კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის საჩუქარი


გაგრძელება. დასაწყისი იხ. „თბილისელები“ N26–36(506)


არის შეკითხვები, რომლებიც საკუთარ თავს არასოდეს არ უნდა დაუსვა, თუკი არ გინდა, რომ ჩიხში აღმოჩნდე მიმწყვდეული. არა, გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს და ღმერთი „გამოსაძრომ“ შანსს ადამიანს ყოველთვის უტოვებს, მაგრამ, ვის უნდა, თავი აიტკივოს იმაზე დარდითა და ფიქრით, რაც რეალობაში არაფერს შეცვლის, მით უმეტეს, რომ უამრავი კითხვაა ისეთი, რომლებზეც პასუხი, უბრალოდ, არ არსებობს. დიახ, არ არსებობს და მორჩა. იმტვრიეთ ახლა თავი და იძახეთ, რატომო... „იმას“ ასე სურდა და მორჩა! იმედია, უკვე მიხვდით, ვისზეა საუბარი. ჩვენ, ადამიანებს, შეგვიძლია, ატომური ბომბი შევქმნათ და თვალის დაუხამხამებლად გავანადგუროთ ერთმანეთი, მაგრამ იმას, ვერ გავაკეთებთ, რაც „მას“ არ უნდა. მორჩა. იქნებ, ამის ბევრს არც გჯეროდეთ, მაგრამ ეს უკვე სხვა პრობლემაა.

გარემოება ქმნის შეგნებასო, – თქვა ერთმა და ზოგჯერ თავადაც ვრწმუნდებით ამაში. როცა გვეცვლება გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ნელ-ნელა იცვლება ჩვენი აზროვნებაც. არსებობს „მდიდრისა“ და „ღარიბის“ ფსიქოლოგია და ამის აღიარება ნურავის შერცხვება, რადგან, შეუძლებელია, მდიდარი და ღარიბი ერთნაირად აზროვნებდნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ, მაგალითად, მდიდრის აზროვნებაა სწორი და მისაღები, ღარიბისა კი – დასაგმობი, ან – პირიქით. ამის თქმას ან დამტკიცებას, სულაც არ ვაპირებ. მაგრამ, მიეცით ღარიბს მილიონი და დააკვირდით. ექსპერიმენტი ძალიან გაგართობთ და დაგაინტერესებთ. ეჰ, მილიონს საიდან მოიტანთ, თორემ, ღარიბის საპოვნელად სულაც არ გვჭირდება, ანთებული სანთლით სიარული. გარდასახვა, უფრო სწორად, გადასხვაფერება, სულაც არ არის მტკივნეული. მართალია ღარიბს დიდი დრო და წვალება დასჭირდება იმისთვის, რომ თავის „ღარიბულ“ ჩვევებს შეელიოს, მაგრამ მდიდრის საქმე გაცილებით უარესად არის. სიმდიდრეს, ფუფუნებას შეჩვეულ ადამიანს სიღარიბეში ყოფნას სიკვდილი უჯობს. ისეთი შესაბრალისი და უსუსური გახდება, ბევრჯერ გადმოყრით ცრემლებს მის გამო... გულჩვილობა არაფერ შუაშია, უბრალოდ, შეუძლებელია, თქვენც არ შეგაწუხოთ მისმა ტანჯვამ...

რითი დავიწყეთ? – ჰო, რატომ არ უნდა შეიყვანო საკუთარი თავი ჩიხში. ალბათ, უკვე მიხვდით, რომ ეს ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ მოვყევი... მე რა, მე უკვე ვიწვნიე ამ ყოვლად გაუმართლებელი ნაბიჯის შედეგები. არ ვწუწუნებ, მაგრამ, ზოგჯერ ვნანობ ხოლმე. სრულიად ბუნებრივი რეაქციაა. ადამიანს აქვს სინანულის მოთხოვნილება – ეს მისი ფიზიოლოგიაა და, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოძებნის მიზეზს ერთი გემრიელი სინანულისთვის. ისე, რა ჯობია სინანულს! ის ყოველთვის გაძლევს შანსს, საკუთარ თავს სხვა თვალით შეხედო...

***

ლაშამ საწერი მაგიდის უჯრა გასაღებით ჩაკეტა და კედელზე ჩამოკიდებულ სარკეში საკუთარ გამოსახულებას ჩააშტერდა. ერთბაშად მოეჩვენა, რომ სხვა ადამიანი უმზერდა – თავდაჯერებული, საკუთარი „მეთი“ კმაყოფილი ტიპი, აი, ისეთი, ცა ქუდად რომ არ მიაჩნიათ ხოლმე და დედამიწა – ქალამნად. დაიჭყანა, გასაღები ჯიბეში ჩაიტენა და სამზარეულოში შეჭმუხნული შუბლითა და შეკრული წარბით შევიდა.

– სად ხარ აქამდე, გაცივდა ყველაფერი, – უსაყვედურა ცოლმა და ხელით ფინჯანსა და ერბოკვერცხზე ანიშნა.

