როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
მირზაშვილი
მირზაშვილების წინაპრები იყვნენ როსტომ მეფის მწერალნი და აღალასანი. მათ 1655 წელს მიიღეს აზნაურობა და მირზაანიდან დარჩნენ მირზაშვილებად.
„მირზაანნი, იგივე მირზაშვილები და მათნი შთამომავალნი და ესენიც, მოსახლეობენ ქართლში და იყვნენ მეფეთაგან აზნაურად მიღებულნი და ტრაქტატსა შინაცა მოხსენიებულნი“, იოანე ბაგრატიონი, „შემოკლებული აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა“ (1977 წელი).
გვარის ფუძეა მამაკაცის სახელი მირზა, რომელიც ნასესხებია უცხოეთიდან. სახელი მირზა მომდინარეობს არაბულ-სპარსული სიტყვისგან – „ამირზადე“ – „ამირის შვილი“, მისი თავ-ბოლოს მოკვეცით კი მიღებულია „მირზა“, რომელიც გვხვდება, როგორც ტიტულად, ისე საკუთარ სახელად. მირზა იგივეა, რაც „უფლისწული“, „ბატონიშვილი“.
„მირზაშვილები, ფრეზეთში მცხოვრებნი, შედიოდნენ წილკნის სამწყსოში. თუ სახლის უფროსები ან მათნი მეუღლენი გარდაიცვლებოდნენ, წილკნის საყდრისთვის უნდა მიერთმიათ: კაცზე – მთელი ნიშანი, შეკაზმული ცხენი, ორი გადასახურავი, სუფრის იარაღი და ათასი; ქალზე – საწითავი ნიშანი, კაბა, სარტყელი, ღილი, ბეჭედი, თავსაბურავი, ორი გადასახურავი“ (1669 წელი).
„მირზაშვილი ლისში მცხოვრები აზნაური, ბარათაშვილების გაყრის დროს ერგო ერთ წილად გერმანოზსა და მის ძმებს“ (1523 წელი).
„მირზაშვილი ჭრელა, სამეფო კარის მწიგნობარი, დამწერი ალექსანდრე მეფის მიერ თავისი დის, ქეთევანისთვის მიცემული აკურის მონასტრის წინამძღვრობის წყალობის წიგნისა“ (1497 წელი).
საქართველოში 544 მირზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 260, გარდაბანში – 67, გორში – 62. არიან სხვაგანაც.
პაპიაშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი პაპია, წარმოქმნილი სიტყვიდან პაპა, ანუ მამის მამა, ბერძნულად – მღვდელს ნიშნავს.
ფუძით პაპა ბევრი გვარია ნაწარმოები, მაგალითად: პაპავა, პაპავაძე, პაპალაშვილი, პაპასკირი, პაპასკუა, პაპასქირი, პაპასქუა, პაპაშვილი, პაპაჩაშვილი, პაპელაშვილი, პაპელიშვილი, პაპიანი, პაპიაშვილი, პაპინაშვილი, პაპიტაშვილი, პაპიშვილი, პაპიძე, პაპკიაური, პაპოშვილი, პაპუაშვილი, პაპუკაშვილი, პაპუკიშვილი, პაპულაშვილი, პაპუნაიშვილი, პაპუნაშვილი, პაპუნიძე, პაპუჩეიშვილი.
პაპიაშვილი წარმოშობილია როგორც დამოუკიდებლად, ისე შტო-გვარებიდან.
„პაპია მამასახლისი, მოწმე მიწის ნასყიდობის წიგნისა“ (1687 წელი).
პაპიაშვილი არის მესხეთ-ჯავახეთის თავადაზნაურული საგვარეულო გოგიბაშვილ-შანშიაშვილთა შტო-გვარი.
„პაპიაშვილი ბეგია, მთავარანგელოზს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა“ (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი).
პაპიაშვილები არიან ებრაელებიც.
1995 წელს მიღებული ვაუჩერების მიხედვით, დაფიქსირებულია 2 512 პაპიაშვილი: თბილისში – 974, მცხეთაში – 192, დუშეთში – 151. არიან სხვაგანაც.
ქაცარიძე-ქაცარავა
გვარის ფუძეა ქაცარი. ქაცარი მეგრულად იგივეა, რაც თიკანი.
