კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

30 თებერვალი


გაგრძელება. დასაწყისი იხ. „თბილისელები“ N30–36(506)

გენერალს, თურმე, სამინისტროს ეზოში მიაკითხა ვერტმფრენმა და სულ რაღაც 40 წუთში ცხინვალში ჩამოფრინდა. რადგან ვერტმფრენმა დასაჯდომი ადგილი ვერ ნახა, მინისტრი კიბით ჩამოვიდა და „კამაზის“ საბარგულზე შედგა, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის იდგა. მეგაფონი მოიმარჯვა და ხმამაღლა მოუწოდა ორივე მხარეს:

– მომისმინეთ და დაფიქრდით, რასაც გეტყვით, კარგად გააანალიზეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება, ახლა კი ყურადღებით, – მინისტრმა, რომელსაც გენერლის ფორმა ეცვა, პაუზა გააკეთა, ორივე მხრიდან მიწოლილ ზღვა ხალხს გადახედა და ხმამაღლა, ძალიან მკაფიოდ თქვა ქართულად, – მე გენერალი, შინაგან საქმეთა მინისტრი ჩამოვედი აქ, რომ ეს დაპირისპირება შევაჩერო, მხარეების პრეტენზიები მოვისმინო და რისი გადაწყვეტის კომპეტენციაც მე გამაჩნია, ადგილზევე მოვაგვარო, რისიც არა, ზემდგომ ორგანოებს შევატყობინო და მათ მოგვარებაში აქტიურად ჩავერთო. ამიტომ, მოგიწოდებთ, შეჩერდეთ და ორივე მხარემ თქვენ-თქვენი წარმომადგენლობითი დელეგაციები გამოგზავნოთ მოსალაპარაკებლად. ხოლო, თუ ჩემს მოწოდებას არად ჩააგდებთ და ერთმანეთისკენ სვლას გააგრძელებთ, რაც საშინელი შეტაკებით და უდიდესი ტრაგედიით დასრულდება, მაშინ ამის გაკეთება ჩვენს გვამებზე გადავლით მოგიწევთ! ჩვენ აქედან ცოცხალი თავით წამსვლელები არ ვართ და რიგითი მილიციელიდან დაწყებული, გენერლით დამთავრებული ფეხს არ მოვიცვლით...

გენერალი რომ ლაპარაკობდა, იმ უზარმაზარ სივრცეში სამარისებური სიჩუმე იდგა და ლაპარაკი რომ დაასრულა, ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგონებდით. მან მეგაფონი ძირს დადო და ორივე მხარეს მდგომ ხალხის მასას გადახედა. ისინი ადგილებზე გაქვავებულიყვნენ და აღარ გვაწვებოდნენ. უცებ, ქართველების მასიდან მათი მთავარი ლიდერი გამოვიდა, „კამაზზე“ ავიდა, მეგაფონი აიღო ხელში და თავისიანებს მოუწოდა, რომ ოცი ნაბიჯით, ძალიან ფრთხილად და ორგანიზებულად დაეხიათ უკან, რაც ძალიან მალევე შესრულდა და ქართველების მასა ოცი ნაბიჯით მოშორდა მილიციის კორდონს. შემდეგ იგივე გააკეთა ოსების ლიდერმა და თავისი ხალხი მანაც ოცი ნაბიჯით მოგვაშორა.

ჩვენი მინისტრი თუ ასეთი მაგარი ორატორი იყო, რას ვიფიქრებდი, ის მხოლოდ წილის აღებაში მეგონა ყოჩაღი, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, გაჭირვება მიჩვენეო... თუმცა, ჩვენი მინისტრი არსად გაქცეულა და სრულიად საპირისპიროდ მოიქცა, სწორედ მისმა ასეთმა საქციელმა შეაჩერა მოსალოდნელი უბედურება.

ბრბოს დაშოშმინების შემდეგ, მათი წარმომადგენლები ერთ ოთახში შეხვდნენ ერთმანეთს და მინისტრთან ერთად მე და კიდევ ორი ჩემი კოლეგა ვესწრებოდით შეხვედრას. ქართული მხარე ჩვილი ბავშვის მკვლელის დაკავებას და დასჯას მოითხოვდა, რაშიც მათ ოსების წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ, უფრო მეტიც, ყოველმხრივ დახმარებასაც შეჰპირდნენ და ეს შეხვედრა ასეთ ნოტზე დასრულდა: მინისტრმა ოსი და ქართველი ლიდერები შეარიგა, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და თითო ჭიქა ღვინოც დალიეს შერიგების ნიშნად. ბოლოს მათ ჩემი თავი წარუდგინა და უთხრა:

– ეს კაცი პოლკოვნიკი ჯემალ ჯიოშვილია. წარმოშობით ჯავიდანაა, თავისი საქმე კარგად ესმის და წესრიგზე კონტროლს მას ვავალებ. ამიტომ, თუკი რამე სადავო საკითხი გექნებათ, მას მიმართეთ და გადაგიწყვეტთ, ხოლო თუ ძალიან სერიოზული პრობლემა წარმოიშობა, ის მე შემატყობინებს და პირადად ჩავერთვებიო.

