რატომ ახრჩობდა ნინო ჯოხაძე თამუნა დვალს და რატომ არიან ისინი „ჯეკსონის გოგონები“
ორი მშვენიერი გოგონა – ნინო ჯოხაძე და თამუნა დვალი „სუხიშვილების“ ანსამბლის მოცეკვავეები არიან. მათი ცეკვებით არაერთხელ მოხიბლულა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მაყურებელი. ინტერნეტ-მაყურებელმა კი ისინი განსაკუთრებით ჯეკსონის სიმღერაზე შესრულებული ცეკვით დაიმახსოვრა და მათ „ჯეკსონის გოგონებიც“ შეარქვეს. ნინო სულ ახლახან დაქორწინდა და საოცრად ლამაზი ქორწილიც გადაიხადა. მშვენიერ წყვილს დიდ ბედნიერებას ვუსურვებ.
– სცენაზე გასვლამდე რამე რიტუალს თუ ატარებთ?
ნინო ჯოხაძე: საერთო რიტუალი დიდი ილიკოსა და ნინოს დროსაც იყო და ახლაც გრძელდება – სცენაზე, ფარდის აწევამდე, ყველანი ერთად ვიკრიბებით, ხელის მოძრაობას ვაკეთებთ სამჯერ და თან ვიძახით: ვუჰ-ვუჰ-ვუჰ. ყველაზე კარგი ის არის, რომ ეს ესმის მაყურებელს, ქართველი მაყურებელი ხვდება, ტაშის დაკვრას იწყებს და ძალიან დიდი ენერგია მოდის. ყველაზე საამაყო ის არის, რომ იცი, ამას დიდი ილიკო და ნინო აკეთებდნენ და შენც ამის ნაწილი ხდები.
თამუნა დვალი: რაც შეეხება პირად რიტუალს, სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის ვლოცულობ ისევე, როგორც ნინიკო. „მამაო ჩვენოს“ ვკითხულობ, მერე ღვთისმშობლის ლოცვას, პირჯვარს ვიწერ და გავდივარ სცენაზე. ამ დროს ყველანაირი დაძაბულობა, ნერვიულობა ქრება და გავდივარ თავისუფლად, მთელი გრძნობით ვცეკვავ.
– რამდენი ხანია, რაც ცეკვავთ?
– მეცხრე წელია, ვცეკვავ. 15 წლის მივედი „სუხიშვილებში“. პატარა ვიყავი და ვერც კი ვხვდებოდი, სად მივდიოდი. წლები რომ გადის, ახლა ვაცნობიერებ, სად ვარ. მაშინ ამ ჭკუით რომ ვყოფილიყავი, ვერც გავბედავდი, ალბათ, იქ მისვლას.
თამუნა: სამი წელია, რაც „სუხიშვილებში“ ვცეკვავ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი მაქვს დამთავრებული, ყოფილი ბალერინა ვარ. მერე თავი დავანებე. უნივერსიტეტში ჩავაბარე, თანაც უფრო ქართული ცეკვებისკენ მიმიწევდა გული. სუხიშვილების სტუდიაში მივედი და ერთ წელიწადში ანსამბლში გადამიყვანეს. იქ ცეკვა ჩემთვის მიუღწეველი ოცნება იყო.
– რა ხდება, როდესაც ანსამბლში ახალი გოგონა მოდის?
ნინო: ძნელია ახალ გარემოსთან შეგუება და თუ ანსამბლმა, გოგონებმა არ მიგიღეს, როგორი პროფესიონალიც უნდა იყო, ფიზიკურად მაინც ვერ გაძლებ. ამიტომ, ჩვენ სულ ვეხმარებით ახალმოსულს, ასე იყო თამუნას შემთხვევაშიც.
თამუნა: ჩემთვის პირველი გასტროლი იყო უკრაინაში, თვე-ნახევარი ვიყავით, თან ზამთარში. ციოდა, ნინიკო ახალი გაცნობილი მყავდა და არც სხვებთან ვმეგობრობდი ჯერ. ერთი კვირის განმავლობაში ძალიან ვნერვიულობდი. თან, ყოველ ორ წუთში უნდა გამოგვეცვალა და ახალი კოსტიუმით გავსულიყავით სცენაზე. ნინიკო რომ არ დამხმარებოდა, ალბათ, გავგიჟდებოდი. პირველ კონცერტზე გავგიჟდი, საშინელი სტრესი მქონდა. ვფიქრობდი, თბილისში ჩავალ და ცეკვას თავს დავანებებ-მეთქი. მაგრამ, ერთი კვირის შემდეგ ისე იოლად ვიცვამდი ყველაფერს, ის წვალება აღარც გამხსენებია.
