რატომ სვამდა ეკა ნიჟარაძე შუა სასაფლაოზე სადღეგრძელოებს კიტრით ხელში და რის გამო მოუხდათ მისი გამოღვიძება შლანგით
ნონა დათეშიძე
მსახიობი ეკა ნიჟარაძე ძალიან თავისუფალი, სასიამოვნო, კომუნიკაბელური და სასიამოვნოდ მოსაუბრე ადამიანია. მას ბევრი საინტერესო და სასაცილო ამბავი აქვს თავს გადახდენილი და გასახსენებელი. როგორც თავად ამბობს, კურიოზულ და გამოუვალ სიტუაციებში ჩავარდნილს, იუმორის გრძნობა „ეხსნება“ და წამალივით შველის. ის არც ჩხუბში ჩარევას ერიდება, არც ურჩ მძღოლებს ტოვებს „სასიამოვნო“ და „ტკბილი“ კომენტარის გარეშე და არც მეგობრის სახელის შეფერება უჭირს ხანდახან, თუ ეს შექმნილ სიტუაციას სჭირდება.
– ეკა, ხშირად ხვდები კურიოზულ და გამოუვალ სიტუაციაში?
– კურიოზულ, სასაცილო თუ გამოუვალ სიტუაციაში ძალიან ხშირად ვხვდებოდი და ვხვდები დღესაც. გინდა თუ არა, ამას ადამიანი ვერ ასცდები. პირადად მე ამ დროს იუმორი მშველის ხოლმე. ასეთი ამბები, ძირითადად, უცხოეთში ვიზიტებსა და სცენას უკავშირდება. არ დამავიწყდება, ერთხელ, სცენაზე ვდგავარ, შევასრულე ჩემი როლი და უნდა გავიდე კულისებში. თავი სცენისკენ მქონდა მიბრუნებული და ისე მივდიოდი. უცებ ფარდას წამოვკარი ფეხი და ისე დავეცი, მთელი დარბაზი ფეხზე წამოხტა (იცინის). ჯერ ვერ მივხვდი, რა მოხდა ჩემს თავს, მერე კი, გონზე რომ მოვედი, ისტერიკული სიცილი ამივარდა.
– კი მაგრამ, რა გაცინებდა?
– რა მაცინებდა და, თავი კულისებში მქონდა და ფეხები კი სცენაზე. თქვენ ონისე ონიანის სახე უნდა გენახათ: როლში შესული, ვერ ხვდებოდა, ეცინა, ტექსტი გაეგრძელებინა თუ ჩემს დასახმარებლად გამოვარდნილიყო. რომ დავეცი, ხალხი ფეხზე წამოხტა, მერე კი, რომ მიხვდნენ, არაფერი მომიტეხავს და გადავრჩი, დაიხრჩვნენ სიცილით. კიდევ კარგი, სპექტაკლიც კომედიური ჟანრის იყო. ერთხელ კი, ცეკვით შემოვდიოდი დარბაზში და ასე ცეკვა-ცეკვით უნდა ავსულიყავი სცენაზე. ვერ მივხვდი რა მოხდა, წავბარბაცდი და პირდაპირ ხალხში გადავეშვი (იცინის). ამ მომენტში მართლა არ გამიცინია. ისე გამიშეშდა კისერი, რა გამაცინებდა? კი წამოვხტი, მაგრამ, ვაი იმ წამოხტომას.
– ეკა, ვიცი ბევრი მეგობარი გყავს. მათთან დროსტარებისა და შეხვედრების დროს დათრობა „მოსულა“?
– პირველი დათრობის დროს, ისეთი დამემართა, მას შემდეგ კარგა ხანს არ გავკარებივარ სასმელს და ახლაც ზომიერებას ვიცავ. სულ პირველად სოფელში დავლიე. ვისვენებდი და სოფლის სასაფლაოზე გადავწყვიტეთ გოგო-ბიჭებმა დალევა და ქეიფი. სად გვქონდა ჭიქები და თეფშები? ავდექით, ღრმად ამოვჭერით კიტრის გული, ჩავასხით შიგნით მაგარი ჭაჭა და ვხუხეთ და ვხუხეთ. თან, ისეთ სადღეგრძელოებს ამბობდნენ, რომ არ დამელია, არ შეიძლებოდა.
– ასეთი რა სადღეგრძელოები იყო, უარს რომ ვერ ამბობდი?
– პატრიოტული, მეგობრული, სასიყვარულო, გლობალური და, რა ვიცი, კიდევ რას არ შევეხეთ. ერთი სიტყვით, კარგად გამოვთვერით. კინაღამ წერილი წავიღე, ისეთ დღეში ჩავვარდი (იცინის).
– ალბათ, ბზრიალ-ტრიალში გაატარე კარგა ხანი, არა?