მინისტრის სიტყვები ჩემთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ არ შევიმჩნიე და დაპირისპირებული მხარეების ლიდერების წინაშე თავი ისე დავიჭირე, თითქოს ეს წინასწარ ვიცოდი. შემდეგ საგანგებო შტაბი შევქმენით, რომელშიც მილიციის გარდა, ორივე მხარის არაფორმალური გაერთიანების წარმომადგენლები შედიოდნენ და შევთანხმდით, რომ დაძაბულ რეგიონში ერთობლივ პატრულირებას მოვაწყობდით და სიტუაციას ერთად გავაკონტროლებდით. ამის მერე, არაფორმალი ლიდერები წავიდნენ, უზარმაზარი ხალხის მასებიც გაიყოლეს და სასტიკი შეტაკების საშიშროება საბოლოოდ რომ განეიტრალდა და მინისტრი თბილისში უნდა დაბრუნებულიყო, გამგზავრების წინ მითხრა:

– მადლობა ღმერთს, რომ დღეს ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელდება და არეულობის ახალი ტალღა თუ დაიწყო, ვეღარ შევაჩერებთ. ამიტომ „ბუნტავშჩიკები“ ნელ-ნელა, ყოველგვარი ხმაურის გარეშე უნდა „აყაროთ“, რომ ხალხი ისევ არ წააქეზონ და რაც მთავარია, ჩვილის მკვლელი უნდა აღმოაჩინოთ და დააპატიმროთ. მოკლედ, შენი დიდი იმედი მაქვს და აბა, შენ იციო.

მინისტრი თბილისში გაემგზავრა. მე დროებითი სიმშვიდით ვისარგებლე და დავწექი, რომ სამი დღე-ღამის უძილოს 5-6 საათით წამეძინა. მაგრამ, დავხუჭე თუ არა თვალები, ჩემი ვამპირად ქცეული სიძე გამომეცხადა და კლანჭებიანი ხელების ქნევით დაიწყო ჩემ გარშემო სირბილი, თან მონოტონურად და დაჟინებით მიმეორებდა: „გიჟო, გიჟო, მომე სამკაულები...“

კოშმარული სიზმრის მიუხედავად, ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ არ გამღვიძებია და კიდევ დიდხანს ვიძინებდი, ჩემს მოადგილეს რომ არ გავეღვიძებინე.

– ჯემალ, გაიღვიძე, შენთან საქმე აქვთ, – მითხრა ჩემმა მოადგილემ და თვალები რომ გავახილე, ახალგაზრდა კაცი წარმომიდგინა და მითხრა, – შენთან აქვს საქმე, ასე ამბობს, მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მივაწოდოო.

– დაბრძანდი და გისმენ, მეგობარო, – ვუთხარი ოციოდე წლის ყმაწვილს, რომელიც აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს და სკამზე მივუთითე.

– უფროსო, – მითხრა ყმაწვილმა, – მე ვიცი, ვინ მოკლა აკვანში მწოლიარე ჩვილი.

– ვინ?

– ცალთვალა ჯაყომ.

– ეგ ვინაა?

– ცხინვალში ცხოვრობს, გასტრონომთან, ადრე „გაიშნიკი“ იყო და სამსახურიდან გააგდეს. არეულობა რომ დაიწყო და ქართველები და ოსები ერთმანეთს დაერივნენ, ჯაყომ ავტომატი აიღო და ღამით ვაშლების ბაღებში ჩასაფრდა, თავისი უფროსი რომ მოეკლა, ვინც ის სამსახურიდან გააგდო. მას რომ ესროლა, ტყვია ბავშვს მოხვდა შემთხვევით და მოკლა.

– შენ საიდან იცი, ეს ყველაფერი, ასე დაწვრილებით?

– ჯაყოს ვუთვალთვალებდი და იქიდან.

– რატომ უთვალთვალებდი?

– იმიტომ რომ, მაგისი გოგო მიყვარს, ზარინა, ცოლად მოყვანა მინდა და არ მატანს. ასე ამბობს, ღარიბიაო. მე კი უნდა მომეტაცებინა და ჯაყოს ამიტომ ვუთვალთვალებდი.

– თუ იმიტომ, რომ „დაგებრიდა“, თავიდან მოგეშორებინა და ზარინა უფრო იოლად ჩაგეგდო ხელში? – შევაწყვეტინე ყმაწვილს და მრისხანე სახით მივახალე, – სიმართლე თქვი, თორემ ყველაფერს ცალთვალა ჯაყოს მოვუყვები.

ჩემს სიტყვებზე ბიჭი აკანკალდა, გაფითრდა და მივხვდი, რომ ათიანში გავარტყი, მან კი მომიგო:

– მართალი ხარ, უფროსო, უნდა „დამებრიდა“, მაგრამ ვერ მოვახერხე.

– თუ, უკეთესი ვარიანტი მოიფიქრე, – ჩამეცინა მე, – და ჩვენი საშუალებით გინდა, შენი პრობლემების მოგვარება?

