როგორ იქცა შური და ბოღმა 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის მიზეზად
19 წლის გოგა გაგნიძემ თანაკლასელის ქორწილში უცნობი თანატოლი მოკლა. ფაქტი, რომ მკვლელობა ნამდვილად გაგნიძემ ჩაიდინა, სასამართლოზე უტყუარად დადასტურდა. ყველაზე მეტად თვალშისაცემი კი მკვლელობის მოტივია – თანატოლის წარმატებებმა მკვლელი იმდენად გააღიზიანა, რომ საცეკვაო ხანჯლით მოკლა. მიუხედავად იმისა, რომ გაგნიძემ მკვლელობა არ აღიარა, სასამართლომ მას 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, გარდაცვლილის მხარე სასჯელს არასაკმარისად მიიჩნევს და განაჩენის გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციებში აპირებს. ისინი გაგნიძისთვის 27-წლიან პატიმრობას ითხოვენ.
მკვლელობა, რომელიც 16 დეკემბერს მოხდა, კლასიკური მაგალითია მოზარდთა მშობლების დაუდევრობისა, კერძოდ, როდესაც უფროსები წარუმატებელი ახალგაზრდების თანდასწრებით წარმატებულებს ქება-დიდებას ასხამენ. როგორც ჩანს, სწორედ ამ გარემოებამ იმოქმედა გაგნიძის თავმოყვარეობაზე. საქმიდან ჩანს, რომ 19 წლის გაგნიძე ერთი წლით უფროს გოჩა ღონღაძეზე მხოლოდ იმიტომ დაიბოღმა, რომ მისი თანაკლასელის დედამ აწ გარდაცვლილზე აღნიშნა: ასაკის მიუხედავად, გოჩა უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებაა, ასეთ წესიერ შვილს ყველა მშობელი ისურვებდაო. თუმცა, პარალელურად არსებობს ოფიციალური ვერსია, რომ მკვლელობის მოტივი უმნიშვნელო მიზეზები – სიგარეტი და განსხვავებული სასმისი გახდა.
აწ გარდაცვლილი გოჩა ღონღაძე წარმოშობით ახალქალაქიდან იყო. გაჭირვებულ ოჯახში დაბადებულ-გაზრდილმა ბიჭმა სწავლა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში განაგრძო და იმის გამო, რომ ინგლისურს თავისუფლად ფლობდა, პარალელურად მუშაობა უცხოურ კომპანიაში დაიწყო, სადაც მაღალი ანაზღაურება ჰქონდა. თბილისში გოჩა ბიძაშვილთან, ლევან ღონღაძესთან ერთად ცხოვრობდა, უფრო ზუსტად, ბიძაშვილებს მშობლებმა ბინა საზიაროდ უგირავეს. ორივე ბიძაშვილს მეზობლებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, განსაკუთრებით კი გოგოლაძეებთან მეგობრობდნენ, რადგან თითქმის მათი ასაკის შვილები ჰყავდათ. საუბედუროდ, გოჩა ღონღაძე სწორედ ამ ოჯახში მოსულმა სტუმარმა მოკლა...
შემთხვევის დღეს, 16 დეკემბერს, გოჩას ბიძაშვილი, ლევან ღონღაძე, მივლინებაში იმყოფებოდა. ნაგირავებ ბინაში მხოლოდ გოჩა იყო. ვინაიდან მათ მეზობლად მცხოვრებმა გოგოლაძეების ვაჟმა ცოლი მოიყვანა, ნიშნობის აღსანიშნავად იმ დღეს სუფრას აწყობდნენ. როგორც თანატოლი, წვეულებაზე გოჩაც დაპატიჟეს. იმ დილით აწ გარდაცვლილი ერთ-ერთ მეგობართან წავიდა – მას მართვის მოწმობის აღება სურდა და ვინაიდან ინტერნეტი არ ჰქონდა, მასთან მეცადინეობა გადაწყვიტა.
დათქმულ დროს, წვეულების გამო გოჩა სახლში დაბრუნდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და გოგოლაძეებთან მყოფ სტუმრებს შეუერთდა. ქორწილში გოგოლაძეების ვაჟს მეგობრები და თანაკლასელები ჰყავდა დაპატიჟებული. მათ შორის იყო გოგა გაგნიძე, რომლის აგრესიულობამ ყველას ყურადღება თავიდანვე მიიპყრო, რის გამოც, სუფრასთან, მის მახლობლად მსხდომები სხვა ადგილას გადასხდნენ, ანუ, გაგნიძის გვერდით რამდენიმე ადგილი გათავისუფლდა. ამიტომ, სტუმრად მისული გოჩა ღონღაძე სწორედ მის გვერდით აღმოჩნდა.