– მართლაც, რომ დაიწყო ყველაფერმა ჩემს გარშემო ტრიალი, ვიფიქრე, ახლა ეს თუ არ გაჩერდა, გადავირევი-მეთქი. აი, მაშინ ვთქვი, აღარასოდეს აღარ დავლევ-მეთქი, მაგრამ, „პახმელიამაც“ რომ გამიარა და გადავრჩი, ახლა ცოტ-ცოტას ვეპარები, რასაკვირველია, სამეგობრო წრეში და სასიამოვნო გარემოში.
– „პახმელიაზე“ ადვილად გამოხვედი?
– არა, რა ადვილად! სახლში ძლივს მივედი, მთელი ღამე ასე ვიტრიალ-ვიბზრიალე და დილით მამიდაჩემმა შლანგით მომასხა წყალი. აბა, ისე ვერ გამაღვიძა და... ცივი წყალი რომ მომესხა „ნაპორით“, აი, მაშინ უნდა გენახათ ჩემი წამოხტომა, ვიღას ახსოვდა სიმთვრალე და „პახმელია“! (იცინის) ამის მერე, მთელი ხუთი-ექვსი წელი, წვეთი არ დამილევია. ახლა კი ყოველთვის ვიცი, რამდენი უნდა დავლიო და ზღვარს არასდროს გადავდივარ. კიდევ ისე რომ დატრიალ-დაბზრიალდეს დედამიწა, ხომ ჭკუიდან შევიშალე? სხვათა შორის, სულ მიკვირს, მსმელები როგორ იტანენ ამდენ ალკოჰოლს.
– ამბობენ, კაცების ჩხუბის დროს, ეკა კარგი გამშველებელიაო. მართლა ასეთი მამაცი ხარ?
– მამაცობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, ისეთ სუფრებზეც ვარ მოხვედრილი, სადაც კარგ ქეიფსა და დროსტარებას მამა-პაპური მუშტი-კრივი რომ მოჰყვება ხოლმე (იცინის). რომ ატყდება ორომტრიალი, არ შემიძლია, ამ ამბავს შორიდან ვუყურო.
– მერე, გამშველებელს რომ უფრო მეტი ხვდება?!
– (იცინის) ესეც ვიცი, მაგრამ, რა ვქნა, ნეიტრალურს ვერ დავიჭერ და ფეხი-ფეხზე გადადებული ვერ ვუყურებ სეირს. იმ მომენტში მოხვედრაზე კი არა, გაშველებაზე ვფიქრობ და ამიტომაც შევვარდნილვარ ხშირად ასეთ „ბრძოლებში“. ერთხელ დასასვენებლად ვიყავი შვილებთან ერთად. გავიხედე, თავქუდმოგლეჯილი მირბის რამდენიმე კაცი და კიდევ უფრო მეტი – დასარტყმელად მისდევს. ინსტინქტურად, მეც გავიქეცი. დამაინტერესა, რა ხდებოდა, ვინ ვის ურტყამდა, როგორ დასრულდებოდა ჩხუბი და ორომტრიალი. რა ვქნა, ასეთ ამბებში ძალზე ცნობისმოყვარე ვარ (იცინის).
– დიდი ხანია, მანქანას მართავ. პატრულებთან როგორ გაქვს საქმე? ჭრის შენი პოპულარობა და ქალური, ნაზი და მომხიბვლელი ღიმილი?
– ერთხელ, ცოტა მქონდა დალეული, სულ რაღაც ერთი ჭიქა არც კი. ღამით მოვდიოდი და პატრულმა გამაჩერა. არ მიყვარს ამ დროს პრანჭვა, ავდექი და ალალად ვუთხარი, ცოტა ნასვამი ვარ-მეთქი. თან, დავაყოლე, არ მინდა ჩაბერ-გამობერვა, ვაღიარებ ჩემ ნასვამობას-მეთქი. მიცნეს ვინც ვიყავი. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ, არ გაჭრა ჩემმა სიტყვებმა და თავი მოიკლეს, სამსახურეობრივ მოვალეობას ვერ გადავალთ და უნდა შეგამოწმოთ სიმთვრალეზეო. ჩამაბერინეს და, არ დააფიქსირა ნასვამობა?! კარგადაც დამაჯარიმეს და გამომიშვეს. ისე, გამოგიტყდებით და, ხანდახან ცნობილობაც ჭრის და ნაზი ღიმილიც (იცინის). ზოგი პატრული რომ მაჩერებს, თან მცნობს, თან ვერ მცნობს. მაკვირდება, იტანჯება და ბოლოს მეკითხება, კაცო, რა ნაცნობი სახე გაქვს, მომღერალი ხარ თუ ჟურნალისტიო. მე კიდევ, ვეუბნები, არც ერთი და არც მეორე, მსახიობი ვარ, ბატონო-მეთქი.
– ბევრი ახალბედა მიუჯდა საჭეს და საშინელებებს სჩადიან ქუჩაში. იმასაც ამბობენ, ვინც დიდი ხანია, მანქანას მართავს, უნდა თუ არა, ენა წაბილწული აქვსო. შენს შემთხვევაში როგორ არის საქმე, გაბრაზების დროს საჭესთან გინება „მოსულა“?