– ხომ არავისთან იტყვით, უფროსო, რომ ცალთვალა ჯაყო უნდა მომეკლა?

– რა თქმა უნდა, არა. მაინც, რითი „ბრიდავდი“?

– „აბრეზით“.

– „აბრეზი“ მომიტანე და თუ შეძლებ, გაიგე, ავტომატი სად დამალა, თუ, რა თქმა უნდა, არ გადაუგდია.

– ბოსტანში აქვს დამარხული, პამიდვრებთან. ჩემი თვალით ვნახე, როგორ შეახვია ნავთიან „ტრიაპკებში“ და დამარხა.

– თვითონ სადაა ახლა?

– რესტორანში ქეიფობს და ისეთი მთვრალია, ფეხზე ვერ დგას, სულ ადვილად დაიჭერთ, ისე, რომ წინააღმდეგობასაც ვერ გაგიწევთ. ისეთი გამომეტყველებით მომიგო ბიჭმა, რომ ჩემი სიძე გამახსენდა, როდესაც მე მას სამკაულების მტკვარში გადაყრის ამბავი შევატყობინე. მასაც ზუსტად ისეთი ზიზღი აღბეჭდვოდა სახეზე, როგორც ცალთვალა ჯაყოს ქალიშვილის შეყვარებულს და მივხვდი, ჩემი სიძეც არანაკლები სისაძაგლისა და ნაძირლობის ჩამდენი იყო.

– რა გქვია? – ვკითხე ბიჭს.

– ნუგზარი, – მითხრა ბიჭმა და ჩამეცინა, რადგან ჩემს სიძესაც ნუგზარი ერქვა და ასეთი დამთხვევა სიმბოლურიც კი მეჩვენა.

– მოდი, ნუგზარ, „აბრეზი“ მოიტანე და მეორედ კაცის მოკვლა არც გაიფიქრო, – შევუღრინე ბიჭს.

– უფროსო, ხომ არავის ეტყვი, ცალთვალა ჯაყოზე რაც გითხარი? – ხმის კანკალით მკითხა ნუგზარმა.

– შენ თვითონ არსად წამოაყრანტალო. ჩქარა ქენი, წადი და „აბრეზი“ მოიტანე!

ნუგზარმა ძალიან მალე მოიტანა ორლულიანი, გადაჭრილი თოფი, რომელიც შევინახე. შემდეგ თბილისელი და ცხინვალელი მილიციელებისგან ოპერჯგუფები შევკრიბე, წავედი და მათთან ერთად ცალთვალა ჯაყო რესტორანში იმ დროს დავაპატიმრე, თეფშში რომ ჰქონდა თავი ჩარგული და სუფრაზე ეძინა. იმავე საღამოს ამოვთხარეთ ჯაყოს ბოსტნიდან ავტომატიც, ეს ყველაფერი წესისამებრ გავაფორმეთ და ჩვილი ბავშვის მკვლელი, ყოფილი „გაიშნიკი“ თბილისში, ორთაჭალის ციხეში გავამგზავრეთ.

ცალთვალა ჯაყოზე არანაირი ფიზიკურ-მორალური ზეწოლა არ განმიხორციელებია, მან ნებაყოფლობით აღიარა ყველაფერი და თქვა, რომ ბავშვი შემთხვევით შემოაკვდა და სინამდვილეში, თავისი ყოფილი უფროსის მოკვლას აპირებდა. ანუ, ჯაყოს აღიარება ზუსტად დაემთხვა ნუგზარის მონაყოლს და სანამ თბილისში გამოვამგზავრებდით, ცალთვალამ მითხრა:

– დარწმუნებული ვარ, რომ შემთხვევით მომაგენით, ვიღაცამ ჩამიშვა, მართალი არ ვარ, პოლკოვნიკო?

– ამას რა მნიშვნელობა აქვს, – მივუგე ჯაყოს, – დამნაშავე ხარ და სამართლიანადაც დაისჯები.

– დამნაშავე ვარ და არაკაცი, რომ ჩვილი ბავშვის სისხლი დავღვარე და სიკვდილის ღირსი ვარ, მაგრამ ვინც მე ჩამიშვა, ის ჩემზე ბევრად უარესი, ნაძირალაა და ყველაფერზე „სპასობნი“.

– ვერ ვხვდები, რას ამბობ, – თავი გავიშტერე, რომ ნუგზარი არ გამეშიფრა.

ჯაყოს გაეცინა და მკითხა:

– შვილები თუ გყავს?

– ქალ-ვაჟი.

– მე კი ერთადერთი ქალიშვილი მყავს, ზარინა. მის გამო ყველაფერს ვაკეთებდი, უდედოდ მყავს გაზრდილი და დედაც მე ვიყავი მისთვის და მამაც. ახლა კი ის მარტო რჩება და თუ კაცი ხარ, მიმიხედე. ვინც შენ ჩემი თავი ჩაგაბარა, სწორედ იმას უნდა მისი მოტაცება და გთხოვ, იმ ნაძირალასგან დაიცვა. ნუგზარი საზიზღარი ბიჭია, ყველაფერზე „სპასობნი“, ჩემს შვილს არ გამოადგება და გააუბედურებს. ვიცი, რომ ციხიდან ვეღარასოდეს გამოვალ და კაცურად გთხოვ, ჩემი გოგო იმ ნაძირალასგან დაიცვა.