ნინო: ისე სწრაფად ხდება ყველაფერი, რაღაც რომ დაგივარდეს და იმის ასაღებად დაიხარო, შეიძლება, შიშველი დარჩე. ჩემი პირველი გასტროლი ამერიკაში იყო, თანაც სამთვე-ნახევარი. პირველი კონცერტი რომ დამთავრდა, ვფიქრობდი, საიდან დავრეკო, რომ სახლში წამიყვანონ-მეთქი. რა თქმა უნდა, ვერ დავრეკე. მეორე კონცერტის შემდეგ მივხვდი, რომ არც ისე რთული ყოფილა. ბოლო სამოცდამეთხუთმეტე კონცერტზე გადაცმების დროს, უკვე ყავას ვსვამდი.
– „ალანიაში“ ჯეკსონის მუსიკაზე თქვენმა შესრულებულმა ცეკვამ, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. მგონი, არ დარჩენილა ადამიანი, ვისაც ეს ვიდეო არ უნახავს.
– ილიკოს ცეკვები კარგად მიდის არაქართულ მუსიკაზეც, ნებისმიერი მუსიკა რომ ჩართო, აჰყვები. ეს ცეკვაც ძალიან კარგი გამოვიდა. მერე ყველა „ჯეკსონის გოგონებს“ გვეძახდა.
თამუნა: თავიდან ბოლომდე იმპროვიზაცია იყო, მონახაზი გავაკეთეთ, ხალხი გაგიჟდა. ყველას ჰგონია, რომ გასტროლები გვქონდა. არადა, მე და ნინიკო ვიყავით და რამდენიმე ბიჭი. ყველა თავის სტილში ცეკვავდა. ნინიკომ მითხრა, სცენაზე ხომ არ ავსულიყავითო.
ნინო: ავედით სცენაზე, ვიფიქრეთ, რა ვიცეკვოთო და „ლაზურის“ ცეკვა გადავწყვიტეთ. თუმცა, არ ვიცოდით, რა მუსიკას ჩაგვირთავდნენ.
თამუნა: ჩვენს ცეკვას რომ შეხედეს, ჯეკსონი ჩაგვირთეს. მთელი კლუბი ავიყოლიეთ, გვეკითხებოდნენ, საიდან ხართო, ვერ მიხვდნენ, რას ვცეკვავდით.
ნინო: ახლა სადაც „ბილი ჯინს“ გავიგებთ, მაშინვე ვცეკვავთ და ყველა ხვდება, რომ ის გოგონები ჩვენ ვიყავით. ჩემს ქორწილშიც ვიცეკვეთ. თუმცა, ჩემს ქორწილში ისეთები ვიცეკვე... თან, კაბა შემომახიეს, ყველა ფეხს მადგამდა.
თამუნა: სხვათა შორის, ნიანუმ რომ გაიგო, ვიდეოს უკვე 6 ათასი კომენტარი ჰქონდა, გაგიჟდა. ილიკოსაც მოეწონა, მაგრამ არ გამოხატავდა. ბევრი წერდა, ეს რა დაუდგამთ, მოკლე კაბები ჩაუცვამთო. ერთს ეწერა, ჯეკსონი საფლავში გადატრიალდებაო. თუმცა, ძირითადად, კარგი კომენტარები იყო.
– ნინო, როგორც ვიცი, ახლახან გათხოვდი. ვინ არის შენი მეუღლე?
– ჩემი მეუღლე რეპერია – „ჯიბლაქი“, ისე გიორგი ჰქვია. ამერიკაში ცხოვრობდა 9 წელი, იქ მოღვაწეობდა, კონცერტებს მართავდა შავკანიანებთან, ესპანელებთან ერთად. კარგად წაუვიდა შოუ-ბიზნესში საქმე, მაგრამ საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად. მე ადრე მქონდა ცეკვის სტუდია. მოსწავლემ დამპატიჟა სახლში, გიორგი იმ დროს ერთი თვით იყო ჩამოსული და მათ ოჯახში მნახა, გადაირია. ერთ კვირაში მითხრა, თუ თანახმა იქნები, მე ამერიკაში ყველაფერს დავტოვებ და აქ გადმოვალ საცხოვრებლადო. ეს არარეალურად მეჩვენებოდა, მაგრამ აი, (საქორწინო ბეჭედს მაჩვენებს, – ავტორი), შედეგი სახეზეა. თუმცა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ რეპერი მეუღლე მეყოლებოდა. რეპი არ მიყვარს, მაგრამ თუმცა გიოს სიმღერებს ვუსმენ. სასიამოვნო მოსასმენია, მელოდიურია, მსუბუქი რეპია, თან საცეკვაოდ ძალიან კარგია.