– არა უშავს, ცივსაც შევჭამ, – დაბნეულად, ნაჩქარევად უპასუხა ლაშამ. ლიკამ ჯერ გაკვირვებით შეხედა, მერე კი დიდხანს და დაჟინებით უყურა. კაცი შეიშმუშნა.

– რა ხდება, რამის თქმა გინდა?

– რაღაცნაირი გახდი, – ჩაილაპარაკა ლიკამ და ჩაი გასარეცხ ნიჟარაში გადაღვარა, – ახალს დაგისხამ.

– მე? მე გავხდი რაღაცნაირი? მაინც, როგორი? მე ვერანაირ ცვლილებას ვერ ვატყობ საკუთარ თავს.

– შეიძლება, მაგრამ, სულაც არ მიკვირს. თავად რას შეატყობ, აი, მე კი უკვე აშკარად ვხედავ ცვლილებას.

– ლიკა, ისე კარგად ვართ... აბა, რატომ ცდილობ ჩხუბის პროვოცირებას?

– ცდები, ჩხუბის პროვოცირებას არ ვცდილობ, – ლიკა ადგა, სკამი მისწია და ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა. მერე უცებ გაჩერდა და ლაშას ისევ მიაშტერდა.

– კარგი, რა... ვეღარ გავიგე, რა გინდა. მართლა ვეღარაფერი გავიგე. ახლა უკვე ბევრს ვმუშაობ, იმაზე გაცილებთ მეტს, ვიდრე ადრე. ფულიც, შედარებით, აღარ გვიჭირს, ავუდივართ ყველაფერს. ხვალინდელი დღის იმედიც გაჩნდა. აღარ მეშინია იმის, რომ ბავშვის სწავლის ფული ისევ დედაშენისთვის გვექნება გამოსართმევი.

– სწორედ ეგ მაშფოთებს, სწორედ ეგ...

– რა, ხელი რომ აღარ გვაქვს გაწვდილი? შენ ხომ ეგ გაწუხებდა?

– მაწუხებდა, ძალიან მაწუხებდა... მაგრამ, არ მომწონს, ღამღამობით სადღაც რომ იკარგები.

– არსადაც არ ვიკარგები, ზოგჯერ სამსახურში ვმორიგეობ და შენ ეს ძალიან კარგად იცი.

– გგონია, ვეჭვიანობ?

– რა ვიცი, მაგას ჰგავს შენი შეკითხვები. უკვე იმას ვფიქრობ, ერთ დღესაც, შემთხვევით რომ გავმდიდრდე, გამეყრები.

– შემთხვევით არ მდიდრდებიან, რა სისულელეა, – ტუჩი აიბზუა ლიკამ.

– როგორ არ მდიდრდებიან! მაგალითად, ხომ შეიძლება, უცებ ფული მოვიგო ლატარიაში?

– შენ? – ქალს გაეცინა, – კარგი, რა! ეგ მარტო ფილმებში ხდება. შენ უნდა მოიგო ფული, თანაც მილიონი? ლაშა, ნუ მაცინებ.

– მე არ ვხუმრობ, სერიოზულად გეუბნები. გამორიცხული არაფერია.

– ამ შემთხვევაში, გამორიცხულია. შენ მილიონი მოიგო, თანაც, ლატარიაში? ეს არასოდეს მოხდება.

– არასოდეს თქვა – „არასოდეს“, – ერთხელ შენ თვითონ არ მითხარი?

– მერე რა, რომ გითხარი, – ლიკამ მხრები აიჩეჩა, – საუბრის თემას ნუ ცვლი. მითხარი, მართლა არაფერი ხდება?

– არა-მეთქი, არა! რა უნდა ხდებოდეს?

– არ ვიცი, მაგრამ, რაღაცნაირად, ვერ ვისვენებ. ინტუიცია რაღაცას მკარნახობს.

– ინტუიციასთან კამათი ნამდვილად არ შემიძლია, – ლაშამ ჩაი მოსვა და ფინჯანი გვერდზე გასწია, – წავედი, დამაგვიანდება. სამსახურში მიგიყვანო?

– მიმიყვანო? საინტერესოა, რითი აპირებ ჩემს მიყვანას?

– რაო?..

– გუშინ გითხარი და, გეტყობა, როგორც ყოველთვის, არ მისმენდი. მანქანას რაღაც დაემართა და იძულებული გავხდი, ჩვენებთან დამეტოვებინა. ტაქსით წამოვედი იქიდან, ვატუნაც ვეღარ წამოვიყვანე.

– რაღაც დაემართა... – გაიმეორა ლაშამ, – გამოსაცვლელია უკვე. ახლა კი გავაკეთებ, მაგრამ ხვალ ახალი პრობლემა გაუჩნდება, ზეგ კიდევ – სხვა... ახალი უნდა ვიყიდოთ...