ცალთვალა ჯაყოს დავპირდი, რომ მის ქალიშვილს ვუპატრონებდი და თბილისში გავამგზავრე. შემდეგ ნუგზარი დავიბარე და გავაფრთხილე:

– ცალთვალა ჯაყოს ქალიშვილს, ზარინას დღეიდან მე ვპატრონობ და 200 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მასთან მიახლოებას კატეგორიულად გიკრძალავ. მის მოტაცებასა და ცოლად შერთვაზე კი ფიქრიც არ გაბედო. წინააღმდეგ შემთხვევაში, „აბრეზის“ უკანონო ტარებისთვის, ჩაგსვამ ციხეში, თან „გაგიბაზრებ“, რომ „ჩამშვები“ ხარ. გასაგებია?

– ჩემი სიტყვების გაგონებაზე ნუგზარს მოყვითალო-მოიისფრო ფერმა გადაკრა სახეზე, ზანტად შეტრიალდა და ბარბაცით დაიძრა კარისკენ, მაგრამ მას ზურგში მივაძახე:

– შეჩერდი და მითხარი, გასაგებია თუ არა, რაც გითხარი?

– გასაგებია, უფროსო, ზარინას აღარასოდეს მივეკარები, – მითხრა ზურგშექცეულმა ნუგზარმა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი.

ცალთვალა ჯაყოს 17 წლის ქალიშვილი ზარინა ულამაზესი ტანწერწეტა გოგონა აღმოჩნდა. მე მას სახლში მივაკითხე, მამამისის მეგობრად გავაცანი თავი და მამის დაპატიმრების ამბავი შევატყობინე. თუმცა, არ მითქვამს, რომ ცალთვალა ჯაყოს დახვრეტის მუხლით გაასამართლებდნენ.

ზარინამ თავი მკერდზე მომადო და აქვითინდა:

– მამა, მამა, საცოდავო მამა, რა ეშველება იმ საწყალს, ალბათ, დიდი ხნით ჩასვამენ ციხეში. მამა, მამიკო, რატომ დამტოვე, დედა მაინც მყავდეს, მარტო ვარ, სულ მარტო, მამა, მამიკო...

საცოდავი გოგონას ქვითინმა გული მომიკლა და პოლკოვნიკ კაცს თვალებზე ცრემლი მომადგა. ზარინას ადგილზე ჩემი შვილი წარმოვიდგინე, ცოტაც და მეც ავტირდებოდი, მაგრამ დროზე შევიკავე თავი, გოგონას შუბლზე ვაკოცე, თმაზე მივეფერე და ვუთხარი:

– ნუ გეშინია, შვილო, ყველაფერი კარგად იქნება. მამაშენის ამბავიც გაირკვევა და ვერც შენ გაგცემენ ხმას უბატონოდ, ახლა კი დამშვიდდი.

ზარინა დამემორჩილა და ტირილი შეწყვიტა. შემდეგ სევდიანად გამიღიმა და მკითხა:

– ძია ჯემალ, შენ ცხინვალში ცხოვრობ?

გოგონას კითხვამ ერთი აზრი დაბადა ჩემში. მე მას თავზე გადავუსვი ხელი და მივუგე:

– არა, შვილო, თბილისში და თუ წინააღმდეგი არ იქნები, ჩემს ოჯახში წაგიყვან. დროებით იქ იცხოვრე, სანამ მამაშენი დაბრუნდება.

– თანახმა ვარ, ძია ჯემალ, – მითხრა ზარინამ და ჩამეხუტა.

ზარინა მეორე დღესვე ჩამოვიყვანე თბილისში და, სახლში რომ მივედით, მადინას ვუთხარი:

– ეს ზარინაა, ჩემი მეგობრის ქალიშვილი და ჩვენთან იცხოვრებს.

ზარინა დიდი სიხარულით მიიღო ჩემმა ცოლ-შვილმა, ბესთას კი შევატყვე, რომ ცალთვალა ჯაყოს ქალიშვილი პირველივე ნახვით შეუყვარდა.

იმ ღამეს სახლში დავრჩი და თვალი არ მომიხუჭავს, რადგან ცოლი ძალიან მონატრებული მყავდა და მთელი ღამე მასთან ალერსში გავატარე. მხოლოდ დილითღა აღვიქვი, რომ სახლში ჩემი სიძე არ შემინიშნავს და მადინას ვკითხე:

– ნუგზარი სადაა?

– სოფელში.

– სოფელში?

– ჰო, სოფელში. ხუთი დღის წინ გაემგზავრა. ასე თქვა, დედ-მამას დავხედავო. ორ-სამ დღეში, ალბათ, დაბრუნდება.

