რა გრანდიოზული აფერა განახორციელა „ენკავედემ“ მეორე მსოფლიო ომის წინ სტალინის ბრძანებით
ესპანური ოქრო
მეორე მსოფლიო ომის წინ, სტალინის ბრძანებით, ესპანეთიდან ქვეყნის ოქროს მარაგის 80 პროცენტი საბჭოთა კავშირში ჩამოიტანეს, რომელიც არასოდეს დაუბრუნებიათ უკან. ამ უდიდეს თაღლითობაში, რომელიც საბჭოთა უშიშროებამ განახორციელა, ვინმე პაბლო დიასიც მონაწილეობდა. დიასი რესპუბლიკური ესპანეთის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო. ის მოსკოვში უნდა ჩაჰყოლოდა ოქროს და მისი ადგილსამყოფელი ოფიციალურ საბუთებში დაეფიქსირებინა. თუმცა, დიასი და 5 ტონა ოქრო, რომელიც 500 ცალი 10-10-კილოგრამიანი ზოდებისგან შედგებოდა, ბარსელონის პორტიდან გაქრა... მართალია, 5 ტონა ოქრო ზღვაში წვეთი იყო ესპანური ოქროს მარაგიდან, მაგრამ დიასზე ძებნა გამოცხადდა. თუმცა, მის კვალს ვერსად მიაგნეს და არც გატაცებული ზოდები აღმოუჩენიათ სადმე. მოსკოვში ჩასული დიასის 5 კოლეგა „ჩეკისტებმა“ კვალის მოსპობის მიზნით ლუბიანკაზე დახვრიტეს.
ამ ამბიდან თითქმის 35 წლის შემდეგ, ანუ სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, მექსიკაში მომუშავე ერთ-ერთმა საბჭოთა არალეგალმა მზვერავმა მოსკოვს შეატყობინა, რომ ქალაქ კარტახენის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში გატაცებული 5 ტონა ოქროს კვალი აღმოჩნდა. აგენტს ეკლესიის ბიბლიოთეკაში პადრე ხუანის დაშიფრული ჩანაწერები გაუშიფრავს და შეუტყვია, რომ ხუანი სინამდვილეში პაბლო დიასი იყო, ხოლო ეკლესიის 3-ტონიანი ზარი და 2-ტონიანი ჯვარცმა, რომელიც ტაძრის ფასადზე იყო მიკრული, გატაცებული ოქროსგან იყო დამზადებული. პადრედ გადაქცეული დიასი 10 წლის გარდაცვლილი იყო და ეკლესიის ეზოში ესვენა საპატიო საფლავში.
ლუბიანკაზე ოქროს დასაბრუნებელი სპეცოპერაცია შეიმუშავეს, რომელსაც მაიორი ლევან თოფურიძე ხელმძღვანელობდა და საბჭოთა სპეცაგენტთა ოცკაციანი სპეცდანაყოფი მექსიკაში გადაისროლეს. ისინი ქალაქ კარტახენაში კათოლიკური აღდგომის დღესასწაულამდე ერთი თვით ადრე ჩავიდნენ და ქალაქის სასტუმროებში დაბინავდნენ. ლევან თოფურიძემ კი, რომელიც კომერსანტ რამინ ალვარესის საბუთებით მოქმედებდა, ეკლესიიდან 100 მეტრის მოშორებით უზარმაზარი საწყობი იქირავა, სადაც სამშენებლო მასალას ინახავდა. იქვე ოქროს სადნობი და ზოდების ჩამოსასხმელი დაზგა დაამონტაჟეს, რომელიც ოსტატურად იყო შენიღბული. თოფურიძეს 8 სატვირთო მანქანაც ჰქონდა ნაქირავები, რომლებსაც მუშებად შენიღბული საბჭოთა სპეცაგენტები მართავდნენ და სამშენებლო მასალას ეზიდებოდნენ.
კათოლიკური აღდგომის ღამეს ტაძარში რამდენიმე ათასი ადამიანი იყო და გამთენიისას, როდესაც საზეიმო ლიტურგია დასრულდა და მრევლმა დაშლა დაიწყო, ეკლესიის წინ მდებარე უნიკალური ისტორიული თეატრის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ირგვლივ ისეთი ბოლი დადგა, ადამიანები ერთმანეთს ვერ ხედავდნენ. თუმცა, ეკლესიის მრევლს ამან ცეცხლის ჩაქრობაში ხელი ვერ შეუშალა. ისინი ენერგიულად შეუდგნენ საქმეს. ორი ათას ადამიანს ცეცხლის ჩასაქრობად სულ რაღაც 30 წუთი დასჭირდა და კვამლი რომ გაიფანტა, აღმოჩნდა, რომ ეკლესიის ზარი და ჯვარცმა სადღაც გამქრალიყო.
შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ ირგვლივ ყველაფერი გაჩხრიკა და თოფურიძის საწყობიც დაათვალიერა, თუმცა გატაცებული ჯვარცმა და ზარი ვერსად აღმოაჩინა. ისინი კი უკვე გადამდნარი და ზოდებად ქცეული სპეციალურ ყუთებში ელაგა და იმავე საღამოს ჯერ კუბის გზას გაუყენეს გემით, შემდეგ კი მოსკოვში ჩაიტანეს და სახელმწიფო ბანკის საცავებში დაუდეს ბინა.
ესპანური ოქროს დაბრუნებისთვის, ლევან თოფურიძეს პოდპოლკოვნიკის წოდება და წითელი ვარსკვლავის ორდენი მიანიჭეს.
P. S. ესპანური ოქროს დაბრუნების ისტორიას გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში ჰქონდა გაგრძელება. კონკრეტულად კი, ეკლესიას, საიდანაც „ჩეკისტებმა“ ოქროს ზარი და ჯვარცმა გაიტაცეს, ეგრეთ წოდებულ „მამაც ბერთა“ საიდუმლო საძმო მართავდა. ამ საძმოს წევრებს, საკმაოდ ფართო კავშირები ჰქონდათ მთელ მსოფლიოში. ისინი თავიანთი გატაცებული რელიკვიების კვალს დაადგნენ, ყველაფერი გულდასმით გამოიძიეს და ლევან თოფურიძეს მიაგნეს, რომელსაც იმ პერიოდში უკვე პოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა და საიდუმლო დივერსიული განყოფილების უფროსი იყო. „მამაც ბერთა“ მიერ მიგზავნილი ოთხი მკვლელი ქართველ „ჩეკისტს“ მისივე სახლის სადარბაზოსთან ჩაუსაფრდა და მოკვლა დაუპირეს, თუმცა თოფურიძის ხელქვეითებმა ისინი ჯერ გაანეიტრალეს, შემდეგ კი ლუბიანკაზე გადაიყვანეს, მათგან ყველა ინფორმაცია გამოწურეს და ყოველგვარი ხმაურის გარეშე გააქრეს.