– ისე ამბობ, თითქოს ახალი მანქანის საყიდელი ფული ჯიბეში გედოს, – საყვედურით ჩაილაპარაკა ლიკამ და მაგიდიდან ჭურჭლის ალაგება დაიწყო.

***

ლაშა გადარეულივით დარბოდა წინ და უკან.

– არა, ამას დიდხანს ვერ გავუძლებ. მეტი აღარ შემიძლია, ჭკუიდან შევიშლები...

– იქნებ, დამშვიდდე. ასე რომ დარბიხარ, შეცვლი ვითომ რამეს? გამაგებინე, რა მოხდა. რამ გადაგრია? – კიდევ ერთხელ სცადა ვახომ მისი დამშვიდება.

– არ იცი, ხომ, რა დამემართა, არ იცი?! გინდა, ხომ, მე გითხრა, აგიხსნა? ფული დამემართა ვახო, ფუ-ლი! ახლა გაიგე?!

ვახომ თავი გააქნია:

– ვერაფერიც ვერ გავიგე. ფული რა შუაშია იმასთან, შენ რომ ცოლთან საერთო ენა ვერ გამოგინახავს?

ლაშა ჭარხალივით გაწითლდა:

– რა თქვი?

– ჰო, რა იყო! ფული არაფერ შუაშია შენს ოჯახურ პრობლემებთან. ურთიერთობა გაქვს დასალაგებელი, ჩემო კარგო!

– ჭკუას მარიგებ? – ლაშას აღშფოთებისგან ენა დაება.

– არა, რომელი ჭკუის დამრიგებელი მე ვარ. შემომჩივლე და მეც ჩემი ვარაუდი გამოვთქვი. ძალიან მეცოდები, ასეთ მდგომარეობაში რომ გხედავ.

– ჰო, არა? მეც ძალიან მეცოდება საკუთარი თავი. ძალიან... თანაც, ვატყობ, კიდევ უფრო გამირთულდება საქმე.

– რას გულისხმობ?

– იმას, რომ ფული მექნება და ვერ დავხარჯავ.

– რატომ, ტო?! – ხელები გაშალა ვახომ, – ფული იმიტომ არ გვინდა, რომ დავხარჯოთ?

– ლიკა?

– რა – ლიკა?

– რა ვუთხრა, ფული საიდან მაქვს-მეთქი. როგორ ფიქრობ, რამდენი შეიძლება მქონდეს ხელფასი?

– რატომ? ღამღამობით ხომ მორიგეობ? – ვახო გადაბჟირდა.

– იცინე, იცინე, რა გენაღვლება! შენ მალე მოტოციკლსაც იყიდი, მაგრამ კაციშვილი არ შეგეკითხება, საიდან და როგორო.

– რა ჩემი ბრალია, ცოლი რომ არ მყავს. იცი, მე ამ ყველაფერზე რას ვფიქრობ? ლიკას ყველაფერი უნდა უთხრა.

– მაგაზე მეც სერიოზულად ვფიქრობ. მართალია, მაგრამ, უსიამოვნება არ მჭირდება. ხვდები ხომ, რა ჩიხშიც ვარ გაჭედილი?

– მაინც სიმართლის თქმა ჯობია, თორემ ვერასოდეს გამოხვალ მაგ ჩიხიდან და იქნები ასე გაჭედილი. როდემდე გინდა მალო, რომ ფული გაქვს? ბანკი უნდა გაამდიდრო? მალე მოაგროვებ კიდეც მთელ თანხას.

– უჰ, უნდა მოვემზადო ამ საუბრისთვის, ძალიან ხანგრძლივი „ტრენინგი“ დამჭირდება, თანაც, ფსიქოლოგიური.

– ეჭვი მეპარება, ლიკასთან საუბარი გაგიჭირდეს. ქალებს ფული უყვართ. შეიძლება, ცოტა იჭირვეულოს, მაგრამ მერე შაქარივით დატკბება.

– შაქარივით? ეჰ, ლიკა ისეთი კერკეტი კაკალია, შეკითხვებით სულს ამომხდის. ჯერჯერობით ყველაფერი ძველებურად უნდა დარჩეს. არადა, სიამოვნებით გამოვცვლიდი მანქანას, დიდი სიამოვნებით. გაკეთებაზე მაინც ფული უნდა დავხარჯო, თანაც, ცოტა არა. მანქანა კი ისევ ძველი შემრჩება.

ვახომ თანაგრძნობით გადააქნია თავი და მერე ისევ სიცილი აუტყდა.

– ნერვებს ნუ მიშლი მაგ შენი უადგილო მხიარულებით! – იფეთქა ლაშამ.

– მე რა შუაში ვარ, ან „უადგილო“ სიცილი რაღა უბედურებაა!

– უბედურებაა, უბედურება და გეყოფა... როცა ძალიან ვღიზიანდები, ვეღარ ვიძინებ. ან, ვიძინებ და მკვდარივით მძინავს.