მადინას სიტყვებმა ცოტა არ იყოს, გამაოცა, რადგან ჩემი სიძე წარმოშობით ცხინვალის რაიონიდან იყო, იცოდა, რომ ცხინვალში ვიყავი და არ მომაკითხა. ეს რომ გავიფიქრე, გაოცება ბრაზში გადამივიდა, მივხვდი, რომ სიძე ჩემზე ბრილიანტების გამო იყო გაბრაზებული და ჩავილაპარაკე: – იდიოტი! რა იცის, ასე რატომ მოვიქეცი...

– ვის ლანძღავ, ჯემალ? – მკითხა მადინამ.

– არავის, საყვარელო.

– ნუგზარს ხომ არა?

– ჰო, ნუგზარს. თუ სოფელში გაემგზავრა, მე რატომ არ შემომიარა? რა, არ იცოდა, რომ ცხინვალში ვარ?

– ამ ბოლო დროს ნუგზარი ძალიან შეიცვალა, – მითხრა მადინამ და საწოლზე წამოჯდა, – გულჩათხრობილი გახდა და ზოგჯერ დღე ისე გაივლის, რომ სიტყვასაც არ იტყვის, თავის ოთახიდანაც კი არ გამოდის ხოლმე. ნეტავ, რამე ხომ არ ეწყინა, ერთმანეთში კონფლიქტი ხომ არ მოგსვლიათ?

– არა, რა კონფლიქტი, – მხრები ავიჩეჩე და სალაპარაკო თემა შევცვალე, რადგან ნუგზარის განაწყენების ამბავი რომ მომეყოლა მადინასთვის, მაშინ ძველი ამბავიც უნდა მომეთხრო და ისიც გამემხილა, რომ ძია ბესთამ თავისი ცოლ-შვილი დახოცა. ამის გაკეთება კი არ მინდოდა და საყვარელ მეუღლეს ვუთხარი, – მგონი, ჩვენს ბესთას ზარინა ძალიან მოეწონა და, თავი მომჭერი, თუ ეს გოგო ცოლად არ მოიყვანოს.

– ქალი არ დაიწუნება, ნამდვილი მზეთუნახავია. მთავარია, პატიოსანი იყოს და კარგი ხასიათი ჰქონდეს. ვფიქრობ, ამ კუთხითაც ყველაფერი რიგზეა.

– მეც მასე მგონია, – ვუთხარი მადინას. შემდეგ მამამისის ამბავი ვუამბე და დავამატე: – ცალთვალა ჯაყოს დახვრეტენ. ბავშვი მართლა შემთხვევით შემოაკვდა, მაგრამ ამას არავინ აპატიებს, მით უმეტეს, ახლა, როცა ყველაფერი ასე დაძაბულია და მის დასჯას სიტუაციის განსამუხტავად გამოიყენებენ.

– აბა, რა დროს გათხოვებაზე ლაპარაკია, ამ საცოდავს ექნება კი ამის სურვილი? იქნებ, სულაც არ უნდა დაოჯახება?

– ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ყველა პირობა უნდა შევუქმნათ, რომ მოინდომოს. მთავარი ის კი არაა, რომ ზარინა და ბესთა ერთმანეთზე დავაქორწინოთ, არამედ ის, რომ გოგონას მამის სიკვდილი გადავატანინოთ.

– მაშინ, უნდა დავუმალოთ, რომ მამამისს დახვრეტენ.

– ადრე თუ გვიან, მაინც გაიგებს. მთავარია, როცა გაიგებს, ნაკლებად განიცადოს, ანუ, რაც შეიძლება გვიან შეიტყოს ეს უბედურება.

– მაინც, რას აპირებ?

– რას და, ბესთასა და ზარინას გაგზავნას უცხოეთში სასწავლებლად. ახლა სხვა დროა, ამის გაკეთება არაა ძალიან ძნელი და, იმედია, არ გამიჭირდება ამ ამბის მოგვარება.

ერთი სიტყვით, მე და მადინა შევთანხმდით, როგორც კი ცხინვალიდან დავბრუნდებოდი, ამ საქმის მოგვარებას მოვკიდებდი ხელს. მანამდე კი მადინას ზარინასთვის ჩიტის რძეც არ უნდა მოეკლო, გოგონასთვის დარდი შეემსუბუქებინა და თან ყურადღებით ედევნებინა თვალყური მისი და ბესთას ურთიერთობისთვის.

მე იმავე დღეს დავბრუნდი ცხინვალში. შტაბში რომ მივედი, უკვე შებინდებული იყო. ძალიან დაღლილი ვიყავი და მეძინებოდა. ამიტომ, მოკლე ოპერატიული თათბირი ჩავატარე, მობილურ ჯგუფებს პერსონალური დავალებები მივეცი, მერე ჩემსავე კაბინეტში ტანსაცმლიანად მივწექი ტახტზე და თვალები დავხუჭე.

სიზმარში კარგა ხნის უნახავი ფატიმა და მარიანა მეწვივნენ და პირობის შეუსრულებლობის გამო პასუხი მომთხოვეს.

