კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიხსნა ავტოავარიის შედეგად სამი კანონიერი ქურდის მკვლელობის საქმე


დიდი სისწრაფით მიმავალი „პობედა“ რიკულებიანი ხიდის თავში მოსრიალდა, ჯებირი გაარღვია და მდინარე იაუზაში ჩავარდა. ავტომობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საკურიერო განყოფილებას ეკუთვნოდა და მას გამოუცდელი ახალგაზრდა მართავდა, რომელსაც სულ რაღაც სამი თვის წინ ჰქონდა აღებული მართვის მოწმობა. მძღოლი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა – წყალში ჩავარდნამდე ის ღია მანქანიდან გადმოვარდა და ქვაფენილზე გაგორდა.

ოციოდე წუთში შემთხვევის ადგილზე ამწე და მყვინთავთა ბრიგადა მივიდა – საკურიერო „პობედა“ საიდუმლო დოკუმენტებით იყო სავსე და მაშველთა ასეთი ოპერატიულობა ამით იყო გამოწვეული. მდინარე იაუზა იმ ადგილას განსაკუთრებით ღრმა იყო და სამმა მყვინთავმა რის ვაი-ვაგლახით შეძლო ტალახში ჩაფლული მანქანისთვის ტროსის შებმა.

– ამხანაგო მაიორო, ლაფში ადამიანის ცხედარი დავინახე ჩაფლული, ნება მიბოძეთ, ამოვიტანო! – მოახსენა მაშველთა უფროსს ერთ-ერთმა მყვინთავმა და, მას შემდეგ, რაც თანხმობა მიიღო, იაუზის ტალახიანი ფსკერიდან ადამიანის ნახვერად გახრწნილი სხეული ამოიტანა.

მაშველებმა „მურის“ მორიგე ოპერჯგუფი გამოიძახეს და გვამის ვიზუალური დათვალიერების შემდეგ უცნობი მამაკაცის გვამი მოსკოვის მეორე პროზექტურაში გადაასვენეს ექსპერტიზის ჩასატარებლად.

დაკარგული „ოქროსკბილა“

იაუზაში აღმოჩენილი გვამის საქმე „მურის“ გამომძიებელს, ვალერი ჩურკინს მიანდეს გამოსაძიებლად. მაიორი ჩურკინი ჩახლართული საქმეების გახსნის სპეციალისტად ითვლებოდა. ის არც საკუთარ თავს ზოგავდა მუშაობისას და არც სხვებს.

– ვალერი სერგეევიჩ, – უთხრა ჩურკინს პათანატომმა, რომელიც იაუზაში აღმოჩენილ გვამს იკვლევდა, – წყალში ნაპოვნი მამაკაცი 35-40 წლისაა. ეტყობა, სიცოცხლეში საკმაოდ ჯანიანი იყო, თუმცა მას ტუბერკულოზის საკმაოდ გამწვავებული ფორმა ჰქონდა. ასე რომ, ჩემო კარგო, შენი გვამი, როგორც ჩანს, შავი სამყაროს „ტუზი“ იყო და ის ვიღაცამ თავიდან მოიშორა.

– რა გაძლევს ამის თქმის საფუძველს? – დაინტერესდა მაიორი ჩურკინი.

– ის, რომ მოკლულის ორგანიზმში კალიუმციანიდის დიდი დოზაა აღმოჩენილი, ამიტომ, ვამტკიცებ, რომ ის მოწამლეს. შეხედეთ, რამდენი ტატუ აქვს სხეულზე, მათი უმრავლესობა გახრწნის გამო კარგად არ ჩანს, მაგრამ აი, რა აწერია: „ჟიზნ – ვორამ, სმერტ – ვორონამ“. მთავარი კი ისაა, რომ „ცინგისგან“, სურავანდისგან, სულ ერთიანად გაფუჭებული ჰქონდა კბილების უმრავლესობა და ღრძილები.

– მაგ „ცინგიანს“ ორი უკანა ქვედა კბილი ოქროსი ხომ არ აქვს? – ჰკითხა ჩურკინმა პათანატომს, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ თავისი ამომწურავი ინფორმაციით მაიორს განაცვიფრებდა, თუმცა თავადვე განცვიფრდა.