– ესე იგი, დღეს აქ რჩები, – ხელები მოიფშვნიტა ვახომ, – დივანი გაგიმზადო? სუფთა ზეწარს გადაგიფარებ, გაქათქათებულს...

– გეყოფა მაიმუნობა! ჰო, მართლა, შენ ხომ არ წვები, ბიჭო, ზედ?

– აბა რა!.. თანაც, ნაშებთან ერთად. რატომ არ უნდა დავწვე?! ბოლოს და ბოლოს, დივანი ჩემია, მე ვიყიდე და, როგორც მინდა, ისე გამოვიყენებ.

– აუ! მე სერიოზულად გელაპარაკები!

– მეც ძალიან სერიოზული ვარ, მეტი რომ არ შეიძლება, ისეთი სერიოზული.

ლაშამ თავზე იტაცა ხელები:

– ვინმეს რომ მოეყოლა, არ დავიჯერებდი. ეს რა დღეში ვარ!

– ისე, მე ბოლომდე კიდევ არ მჯერა.

– ვახო, რას აკეთებ, ცეცხლზე ნავთს მისხამ? სერიოზული კაცი მეგონა საკუთარი თავი და...

– ერთხელ მაინც მომიყევი, რა, რას ხედავ და როგორ...

– ნუ აფრენ! საჩუქარია და როგორ მოგიყვე, რას ვხედავ და როგორ. საჩუქარია და მორჩა!

– რომ მაინტერესებს?

– ცნობისმოყვარეობა ღუპავს კაცობრიობას, თორემ, ვინ გამოიგონებდა ატომურ ბომბს, ვინ გამოცდიდა! გირჩევნია, მორჩე ამ სისულელეებს. ერთი კვირაა, არაფერი გამოდის.

– ორჯერ არ დარჩი? დღეს მესამეა... ეტყობა, რაღაცას ისე ვერ აკეთებ.

– რას არ ვაკეთებ, ბიჭო... უნდა დავწვე და დავიძინო...

ლაშამ შუბლი მოისრისა:

– მოიცა, მოიცა... რაც ეს დივანი აქ არის, ანუ, რაც შენთან ვათევ ღამეს, კაზინოში ვიყავით?

ვახო დაფიქრდა:

– მგონი არა, ხომ იცი?!

– ვაიმე! – ამოიხვნეშა ლაშამ და თავში შემოირტყა ხელები, – მგონი, დავიღუპე! ეგ დივანი სახლში გამიხდება წასათრევი. აუ, ახლა კი ნამდვილად გავაფრენ! ერთი, ბანკში შესატანი თანხა მომაგროვებინა და მერე მე ვიცი.

– მოდი, დღესაც დარჩი. ვცადოთ, თუ არ გამოვიდა, მერე სხვა გზა აღარ დაგვრჩება, უნდა ავიკიდოთ ეს დივანი და...

– ჩემთან დავაბრუნოთ... – დაამთავრა ლაშამ და ოხვრას ლამის გულიც ამოაყოლა, – აი, ეგ იქნება სეირი. თანაც, ისეთი სეირი, რომ... ლიკამ უკვე იყიდა დივანიც, სავარძელიც და უზომოდ კმაყოფილია თავისი შენაძენით. მეც და ამ დივანსაც აივნიდან გადმოგვყრის.

– გეუბნები, დაელაპარაკე მაგ შენს ცოლს. სანამ გვიან არ არის.

– დღეს დავიძინებ და ხვალ ვნახოთ, რა იქნება.

***

ანდრომ ვისკის ბოთლი ბარში შეინახა და მობილური აიღო:

– მთელი საღამო გირეკავდი! – ჩასძახა უკმაყოფილოდ, – ვერ ისწავლე ტელეფონის დროზე აღება! საქმე მქონდა... შენი საქმეც ვიცი და მე ნუ მიხსნი. არ მაინტერესებს შენი პრობლემები. როცა დამჭირდები, სულ მზად უნდა იყო. ვეღარ მოვიცალე თქვენთვის... დღეს სამსახურში შემოგივლი. იმას არაფერი უთხრა. რა თქმა უნდა, ძველებურად დაინტერესებული ვარ, მოვალ და დაგელაპარაკები...

ანდრომ მობილური გათიშა. მაგიდაზე მიაგდო და რაღაც გაგულისებით ჩაილაპარაკა.

– ბატონო ანდრო, მოგვიანებით ხომ არ შემოვიდე? – მორიდებით ჰკითხა ოთახში შესულმა ინამ.

– არა, შემოდი. სწორედ შენი ნახვა მინდოდა. როგორ არის საქმე?

– კარგად. ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. უკვე ხუთი დღეა არ გამოჩენილა.

– კარგია. ბიჭები მაინც გააფრთხილე, მზად იყვნენ. თუ მოვა, ერთ ნაბიჯზეც არ მოსცილდნენ.

ინამ თავი დაუქნია:

– დიახ. ასე მოვიქცევით. ფიქრობთ, რომ უბრალოდ, გაუმართლა?