– ხომ შეგვპირდი, რომ ორ კვირაში ბინას დაცლიდი, შენ კი იქ კიდევ ერთი მობინადრე მიიყვანე, – მითხრა ფატიმამ და ბოროტად ამათვალიერ-ჩამათვალიერა. მარიანამ კი შეშლილივით გადაიხარხარა და დამემუქრა:

– რაც მოგივა, შენს თავს დააბრალე! ჩვენ წავედით, მაგრამ მალე დავბრუნდებით და ვაი შენი უბედური თავის ბრალი!

მე გაქვავებული ვიდექი და მიმავალ დედა-შვილს ვუყურებდი. უცებ ჩემი სიძე მოვიდა, რამდენჯერმე შემომირბინა გარშემო, თან გაიძახოდა: „გიჟო, გიჟო, ბრილიანტები მომეცი!“ – შემდეგ კი ფატიმასა და მარიანას გაეკიდა, დაეწია და სამივემ ერთად განაგრძო გზა. მე განძრევა დავაპირე, რომ უეცრად ავტომატმომარჯვებული ნუგზარა აღიმართა ჩემს წინ, ლულა მომიშვირა და კბილებში გამოცრა: „ზარინა იმიტომ წამართვი, რომ შენს შვილზე დაგექორწინებინა, ხომ? დამაცადე, რა გიქნა! არ გაგახარებ!“ – მერე ნუგზარაც დედა-შვილსა და ჩემს სიძეს გაეკიდა, დაეწია მათ და ოთხივემ ერთად განაგრძო გზა...

გამეღვიძა. საათს დავხედე, ღამის 3 საათი სრულდებოდა. ისეთი ოფლიანი ვიყავი, რომ, საცვლებით დაწყებული, უნიფორმით დამთავრებული, სულ ერთიანად სველი მქონდა. გამახსენდა, რომ ბოლო კოშმარული სიზმრიდან ორი კვირა იყო გასული. ოფლიანი სამოსი გავიძრე, სხეული პირსახოცით გავიმშრალე და მშრალი საცვლები ჩავიცვი. კომუფლაჟს რომ ვირგებდი, ჩემი მოადგილე შემოვარდა და მიპატაკა:

– ცუდი ამბავია, ამხანაგო პოლკოვნიკო! ცხინვალის მისადგომებთან შეიარაღებული ადამიანები იმყოფებიან და, როგორც ჩვენი დაზვერვა გვატყობინებს, ქალაქის ცენტრისკენ აქვთ აღებული გეზი!

მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული ფართომასშტაბიანი კონფლიქტი და არც მოსახლეობა იყო მასობრივად შეიარაღებული. ამიტომ ჩემი მოადგილის სიტყვები აბსურდად მომეჩვენა და ვუთხარი:

– რაო, რა შეიარაღებული ხალხიო, რას ბოდავენ შენი მზვერავები?!

– არ ბოდავენ, ზორბეგიჩ, ყველაფერი სრული სიმართლეა და ქალაქის სტრატეგიული წერტილები უნდა გავამაგროთ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოადგილე ნამეტანი შეშინებული იყო და მისი სიტყვები არ დავიჯერე, სტრატეგიული წერტილების გამაგრების ბრძანება მაინც გავეცი. შტაბის უფროსად ჩემი მოადგილე დავტოვე, მე კი მილიციის „ვოლგაში“ სრულიად მარტო, უიარაღოდ ჩავჯექი და ქალაქის მისადგომებისკენ გავემართე.

ჩემი მოადგილე და კოლეგები ჩემი ამ ნაბიჯის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ჩემი მარტო გაშვება არ უნდოდათ. განსაკუთრებით კი ჩემი მოადგილე აქტიურობდა, რომელმაც მითხრა:

– ჩვენც წამოვალთ, ზორბეგიჩ, უიარაღოდ მიდიხარ და რამე რომ მოხდეს, მინისტრს რა პასუხი გავცეთ? ვერ გაგიშვებთ!

– სმენა! – დავჭექე მე, ხელქვეითები „სმირნაზე“ დავაყენე და რბილად ვუთხარი: – სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი ცრუ განგაში მგონია. მაგრამ, თუ სიმართლეა, ჯობია, მარტო წავიდე და, თანაც – უაიარაღოდ. ის უცნობები ოსები იქნებიან, მეც ოსი ვარ და მათთან საერთო ენას უფრო ადვილად გამოვნახავ. წავედი და იცოდეთ, რომ უკან არავინ გამომყვეს, თორემ მკაცრად დავსჯი.

მილიციის „ვოლგა“ დავქოქე, „კრიშის მიგალკები“ ჩავრთე, რომ ადვილად გასარჩევი ვყოფილიყავი და ცხინვალის გარეუბნისკენ ავიღე გეზი.

ბნელოდა. ქალაქში სამარისებური სიჩუმე იდგა და მხოლოდ ჩემი „ვოლგის“ ძრავის ხმა ისმოდა. დანიშნულ ადგილამდე ორასი მეტრი რომ დარჩა, სვლა შევანელე და წინ ძალიან ნელა მივიწევდი, თან ყურადღებით ვათვალიერებდი მიდამოს. მოულოდნელად, ჩემი „ვოლგის“ წინ ორი შეიარაღებული ადამიანი აღიმართა. ერთ-ერთ მათგანს ავტომატი ეჭირა, მეორეს კი – „აბრეზი“. სახეზე ნიღბები ჰქონდათ ჩამოფხატული და მიბრძანეს, მანქანიდან გადმოვსულიყავი.