სამეგრელოში გვხვდება გვარი ქაცარავა.
მეთექვსმეტე საუკუნის დამლევს ხონის საყვირის მებეგრე ქრისტეშია ქაცარავა და ხუცესი ქაცარავა ხონში დასახლებულან.
მეთვრამეტე საუკუნის საბუთებში გვხვდება გიორგი (ხუცესი) ქაცარავა.
საქართველოში 260 ქაცარავა ცხოვრობს: თბილისში – 129, ხობში – 33, ბათუმში – 25. არიან სხვაგანაც.
80 ქაცარიძე: თბილისში – 19, ზესტაფონში – 54, ქუთაისში – 3. არიან სხვაგანაც.
ღვინიაშვილი
ვაზთან და მასთან დაკავშირებული აქსესუარებიდან, სულ ცოტა, 115 გვარია მიღებული. მეცნიერებმა ცალკე გამოყვეს ფუძე ღვი//ღუი. ისტორიულ წყაროებში დაფიქსირებულია ღვინაური. „ვახუშტი აბაშიძემ ღვინაური მამული შესწირა კაცხის მონასტერს“ (1550-1570 წელი).
„ღვინიაშვილი ზაქროს მიწა ერთ-ერთი საზღვარი იყო შალვა სააკაძის მიერ ფაცია მოშიაშვილისთვის მიყიდული მიწისა“ (მეჩვიდმეტე საუკუნე).
ქართველურ საკუთარ სახელებში დაფიქსირებულია მამაკაცის საკუთარი სახელი ღვინია. „ღვინია, რუისს მოსახლე, მისი ძმა გიორგი და შვილები, დომენტი კათოლიკოსს მიჰყიდეს“ (1662 წელი).
ღვინიანიძეები და ღვინიაშვილები მოიხსენიებიან კავთისხევში, აბულაში, ბერშოთში, ვეძისხევში, კლდეისში, ძოსტობში; იყვნენ მამასახლისები ჯიმითში.
ასევე, გვხვდება გვარები: ღვინაძე, ღვინერია, ღვინეფაძე, ღვინია, ღვიანაძე.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარში ღვინიაშვილი 151-ე ადგილზეა.
საქართველოში 3 608 ღვინიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 115, გურჯაანში – 407, ქარელში – 403. არიან სხვაგანაც.
ბაღდასარაშვილი
გვარი ბაღდასარაშვილი განსჯისა და პოლემიკის საგანი გახდა. დღეს ბაღდასარაშვილთა გვარისანი აღარ არიან, არადა, 1886 წლამდე იყო გვარი ბაღდასარაშვილი და არა ბაღდასაროვი.
1960 წლამდე არ არსებობდა გვარი ბაღდასაროვი, საფლავის ქვებზეც კია ზედწარწერები, სადაც მხოლოდ ბაღდასარაშვილები წერია.
ბაღდასარაშვილთა გვარშია ორი კომპონენტი, კერძოდ, ბაღი და სარი. ბაღი შემოკლებული მიწის ნაკვეთია, სადაც საგანგებოდ არის დარგული ხეხილი, სარი კი ვაზის მანაა (ჭიგო).
სოფელ მუხათში სხვებისგან გამორჩეული ბაღ-სარით ცნობილი კომლების წინა გვარი ნონიაშვილი ყოფილა, სოფლად შემორჩენილი მოხუცები მათ დღესაც ნონიათ ეძახიან. ქართველი ნონიაშვილ-ბაღდასარაშვილები დღეს რამდენიმე გვარად დაიშალა.
საქართველოში 662 ბაღდასაროვი, ანუ ბაღდასარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 515, საგარეჯოში – 50, თეთრი წყაროში – 27. არიან სხვაგანაც.
დევლახაშვილი
მცირერიცხოვანი გვარ-სახელია. ის მხოლოდ თეთრი წყაროს რაიონში, სოფელ მუხათში გვხვდება.
1781 წელს მოიხსენიება სახელები: მურადა, ახუა, მონადირევა, დევოლახია.
1817 წელს, კამერალური აღწერის მასალებში ჩნდება გვარები: მურადაშვილი, ახუაშვილი, მონადირაშვილი, მონადირიშვილი.
საქართველოში 27 დევლახაშვილი ცხოვრობს.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით