გაეროს სასურსათო ორგანიზაცია რუსეთს არასანდო პარტნიორად მიიჩნევს
24 სექტემბერს გაეროს სასურსათო და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია მსოფლიო ბაზარზე შექმნილ ხორბლის კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას გამართავს. ეს გადაწყვეტილება გაეროს სასურსათო ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც პრემიერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთიდან ხორბლის ექსპორტი 2011 წლის შემოდგომამდე აიკრძალება. ექსპერტების აზრით, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო, რამაც მთელ მსოფლიოში შეშფოთება გამოიწვია. მოსკოვის გადაწყვეტილების შედეგად, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასმა აიწია და უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია. ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები, რომლებიც რუსული ხორბლის ძირითადი იმპორტიორები არიან, იძულებულნი ხდებიან, უფრო ძვირად შეისყიდონ ხორბალი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთი მსოფლიოში სიდიდით ხორბლის მეოთხე ექსპორტიორია, გამორიცხული არ არის 2007-2008 წლების სასურსათო კრიზისის განმეორება. გარდა ამისა, პუტინის გადაწყვეტილება რუსეთის, როგორც სავაჭრო პარტნიორის, რეპუტაციას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციამ იმპორტიორ ქვეყნებს მოუწოდა, კარგად დაფიქრდნენ, არის თუ არა რუსეთი სანდო პარტნიორი.