კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აიყვანენ მძევლად რუსეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას საქართველოში ამერიკული ბაზების განლაგების შემთხვევაში



რუსეთ-ამერიკამ თავაზიანობის ჟესტები გაცვალა: ობამამ ბუშის დანაბარების (ევროპაში „პატრიოტების“ განლაგების შესახებ) გადადება გადაწყვიტა, მედვედევმა კი კალინინგრადის ოლქში „ისკანდერების“ განთავსება გადაიფიქრა. ამის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლებას გაუჩნდა მოლოდინი, რომ ამერიკა თავისი გეგმების განხორციელების ადგილად სწორედ საქართველოს შეარჩევს, მეორე მხრივ, არც რუსეთ-ამერიკის ერთობლივი ღონისძიების გატარებაა გამორიცხული. როგორ აფასებენ შექმნილ ვითარებას მოსკოვში, – ამის თაობაზე რუსი პოლიტოლოგი ალექსანდრ დუგინი გვესაუბრება.





– ობამას ვიზიტის დროს მოცემულ ინტერვიუში თქვით, რომ პრეზიდენტების შეხვედრის შედეგებს დრო გამოაჩენდა. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ეს ურთიერთსაპასუხო ჟესტების გაკეთება სწორედ ობამა-მედვედევის პირისპირ შეხვედრისას გადაწყდა?

– პირადად მე პრინციპულ ან ფუნდამენტურ გარღვევას ვერ ვხედავ. ფართოდ შევხედოთ შექმნილ სიტუაციას: ბუშის დროს ამერიკა აცხადებს, რომ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგებას აპირებს, მაგრამ არაფერს აკეთებს ამისთვის; შემდეგ რუსეთი ლაპარაკობს „ისკანდერებზე“, მაგრამ, ასევე, არაფერს აკეთებს; შემდეგ ობამა უარობს ბუშის სიტყვიერ განცხადებას და ისიც არაფერს აკეთებს; რუსეთიც ცვლის თავის გადაწყვეტილებას და არაფერს აკეთებს. ერთი სიტყვით, სიტყვების თამაში გამოდის, რადგან ვიღებთ ნულოვან შედეგს.

– მაგრამ, როდესაც უარყოფითი შედეგიდან ვიღებთ ნულოვან შედეგს, ეს უკვე დადებითი შედეგია?

– შესაძლოა. ახლა ვნახოთ: არის თუ არა ეს ობამას მხრიდან კეთილი ჟესტი? მე ვფიქრობ, რომ არის, მაგრამ, იმავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის სიტყვების გაცვლა ამერიკასა და რუსეთს შორის. ამერიკას უნდოდა, გადაედგა აგრესიული ნაბიჯი ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენ კი გვინდოდა, გადაგვედგა თავდაცვითი ნაბიჯი.

– თუმცა ამერიკა თავის ნაბიჯს თავდაცვად აფასებდა, რუსეთის ნაბიჯს კი – აგრესიად.

– ეს არ არის მნიშვნელოვანი. რუსულ პრესაში გამოქვეყნებული საექსპერტო დასკვნებით, ამერიკის მხრიდან ეს ცალსახად აგრესიული ნაბიჯი იყო. ამჟამად ბალანსი აღდგა, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ სიტუაცია, შეიძლება, შეიცვალოს, რადგან ლაპარაკია ამ სისტემების განთავსებაზე სამხედრო ხომალდებზე ხმელთაშუა ზღვასა და ბალტიის ზღვაში; ამასთან, ჩვენამდე მოვიდა ხმები, რომ გასულ კვირას დიკ ჩეინიმ კონგრესს მისცა წინადადება, რომ სისტემები განლაგდეს საქართველოში, უფრო ახლოს ირანთან. თუ ეს ყველაფერი ამით დამთავრდება, ეს რუსეთის სტრატეგიული ინტერესებისთვის უარესია. პირველ შემთხვევაში ნატოს ობიექტები განთავსდებოდა ნატოს ზონაში, საქართველოში მათი განთავსება კი რუსეთისთვის ყველაზე საშინელი სიზმარია. ასე რომ, ჩემი აზრით, ისტორია არ დამთავრებულა, პირიქით, შეიძლება, გადაიზარდოს უარესში. ამიტომ რუსეთმა სიფხიზლე არ უნდა მოადუნოს და ამას არც აპირებს.

– რა მოხდება, თუკი ამერიკა თავის სისტემებს განალაგებს თურქეთში ან ისრაელში?

– თურქეთი ნატოს წევრია და, ამდენად, მისი გადასაწყვეტია, რას განალაგებს; მეორე, მე ვიცნობ თურქულ პოლიტიკას, ის ძალიან დაბალანსებული, თავისებური და ყურადღებიანია აღმოსავლეთისა და რუსეთის მიმართ, ამდენად, გაუჭირდებათ ამ გადაწყვეტილების მიღება.

– პოლონეთი და ჩეხეთიც ნატოს წევრები არიან, მაგრამ ამ ფაქტორს ანგარიშს უწევთ მხოლოდ თურქეთთან მიმართებაში?

– ეს სხვადასხვა საკითხებია, თურქეთი არასდროს ყოფილა ჩვენი პროვინცია, პოლონეთი კი – იყო. ამას გარდა, ჩეხეთი და პოლონეთი ნატოს ახალი წევრები არიან და ისინი გახდნენ ნატოს წევრები ნატო-რუსეთთან მოლაპარაკების შემდეგ. თურქეთი კი იმთავითვე დამოუკიდებელი ქვეყანაა და ყოველთვის განიხილებოდა, როგორც ჩვენი მოწინააღმდეგე, ამიტომ იქ შეიძლება, რაც უნდათ, ის განათავსონ, თუმცა ეს მაინც იქნება პრობლემა ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ამაზე რუსეთი ირეაგირებს, მაგრამ უკვე კონკრეტულად თურქეთის წინააღმდეგ და ეს იქნება პროპორციული პასუხი: რაკეტები იქნება მიმართული არა ევროპის დედაქალაქებზე, არამედ სტამბულსა და ანკარაზე. თუ სისტემები განთავდება ისრაელში, რუსეთის სამხედრო-სტრატეგიული ხელმძღვანელობა შეაფასებს, რა საფრთხეს შეიცავს ეს ჩვენთვის და ამის მიხედვით იმოქმედებს ისრაელის წინააღმდეგ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ახლა ისრაელიც განსაკუთრებულ პოლიტიკას ატარებს: ირანისადმი აგრესიული დამოკიდებულების მიუხედავად, მას ბევრი პრეტენზია აქვს ამერიკული პოლიტიკისადმი აღმოსავლეთში. ასე რომ, ამერიკას, გარდა დასავლეთ ევროპის იმთავითვე ნატოს წევრი ქვეყნებისა, ყველგან პრობლემა შეექმნება. ჩვენი აზრით, ირანი არ წარმოადგენს საფრთხეს არც რუსეთისთვის, არც დასავლეთისთვის, არც თურქეთისთვის, საფრთხეს წარმოადგენს მხოლოდ ისრაელისთვის, რადგან არის დესტაბილიზაციის ფაქტორი მის საზღვრებთან, მაგრამ, რაც მნიშვნელოვანია ისრაელისთვის, დანარჩენებისთვის არც ისე მნიშვნელოვანია.

– თქვენი პასუხებიდან უკვე ნათელია, რომ ამერიკა-რუსეთის ერთობლივი სისტემების შექმნის პერსპექტივა უიმედოა?

