კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის უთენებს ღამეებს ბრენდონ სტოუნი გერმანიაში და რატომ არ იწვევს ის ქართველ მომღერალ-შემსრულებლებს თავის ახლად გახსნილ კლუბში


უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლისთვის, ბრენდონ სტოუნისთვის, ანუ ბესიკ შპეტიშვილისთვის, ეს წელიწადი ნამდვილად იღბლიანი აღმოჩნდა. მის ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო ფაქტი მოხდა: ბესო მამაც გახდა, ოცნებებიც აისრულა და შემოქმედებით თუ პირად ცხოვრებაში დიდი და თამამი ნაბიჯებიც გადადგა. მას გერმანიაში ტელეფონით დავუკავშირდით და მომხდარ სიახლეებზეც და მომავალზეც ვესაუბრეთ.



– ბესო, გილოცავ, ახლახან მამა გახდი. ისე, ამბობენ, ვაჟკაცებს პირველი შვილი გოგონა ჰყავთო. ეტყობა, შენც კარგად ივაჟკაცე.

– (იცინის) მოლოცვისთვის დიდი მადლობა, მაგრამ, ვაჟკაცობისა რა მოგახსენოთ. ჩემი პატარა გოგონა, ლუიზა, სულ რაღაც ორი თვისაა. გერმანიაში დაიბადა. ბიჭი რომ ყოფილიყო, ბაბუაჩემის სახელს დავარქმევდი – ეს გადაწყვეტილი გვქონდა მე და ჩემს მეუღლეს. რადგან გოგონა დაიბადა, მოგვწონდა სახელი ლუიზა და ბევრი არც გვიფიქრია, რა დაგვერქმია. ყველა ამბობს, ბავშვი შენ გგავსო, მაგრამ, მე მინდა, დედიკოს დაემსგავსოს (იცინის). წყნარი ნამდვილად არ არის, ძალიან ხმაურიანი ბავშვია, სულ ჩხავის და ტირის. მშობლები ამბობენ, შენ გგავს, ასეთი იყავი და ახლა ნახე, როგორია ღამეების თენებაო (იცინის). როცა დრო მაქვს, კი ვეხმარები მეუღლეს, მაგრამ, სულ გასული ვარ და ამიტომ, ხშირად არ მიწევს ბავშვის მოვლა. ისეთი ხმა აქვს, აშკარად მუსიკალურია, თან, როგორც ვატყობ, კარგი სმენაც ექნება. ვნახოთ, რომ გაიზრდება, ვინ გამოვა. საოცარი გრძნობაა მამობა და ვცდილობ, მის გაზრდაში მეც დიდი წვლილი შევიტანო.

– როგორც ვიცი, მის გაქრისტიანებას თბილისში აპირებ და, თუ არ ვცდები, ჯვრისწერაც სამშობლოში გქონდა გადაწყვეტილი. როდის გეგმავ აქ ჩამოსვლას?

– მართალია, მე და ჩემი მეუღლე თბილისში, სამების ტაძარში ვაპირებთ ჯვრისწერას, მაგრამ ჯერ ვერ მოვაბით თავი. ლუიზაც აუცილებლად თბილისში მოინათლება, მთავარია, დრო გამოვნახოთ და საქართველოში ჩამოვიდეთ სამივე. როგორც კი მოვახერხებთ ჩამოსვლას, ამ ყველაფერს თავს მოვაბამთ, იმედია.

– გერმანიაში საკმაოდ პოპულარული ხარ და საკუთარი კლუბიც გახსენი. სად მდებარეობს ის და რა ჰქვია?

– ცენტრში, დასავლეთ ბერლინში, კლუბი „ნიუ ვესთ“ სულ რაღაც ორი თვის წინ გავხსენი და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ჩემი ბიზნესი. მართალია, პატარა კლუბია, სულ რაღაც ას ოცი ადამიანი ეტევა, მაგრამ, სულ გადაჭედილია. ყოველთვის მინდოდა, ისეთი კლუბი გამეხსნა, სადაც ცოცხალი მუსიკა იქნებოდა, ცნობილი ჯაზ-შემსრულებლები, მომღერლები და წარმატებული მუსიკოსები მოსულიყვნენ და მათი მოსმენის საშუალება მისცემოდათ მელომანებსა და უბრალო მსმენელებს. ეს ოცნება ავიხდინე – ვიპოვე შესაბამისი ადგილი და გავხსენი კლუბი. ეს კლუბი კვირაში სამი დღე მუშაობს. ცნობილი გერმანელი მუსიკოსები მოვიწვიეთ და დიდი მოწონება დაიმსახურეს, ახლა კი ვფიქრობ რუსეთიდანაც მოვიწვიო მუსიკოს-შემსრულებლები და გავაცნო მათი შემოქმედება გერმანელებს. ასე რომ, გერმანიაში პატარა ქართული ოჯახი შევქმენი და ჩემს საყვარელ საქმესაც ვაკეთებ. აქ ნაქირავებში ვცხოვრობ. სპეციალურად არ ვყიდულობ სახლს.