– რა გააკეთა, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანა?
– ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ხან მგონია, რომ ჩემს თავს ვუსმენ. ბევრ რამეზე ერთნაირად ვფიქრობთ, ერთნაირი შეხედულებები გვაქვს. თან, ისე ვმეგობრობთ, ზოგჯერ მავიწყდება, ჩემი ქმარი რომ არის. ოთხჯერ ჩამოვიდა აქ, საბოლოოდ გადმოსვლამდე. სანამ არ დავრწმუნდი ჩემს გრძნობებში და იმაში, რომ მასთან მინდოდა ყოფნა, მანამდე არაფერი ვუთხარი. ძალიან ეამაყება და მოსწონს ჩემი ცეკვა. იცის, რომ ხელი არ უნდა შემიშალოს და ყველანაირად მეხმარება.
– თამუნა, როგორია შეყვარებული ნინო?
– როცა ნინოს და გიოს სიყვარული ახალი დაწყებული იყო, მე ასეთი შეყვარებული ადამიანი არ მინახავს. მეგონა, ნინიკო გაგიჟდა. ახლა გოგონები ვეხუმრებით, ჯერ გიოთი უნდა დაიწყო საუბარი და მერე რაც გინდა, ის უთხარიო. სულ გათიშული, გარინდებული სადღაც სივრცეში იყურებოდა და გიოს რომ ვახსენებდით, მაშინვე დაბრუნდებოდა ხოლმე.
ნინო: პირველად რომ წავიდა, ოთხი თვე ვეღარ ჩამოვიდა. მერე მე წავედი ორი თვით და გადავირიე. ფაქტობრივად, ორი წელი ვიყავით ერთად, მაგრამ რომ გადააბა, ერთი წელი არ გამოგვივა. ქორწილი ისეთი ლამაზი გვქონდა, რომ მეორედაც ვაპირებთ გადახდას. გიო სამუდამოდ გადმოვიდა საქართველოში და ამას ძალიან ვაფასებ.
თამუნა: გიოს ნათესავები ნინიკოს მადლობას უხდიან, დაგვიბრუნე შვილიო. მეც ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ საყვარელი ადამიანი გამიგებს, იმიტომ, რომ ცეკვა ჩემი ცხოვრების ნაწილია. სამი წლიდან ვცეკვავ, ძალიან მიყვარს. ბოროტი უნდა იყოს ადამიანი, რომ ერთი ხელის მოსმით დამანებებინოს თავი.
– თამუნა, შენ გვერდით როგორ მამაკაცს ისურვებდი?
– მხოლოდ განათლებული და ჭკვიანი მამაკაცი მომეწონება. უინტელექტო ადამიანი უინტერესოა ჩემთვის. კარგი პიროვნება უნდა იყოს და ძალიან შემიყვაროს. უნდა იყოს უბრალო, მამაკაცური, მკაცრი. არ მიყვარს რბილი ხასიათის მამაკაცები. პრინციპული და მიზანდასახული, შრომისმოყვარე უნდა იყოს. ასევე – ყურადღებიანი, სიურპრიზების გაკეთებაც რომ ეხერხებოდეს.
ნინო: გიოს უყვარს სიურპრიზების გაკეთება, მაგრამ არ გამოსდის. მეუბნება, ნინი, მე შენთვის სიურპრიზი მაქვს. მერე მეუბნება, – გინდა, გითხრა? არა, არ მითხრა. გადის ერთი წუთი და მეუბნება, აუ, გეტყვი, რაა და მე ვგიჟდები.
თამუნა: გიოს ნინიკოსთვის ნიშნობის ბეჭედი უნდა ეჩუქებინა, ნინიკოს თვალწინ, ცოტა გვერდზე მაჩვენა. ნინიკო მახრჩობდა, მეც მაჩვენე, როგორიაო. მერე ბაქოში ვიყავით და იქ დამირეკა, უნდა ჩამოვიდე, რესტორანში დავპატიჟო და ბეჭედი მივცეო, თან ნინიკო დამალაპარაკეო.
ნინი: ლამის მეც მანახვა ბეჭედი, თან ბაქოში ჩამოვიდა და პირველი განყოფილება რომ დამთავრდა, მირეკავს, ნინი, მე დარბაზში ვარ. ერთხელ ვკითხე, რატომ მიკეთებ ასე-მეთქი და მითხრა, რომ გეუბნები, ხომ გიხარია და მერე, სიურპრიზი, უკვე მეორედ გაგიხარდება. ასე, ორჯერ გახარებული იქნებიო.