ნიღბიანების ბრძანება დინჯად შევასრულე, მანქანიდან გადმოვედი და ვკითხე:

– რა ხდება, რაშია საქმე?

– ბევრს ნუ ლაპარაკობ, იარაღი მოგვეცი და მოკეტე! – უხეშად მომიგო „აბრეზიანმა“ და ორლულიანი თორმეტკალიბრიანი გადაჭრილი თოფი გულზე მომაბჯინა.

– ჯერ ერთი, უიარაღო ვარ, – გამეცინა, – და, თუ ძმა ხარ, ეგ „აბრეზი“ დაუშვი, რომ შემთხვევით არ გავარდეს და ცოდვაში არ ჩადგა ფეხი.

– დავუშვებ კი არა, გულ-მკერდს შეგინგრევ! – შემომიტია „აბრეზიანმა“ და თოფი უფრო მაგრად მომაბჯინა დიაფრაგმაზე.

– რას მერჩი, რა დაგიშავე?

– იმას გერჩი, რომ ქართველების სისხლი უნდა დავლიო! – ხმას აუწია „აბრეზიანმა“, მაგრამ ის მეორემ შეაჩერა და მე მომმართა:

– აქ რა გინდა, ქართველო ძაღლო?

– ჯერ ერთი, ქართველი არ ვარ, ოსი ვარ. ძაღლი და ღორი კი შენკენ მოიკითხე! მე პოლკოვნიკი ჯემალ ჯიოშვილი ვარ, გაგიგონია, ალბათ! – მრისხანედ ვუთხარი ავტომატიანს, რომელიც ჩემმა სიტყვებმა დააბნია, მაგრამ მალევე გამოერკვა და მითხრა:

– შენს ვინაობას შტაბში გავარკვევთ. ახლა კი იარაღი მოგვეცი, უხმოდ გამოგვყევი და წინააღმდეგობის გაწევა არ გაბედო!

– ხომ გითხარით, უიარაღო ვარ-მეთქი. ძალის გამოყენება რომ მდომოდა, აქ კბილებამდე შეიარაღებული ხალხით მოვიდოდი, – აუღელვებლად ვუთხარი ნიღბიანს, – მით უმეტეს, რომ წინასწარ ვიცოდი თქვენი აქ ყოფნის შესახებ.

– მერე, რატომ არ წამოიყვანე შეიარაღებული ხალხი? – ლაპარაკში კვლავ „აბრეზიანი“ ჩაერია, – რას გვაშინებ, მოხვიდოდით და ჩვენც აქ დაგხვდებოდით!

– აქ რომ დამხვდებოდით და უბედურება რომ დატრიალდებოდა, სწორედ ამიტომ მოვედი მარტო და უიარაღოდ.

– ჰოდა, ძალიან კარგი, რომ შენი ფეხით მოხვედი, – მითხრა ავტომატიანმა – ახლა კი უხმოდ გამოგვყევი!

შეიარაღებულ ნიღბიანებთან კამათს აზრი არ ჰქონდა, მათ უხმოდ გავყევი და კუთხეში მდგარ „უაზიკში“ ჩავჯექი. მანამდე კი საგულდაგულოდ გამჩხრიკეს და, იარაღი რომ ვერ აღმოაჩინეს, გაუკვირდათ.

„უაზიკში“ კიდევ ორი ნიღბიანი მამაკაცი დამხვდა, რომლებიც „აბრეზებით“ იყვნენ შეიარაღებული. მე, მათ შორის დამსვეს. საჭეს ავტომატიანი მიუჯდა და მანქანა ადგილიდან დაიძრა.

მართლა ძალიან ბნელოდა და მანქანაც ჩამქრალი „ფარებით“ მოძრაობდა, მაგრამ იქაურობას საკუთარი ხელისგულივით ვიცნობდი და არ გამჭირვებია იმის მიხვედრა, რომ ჯავაში მივდიოდით. ის კი არა, ისიც ზუსტად გამოვიცანი, რომელ სოფელში და ვის ოჯახში ვიმყოფებოდით.

ნიღბიანების ეგრეთ წოდებულ „შტაბში“ ოცდაათამდე შეიარაღებული მამაკაცი იმყოფებოდა და უმეტეს მათგანს გადაჭრილი თოფი ჰქონდა გარჭობილი ქამარში. მათი უმრავლესობა ძალიან ახალგაზრდა იყო და ვერ ვიცანი, თუმცა, რამდენიმე ნაცნობი მაინც ვნახე. მათაც მიცნეს და, რადგან იცოდნენ, ვინ ვიყავი, სახეზე უკიდურესი შიში აღებეჭდათ. ერთ-ერთი მათგანი მამაჩემის ბავშვობის მეგობარი იყო და ჯერ დამალვა სცადა, მაგრამ, მიხვდა, რომ შევამჩნიე, ამიტომ, მოვიდა, გამომეცნაურა და ჩემი დახსნა გადაწყვიტა. თანამოაზრეებთან მივიდა და უთხრა – ეს ხომ ჩვენი ზორბეგ ჯიოევის ბიჭია, აქ რატომ მოგიყვანიათ, გაუშვითო.

