როგორ რეაგირებს ადამიანის სხეული წინათგრძნობების შემოტევების დროს და შესაძლებელია თუ არა ლეთარგიული ძილის შემდეგ სხვისი აზრების ამოკითხვა
სამყაროში ბევრი ფაქტი თუ მოვლენა ამოუცნობი რჩება. მათზე აქტიურად მუშაობენ მეცნიერები, მაგრამ ბევრი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. როგორც ბატონი გიორგი ამბობს, ის გამორჩეული ადამიანია და ეს მას ბავშვობიდან შეამჩნიეს გარშემო მყოფებმა. მისი ნათქვამიდან გამომდინარე, თურმე საიქიოშიც „იმოგზაურა“, ფიქრების ამოკითხვაც შეუძლია და წინასწარ გრძნობს მომავალში მოსახდენ ფაქტებს. გამოგიტყდებით და, ბატონი გიორგი, მართლაც საინტერესო და გამორჩეული რესპონდენტი აღმოჩნდა.
გიორგი: ფაქტია, ჩემი გამორჩეული ნიჭი, გარშემო მყოფების გაოცებას იწვევს. ეს უნარი, ბავშვობიდან შემამჩნიეს მშობლებმა. სულ რაღაც ხუთი წლის ასაკში, იმქვეყნად ვიმოგზაურე და სწორედ ამის შემდეგ დამეწყო უცნაური ხედვა და მოვლენების წინასწარ ამოცნობის ნიჭიც შევიძინე.
– თქვენი იმქვეყნად მოგზაურობა როგორ მოხდა?
– გავცივდი, მაღალი სიცხე მომცა, ჯერ ამაკანკალა და შემდეგ გავითიშე. მთელი ორი დღე უგონოდ ვიყავი და სწორედ მაშინ ვიხილე იმქვეყნიური სილამაზე. ვერ წარმოიდგენთ როგორი სიმშვიდე და ჰარმონია, როგორი ფერთა გამა და სამყაროა იმქვეყნად. მართალია, ჩემი ახლობლები გადავრიე შიშით, მაგრამ თვალი რომ გავახილე, მივხვდი, სულ სხვა ადამიანი ვიყავი, თითქოს მეორედ დავიბადე. წარმოიდგინეთ, ამას ბავშვი აღვიქვამდი. სწორედ იმ დღიდან დაიწყო ჩემი უცნაური ნიჭის გამოღვიძება და დღეს შემიძლია, ადამიანის ფიქრიც ამოვიკითხო, მომავალი ფაქტებიც წინასწარ განვჭვრიტო და შესაძლო საფრთხეებზეც გავაკეთო უტყუარი პროგნოზი. ამას წინათ, სასეირნოდ ვიყავი სკვერში, ბევრი ვიარე, დავიღალე და სკამზე ჩამოვჯექი. ჩემს წინ, საშუალო ასაკის ქალბატონი იჯდა. არ მინდოდა, მაგრამ ზუსტად ამოვიკითხე მისი აზრები და ვუთხარი, ნუ ნერვიულობთ ქალბატონო, თქვენი მეუღლე კარგად იქნება, საფრთხე არ ემუქრება, დაავადება საშიში არ არის-მეთქი. გადაირია, საიდან იცით რას ვფიქრობ, მიცნობთო? (იცინის) ვუპასუხე, არ გიცნობთ, მაგრამ ვიცი, რაც გაწუხებთ და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, საშიში არაფერია-მეთქი. გამომკითხა ყველაფერი. გავიგე, თურმე მისი მეუღლე ავარიაში მოყოლილა, მძიმე ტრავმები ჰქონია და ექიმებს ეშინოდათ, ინვალიდი არ დარჩენილიყო. ჩემი უცნაური ნიჭის ამბავი რომ გავუმხილე, გვერდით მომიჯდა და ჩამეძია. ბოლოს, წამოსვლა რომ დავაპირე, დიდი მადლობები მიხადა. ამას წინათ შემხვდა შემთხვევით ქუჩაში და გახარებულმა მითხრა, თქვენი ნათქვამი ახდა, საშიში მართლა არაფერი ყოფილა, წამოდგა და თავისი ფეხით დადის ჩემი მეუღლე, არადა ამის მინიმალური შანსი იყოო. დამიჯერეთ, ყველა ამბობდა, ამ ბავშვს უცნაური, დაჟინებული გამოხედვა აქვსო და მე ამაზე მეცინებოდა.
– რატომ იცინოდით?