– რატომ?

– იმიტომ რომ, არ ვიცი, როდის გადამიბრუნდება ჭკუა-გონება, დავკრავ ფეხს და საქართველოში ჩამოვალ. ბოლოს მაინც მანდ დავბრუნდები – ამაში ეჭვი არ მეპარება. ჯერ გერმანიაში გავაკეთებ ჩემს საქმეს და მერე საქართველოში გადმოვბარგდები.

– ქართული ხასიათის გამოვლენა არ გიწევს უცხოეთში?

– როგორ არა (იცინის). საერთოდ, ძალიან მშვიდი ნერვების მქონე ადამიანი ვარ, მაგრამ, თუ ძალიან გამაბრაზეს, მეც გამოვალ წყობიდან და ამ დროს ყვირილი და გემრიელი კახური გინებაც „მოსულა“. გერმანიაში კახურ გინებას ვერ იგებენ და რა მენაღვლება? გამაბრაზებენ – შევიგინები და არც ისინი დამრჩებიან განაწყენებულები (იცინის). ისე, რაც წლები მომემატა, უფრო მეტად მივხვდი, რომ წყობიდან არ უნდა გამოხვიდე კაცი. რაც უფრო მშვიდად მიუდგები მოვლენებს, მით მეტად მოიგებ ცხოვრებაში. აი, გაჯიუტებას კი ვერ მოვუხერხე ვერაფერი, თუ გავჯიუტდი, – მორჩა (იცინის). ამ ბოლო დროს დაბნეულიც გავხდი. ისე, რა გასაკვირია, იმდენი საქმე მაქვს, კიდევ კარგად ვაზროვნებ. მადლობა ღმერთს, ყველაფერს ვაბამ თავს და არც ზარმაცი ვარ, ალბათ იმიტომ მივაღწიე იმას, რაც მაქვს.

– ამაში ცოტა იღბლის ხელიც ხომ არ ურევია?

– რა თქმა უნდა, ურევია. ფორტუნა ყოველთვის მიღიმის, ასე რომ, იღბლიანი კაცი ვარ. იმედი მაქვს, რასაც ჩავიფიქრებ, ყველაფერი გამომივა, რასაკვირველია, თუ კახურმა სიზარმაცემ არ მძლია (იცინის). საერთოდ, ცხოვრებაში კაცი ლიდერი უნდა იყო და შენი გადამწყვეტი აზრი უნდა დააფიქსირო ყოველთვის და ყველგან.

– ადამიანების ამოცნობაში ხშირად ცდები?

– ადრე სულ ვცდებოდი, ახლა კი – აღარ. რაც გავიზარდე, ჭკუა ვისწავლე, ამოცნობასაც ერთი შეხედვით ვახერხებ.

– ქალების ამოცნობაშიც არ ცდები?

– (იცინის) ახლა ცოლი მყავს და ქალების ამოცნობა აღარ მჭირდება. ისე, არც ქალის ამოცნობაში ვცდები – ერთი შეხედვით შემიძლია, მივხვდე, ვინ როგორია, რა უნდა და რას ფიქრობს. მაგრამ, მე ეს აღარც მაღელვებს და აღარც მაინტერესებს. ერთხელ მკითხეს, ჭკვიანი ქალი უფრო საშიშია თუ ლამაზიო. ვუპასუხე, ლამაზი ქალი რა საშიშია, ჭკვიანის გეშინოდეთ-მეთქი (იცინის).

– საყვარელი ქალისთვის ფანჯარასთან თუ გიმღერია?

– ფანჯარასთან არა, მაგრამ სცენიდან ხშირად ვუმღერი. შეყვარებული სიმღერებსაც კარგად ვწერ და ჩემი ცოლი ბევრ რამეში სტიმულსაც მაძლევს.

– საქართველოდან არ აპირებ მომღერლების და მუსიკოსების მიწვევას?

– ჯერ არავისთან მილაპარაკია. რომ ჩამოვალ, პირადად შევხვდები ქართველ მუსიკოს-შემსრულებლებს და მერე გადავწყვეტ, ვის მივიწვევ გერმანიაში „ნიუ ვესთში“. ამ კლუბის მუსიკალური მხარე მთლიანად საკუთარ თავზე ავიღე და, მგონი, გერმანელი მსმენელის გემოვნებასა და მოთხოვნებს ვაკმაყოფილებ.