– დიახ, მაგრამ, თქვენ რა იცით?

– აღწერილობა-დახასიათებით ვიცანი, – გაეცინა მაიორს, – ეგ 38 წლის, ხუთჯერ ნასამართლევი კანონიერი ქურდია, მეტსახელად „ოქროსკბილა“, იგივე ანზორ ბედიაშვილი. თბილისელია. შავ სამყაროში დიდი გავლენით სარგებლობდა და ამ სამი თვის წინათ კომის ავტონომიური ოლქის ერთ-ერთი მკაცრი რეჟიმის საპყრობილიდან გაიქცა. სხვათა შორის, მის მეუღლეს კარგად ვიცნობ. ოქროსკბილას ერთ-ერთ საქმეს მე ვიძიებდი ამ ექვსი წლის წინ და ამის გამო თბილისში ჩასვლა და მის ოჯახში მისვლა მომიწია. სწორედ მაშინ გავიცანი ქეთო სამადაშვილი. ის მოსკოვში უნდა გამოვიძახო ქმრის ცხედრის ამოსაცნობად.

უცნაური შემთხვევა

ოქროსკბილას მეუღლე მეორე დღესვე ჩაფრინდა მოსკოვში და აეროპორტში მას მაიორი ჩურკინი დახვდა. ისინი ჯერ სასტუმროში წავიდნენ, სადაც ქეთო სამადაშვილი დაბინავდა, შემდეგ კი – პროზექტურაში.

– დიახ, ნამდვილად ანზორია, – თქვა ქალმა და ატირდა.

– საბუთებთან დაკავშირებული ფორმალობის შემდეგ, ჩურკინი და ქეთო „მურში“ დაბრუნდნენ, რათა მაიორს ქალი დაეკითხა.

– რაც ანზორი ზონიდან გაიქცა, მას შემდეგ თუ შეხვდით მას? ქეთევან, ანზორს უკვე ვეღარ გააცოცხლებთ, მაგრამ, ხომ გინდათ, რომ მისი მკვლელი ან მკვლელები დაისაჯონ? გთხოვთ, ნურაფერს დამიმალავთ! – უთხრა მაიორმა ქალს.

– გაქცევიდან მეხუთე დღეს ანზორი უკვე თბილისში იყო და ეს ერთ-ერთი თავისი კაცის მეშვეობით შემატყობინა. მან იცოდა, რომ ჩვენს სახლთან ჩასაფრება იქნებოდა მოწყობილი, ამიტომ ის სახლში არ მოსულა და თავისთან დამიბარა. მე ფრთხილად გავედი სახლიდან და ანზორს შევხვდი. ჩვენ ორი დღე ვიყავით ერთად და ამის შემდეგ ის თბილისიდან წავიდა.

– არ უთქვამს, სად მიდიოდა?

– არც თვითონ უთქვამს და არც მე მიკითხავს. მას არ უყვარდა, როდესაც რამეს ვეკითხებოდი.

– უცნაურად არ მოგეჩვენათ ის, რომ ანზორს სულ რაღაც რვა თვე ჰქონდა დარჩენილი, ის კი გაიქცა?

– სწორედ ეგ ვკითხე. მან კი იხუმრა, შენზე ვეჭვიანობდი და გამოვიქეციო.

– იქნებ, რამე გაიხსენოთ მისი საქციელიდან ან საუბრიდან. ჩვენ ჯერჯერობით ხელჩასაჭიდი არაფერი გვაქვს და ნებისმიერი წვრილმანიც კი საინტერესოა.

– არ მგონია, მაიორო. მე და ანზორი იმ ორი დღის განმავლობაში, ფაქტობრივად, საწოლიდან არ ავმდგარვართ და სასიყვარულო სიტყვების მეტი არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის. გამომშვიდობების წინ კი მითხრა, სულ მალე დედოფალივით გაცხოვრებო. მე მისი სიტყვებისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, რადგან ის ყოველთვის ასე მეუბნებოდა. თუმცა, რასაც შოულობდა, დიდ ნაწილს თავის მეგობრებს უგზავნიდა ციხე-კოლონიებში. წარმოდგენაც არ მაქვს, ვის უნდა გაემეტებინა.

