ეპატაჟური იმიჯი მქონია. ანუ, აქაც არ ლაპარაკობენ იმას, რასაც ფიქრობენ. მაგრამ, აქ გრადუსი სჭირდებათ, ერთი ორი ჭიქის მერე ისეთებს ამბობენ, მოკვდები სიცილით.
– რუსულ ინტერვიუებს რომ ვკითხულობ, ვხვდები, ძალიან დაიხვეწნენ, თითქოს ისწავლეს ლაპარაკი, ანუ, უკვე იციან, როგორ ილაპარაკონ ბევრი და თქვან ცოტა.
– იცი, რაშია საქმე? მთავარი, რაც მოხდა რუსეთში, არის ის, რომ იშოვეს ფული. ფული რომ იშოვეს, ცოტა გაიარ-გამოიარეს კიდეც, წავიდნენ ევროპაში, ჩაიცვეს, დაიხურეს, დაიბანეს, ფეხები გაიპარსეს. არ გახსოვს? ოთხმოციან წლებში ფეხებს არ იპარსავდნენ! ქართველები დიდი ხანია, რაც ფეხებს იპარსავენ. ამაზე ჩემმა მეგობარმა მითხრა ერთხელ, იმიტომ იპარსავთ, რომ თმიანები ხართო. თმიანები ხართო, რომ თქვა, თავიდან ბოლომდე გავშიშვლდი – კარგად დამათვალიერე და ერთი თმა მიპოვე-მეთქი. მოკლედ, ეს ჰიგიენური კულტურა არ ჰქონდათ. ახლა ყველაფერი ერთად ისწავლეს და მიხვდნენ რაშია საერთოდ საქმე. თურმე, შეიძლება, ყველას ერთნაირი სამზარეულო არ ჰქონდეს და ამის შედეგად მოხდა კლასობრივი დაყოფა. გამომდინარე კლასობრივი დაყოფიდან, ცდილობენ, ბოჰემა იყოს ბოჰემის ადგილას, ელიტა ელიტის ადგილას. ელიტა ისე „ბლატაობს“, ჭკუაზე არ არის.
– შენ რომელ კლასს მიგაკუთვნებენ?
– მე, წესით, ბოჰემა ვარ, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ დილის ცხრის ნახევარზე მიწევს ადგომა, მაინც ვფიქრობ, რომ ბოჰემასა და მუშათა კლასს შორის ვარ გაჩხერილი. აი, ინდური კასტური წყობა რომ იყოს, იქ უფრო ადვილად გამოირკვეოდა ჩემი ადგილი.
– მაგრამ, მგონი, იმ კასტებში უფრო ადვილად ხდება მიღება, ვიდრე მოსკოვის ელიტაში.
– მოსკოვის ელიტასთან რა საქმე მაქვს, გარდა საქმისა? (იცინის) ეს არის რა? – ბოზები, გათხოვილები ყოფილ ბანდიტებზე, რომლებსაც აქვთ მილიონები და მილიარდები. რაც ამერიკაში „მშრალი კანონის“ დროს მოხდა, იგივე მოხდა ახლა აქ. ოთხმოცდაათიან წლებში მთელი ბანდიტები, „ლიბერცებისა“ და მსგავსი დაჯგუფებების წევრები, ყველა უკვე „კანონშია“, ზოგი „ფეესბეს“ გენერალია, ზოგიც რაღაც მსგავსი. ცოლად მოიყვანეს გოგონები, რომლებიც ოთხმოცდაათიანებში სტრიპტიზიორები იყვნენ. იმ კაცებმა მოხსნეს ესენი ბოძიდან, გახდნენ ბიზნესმენები და ესენი გახდნენ „ლედი“ – საქმიანი ქალბატონები, რომლებიც კლუბებსა და ასოციაციებს აყალიბებენ და ძაღლებისა და მარტორქების უფლებებზე ზრუნავენ – ბრიჯიტ ბარდოს ჰბაძავენ.
– ჭორები თუ უყვართ?
– მოსკოვი რომ თბილისისხელა იყოს, ვიტყოდი, საშინლად უყვართ-მეთქი, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ თვრამეტმილიონიანი ქალაქია, იფანტება ეს ჭორები, არ გროვდება და არ გაწუხებს. თან, ვის სცალია, ხალხი გიჟივითაა.
– თბილისში ჩამოსვლას არ გეგმავ?
– ძალიან გვინდა, რომ ოქტომბრის ბოლოს ბავშვებთან და იმ მეგობრებთან ერთად, რომლებიც სულ მომყვებიან ხოლმე საქართველოში, ჩამოვიდეთ და წავიდეთ კახეთში. განსაკუთრებით კარგია ეს პერიოდი ჩვენთან – ვნახოთ.