– ჰო, ასე ვფიქრობ. ვიღაც არიფი იყო. არიფებს კი უმართლებთ ხოლმე. „იგროკი“ ისევ მოვიდოდა. ეს კი ფულს დახარბდა. შეეშინდა, რაც შემთხვევით მოვიგე, ესეც არ წავაგოო. ვისაც ფულთან ასეთი დამოკიდებულება აქვს, ის საშიშიც არ არის.

– იქნებ... – ინა შეყოყმანდა, თითქოს წონიდა სათქმელს.

– მიდი, მიდი, მითხარი, რისი თქმა გინდა.

– იქნებ, ახლა სხვა კაზინოში წავიდა, კვალის დაფარვის მიზნით?

– ინუშკი, საყვარელო, – გაიღიმა ანდრომ და გაიზმორა, – რამდენი ხანია, ჩემთან მუშაობ?

ქალი დაიბნა:

– სამი წელი იქნება.

– მართალია, სამი წელია. მერე, ამ სამი წლის განმავლობაში არავინ გითხრა, რომ ამ ქალაქის კაზინოების უმეტესობა ჩემი საკუთრებაა?

ინამ დამნაშავესავით დაახამხამა წამწამები და ჩაილაპარაკა:

– ბატონო ანდრო...

– კარგი, კარგი, არა უშავს. ცუდი არ არის, რომ ჭორაობა არ გიყვარს, ეს მომწონს კიდეც. თანაც, ისიც მაკმაყოფილებს, რასაც აქ აკეთებ. ამიტომ, დანარჩენს მე მივხედავ. წადი, იმუშავე. შეიძლება, ორი დღე არ მოვიდე, მაგრამ მობილურის ნომერი იცი. თუ რამე განსაკუთრებული მოხდა, დამირეკე. განსაკუთრებული-მეთქი, ინა...

– დიახ, ბატონო ანდრო, გავიგე.

– ჭკვიანი გოგო ხარ. იმ თვიდან ხელფასს მოგიმატებ, ოღონდ, შემახსენე, არ დამავიწყდეს.

ინამ გაიღიმა:

– მე ვერ შეგახსენებთ, ბატონო ანდრო.

– ჰა-ჰა! ვიცი, ვიცი... კარგი, არ დამავიწყდება.

***

ყველაფერი იცვლება. იცვლება ადამიანიც... დარვინი ისეთი სულელიც არ იყო, მთელი მისი ჰიპოთეზა ხელის ერთი მოსმით რომ უარვყოთ და ევოლუციაზე უარი ვთქვათ... მაგალითად, დღეს ადამიანები ისე სწრაფად აღარ ბერდებიან, როგორც ჩვენი ბებია-ბაბუები. იმიტომ არა, რომ მათ მარადიული ახალგაზრდობის ელექსირის რეცეპტს მიაგნეს... არა, კალიოსტრო ერთი იყო და ისიც, შესაძლოა, არც იყო. მაგრამ ადამიანებმა რაღაც ეშმაკობები ისწავლეს. არც ისე დიდი ეშმაკობები, მაგრამ, სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ სიბერეს წლები მოჰპარონ ან მოატყუონ. პრინციპში, ეს ერთი და იგივეა... ანუ, რა ვისწავლეთ?! – ის, რომ ჯინსის შარვალი თუ გვაცვია, ახალგაზრდები ვჩანვართ და, ამიტომ, მოგვწონს თუ არა, ჯობია, ჯინსი გვეცვას, უარი ვთქვათ კლასიკურ მუსიკაზე და ვუსმინოთ თანამედროვე, არცთუ სასიამოვნო ხმაურს... ალბათ, ამით ვცდილობთ, შევეწინააღმდეგოთ ბუნებას და თითქოს გამოგვდის კიდეც. ვარცხნილობაც არ დაგავიწყდეთ, რომელსაც ამ საქმეში, გადამწყვეტი თუ არა, თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც აქვს. კიდევ ერთი აუცილებელი პირობა „არდაბერებისა“ – ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსში ყოფნაა. მოვლენების მაჯაზე უნდა გედოს ხელი და მის პულსს უნდა გრძნობდე. აზიაში ასაკი ყოველთვის ასოცირდებოდა სიბრძნესთან, ცოდნასა და გამოცდილებასთან. სიბრძნის რა მოგახსენოთ, ცერცეტი მოხუციც ბევრი მინახავს, ცოდნას კი ახალგაზრდაც არაჩვეულებრივს იღებს, ხოლო, რაც შეეხება გამოცდილებას – მოდაში აღარ არის. თუ დაუფიქრებლობით წამოგცდებათ, რომ თქვენი გამოცდილება რამე უპირატესობას განიჭებთ, ჩათვალეთ, რომ საკუთარ თავს „სამურაის“ განაჩენი გამოუტანეთ... რატომ გიყვებით ამ ყველაფერს? – იმიტომ, რომ მე თითქმის მაქვს შანსი, დრო გავაჩერო და მარად ახალგაზრდა დავრჩე. მე მაქვს საშუალებაც, სურვილიც და აუცილებლად მოვახერხებ იმას, რომ კიდევ დიდხანს არ „ჩამომწერონ“. იცით, არასდროს მიხაროდა წლების მომატება – არც მაშინ, ბავშვი რომ ვიყავი და, წესით, როგორც ყველა ბავშვს, მალე გაზრდა რომ უნდა მენატრა. მართალია, არ ვიცოდი, რატომ ოხრავდნენ უფროსები, მაგრამ მათ ყოველდღიურობაში სახარბიელო რომ არაფერი იყო, ამას ვხვდებოდი... მოკლედ, გინდ მდიდარი იყო, გინდ ღარიბი, გინდ გქონდეს ფული, გინდ არ გქონდეს, სულერთია – ბავშვობა სიზმარია, მოზრდილობაში კი საფიქრალ-სადარდელია თავზე საყრელი, ზოგჯერ სრულიად გაუგებარი, მაგრამ, მაინც... მოხუცდები და... თუმცა, ამაზე, ჯობს, აღარ გავაგრძელო, რადგან, თუ სიბერეს მაინც შეხვდები სავსე ჯიბით, იქნებ, დრომაც აიღოს შენგან ქრთამი.