– ერთობლივი მოქმედება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ერთნაირად აღვიქვამთ საფრთხეს, ჩვენი აზრით კი, ამერიკა ირანს რაღაცეებს უსაფუძვლოდ აბრალებს, ისევე, როგორც უსაფუძვლოდ აბრალებდა თავის დროზე ერაყს. ამიტომ ჩვენ უფრო ირანის მხარეს ვართ, გვინდა, რომ ის აშშ-სგან დავიცვათ, შესაბამისად, თუ იქნება რაღაც ერთობლივი რუსულ-ამერიკული პროექტი, სინამდვილეში, ჩვენი მხრიდან ეს იქნება ირანის სტრატეგიული ინტერესების ლობირება და დაცვა, რადგან, თუ ჩვენ ჩავაბარებთ ირანს და დავდგებით ამერიკის მხარეს, დავკარგავთ პრესტიჟს საერთაშორისო არენაზე და გამოვჩნდებით მორიგ ამერიკულ სატელიტად, რომელსაც ამერიკა აიძულებს „პლიასატ პოდ სვოიუ დუდკუ“. ასე რომ, თანამშრომლობისთვის ძალიან მცირე ფორმატია: ეს არის ავღანეთი და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ თალიბები სერიოზულ საფრთხეს უქმნიდნენ რუსეთის ინტერესებს. ამდენად, ავღანეთის დონეზე ჩვენ შეგვიძლია კოორდინირებული მოქმედება.

– რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ თალიბები საფრთხეს უქმნიდნენ რუსეთს?

– იყო რეიდები ტაჯიკეთში…

– ანუ რუსეთის საზღვრების სიახლოვეს მოქმედებდნენ?

– დიახ, მოქმედებდნენ ჩვენი გავლენის ზონაში, იქიდან ჩეჩნეთში გადმოდიოდნენ „ბოევიკები“. ავღანეთში კი ჩვენ დავინახეთ სისტემა, რომელმაც გამოგვიცხადა ჯიჰადი, ისევე, როგორც ამერიკას, ამიტომ იქ შესაძლებელია თანამშრომლობა. ამასთან, ამერიკა ძალიანაა დამოკიდებული რუსეთის გავლით სამხედრო ტვირთების ტრანზიტზე. ამ ნებართვის მიცემა, მართლაც, კეთილი ნების ჟესტი იყო რუსეთის მხრიდან, მაგრამ ამით ამოიწურება ჩვენი საერთო სტრატეგიული ინტერესები. ირანს ჩვენ განვიხილავთ, როგორც უვნებელ და მეგობრულ სახელმწიფოს.

– ამბობთ, ირანს თუ მხარი არ დავუჭირეთ, რუსეთის პრესტიჟი შეილახებაო, რატომ არ დაუჭირა მხარი რუსეთმა სერბეთს, როდესაც მას კოსოვო წაართვეს?

– ვერც სერბებს და ვერც ერაყს. მართალია, ჩვენ აღვშფოთდით ერაყში ამერიკელების შესვლის გამო, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ჩვენ ბოლომდე ვუჭერთ მხარს სერბებს, არ ვაღიარეთ და არც ვაღიარებთ კოსოვოს, რადგან, ვფიქრობთ, რომ კოსოვო უკან უნდა დაბრუნდეს.

– როგორც ამერიკა არ აღიარებს და არც აპირებს, აღიაროს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და ფიქრობს, რომ ორივე რეგიონი უკან უნდა დაბრუნდეს?