– იმიტომ ვიცინოდი, რომ სანამ ამას იტყოდნენ, ჯერ დაფიქრდებოდნენ – ვთქვათ თუ არაო. მე კიდევ ზუსტად ვიცოდი, რასაც იტყოდნენ და რასაც ფიქრობდნენ ჩემზე. ჩემი თანატოლებისგანაც აშკარად გამოვირჩეოდი. იმათ გააზრებულიც რომ არ ჰქონდათ, წინასწარ ვიცოდი, რას იტყოდნენ და მოიმოქმედებდნენ. ხანდახან, დავჯდებოდი მარტო და ვფიქრობდი იმქვეყნიურ სამოთხეზე. ბევრჯერ მინატრია, ნეტავ, ახლა ისევ იქ დამაბრუნა-მეთქი. მაგრამ, ახლა ვხვდები, ასეთ რამეზე არ უნდა მეფიქრა. ყველა ადამიანს ჩვენი დრო და მისია გვაქვს ამქვეყნად. დღეს თუ ხვალ, ყველა იმქვეყნად წავალთ და იმ სასწაულის ხილვას მაინც ვერ ავცდებით, რაც მე ბავშვობაში ვიხილე. ბევრი ამბობს, ასეთი ამბების არ გვჯერა და მას თავად ადამიანები იგონებენ, მათი ფანტაზიის ნაყოფიაო. დამიჯერეთ, ცდებიან. არსებობს კანონზომიერებები, რომლებიც მატერიალურს ცდება და მას არ ემორჩილება. ამდენად, გასათვალისწინებელია ყველაფერი, რასაც მისტიკას და პარაფსიქოლოგიურ მოვლენებს უწოდებენ. კლინიკური სიკვდილი არის სასწაული, რომელიც ადამიანს იმ რეალობაზე მიანიშნებს, რაც მიღმა სამყაროში ნამდვილად არსებობს.
– ამბობენ, კლინიკური სიკვდილი, ანუ ლეთარგიული ძილი და იმქვეყნიურ სამყაროში დროებით მოხვედრა, მხოლოდ რჩეულთა ხვედრიაო.
– მართალია, კლინიკური სიკვდილის შემთხვევა, ალბათ, რჩეულთა ხვედრია, რადგან ადამიანები ამ დროს არამიწიერ მშვენიერებას და გარდაცვლილ ახლობლებს ხედავენ და არც უკან დაბრუნება სურთ. ზოგადად კი, როცა კლინიკური სიკვდილი ზებუნებრივ შესაძლებლობებს იძენს, ჯერ კიდევ კვლევის საგანია და ამ საკითხზე მეცნიერების დისკუსიები დიდხანს გრძელდება. ამიტომ, არ მიკვირს, ზოგს რომ არ სჯერა მსგავსი ფაქტების და ჩემი მონაყოლიც ღიმილს ჰგვრით. მართალია, ეს რთული გასაგები და აღსაქმელია, მაგრამ ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე. ამიტომაც ვაძლევ თავს უფლებას, ასე ხმამაღლა და თამამად დავაფიქსირო მსგავს მოვლენებზე საკუთარი აზრი. ფაქტია, ტელეპათიური ნიჭი გამაჩნია და ამით ბევრი გამიოცებია. მაგრამ, აქვე გეტყვით, რომ წინათგრძნობა მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანს აქვს განვითარებული. ზოგი ამას მეტად აქცევს ყურადღებას, ზოგიც – ნაკლებად. ადამიანების უმრავლესობას კი წინათგრძნობა სიზმარში აქვს, რადგან ტვინში არსებობს ისეთი უჯრედები, რომლებიც მხოლოდ ღამით, ადამიანის ძილის დროს აქტიურდება. ამ უჯრედებამდე კი ინფორმაცია სხვა არხებიდან, კერძოდ, ასტრალური სფეროდან მოდის. ასტრალური სფერო დროის ფაქტორს აბსოლუტურად გამორიცხავს. ანუ, ის ერთნაირად მოიცავს წარსულს, აწმყოს და მომავალს. ადამიანის ტვინი ღამით სწორედ ასტრალიდან მომავალ ინფორმაციას იღებს. ამიტომ, როცა სიზმრით ან სხვა ფორმით რამე ინფორმაციას იღებთ, ის მომავალში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
– ესე იგი, ადამიანი წინათგრძნობას მომავალი ფაქტების შესახებ მხოლოდ ღამით იღებს ასტრალური სფეროდან?