***

ლიკა მონიტორს მიშტერებული იჯდა და კბილებით ფანქრის ბოლოს ღრღნიდა. ერთი შეხედვით, მისი და ლაშას ურთიერთობა დალაგდა, დამშვიდდა და თითქოს საკამათო-საჩხუბარი მიზეზიც აღარ არსებობდა. ლაშას დამატებითმა შემოსავალმა მათი ფინანსური პრობლემა მეტ-ნაკლებად მოაგვარა. ყოველ შემთხვევაში, თვის ბოლოს ვალით აღარ შეხვედრიან და ლიკას არც იმაზე უდარდია, ამ სასწაულით გადარჩენილი ორი ლარით რა ვიყიდო ისეთი, რომ ორი დღე ვიმყოფინოთო. ეს იყო შვება, თანაც, საკმაოდ საგრძნობი. ლიკას შეეძლო, თავისუფლად ამოესუნთქა, მაგრამ, ვერ იქნა და ვერ გათავისუფლდა იმ დაძაბულობისგან, რომელსაც ლაშაზე, მასში მომხდარ ცვლილებაზე ფიქრი უჩენდა. არც ისე შესამჩნევი იყო ეს ცვლილება, მაგრამ ლიკა მთელი არსებით, კანით, თმით, სულით და ხორცით გრძნობდა ამას ყრუ ტკივილად, რომელიც თანაბარი სიმწვავით ახსენებდა თავს – არც ძლიერდებოდა და არც უყუჩდებოდა. სტკიოდა სულ, როგორც ცუდად ნამკურნალევი შაკიკი...

ლიკას ფანჯარასთან მისული მამაკაცი მაშინვე არ დაუნახავს. სადღაც შორიდან ჩასწვდა მისი ხმა და თავი ასწია. სწორედ ამ დროს, მამაკაცი მისკენ შებრუნდა და მეგობრულად დაუქნია ხელი, არც გულითადი ღიმილი დანანებია. ლიკას უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა. ანდრო უცნაურ ემოციას იწვევდა მასში – შიშს, მიახლოებული საფრთხის განცდას...

– მომემსახურებით, მშვენიერო ქალბატონო, თუ სოფოსთან ჩავდგე გრძელ, მოსაწყენ რიგში? ჰო, მართლა, გამარჯობა!

– გამარჯობა. რით შემიძლია გემსახუროთ? კრედიტი თქვენ არ გექნებათ. თუ ანგარიშზე გნებავთ თანხის ჩარიცხვა, ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის.

– განვადება მაქვს გადასახდელი, – ანდრომ გაიცინა, – ერთ არსებას რაღაც ვუყიდე და მოვიფიქრე, როგორ გამეკეთებინა ისე, რომ თვეში ერთხელ მაინც მქონოდა მასთან შეხვედრის აუცილებლობა.

ლიკას მზერაში ცნობისმოყვარეობამ იელვა. ანდრომ ზურგსუკან დამალული ხელი გამოსწია და ლიკამ პატარა, მაგრამ ულამაზესი, იშვიათი ჯიშის ყვავილებით აწყობილი თაიგული დაინახა. შეუძლებელი იყო, არ აღფრთოვანებულიყავი ამ მშვენიერებით. ლიკამ შეკრული წარბი გახსნა.

– რა თქმა უნდა, შემეძლო, ერთბაშად მიმეცა მთელი ფული, მაგრამ მაშინ შენი მომაჯადოებელი ღიმილის ნახვის სიამოვნებას მოვიკლებდი. ახლა კი, ოთხი თვის განმავლობაში, სრულიად კანონიერად მოვიპოვე აქ მოსვლის უფლება. ახლა უკვე კლიენტი ვარ და ვეღარ გამაგდებ.

