ლევ შრაიბერის რომელი ფილმის პრემიერამ გამოიწვია რელიგიური ორგანიზაციების უკმაყოფილება და რა აკავშირებდა მას ვარსკვლავთან ფილმიდან „სექსი დიდ ქალაქში“
ჰოლივუდში მას ინტელექტუალ მსახიობად მიიჩნევენ, რომლის კარიერა დამოუკიდებელი ფილმებით დაიწყო. იგი არის „ტონის“ პრემიის ლაურეატი და ბროდვეის ფავორიტი მსახიობი. მისი სახელია ლევ შრაიბერი, რომელსაც შეცდომით ლივს უწოდებენ და ბოლო პერიოდში მისით ბლოკბასტერების შემქმნელებიც დაინტერესდნენ. „ადამიანები იქსი“, „მფატრავები“ და „სოლთი“ – ეს იმ პოტენციური ბლოკბასტერების მცირედი ჩამონათვალია, სადაც მისი ხილვაა შესაძლებელი. არადა, ყველაფერი შეიძლება, სხვაგვარადაც ყოფილიყო და ლევ შრაიბერი სულაც არ გამოსულიყო მსახიობი. გამხდარიყო მაგალითად, მწერალი, თუმცა მოდით თავიდან მივყვეთ.
აიზეკ ლევ შრაიბერი 1967 წელს სან-ფრანცისკოში, მხატვარ ჰიზერ მილგრემისა და თეატრალური რეჟისორისა და მსახიობის ტელ შრაიბერის ოჯახში დაიბადა. მამამისს ავსტრალიური, ირლანდიური, შვეიცარიული და შოტლანდიური ფესვები ჰქონდა, ხოლო დედამისი ებრაელი გახლდათ, რომლის წინაპრები წარმოშობით პოლონეთიდან, უკრაინიდან და გერმანიიდან იყვნენ. დედამისის თქმით, სახელი ლევი, მას ლევ ტოლსტოის პატივსაცემად დაარქვეს, ხოლო მამის ვერსიით, ლევი, იმ ექიმს ერქვა, რომელმაც მშობიარობის დროს ჰიზერი გადაარჩინა. ერთი წლის იყო ლევი, ოჯახი კანადაში რომ გადასახლდა, ხოლო როდესაც ოთხის გახდა, მისი მშობლები დაცილდნენ. ის დედასთან ერთად ნიუ-იორკში, ქვედა ისთ-საიდში დასახლდა. ნიუ-იორკში ჰიზერი ტაქსის მძღოლად მუშაობდა. საღამოობით კი თოჯინებს აკეთებდა და ჰყიდდა. დედა მცირეწლოვან ლევს უკრძალავდა ფერადი ფილმების ყურებას და წიგნების კითხვას აძალებდა. შავ-თეთრ ფილმებზე გაზრდილი ლევის საყვარელი მსახიობი ჩარლი ჩაპლინი გახლდათ, ხოლო პირველი ფერადი ფილმი, რომელიც მან ნახა იყო 1977 წელს გამოსული „ვარსკვლავური ომების“ მესამე ეპიზოდი. თეატრალური კრიტიკოსის ჯონ ლარუზე დაყრდნობით, რომელიც ბროდვეის მსახიობების ბიოგრაფიების ექსპერტად ითვლება, 12 წლის ასაკში ლევი ჰიზერის სამსახურის სეიფიდან ფულის მოპარვის ფაქტზე დაიჭირეს. მისი გამოსწორების მიზნით, დედამ ის კონეკტიკუტის შტატის ქალაქ პომფრეტში მდებარე, ინდუიზტა კომუნაში გააგზავნა სასწავლებლად. იქიდან დაბრუნებულმა ლევმა ნიუ-იორკის კერძო სკოლა, „ფრენდს სემინერში“ განაგრძო სწავლა. სწორედ სკოლის თეატრში აღმოაჩინა საკუთარ თავში სამსახიობო ნიჭი. თუმცა მომავალში იგი უფრო სცენარისტობაზე ან მწერლობაზე ოცნებობდა. უნდა ითქვას, რომ სკოლაში ლევი ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული მოსწავლე იყო, ძარცვის ისტორიითა და ინდუიზმით გატაცებული დედით.
სკოლის დასრულების შემდეგ ლევმა სწავლა მასაჩუსეტსის შტატში, ჰემფშირის კოლეჯში განაგრძო, რომლის სამოყვარულო თეატრის სცენაზე შეასრულა კიდეც თავისი პირველი მთავარი როლი. მოგვიანებით, ლევმა იელის დრამატული ხელოვნების უმაღლესი სკოლა და ლონდონის სამეფო დრამატული აკადემია დაამთავრა. 1993 წელს მისი დებიუტი შედგა ბროდვეის სცენაზე, სადაც მან მთავარი როლები ითამაშა შექსპირის პიესებში: „ჰამლეტი“, „ჰენრიხ მეხუთე“, „ციმბელინი“, „მაკბეტი“. ამერიკის უმაღლესი თეატრალური ჯილდო „ტონი“ მან პულიცერის პრემიით დაჯილდოებულ პიესა „გლენგარი გლენ როსში“ შესრულებული მთავარი როლისთვის მიიღო.