ერთი სიტყვით, როცა გაიგეს, ვინ ვიყავი და რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ჩემს დატყვევებას, გადაწყვიტეს, გავეშვი. ბოდიში მომიხადეს და, ის იყო, უკან უნდა დავებრუნებინე, რომ შტაბში დაჭრილი კაცი მოვიდა და თქვა, რომ ქართველმა მილიციელებმა ერთ-ერთ ოსურ შეიარაღებულ ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, სამი კაცი მოკლეს, ექვსი დაატყვევეს და ცხინვალის მილიციაში გამოამწყვდიესო.

– თუ ასეა, შენი გათავისუფლება გადაიდო, – მითხრა ავტომატიანმა, რომელსაც ალანი ერქვა და, როგორც ჩანდა, ერთ-ერთი შეიარაღებული ჯგუფის მეთაური იყო, – ჩვენს ხალხში გაგცვლით, ხოლო თუ არ გამოვა – დაგხვრეტთ.

– ჯობია, გონს მოეგოთ, იარაღი მთავრობას ჩააბაროთ და არეულობა შეწყვიტოთ, სანამ დროა, დაამუხრუჭეთ, თორემ გამოუსწორებელ შედეგს მივიღებთ! – ვუთხარი ალანს.

– იარაღი ჩაგაბაროთ და ჩვენც ჩაგბარდეთ, არა? – ირონიულად მითხრა ალანმა.

– სანამ დროა, ჯობია, ასე მოიქცეთ, თორემ, საშინელება მოხდება!

– სამი კაცი მოგვიკლეს, მეტი ცუდი რა უნდა მოხდეს?! – მრისხანედ მომიგო ალანმა, ავტომატის კონდახი მომიქნია და, სანამ მთელი ძალით ჩამცხებდა ყბაში, მომაძახა: – შენი დედაც, ოსების მოღალატევ!

ისეთი ძლიერი დარტყმა მივიღე, რომ თვალთ დამიბნელდა და გონება დავკარგე. როცა მოვსულიერდი და თვალები გავახილე, დავინახე, რომ ნესტიან სარდაფში ვეგდე, თავზე კი „აბრეზით“ შეიარაღებული ახალგაზრდა მედგა და ზიზღით დამჩერებოდა.

„ეს ხომ ნუგზარაა?! – გავიფიქრე მე, – ის ნაძირალა ბიჭი, რომელმაც ცალთვალა ჯაყო ჩაუშვა და ზარინას ცოლად მოყვანა უნდოდა“.

– აზრზე მოხვედი, ძაღლო? – კბილებში გამოსცრა ნუგზარამ, – ალბათ, ჩემთან შეხვედრას არ ელოდი, ხომ?

– პირიქით, ველოდი.

– ელოდი?! – გაკვირვება ვერ დაფარა ნუგზარამ.

– მას მერე, რაც ამ ნაძირლების ხელში ჩავვარდი, სულ ვფიქრობდი, ნუგზარა სად არის და რატომ არ მხვდება-მეთქი. შენც ხომ მათნაირი ნაძირალა ხარ და, აი, შევხვდით კიდეც. ჰო, მართლა, ცალთვალა ჯაყომ მოკითხვა შემოგითვალა, – ვუთხარი ნუგზარას და ამით ვაგრძნობინე, რომ მისი „ჩამშვებობის“ ამბავს მის მეგობრებს მოვუყვებოდი.

ნუგზარამ გადაიხარხარა და კბილებში გამოცრა:

– ფიქრობ, შემაშინებ? გგონია, იტყვი, რომ ცალთვალა ჯაყო ჩავუშვი და ამით რამეს მავნებ? ძალიან ცდები. ჯაყო ამათ ფეხებზე ჰკიდიათ, მე კი ვჭირდები. ომია, ომი და თითოეული მებრძოლი ოქროს ფასი ღირს!

– რა ომი? – ვუთხარი ნუგზარას, – რას ბოდავ?

– რა და – ომი, – ჩაეცინა ნუგზარას, – თუმცა, შენ თითქმის ნახევარი დღე იყავი გათიშული და არაფერი იცი. გუშინ მთელი დღე სროლები იყო ცხინვალში, ქალაქში კომენდანტის საათია გამოცხადებული და სამხედროები პატრულირებენ.

– რა კომენდანტის საათი, რას ბოდავ, – შევუღრინე ნუგზარას, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ის სიმართლეს ამბობდა, რადგან სწორედ იმ დღეს დაიწყო პირველი შეიარაღებული კონფლიქტი ქართველებსა და ოსებს შორის, რომელიც, მართალია, სულ რაღაც ერთი თვე გაგრძელდა, მაგრამ სისხლი უკვე დაღვრილი იყო და მივხვდი, რომ ბევრად უფრო დიდი უბედურება იყო მოსალოდნელი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3