– პირველად ვხედავ განვადებით ნაყიდ თაიგულს, – გულწრფელად გამოხატა ემოცია ლიკამ.

– ჰო?! მე შემიძლია, კიდევ ბევრი რამე განახო „პირველად“, მაგრამ მხოლოდ შენი სურვილის შემდეგ, – გათამამდა კაცი. ლიკამაც მაშინვე „გააძლიერა“ წუთით შესუსტებული თავდაცვა.

– თქვენი პირადობა მომეცით, თუ შეიძლება.

– ინებე. ახლა ჩემი ასაკიც ზუსტად იცი...

ლიკამ არ უპასუხა. მოგონილი სიმშვიდით აკეთებდა თავის საქმეს, თუმცა, მოვლილი თითები შესამჩნევად უთრთოდა, – თაიგული მაინც გამოართვა. – წარმოიდგინე, რამდენი ვეხვეწე საყვავილის მეპატრონეს, რომ განვადებით მოეცა. სულ ერთი წუთით მაინც რომ წარმოიდგინო მისი სახე, აუცილებლად გამხიარულდები. ფანტაზიის, წარმოსახვის უნარი ხომ გაქვს?

ლიკა ბევრს ეცადა, სერიოზული გამომეტყველება შეენარჩუნებინა, მაგრამ არ გამოუვიდა, ტუჩებს თავი ვეღარ მოუყარა და ხმამაღლა გაიცინა.

– ესეც, ასე... მშვენიერი მადლობაა. მეტი არც არაფერი მინდოდა... შეხვედრამდე, ერთი თვის შემდეგ!

ლიკამ ადროვა, სანამ კაცი შენობიდან გავიდოდა და სოფოს მიუბრუნდა:

– ეს ნორმალურია? შენს მეგობარზე გეკითხები.

სოფომ გადაიკისკისა.

– გააჩნია, ნორმალურს რას ეძახი. თუ შენთვის ლაშა ნორმალურია, მაშინ ანდრო არანორმალურად უნდა მიიჩნიო.

– ვერაფერი შედარება გამოგივიდა, – ეწყინა ლიკას, – რა შუაშია ლაშა?

– იმ შუაშია, რომ შენი ქმარი ვერასდროს მოიფიქრებდა თაიგულის განვადებით ყიდვას... კიდევ სხვა ბევრ რამესაც ვერ მოიფიქრებდა. იმიტომ არ გეუბნები ამას, რომ გეწყინოს და გაიბუტო. უბრალოდ, ანდრო მართლა მაგარი ტიპია და, კიდევ, იცოდე, რომ ყველას ასე არ ჰყვება თან.

– მართლა? ანუ, ამით იმის თქმა გინდა, ბედნიერი უნდა ვიყო, რომ პატივი დამდო და შემამჩნია? სოფო, მე მისი რევერანსები, მისი რომანტიზმი და „მაგარი ტიპობა“ არ მაინტერესებს. სულ ეს არის.

სოფომ ეჭვით გადააქნია თავი.

– რა, არ გჯერა?

– სიტყვების მჯერა, როგორ არა, მაგრამ, თვალები გიციმციმებს ძალიან საეჭვოდ. რა ვქნა, ხომ არ მოგატყუებ... და, სხვათა შორის, უკვე რამდენიმე დღეა, პირველად დავინახე შენს მზერაში ასეთი ნაპერწკალი.

– გეყოფა. უბრალოდ, თაიგული მომეწონა ძალიან. მართლა ლამაზია, ვერ უარვყოფ.

– შენ, ალბათ, ვერც წარმოიდგენ მაგის ფასს.

ლიკამ მხრები აიჩეჩა:

– მაქსიმუმ, ასი დოლარი ეღირება.

– რას ამბობ! მანდ სამი ისეთი ყვავილია, თითო ღირს ასი დოლარი. ჩემო კარგო, ანდრო ის კაცი არ არის, უბრალო ყვავილებით მოიწონოს თავი ქალთან, რომლითაც დაინტერესებულია.

– „დაინტერესებულია“!.. – გაიმეორა ლიკამ ტუჩაბზუებით, – საინტერესოც ვყოფილვარ. მაგრამ, მე ძველი ყაიდის ადამიანი ვარ და გაცილებით უკეთ მესმის სიტყვა „შეყვარებული“!

– ჰოდა, მაგ სიტყვას შენი ძვირფასი ქმარი გეტყვის, – დასცინა სოფომ, – ჰო, მართლა, ისევ მუშაობს ღამის მორიგედ?

– მუშაობს. კვირაში ორჯერ მიდის, მაგრამ, უკვე მეორე დღეა, გვიან ბრუნდება.

– ბევრს უხდიან?