– მართალია, როცა სასწაულებს სჩადიან შენც საფრთხეს გიქმნიან და აგეშლება ნერვები, შეაგინებ, აბა, ხომ არ მოეფერები? ასე რომ, ამ მხრივ არც მე ვარ გამონაკლისი. რასაკვირველია, მეც ვარღვევ მოძრაობის წესებს. ხომ გაგიგიათ, კარგი მძღოლისთვის დარღვევა ნარკოტიკივითაა, გამჯდარი აქვს ორგანიზმში და, ეს მოთხოვნილება თუ არ დაიკმაყოფილე, ისე არ გამოვა (იცინის). ერთხელ, მანქანით მივდივარ და ისეთი ჩამიქროლა გვერდით მანქანამ და ისეთები ჩაატარა, გადავირიე. გადმოვყავი თავი და მაგრად ვაგინე. მოკლედ, იმ ბიჭმა თავისი გზა განაგრძო, მე კი კარგა ხანს ვიბობოქრე. გავიხედე, ჩავუხვიე მოედანზე და არ წამომეწია? ჩაწია ფანჯარა, გადმოყო თავი და მითხრა: არ გრცხვენიათ ქალბატონო თეა, ასე რომ მაგინებთ, ბოლოს და ბოლოს, ჩემი შვილის პედაგოგი ხართო. ჯერ დავიბენი, მაგრამ, მერე მივხვდი, ჩემს მეგობარს მიმამსგავსა და იმდენი ვიცინე, გადავტრიალდი (იცინის). არ გავიდა რამდენიმე წუთი, ისევ დამეწია და მომაძახა: მაპატიე ეკა, ახლა მივხვდი შენს გამომეტყველებაზე და რეაქციაზე, რომ შემეშალე, ამერიე თეა გობეჯიშვილში, ასე რომ, შენი გინება მიღებულიაო (იცინის). თუ სადმე ძალიან მეჩქარება და ვინმე არ მიშვებს, აი მაშინაც მაგრად ვიგინები.
– ბევრს მოგზაურობ და, ალბათ, უცხო მხარეშიც ებმები საინტერესო ამბებში.
– მართალია, უცხო მხარეში ბევრი საინტერესო რამ გადამხდენია თავს, მაგრამ, არასდროს დამავიწყდება, ნიუ-იორკში რომ მივფრინავდი და თვითმფრინავი ვერ დაჯდა აეროპორტში. რომ ამბობენ, ექსტრემალურ სიტუაციაში მთელი ცხოვრების კადრებმა ჩაირბინა ჩემ თვალწინო, ზუსტად ეგ დამემართა. ახლა ვხუმრობ ხოლმე, წარსულის კადრებმა კი არა, ისე შემეშინდა, მომავალმა კადრებმაც ჩამიქროლა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ დავიმახსოვრე, თორემ, ხომ ვიქნებოდი ახლა კარგი მკითხავი საკუთარი თავისთვის-მეთქი? (იცინის) გეფიცებით, დაახლოებით, ორმოცი წუთის განმავლობაში დაფრინავდა ნიუ-იორკის თავზე თვითმფრინავი და ვერ ჯდებოდა. ასეთი პანიკა და სიტუაცია მხოლოდ ფილმებში მაქვს ნანახი. ალბათ მთელი ჰოლივუდის საშინელებათა ფილმები ამ ორმოც წუთში თავიდან ვნახე (იცინის). კინოსეანსი თვითმფრინავში, ხომ წარმოგიდგენიათ, თან, პანიკის ფონზე და „პოპკორნის“ გარეშე (იცინის). ვფიქრობდი, ახლა ავფეთქდებით, ნაკუწებად დავიშლებით, ვეღარ გვიპოვიან, დაიმტვრევა თვითმფრინავი და ჩემს შვილებს რა უნდა უთხრან-მეთქი. მადლობა ღმერთს, ბოლოს, როგორც იქნა, დაჯდა და ამოვისუნთქეთ. ახლა ერთი ამბავიც გამახსენდა: ნიცაში ყოფნის დროს, მეგობრები ვათვალიერებდით პარკს. მთაზე ავდიოდით, გავიხედე და, სვანი არ „გაგვეჩითა“? ვიფიქრე, ამ სვანებმა, სადაც მთას დაინახავენ, ყველგან როგორ უნდა დადგან ფეხი-მეთქი (იცინის). მართალია, ქამარ-ხანჯალი არ ჰქონდა წელზე შემორტყმული, მაგრამ, ისეთი კარგი გიდობა გაგვიწია ნიცაში, ნუ იტყვით. არადა, თავიდან რომ გამოგველაპარაკა და გვითხრა, სვანი ვარო, გოგონები დავფრთხით. ვიფიქრეთ, თუ „გაჭედა“ ამ შუა ნიცაში ახლა ამან და ჩართო სვანური „სიგნალები“, ვეღარც გავასწრებთო, მაგრამ ისეთი წყნარი აღმოჩნდა, მერე ვხუმრობდით, ეტყობა, ნიცის ჰავა სვანებზეც დადებითად მოქმედებსო (იცინის).