– ბესო, არ შემიძლია, არ შევეხო იურმალაში ჩატარებულ ფესტივალს „ახალი ტალღა 2010“, სადაც, სამწუხაროდ, ჩვენი მომღერლები არ იღებდნენ მონაწილეობას. არადა, გასულ წლებში საამაყოდ ნამდვილად გვქონდა საქმე. ვიცი, რომ შენ ამ კონკურსის ყოველწლიური სტუმარი ხარ.

– მართალია, მე ყოველ წელს ჩავდივარ ამ კონკურსზე და ჩემი კონკურსანტიც ჩამყავს. თუმცა, წელს გამონაკლისი იყო – არც ქართველები იღებდნენ მონაწილეობას და არც მე ჩამიყვანია ჩემი კონკურსანტი. ისეთი დატვირთული წელი მქონდა, ვერ მოვახერხე იურმალის კონკურსისთვის კარგი მომღერლის შერჩევა. წელს სომხეთმა აიღო პირველი ადგილი. კი მკითხეს, ქართველები რატომ არ არიანო, მაგრამ, პასუხს ვერ ვცემდი, ნამდვილად არ ვიცოდი. არადა, ქართველი რომ გამოდიოდა სცენაზე, სულ სხვა განცდით ვგულშემატკივრობდი. სხვა განცდაა შენი თანამემამულე რომ დგას სცენაზე და ხვდები რომ მაგარია, გული ამ დროს სხვანაირად ფეთქავს და სიამაყის გრძნობაც ნელ-ნელა გემატება. ამ კონკურსში მაინც მოვახერხე ჩემი წვლილის შეტანა და რუს კონკურსანტს, იგორს, იქვე, იურმალაში დავუწერე სიმღერა. მან ხალხის სიმპათია დაიმსახურა. ახლა ამ სიმღერაზე კლიპს იღებენ. სომეხ გოგონასაც, სონასაც, ძალიან დავეხმარე: ვამეცადინებდი, ფონოგრამას ვუკეთებდი და მიხარია, რომ მან აიღო პირველი ადგილი. მოდიოდა და მეკითხებოდა: ბესო-ჯან, მითხარი, ეს როგორ გავაკეთო, ის როგორ ვიმღერო, აქ როგორ ჩავახვიოო (იცინის). ძალიან თბილი, ნიჭიერი და, თან, დამჯერი გოგონაა სონა. დამწყდა გული, რომ ქართველები არ იყვნენ.

– თუმცა, სამი ქართველი იურმალას არასდროს აკლდებით და წელს არ „აგდებთ“.

– (იცინის) მე, ქეთა თოფურიასა და ვალერი მელაძეს გვგულისხმობ?

– დიახ.

– მელაძე აღარ მელაპარაკება ქართულად, ეტყობა, სულ დაავიწყდა მშობლიური ენა. თუმცა, ქართული გულით და ჯიგრულად სულ მკითხულობს. საჭორაოდ ვერ მოვიცალეთ, ისეთი დაკავებულები ვიყავით ორივე. ქეთაც რამდენჯერმე ვნახე, მაგრამ, მაინც მოვასწარით წაჭორავება. ილია რევზინმა კონკურსზე მომილოცა შვილის დაბადება, აქედან გაიგეს ჟურნალისტებმა და ინტერვიუს ჩაწერა გადაწყვიტეს. მოკლედ, მოვიდა ერთი ჟურნალისტი – ინტერვიუ მინდა ჩავწეროო. ლუიზა ახალი დაბადებული იყო. ვუთხარი, არ მინდა ბავშვზე ლაპარაკი და სხვა რაზეც გინდა, ვისაუბროთ-მეთქი. გადამეკიდა, გინდა თუ არა, შვილზე მითხარი, რა დაარქვი, როგორია, შენ თუ გგავს, რამდენი კილოაო. ვიფიქრე, ჯერ არ დაბადებულა და უკვე გამოვჭიმო გაზეთების ფურცლებზე, რა „პონტია“-მეთქი. (იცინის). არაფერი არ ვუთხარი. ის კი, ადგა და დაწერა რაღაცეები, თავად „მონათლა“ სხვა სახელით, მიჩხაპნა, მოჩხაპნა რაღაცეები და გააშანშალა სტატია. გამოგიტყდებით, მარტო თქვენ გაძლევთ ჩემს ექსკლუზიურ ინტერვიუს, გერმანიაში „თბილისელების“ აქტიური მკითხველი ვარ და ვიცი, არც სახელს დაამახინჯებთ და არც ტყუილებს დაწერთ. გენდობით.


скачать dle 11.3