შემოსწრებულ ბიჭს გაგნიძე ჯერ იმის გამო აუხირდა, რატომ დაიგვიანეო. შემდეგ კი ჩხუბი დაუწყო, რომ ნეფე-დედოფლის სადღეგრძელო განსხვავებული სასმისით არ დალია. ღონღაძე მიხვდა, რომ ბიჭი გაღიზიანებული იყო და მისი შენიშვნა მიიღო, განსხვავებული სასმისი შეავსებინა და ახლად შეუღლებულები ადღეგრძელა. ამის მიუხედავად, გაგნიძე არ ჩერდებოდა და ღონღაძეს გაუთავებლად ესროდა გამომწვევ რეპლიკებს, დასცინოდა, ყველა შენს პრესტიჟულ სამსახურზე ლაპარაკობს, დიდი ხელფასი გქონია, მაგრამ, მაინც სოფლელი ხარ, ქორწილში ჯინსებით მოხვედიო.
საქმეში მასპინძელი ჩაერია: შვილის მეგობარს შენიშვნა მისცა და უთხრა, რომ გოჩა არაჩვეულებრივი და მისაბაძი ბიჭია, მისი (გაგნიძის) და მისი მეგობრებისგან განსხვავებით, დროს მხოლოდ ბირჟაზე დგომაში არ ფლანგავდა და ყველას სთხოვა მისთვის თავი დაენებებინათ. როგორც ჩანს გოჩას ასეთმა დახასიათებამ 19 წლის უსაქმური ახალგაზრდები ძალიან გააღიზიანა, რადგან, წარმოსადეგი გარეგნობის გარდა, გოჩა მათგან წესიერებითაც გამოირჩეოდა.
რაღაც ეტაპზე მკვლელი დაწყნარდა, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ მოისვენა: გარკვეული დროის შემდეგ მან გოჩა ღონღაძეს სიგარეტი მოსთხოვა. გოჩამ გაღიზიანებულ ახალგაზრდას ხუთი ღერი მიაწოდა, მაგრამ, რატომღაც, გაგნიძე კიდევ უფრო გაღიზიანდა – მერე რა, რომ სიგარეტი არა მაქვს, ხვალ მე სიგარეტიც მექნება და მანქანაცო. ვინაიდან ღონღაძე მიხვდა, რაც აწუხებდა თანატოლს, შეურაცხყოფილად რომ არ ეგრძნო თავი, ხუმრობით უპასუხა: ეჭვი არ მეპარება, რომ ასე იქნება და, როცა გექნება სიგარეტი, ბლოკით დამიბრუნეო. თუმცა, ამ სიტყვებზე გაგნიძე საერთოდ გადაირია, უკვე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დედა შეაგინა. ოჯახის უფროსი კვლავ ჩაერია მათ ჩხუბში და შვილის მეგობარს ამაოდ სთხოვდა, დაწყნარებულიყო. თუმცა, სიტუაცია ისევ ღონღაძემ განმუხტა – ოჯახის წევრებს დაემშვიდობა, ბოდიშის მოხდით იქაურობა დატოვა და სახლში წავიდა.
ამის მიუხედავად, გაგნიძე მაინც არ დაწყნარდა და ოჯახის უფროსი იძულებული გახდა, შვილის მეგობრები სახლიდან დაეთხოვა. მართლაც, დაახლოებით, ღამის 2 საათზე, მეგობრებთან ერთად, გაგნიძე ქუჩაში გავიდა, მაგრამ, ვინაიდან გაიგო, რომ ღონღაძე იქვე ცხოვრობდა, მისი სახლის ქვეშ, მისი მისამართით, გინება და ყვირილი დაიწყო – ლაჩარი ხარ და ამიტომ გაიპარე სუფრიდანო.
ხმაურზე მექორწილეები ისევ გარეთ გამოვიდნენ, მაგრამ ვერ გააჩერეს. გაგნიძე ირწმუნებოდა, რომ ღონღაძისთვის ერთი სიტყვა უნდა ეთქვა და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდოდა. ვინაიდან არ გაჩერდა, ღონღაძე, რომელმაც მისი სიტყვები გაიგონა, სახლიდან გარეთ გამოვიდა, მაგრამ მისი დანახვისთანავე გაგნიძემ საცემრად გაიწია, რაზეც ღონღაძემაც დარტყმით უპასუხა. იქ მყოფებმა მოჩხუბრები გააშველეს, ოჯახის უფროსმა კი მის მეგობრებს სთხოვა, როგორმე სახლში წაეყვანათ, მაგრამ, რაღაც წამებში, გაგნიძე მეგობრებს დაუსხლტა და გოჩა ღონღაძეს სუფრიდან მოპარული საცეკვაო ხანჯალი დაარტყა. გოჩა ღონღაძე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა...