– დიახ, დიახ, ამერიკამ ამას წინათაც გამოხატა თავისი პოზიცია და ეს ბუნებრივია. ამერიკა ერაყისა და სერბეთის შემთხვევაში უფრო ძლიერი აღმოჩნდა, მაგრამ ერთია პატარა სერბეთი, რომელიც 90-იან წლებში დაბომბეს და ერაყი, რომელიც შორსაა და არც ყოფილა ჩვენი პარტნიორი, სხვა საქმეა უზარმაზარი ირანი. ირანი უზარმაზარი ქვეყანაა თავისი მოსახლეობითა და რესურსებით, რომელსაც ისე იოლად ვერ დაიპყრობ, როგორც სერბეთსა და ერაყს. ამას გარდა, ირანი უფრო ახლოსაა რუსეთთან, ამიტომ, ბუნებრივია, რუსეთისთვის ირანი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ასე რომ, ჩვენ მას უფრო მეტად დავიცავთ, ვიდრე ერაყისა და სერბეთის მთლიანობის დაცვა შევძელით, თუმცა ამერიკელებს შეუძლიათ, იგნორირება გაუკეთონ ჩვენს პოზიციას. მართალია, ობამას პერიოდში ეს ნაკლებად წარმოსადგენია, მაგრამ ობამა მუდმივად არ იქნება. დრო მიდის, მას სხვა პრეზიდენტი შეცვლის. ასეა თუ ისე, მე არ გამიკვირდება, თუ რუსეთი არ აღმოჩნდება ეფექტური ირანთან მიმართებაში. თუმცა ამის შემდეგ არანაკლებ რთული თემატიკა მოდის უკრაინასთან, დნესტრისპირეთთან და მოლდოვასთან დაკავშირებით. მოლდოვას უნდა, შეუერთდეს რუმინეთს, რუმინეთი ძალიან კარგი ქვეყანაა, მაგრამ ის ნატოს წევრია, ჩვენთვის კი უდიდესი საფრთხეა, თუ მოლდოვა ნატოში აღმოჩნდება. აქედან გამომდინარე, რუსეთს აქვს ამერიკასთან წარმატებული დაპირისპირების პრეცედენტი, მაგალითად, საქართველოს სახით, მაგრამ წინ უფრო რთული პერიოდები გველის. თუ ამერიკელები თავიანთ სამხედრო ბაზებს საქართველოში განალაგებენ, ეს იქნება იმის დემონსტრაცია, რომ ჩვენ ჩვენს უახლოეს სარტყელშიც არ შეგვიძლია სიტუაციის კონტროლი და ეს იქნება სერიოზული დარტყმა. ამიტომ რუსეთისთვის ჩეინის წინადადება ბაზების საქართველოში განლაგების შესახებ, იქნება დარტყმა წელს ქვემოთ. ამან, შეიძლება, ააფეთქოს რუსულ-ამერიკული ურთიერთობები.

– თქვით, რომ რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითანამშრომლებს ამერიკასთან, რომ ირანის ინტერესების ლობირება მოახდინოს. რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ რუსეთმა მის ინტერესებს ლობირება გაუწიოს?

– ჩემი აზრით, რუსეთს არანაირი პრეტენზიები არ აქვს ქართველებთან, ქართველების ქვეყანასთან, ქართულ კულტურასთან. ძალიან სამწუხარო იყო, როდესაც ჩვენ დავკარგეთ საქართველო და თქვენ გამოაცხადეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ამის შემდეგ რუსეთმა აღიარა საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. არსებობს მხოლოდ ერთი პრეტენზია – საქართველოს ორიენტაცია ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ამერიკული კურსი, რომელიც სააკაშვილმა მმართველობაში მოსვლისთანავე აიღო, არის რუსეთის გამოწვევა. საქართველო უნდა გადავიდეს ორვექტორიან პოლიტიკაზე. მე ხომ არ ვამბობ, პრორუსულ პოლიტიკაზე-მეთქი, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაშია შეუძლებელი. თუ საქართველო იცავს თავის ნაციონალურ ინტერესებს, ესმის რა რეალური ვითარება, ირჩევს ნეიტრალურ პოზიციას და იქ არ იქნება არც რუსული და არც ამერიკული ბაზები, იხსნება ახალი პერსპექტივა. მეტიც, უკვე დღესვეა შესაძლებელი რუსეთ-საქართველოს დაახლოება და ზუსტად ისევე სააკაშვილისგან, როგორც ნებისმიერი სხვა ლიდერისგან, თუკი იქნება მკაფიო კურსი სტრატეგიულ ნეიტრალიტეტზე. სტრატეგიული ნეიტრალიტეტი ხელს აძლევს რუსეთს და ეს იქნება საკმარისი და აუცილებელი პირობა, რომ რუსეთი სერიოზულად დადებითად განეწყოს საქართველოსადმი. ერთადერთი, რაც მე ზუსტად შემიძლია, ვთქვა, არის ის, რომ ეს არანაირად არ აისახება „იუჟნაია ოსეტიასა“ და აფხაზეთზე, მაგრამ საქართველოსთან მეგობრობა შესაძლებელი გახდება.

– გულწრფელად გეტყვით, ჩემი აზრით, ასე მეგობრობა არ გამოვა!