– ამ საქმეში ორ უცნაურობას ვხედავ, – თქვა ჩურკინმა, – პირველი ის, რომ ანზორი გათავისუფლებამდე რვა თვით ადრე გაიქცა, მეორე კი ის, რომ ის მოწამლეს. ჩვენი ოპერატიული მონაცემებით, ანზორს შავ სამყაროში მტერი არ ჰყავდა და წარმოდგენა არ მაქვს, ვის უნდა მოეწამლა.



– მაიორო, ამ ორი კვირის წინ, ცოტა არ იყოს, ბოროტი ხუმრობა მომიწყო ვიღაცამ, რაც ახლა საკმაოდ უცნაურად მეჩვენება. უკვე ბინდდებოდა, როდესაც ჩემს ბინაში ტელეფონმა დარეკა და როცა ყურმილი ავიღე, მამაკაცის ბოხმა ხმამ იკითხა:

– ქეთო სამადაშვილი ხართ?

– დიახ, მე ვარ, – ვუთხარი მე.

– მე მცხეთის მილიციის განყოფილების უფროსი გამომძიებელი ვარ. თქვენი მეუღლე ამ დილას დავაპატიმრეთ და, სანამ ციხეში დავაბრუნებთ, შეგიძლიათ, ინახულოთ. ოღონდ, თან რვაასი მანეთი იქონიეთ.

– ხუთასზე მეტი არ მაქვს, – ვუთხარი მე. ერთი სიტყვით, ტაქსით მცხეთაში წავედი. იქ კი მილიციელებმა აბუჩად ამიგდეს და უკან კუდამოძუებული დავბრუნდი. მაშინ ვიფიქრე, რომ ეს ოინი მილიციამ მომიწყო გასამწარებლად. ახლა კი სხვაგვარად ვფიქრობ. ჩემი აზრით, ვიღაცამ შეგნებულად გამიტყუა ბინიდან, რათა შიგ შესულიყო, მაგრამ, ვინ და რატომ – არ ვიცი.

– ქეთევან, თქვენს ბინაში ანზორს სამალავი ხომ არ ჰქონდა?

– წარმოდგენა არ მაქვს. ყოველ შემთხვევაში, მე არაფერი ვიცი.

„ბასილას“ ნაამბობი

ჩურკინმა ქეთო მისი სახლის საგულდაგულოდ დათვალიერებაზე დაითანხმა და იმავე დღეს მასთან ერთად თბილისში გადმოფრინდა.

– თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს ბინაში სამალავია და ანზორის მკვლელობის გასაღები იქაა, – უთხრა მაიორმა ქეთოს.

ჩურკინმა ქეთოს ბინის დათვალიერება შუაღამისას დაიწყო, ღამის 3 საათზე კი მან ფანჯრის რაფის ქვეშ საკმაოდ ოსტატურად მოწყობილი სამალავი აღმოაჩინა, თუმცა ის ცარიელი იყო.

– როგორც ეტყობა, დავაგვიანეთ და რაც შიგნით იყო, უკვე წაიღეს, მაგრამ ვინ? ქეთევან, იქნებ, ჯერ კიდევ არაა გვიან და ანზორის მკვლელობის ძაფი ჯერ არ გაგვიშვია ხელიდან? ინტუიცია მკარნახობს, რომ იმ პიროვნებამ, ვისთანაც ანზორი თბილისში იმალებოდა, რაღაც იცის და, თუ მის ვინაობას გამიმხელთ, მაშინ, შეიძლება, მკვლელს ჯერ კიდევ მივაკვლიოთ.

ქეთო წამოწითლდა, კოპები შეიკრა და თქვა:

– არა, მაიორო, ყოვლად უდანაშაულო კაცს შარში ვერ გავხვევ. ვისთანაც ანზორი იმალებოდა, არაფერ შუაშია და არც მგონია, რომ რამე იცოდეს. ასე რომ, მისი ნახვა თქვენ არაფერს გარგებთ, მას კი, შეიძლება, პრობლემები შეექმნას.

– თუ არაფერი დაუშავებია, მაშინ, რა პრობლემები უნდა შეექმნას?

– გაქცეული პატიმრის დამალვა დანაშაული არ არის? რა გარანტია მაქვს, რომ მას ამ ბრალდებას არ წაუყენებთ?

– პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ იმ კაცს ხელს არ ვახლებ და მასთან გასაუბრების შემდეგ თბილისიდან გავემგზავრები. საუბარი კი აქ, არაოფიციალურ გარემოში მოვაწყოთ.

ქეთომ ცოტაოდენი იყოყმანა და სახლიდან გავიდა. ერთი საათის შემდეგ კი, ყოფილი ქურდის – „ბასილას“ თანხლებით დაბრუნდა, რომელთანაც ანზორი იმალებოდა თბილისში ყოფნის დროს.

– ეს საუბარი ჩვენში დარჩება, – შეჰპირდა მაიორი ბასილას, – მხოლოდ ის მითხარით მიუტანეთ თუ არა ანზორს რამე ამ სამალავიდან მაშინ, როდესაც ის თქვენთან იმალებოდა?

ბასილამ გააბოლა და თქვა:

– ანზორმა მე სამალავიდან ტყავის საფულის მიტანა მთხოვა. იმ საფულეში „მერკურის“ ფირმის სეიფის გასაღები იყო. „მერკურის“ ფირმის სეიფები ერთ-ერთი ყველაზე საიმედოა და განსაკუთრებული კომბინაცია აქვთ. თორმეტნიშნა კოდის გარდა, თუ გასაღების დატრიალების თანმიმდევრობა არ იცით, სეიფი იბლოკება.

– ეგ გასაგებია, – გაეცინა მაიორ ჩურკინს, რომელმაც ბასილას გარეშეც კარგად იცოდა „მერკურის“ სეიფების სტრუქტურა, – თქვენ ის მითხარით, რისთვის სჭირდებოდა ანზორს ამ სეიფის გასაღები, ან ის სეიფი სადაა და რა დევს შიგ?

– სანამ ანზორს დაიჭერდნენ, მან, ლიონია „კოსოიმ“ და „სტეფანიჩმა“ ვიღაც მდიდარი ებრაელის „ბაითი“ „დაბომბეს“. როგორც ვიცი, იქიდან დიდძალი მაყუთი და ძვირფასეულობა წაიღეს. მაყუთი თანაბრად გაიყვეს, ძვირფასეულობა კი „მერკურის“ ფირმის სეიფში შეინახეს, რომელიც მოსკოვში, ერთ-ერთი ძველი უბნის ბინაში იყო. მოკლედ, მათ მოილაპარაკეს, რომ ერთმანეთის გარეშე ის სეიფი არ გაეხსნათ და, რომელიმე მათგანს რომ არ ეღალატა და მთელი „კუში“ არ წაეღო, იმ უზარმაზარი საიდუმლო სეიფის კოდი კოსოიმ დააყენა, გასაღების გადატრიალების თანმიმდევრობა – სტეფანიჩმა, ხოლო გასაღები ანზორს ჩააბარეს და მან ის სამალავში შეინახა. ამგვარად, სანამ სამივე ერთად არ შეიკრიბებოდნენ, სეიფს ვერავინ გახსნიდა, ავტოგენით კი მისი გაჭრა ან გატეხვა თითქმის შეუძლებელი იყო.

– ნამდვილი კინოსავითაა, – გაეცინა მაიორს, მაგრამ შემდეგ ღიმილი ტუჩებზე შეაშრა და კოპები შეიკრა, – კოსოი ხომ ამ სამი თვის წინ მოკლეს საკუთარ სახლში?

– ჰოდა, სწორედ ამიტომ გაიქცა ანზორი ციხიდან. სტეფანიჩი და ანზორი მეზობელ ბანაკებში ისხდნენ და ის ანზორზე ორი კვირით ადრე გაიქცა. მას შეეშინდა, რომ სტეფანიჩი ქეთოს დაუშავებდა რამეს, გასაღებს იპოვიდა და მთელ „კუშს“ თვითონ აიღებდა. ამიტომ, გადაწყვიტა, მისთვის დაესწრო და გასაღები წაეღო.

– სტეფანიჩი, სტეფანიჩი, ეს დამპალი! – თქვა ჩურკინმა, – ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის თავის „პაძელნიკებს“ წილს უტეხავდა. სასწრაფოდ მოსაძებნი და დასაპატიმრებელია.

