სან-ფრანცისკოში „ალკოჰოლის ჩემპიონატი“ გაიმართა
ლაშა გაბელია
მსოფლიოში საუკეთესო არაყი – სულაც არ ყოფილა არც რუსული და არც პოლონური წარმოების. პირველი ადგილი მაგარი სასმელების საერთაშორისო კონკურსზე ინგლისში, ჰერეფორდშირის საგრაფოში წარმოებულმა არაყმა „ჩეიზმა“ დაიკავა. ჩემპიონატზე მან 249 კონკურენტი სასმელი ჩამოიტოვა.
30 მსაჯ-დეგუსტატორთა შორის უმრავლესობამ, რომლებიც ბრმად სინჯავდნენ პროდუქციის ნიმუშებს, სწორედ არაყი „ჩეიზი“ აირჩია. გიგანტ მწარმოებელთაგან განსხვავებით, მას ფერმაში ამზადებენ – კარტოფილისგან. კარტოფილი იქვე, ფერმაში მოჰყავთ. დავარგებულ ბოლქვებს აგროვებენ, უმატებენ წყალს, ახდენენ ფერმენტაციას, ხოლო შემდეგ ხდიან და ბოთლებში ასხამენ. ყველაფერ ამას კი ერთ ადგილას, ყოველგვარი რთული მოწყობილობების გარეშე, ხელით აკეთებენ.
არაყი „ჩეიზი“ 2008 წელს გამოჩნდა. მისი „მშობელი“ კარტოფილის ფერმის მფლობელი უილიამ ჩეიზია, რომელმაც ადრე ჩიპსების საწარმო დააარსა. ორი წლის წინათ ჩეიზმა თავისი ჩიპსების საწარმო გაყიდა, მაგრამ მოიწყინა... სწორედ მაშინ გაუჩნდა არყის გამოხდის იდეა. ახლა ის კვირაში ათას ბოთლს უშვებს, ეს ზღვაში წვეთია მსოფლიოში ცნობილ არყის ბრენდებთან შედარებით, მაგრამ ჩეიზი არყის წარმოების გაზრდას გეგმავს ორჯერ, შეიძლება, სამჯერაც, რადგან უკანასკნელ ხანს, კალიფორნიის ჩემპიონატში გამარჯვების შედეგად, შეკვეთების რაოდენობა ამერიკიდან ძალზე გაიზარდა და იმედოვნებს, რომ მას ევროპელებიც მოიწონებენ.