90-იანი წლების შუა პერიოდში ლევი კინოთი დაინტერესდა და მან რამდენიმე როლიც ითამაშა დამოუკიდებელ ფილმებში. ძირითადად, ეს იყო დრამებში: „გასეირნება მთვარეზე“ და „დღიური მოგზაურები“. 1996 წელს ლევმა ეპიზოდური როლი შეასრულა გახმაურებულ საშინელებათა ჟანრის ფილმში „კივილი“, რომელიც მისი წარმატებული კინოკარიერის საწინდარი გახდა. მოგვიანებით ლევმა „კივილის“ კიდევ ორ გაგრძელებაში მიიღო მონაწილეობა. გარდა მსახიობობისა, ლევს ჩაფიქრებული ჰქონდა გადაეღო საკუთარი სცენარით შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“, სადაც მთავარ როლს დასტინ ჰოფმანი შეასრულებდა. თუმცა, ეს პროექტი ჩაიშალა. 2004 წელს კი მის გარეშე გამოვიდა „ვენეციელი ვაჭარის“ ეკრანიზაცია, სადაც მთავარ როლს ალ პაჩინო ასრულებდა.
2006 წელს ლევ შრაიბერი ამერიკის კინემატოგრაფიული მეცნიერების აკადემიის ნამდვილი წევრი გახდა და იმავე წელს მან მთავარი როლი შეასრულა გახმაურებული „ომენის“ „რიმეიქში“. საშინელებათა ფილმი 2006 წლის 6 ივნისს გამოვიდა ეკრანებზე და საპრემიერო პოსტერებზე ფილმის სახელწოდებასთან ერთად, თარიღი 06.06.06 ფიგურირებდა, რაც, რა თქმა უნდა, პროდიუსერების მიერ იყო ჩაფიქრებული. საზოგადოებაში ამ ფაქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია და ზოგიერთმა რელიგიურმა ორგანიზაციამ ფილმის კინოგაქირავებიდან მოხსნაც კი მოითხოვა. ლევის მომდევნო ფილმებიდან აღნიშვნის ღირსია გაბრიელ გარსია მარკესის რომანის მიხედვით გადაღებული „სიყვარული ქოლერის დროს“; კომიქსების ეკრანიზაცია – „ადამიანები იქსი“, სადაც ლევის ოპონენტის როლს მისი დიდი ხნის მეგობარი ჰიუ ჯეკმანი ასრულებდა და სულ ახლახან გამოსული ჯაშუშური თრილერი „სოლთი“, რომლის გადასაღებ მოედანზე ლევ შრაიბერმა ანჯელინა ჯოლი გაიცნო და დაუმეგობრდა.
კინოგადაღებების გარდა, ლევ შრაიბერი ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა დოკუმენტური ფილმების გახმოვანებებში. მის ხმის ტემბრს ხშირად იყენებენ ისეთი ტელეარხების მესვეურები, როგორიცაა – HBO და „ჰისთორი ჩენელი“. გარდა ამისა, ლევ შრაიბერი ხშირად ახმოვანებს სარეკლამო რგოლებს და კომენტატორობასაც ითავსებს სხვადასხვა ტელეშოუებში.
ლევ შრაიბერი დანიშნული იყო „სექსი დიდი ქალაქის“ ვარსკვლავზე კრისტინ დევისზე, თუმცა მათი ქორწინება ჩაიშალა. ამჟამად ლევი „ზარის“ და „კინგ კონგის“ ვარსკვლავთან, ნაომი უოტსთან ერთად ცხოვრობს. წყვილი ერთად ზრდის ორ ვაჟიშვილს. ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლევი ნაომისგან განცალკევებით ცხოვრობსო, თუმცა ეს ჭორი არ გამართლდა.
P.S. ბრუტალური იმიჯის მიუხედავად ლევ შრაიბერი 2008 წელს ამერიკულ ჟურნალ „ოქეის“ მიერ შედგენილ პლანეტის 50 ყველაზე ლამაზ მამაკაცს შორის მე-20 ადგილზე გავიდა – გაუსწრო ისეთ აღიარებულ სექსსიმბოლოებს, როგორებიც არიან: ენრიკე იგლესიასი, ორლანდო ბლუმი, დენიელ კრეიგი და უილ სმიტი.