ქურდი ქალები

მოსკოვში დაბრუნებულმა ჩურკინმა საგანგებო თათბირი ჩაატარა და ოპერებს სტეპანიჩის ძებნა დაავალა, თავად კი კრიმინალისტებთან ერთად სამი თვის წინ მოკლული კოსოის ბინაში მივიდა, რომელიც მილიციის მიერ იყო საგანგებოდ დალუქული.

– ვალერი სერგეევიჩ, – უთხრა მაიორს ერთ-ერთმა ექსპერტმა, რომელიც ბინაში შესვლამდე ლუქს ამოწმებდა, – ლუქი თავიდანაა დაწებებული, მანამდე ის ვიღაცას აუძვრია.

– საკეტიც ნაწვალებია, – თქვა მეორე ექსპერტმა, – როგორც ეტყობა, ჩვენს მოსვლამდე ამ ბინაში უკვე იყვნენ სტუმრები.

კოსოის ბინაში შესულმა „მურის“ ოპერჯგუფმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს იქაურობა და უზარმაზარი კედლის კარადის მიღმა „მერკურის“ სეიფი აღმოაჩინეს.

სეიფის გახსნა მხოლოდ ბინაში სპეციალურად გამოძახებულმა ხელოსანმა მოახერხა, რომელსაც ამ საქმისთვის საათ-ნახევარი დასჭირდა.

– ესეც ასე, – თქვა ჩურკინმა, როდესაც ცარიელ სეიფში შეიხედა, – სტეფანიჩმა მაინც თავისი გააკეთა და სეიფიდან ყველას წილი გაიტაცა.

„მურელების“ თავდაუზოგავი მუშაობის მიუხედავად, სტეფანიჩის ცოცხლად პოვნა ვერ მოხერხდა. ის მყინთავებმა ოთხი დღის შემდეგ ზუსტად იმავე ადგილზე აღმოაჩინეს, სადაც ადრე ოქროსკბილას გახრწნილი სხეული იპოვეს.

ამჯერად ხიდიდან იაუზაში სამხედრო „ურალი“ ჩავარდა და მისი ამოღების დროს მყვინთავებმა ტალახიდან სტეფანიჩის გვამიც ამოაყოლეს. ისიც, ისევე, როგორც ოქროსკბილა, კალიუმციანიდით იყო მოწამლული.

– ოჰო?! – თქვა ჩურკინმა, – როდესაც პათანატომის დასკვნას გაეცნო, – როგორც ეტყობა, ამ საქმეში მთავარი სულ სხვა ვინმეა და ჩვენი ამოცანა რთულდება.

„მურელების“ ძალისხმევის მიუხედავად, ვეღარაფერი დადგინდა და გამოძიება ჩიხში შევიდა.

ეს საქმე მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ გაიხსნა, თანაც, მას შემდეგ, რაც „მურმა“ ვინმე ინა სალნიკოვა დააპატიმრა. მას ნესტორ სიგუტკინის მკვლელობაში ედებოდა ბრალი და პირველივე დაკითხვაზე აღიარებითი ჩვენება მისცა გამომძიებელს.

როგორც გაირკვა, სალნიკოვა ლესბოსელი იყო და სიგუტკინი მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ მის სექსუალურ პარტნიორს, ნონა სამსონოვას, მასთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა.

– ბინძური ღორი! – ამბობდა სალნიკოვა, – ნონას გამო მე ორი მამაკაცი მოვკალი, მან კი სიგუტკინთან მიღალატა!

სიგუტკინი დანით იყო მოკლული და მილიციამ ძალიან მალე გახსნა ეს საქმე.

როგორც გაირკვა, ნონა სამსონოვა ერთდროულად სტეფანიჩის საყვარელიც იყო და ინასიც. ლესბოსელმა საყვარლებმა ჯერ ანზორი მოკლეს სტეფანიჩის დავალებით და იაუზაში გადააგდეს, მოგვიანებით კი, თავად სტეფანიჩიც გაუყენეს საიქიოს გზას. კოსოის ბინიდან წამოღებული ძვირფასეულობა კი გადამალეს.

ლესბოსელ ქურდ ქალებს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს და ისინი ბუტირკის ციხეში დახვრიტეს.


скачать dle 11.3