რაც შეეხება გაგნიძეს, მას შემდეგ, რაც თანატოლი დაჭრა, მეგობრებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მართალია, ის ყველაზე ახლოს ცხოვრობდა, მაგრამ სახლში არ მისულა. შემოვლითი და მიუვალი გზებით ისიც და მისი მეგობრებიც საერთო მეგობართან, ზურა კერვალიშვილთან მივიდნენ, რადგან იცოდნენ, რომ მისი მშობლები სახლში არ იყვნენ. სწორედ ამ სახლში მოხდა მკვლელობის კვალის დაფარვა: ისე, რომ კერვალიშვილისთვის არაფერი უთქვამთ, სიბნელეში გაგნიძე ეზოში მდებარე წყლის ონკანთან მივიდა, სისხლი ჩამოიბანა და ოთახში ისე შევიდა. მან იქვე დამალა მკვლელობის იარაღი – ხანჯალი და გასისხლიანებული ქუდიც...
არც გამოძიებაში და არც სასამართლოზე 19 წლის გაგნიძემ მკვლელობა არ აღიარა. თუმცა, რაც იმ ღამეს მოხდა, მოწმეებმა, კერძოდ, გოგოლაძეებმა დაადასტურეს. ოჯახის უფროსმა განაცხადა, რომ სუფრაზე გაგნიძემ ჩხუბი ჯერ განსხვავებული სასმისის, შემდეგ კი სიგარეტის გამო დაიწყო. მისივე განმარტებით, შვილს თავიდანვე სთხოვა, რომ გაგნიძის დაპატიჟებისგან თავი შეეკავებინა, რადგან ისედაც აგრესიული ახალგაზრდა დალევისას კიდევ უფრო აუტანელი ხდებოდა. საქმე ისაა, რომ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, გაგნიძე ცოლს გაეყარა. გოგონას მშობლებმა სამი თვის გათხოვილი შვილი გაგნიძის უსაქმურობისა და მისი აუტანელი ხასიათის გამო წაიყვანეს: „მხოლოდ გაგნიძე ჩხუბობდა. ის ურტყამდა და ხელს ჰკრავდა აწ გარდაცვლილს, მაგრამ, ისევე, როგორც სუფრაზე, ამ შემთხვევაშიც მას გოჩა გაეცალა. თუმცა, ორი-სამი ნაბიჯის გავლის შემდეგ წაიქცა და სისხლი დავუნახე, ამ სიტუაციაში მისი მოკვლა მხოლოდ გაგნიძეს შეეძლო, რადგან გოჩას სხვა არავინ შეხებია”, – განაცხადა მოწმემ, რომლის ჩვენებაც მისი შვილის მეგობრის ჩვენებით საბოლოოდ დადასტურდა: „ვიღაცის ხმა გავიგონე – მიწაზე აგდია დაჭრილიო. შემდეგ გაგნიძემ თქვა – მორჩა ყველაფერი, ხანჯალი დავარტყიო“.
19 წლის პატიმრისთვის, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში ედებოდა (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი), პროკურორი და გარდაცვლილის ადვოკატი სასჯელის მაქსიმუმს ითხოვდნენ. მათი აზრით, მკვლელს არასრულფასოვნების კომპლექსი ჰქონდა, მას თანატოლის წარმატება აღიზიანებდა – ღონღაძე სწავლობდა, კარგი სამსახური ჰქონდა, მისთვის კი ეს ყველაფერი მიუღწეველი იყო და სწორედ ამიტომ გააღიზიანა ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტმა, იმან რომ გოჩას სიგარეტი ჰქონდა, მას კი არა... მოწმეთა ჩვენებითაც ირკვევა, რომ ქუჩაში კონფლიქტისას, ვიდრე ის ღონღაძეს დაჭრიდა, ყვიროდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება დაენგრა, მამაცი თვითონ იყო, ანუ, ბრალდებული მიუთითებდა, რომ მკვლელობის მიზეზი შური და ბოღმა იყო, რასაც თან ერთვოდა მისი სიმთვრალე. რეალურად, მან მკვლელობა ყოველგვარი სერიოზული მიზეზის გარეშე ჩაიდინა, რასაც არ აღიარებდა. მეტიც, დაპატიმრების მიუხედავად, სინანულს არ გრძნობდა, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ირონიით უყურებდა და ემუქრებოდა. სასამართლომ გოგა გაგნიძეს 12 წელი მიუსაჯა, მაგრამ გარდაცვლილის მხარე აღშფოთებულია. გარდა სასჯელისა, ისინი აპროტესტებენ, რომ პროკურატურამ საქმე არ აღძრა გაგნიძის მეგობრებზე. მათი აზრით, დანაშაულის კვალის დაფარვაში გაგნიძეს სწორედ ისინი დაეხმარნენ.