რატომ აეშალა კუჭი ამერიკელ ჯაშუშს და როგორ დააზიანა მან თანამემამულე ექსპერტი და ჟურნალისტური კამერა
პროქტოექსპერტიზა
გაგანია „ზასტოია“, სამოცდაათიანი წლების შუა პერიოდი და „ცივი ომი“ პიკს აღწევს. იმ დროს მოსკოვში, ლუბიანკაზე ვმუშაობდი, საგარეო დაზვერვის ერთ-ერთ განყოფილებაში, რომელსაც შპიონაჟისთვის მსჯავრდებული პატიმრების საკითხების მოწესრიგება ევალებოდა. ციხეში უცხოელებს კორექტულად ექცეოდნენ და „ცივი ომის“ მიუხედავად, თვეში ერთხელ, მათ „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები აკითხავდნენ. ერთხელ უფროსმა გამომიძახა და მითხრა:
– „წითელი ჯვრის“ საშუალებით ამერიკელებმა პროტესტი გამოთქვეს, რომ მათი ქვეყნის მოქალაქე, ჯაშუში სილვესტერი აუტანელ პირობებში იხდის სასჯელს. თითქოს მას რეგულარულად აუპატიურებდნენ, როგორც სხვა პატიმრები, ასევე, ციხის ზედამხედველები. ამერიკელები კატეგორიულად მოითხოვდნენ ექსპერტიზის ჩატარებას და მომახსენე, რაშია საქმეო.
ნეით სილვესტერი 39 წლის მამაკაცი იყო და ჯაშუშობისთვის 8 წელიწადი ჰქონდა მისჯილი. მას, ისევე როგორც სხვებს, საკმაოდ ნორმალურად ეპყრობოდნენ და გაუპატიურება გამორიცხული იყო. ამიტომ, მე ჩემს უფროსს ვუთხარი:
– ამერიკელების ინფორმაცია დემაგოგიაა და თუკი ხელმძღვანელობა საჭიროდ ჩათვლის სილვესტერთან ექსპერტების დაშვებას, მაშინ ისინი თავად დარწმუნდებიან ამ განცხადების აბსურდულობაში-მეთქი.
მეორე დღეს საბჭოთა მთავრობამ იმ ეპოქისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ციხეში სილვესტერთან, ამერიკელ ექსპერტებთან ერთად, მათი ჟურნალისტებიც დაუშვა. ჩვენი მხარის მოთხოვნით, ამერიკელებს ეს ექსპერტიზა უნდა გადაეღოთ, რათა მოგვიანებით, არ ეთქვათ, რომ სილვესტერს მართლაც აუპატიურებდნენო.
დაინიშნა ექსპერტიზის დღე. ციხეში ამერიკელი ექსპერტი და ერთ-ერთი მსხვილი ტელეკომპანიის ჟურნალისტები შევიყვანეთ. ოპერატორმა კამერა მიმართა, შემდეგ სილვესტერი შემოიყვანეს და ექსპერტიზა და გადაღება ერთდროულად დაიწყო.
ექიმმა სილვესტერი გააშიშვლა, შემდეგ მისი უკანალის დათვალიერება დაიწყო. უცებ პატიმრის მუცელმა დაიბუყბუყა და მისი უკანალიდან გამოტყორცნილმა მასამ ერთდროულად დააზიანა ექსპერტიც და ჟურნალისტების კამერაც.
სილვესტერი, რა თქმა უნდა, ხელუხლები აღმოჩნდა და გაუპატიურება არ დადასტურდა, მაგრამ რამ აუშალა კუჭი პატიმარს, ეს ვერავინ დაადგინა და ამერიკელები კუდამოძუებულები გაბრუნდნენ უკან.
პოდპოლკოვნიკ გივი ჯაშის ნაამბობის მიხედვით მოამზადა
ნიკა ლაშაურმა