– რა ვიცი, საშუალოდ. ყოველ შემთხვევაში, შემოსავალი იმაზე გაცილებით მეტი გვაქვს, ვიდრე აქამდე გვქონდა.

– დარწმუნებული ხარ, რომ ფულს მართლა მორიგეობაში უხდიან? ღამის დარაჯად მუშაობა ასეთი შემოსავლიანია? არ ვიცოდი, არ ვიცოდი...

– ღამის დარაჯი რა შუაშია, – ეწყინა ლიკას ქმრის ასეთი დაკნინება, – ლაშა გამომცემლობაში მორიგეობს. იქ წიგნებს, გაზეთებსა და ასეთ რამეებს ბეჭდავენ. ზოგჯერ საქმე ღამითაც აქვთ. ვიღაც ხომ უნდა იყოს იქ. თუმცა, რატომ გიხსნი, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ამას...

– არაფერი. მნიშვნელობა შენთვის უნდა ჰქონდეს და, ვატყობ, აქვს კიდეც. შესამჩნევად იძაბები და ნერვიულობ, როცა ლაშას ვახსენებთ. ეჭვიანობ – არ გჯერა, რომ ფულს მართლა მორიგეობაში უხდიან.

– რატომ არ უნდა მჯეროდეს?

– ეგ უკვე შენ უნდა იცოდე. ლაშა შენი ქმარია და არა ჩემი. ანდრო კი საშინლად ჯიუტია, ასე ადვილად არ მოგეშვება.

– ეს უკვე მისი პრობლემაა, – ჩაილაპარაკა ლიკამ და რატომღაც თაიგულს გახედა.

ვახომ ხელები მოიფშვნიტა და ლაშას ფეხდაფეხ შეჰყვა სააბაზანოში.

– აბა, როგორ არის საქმე?

– ცუდად. საშინლად მეძინა.

– მაგას არ გეკითხები. არის „საჩუქარი“?

– არა! არადა, მგონი, ლიკასთან სერიოზული საუბარი არ ამცდება. დივანი სახლში უნდა დავაბრუნოთ.

***

არავინ დაგარწმუნოთ იმაში, რომ ყოველთვის მხოლოდ საკუთარი გონებისა და გულის კარნახით მოქმედებს და სხვათა აზრს ყურადღებას არ აქცევს. სიტყვები, ფრაზები, შენიშვნები თუ მოსაზრებები შეუცნობლად მაინც ილექება ჩვენს გონებაში და ემოციებზეც ახდენს გავლენას, ესეც – ქვეცნობიერის წყალობით. ლიკამ ჯიუტად გადაწყვიტა, „გაეტარებინა“ სოფოს ნათქვამი, მაგრამ ადამიანები ხომ „გამტარები“ არ ვართ. არც გამჭვირვალეები, რომ ყველაფერი ისე ჩანდეს, როგორც ხელისგულზე. ამიტომ, საღამომდე დარჩენილ დროში გაღიზიანება სიბრაზეში გადაუვიდა და სახლში ქმარზე გვარიანად გაცეცხლებული დაბრუნდა. საკუთარ თავს ეუბნებოდა, დავსვამ და ვაიძულებ, ყველაფერი გულახდილად მითხრასო. მაგრამ, შედგა თუ არა ფეხი ზღურბლზე, ისეთი რაღაც დაინახა, სოფოც მაშინვე გადაავიწყდა და მისი სიტყვებით გამოწვეული ეჭვებიც: ლაშა, ვახო და ჭუჭყიან, ალაგ-ალაგ დახეულ სამოსში გამოწყობილი კიდევ ვიღაც ორი ტიპი, გამწარებით ექაჩებოდნენ და ლოჯისკენ მიათრევდნენ დივანს, რომელიც ორიოდე კვირის წინ ლიკამ დიდი ზარზეიმით „გააცილა“ სახლიდან. რამდენიმე წუთით გაშეშებული იდგა, ბოლოს ძლივს ამოღერღა:

– ეს რა ხდება, ლაშა, რას აკეთებ? გაგიჟდი თუ რაშია საქმე? საიდან მოათრიე ეს დივანი და რატომ?

– უკან დაგვიბრუნეს, საყვარელო... უკან... – შიშით წარმოთქვა ლაშამ და ვახოს შეუმჩნევლად მიარტყა ფეხი.

– რა?! – ლიკას ლამის მუხლი მოეკვეთა... – ესე იგი, ფულიც დასაბრუნებელი გვაქვს? ღმერთო, შევიშლები!

ლაშამ ცოლის წამოჭარხლებულ სახეზე მოსალოდნელი ჭექა-ქუხილის საშიშროება შენიშნა და სწრაფად გაუშვა დივანს ხელი. მთელი სიმძიმე ვახოს დააწვა და დაიბღავლა:

– რას აკეთებ, ტო, გავისრისე!..

– ამას აქ რა უნდა? ლაშა, ახლავე ამიხსენი, რა ხდება! – ისტერიკულად იკივლა ლიკამ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3