– მით უმეტეს, ეს იქნება საქართველოს არსებობისა და რუსეთში უზარმაზარი ქართული დიასპორის არსებობის საწინდარი.

– ქართული დიასპორა თითქოს მშვიდობიანად ცხოვრობს რუსეთშიო?

– სანამ საქართველოში არ არის ამერიკული ბაზები.

– ანუ, თუ საქართველოში იქნება ამერიკული სამხედრო ბაზები, საფრთხე ელით რუსეთის მოქალაქე ქართველებს?

–არა, რუსეთის მოქალაქეებს არაფერი ემუქრებათ, მაგრამ მათ, ვინც არ არის რუსეთის მოქალაქე, ავტომატურად გამოვიყენებთ საქართველოში რუსული ინტერესების გასატარებლად. ბევრი ფიქრობს, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები კრიტიკულ ფაზაშია და ამაზე უარესი არ არსებობს. მე, სამწუხაროდ, შემიძლია, ვთქვა, რომ უარესიც არსებობს, რადგან რუსეთს ჯერ არ ამოუწურავს თავისი ყველა ინსტრუმენტი. ყველაზე კარგი ვარიანტია ის, თუ სააკაშვილი მიხვდება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მისი ეკონომიკური მდგომარეობა, საერთოდ ქვეყნის თვითგადარჩენა დამოკიდებულია ორპოლუსიან პოლიტიკაზე. სააკაშვილი ამბობს, ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პრეტენზია რუსეთის სახელმწიფოს მიმართ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს პრეტენზიები არც მართლმადიდებლური ცივილიზაციის, არც ჩვენი ისტორიული წარსულის მიმართო; აღნიშნავს ჩვენს ურთიერთობაში ნეგატიურსა და პოზიტიურ მომენტებს; ითქმევა, რომ ამერიკამ არ შეასრულა თავისი ვალდებულებები, არ დაიცვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, პირიქით, პროვოკაციული მხარდაჭერა გაუწია ცხინვალში საომარ მოქმედებებს; დაამატებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება კარგი ურთიერთობა ამერიკასთან და ევროპასთან, გვინდა დემოკრატიის აშენება, მაგრამ უნდა მოვაგვაროთ ურთიერთობა რუსეთთანო! როგორც კი ეს აზრი მივა მოსკოვამდე და ამას მოჰყვება კონკრეტული ნაბიჯები, დაიწყება ინტენსიური მოლაპარაკებები და საქართველოსთან ურთიერთობები გეომეტრიული პროგრესიით გაუმჯობესდება. სოციალურ უთანხმოებას ეს რუსეთში არ გამოიწვევს, იმიტომ რომ ჩვენ ქართველებს, შარშანდელი ომის მიუხედავადაც, მტრებად არ აღვიქვამთ.

– იმიტომ რომ, ჩვენ ომი წავაგეთ, რომ მოგვეგო, მაშინაც ვერ აღგვიქვამდით მტრებად?

– არ ვიცი… უბრალოდ, ჩვენ სხვა მასშტაბი გვაქვს. ნებისიმერ შემთხვევაში, რუსეთში ამ სიტუაციის გაფორმება ძალიან ადვილი იქნება და მომენტალურად მიეცემა დავიწყებას ის, რაც სააკაშვილზე აქამდე ითქვა.

– ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთიც ხომ არ უნდა ვაღიაროთ?

– არ არის აუცილებელი. საქართველოს შეუძლია, წამოაყენოს პრეტენზიები ამ ანკლავების მიმართ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, მაგრამ არ უნდა შეიჭრას იქ. რამე რომ წაერთმიათ, ჩვენც არაფერს ვაღიარებდით იმ იმედით, რომ ოდესმე დავიბრუნებდით. პერიოდულად რუსეთს რაღაცას ართმევენ, შემდეგ უბრუნებენ, ვთქვათ, ასი წლის შემდეგ…

– ანუ 100 წლის შემდეგ შეიძლება, დაგვიბრუნოთ კიდეც?

– შეიძლება, უფრო ადრეც. ვნახოთ, როგორ შეიცვლება სიტუაცია.



ნინო ხაჩიძე


скачать dle 11.3