– არა, რატომ? არის შემთხვევები, როცა რაღაც მოვლენის შესახებ წინათგრძნობას ეუფლება უნებური მოქმედებით, მაგალითად, მოუსვენრობით, ჯანმრთელობის ან გუნება-განწყობის გაუარესებით, უეცარი და უმიზეზო ტირილის სურვილით და ასე შემდეგ. მაგალითად, თუ უეცრად გული აგიჩქარდათ, ამ დროს ქვეცნობიერი რაღაც უსიამოვნო ინფორმაციაზე მიგანიშნებთ. გეტყვით რომ, ადამიანის ქცევასა თუ მდგომარეობაში გარკვეული ცვლილებების მიზეზი, სწორედაც ქვეცნობიერია. წინათგრძნობა კი, არა მარტო ცუდის, არამედ კარგი ამბისაც აქვს ადამიანს და ამის არ უნდა შეგეშინდეთ.
– ბატონო გიორგი, გამიგია, თითქოს ადამიანს ნიჭი გენეტიკურად დაჰყვება და პარაფსიქოლოგიური უნარიც მუცლადყოფნის დროს, ჩანასახშივე იწყებს განვითარებასო. თუ არის ეს რეალური და რას გვეტყვით ამაზე?
– ამ საკითხით მე დიდი ხანია, დავინტერესდი და უტყუარი ინფორმაციაც მოვიპოვე. კერძოდ, ადამიანის სულის სრულყოფილებისკენ სწრაფვა, ჩანასახიდანვე იწყება და დამოკიდებულია მშობლების გენეტიკური კოდის ურთიერთშერწყმასა და მათი ბიოენერგეტიკული ძალების ურთიერთშეთავსებაზე. ადამიანთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ნიჭიერება მემკვიდრეობით გადადის წინაპრიდან შთამომავალზე, მაგრამ ეს ასე არ არის. სხვათა შორის, გეტყვით იმასაც, რომ ადამიანის სულის სრულყოფისთვის დედამიწაზე მხოლოდ ერთი სიცოცხლე არ არის საკმარისი. ადამიანის სული დედამიწაზე რამდენჯერმე მეორდება და განაგრძობს ცხოვრებას. სულსა და ხორცს შორის ბრძოლა მიწიერ ცხოვრებაში ხდება. მიწიერი ცდუნებების დასათრგუნავად, პრობლემებთან და წინააღმდეგობებთან ბრძოლის დროს იწრთობა და განიწმინდება ადამიანის სული. ამისთვის კი, ერთი სიცოცხლე, ნამდვილად, არ კმარა. ეზოთერიკულ ცნობებში წერია, რომ ადამიანის ხელახალი განსხეულების შეხედულებათა მიხედვით, ადამიანის სული რამდენჯერმე იბადება ამქვეყნად, ოღონდ არა ერთ, არამედ სხვადასხვა სხეულში. ყოველი ახალი მოსვლის დროს ის უშვებს შეცდომებს, აგროვებს გამოცდილებას, ემატება ჭკუა, უკეთესად შეუძლია ამოიცნოს კეთილისა თუ ბოროტის მსურველი გარშემო მყოფებს შორის – ვინ როგორი განწყობით და ზრახვით არის მის მიმართ და ასე შემდეგ. ასე რომ, სულში დაგროვილი და დალექილი გამოცდილება თანდაყოლილი ნიჭის საფუძველი ხდება. გარდაცვალების შემდეგ, ის კვლავ სული ხდება და ხელახლა გადის მსგავს გამოცდილებას, შემდეგ კვლავ იბადება და ბრუნდება დედამიწაზე. ის სხვა ადამიანის სხეულში მოსვლის დროს, ამ ადამიანს აძლევს შანსს, სწორედ იმ სფეროში იყოს ნიჭიერი და წარმატებული, რომელშიც წინა ცხოვრებაში ჰქონდა დაგროვილი მეტი გამოცდილება.
– ამ დროს შესაძლებელია, წარსულ ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვებიც გახდეს ადამიანის გაუბედურების მიზეზი?
– რასაკვირველია. წარსული ცოდვებისა თუ დანაშაულის სიმძიმეს ადამიანის ფსიქიკა ვერ უძლებს. ამიტომ, ახალ სიცოცხლეში ჩასახლებული სული გვაძლევს არა მარტო კონკრეტულ ინფორმაციას, არამედ წარსულ ცხოვრებაში შეჯამებულ შედეგებს, მაგალითად, მიდრეკილებას, ნიჭსა და ტალანტს. რეინკარნაცია უკვე დამტკიცებული მოვლენაა პარაფსიქოლოგების, ეზოთერიკოსებისა და მეცნიერების მიერ და ის რეალურად შესაძლებელია ამ სამყაროში.