„ბურგერ კინგი“ 3,26 მილიარდად გაიყიდა
ამერიკული სწრაფი კვების გლობალური ქსელი, „ბურგერ კინგი“, ბრაზილიურმა საინვესტიციო კომპანია „3-ჯი კეპიტალმა“ 3,26 მილიარდ დოლარად შეისყიდა. აღსანიშნავია, რომ „ბურგერ კინგი“ მსოფლიოში სიდიდით მეორეა ჰამბურგერების ქსელთა შორის, რომელიც პირველობას მხოლოდ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ კომპანიას – „მაკდონალდსს“ უთმობს. „ბურგერ კინგის“ ბრენდით მსოფლიოში 12 ათასამდე კაფე მუშაობს. გლობალურმა ეკონომიკურმა რეცესიამ, რომელმაც ბოლო წლებში მთელი მსოფლიო მოიცვა, არც „ბურგერ კინგს“ დააყარა კარგი დღე, რის გამოც მისი შემოსავლები სერიოზულად შემცირდა. ამიტომაც მიიღეს მისმა მეპატრონეებმა სწრაფი კვების ობიექტების ქსელის გაყიდვის გადაწყვეტილება. 2002 წელს „ბურგერ კინგი“ ჰოლდინგმა შეიძინა, რომლის შემადგენლობაშიც „ტი-პი-ჯი კეპიტალი“, „ბეინ კეპიტალი“ და „გოლდმან საჩი“ შედიოდნენ. ამ ჰოლდინგმა საკუთარი აქციები „უოლ სტრიტზე“ 2006 წელს გამოიტანა გასაყიდად. „ბურგერ კინგის“ აქციების საკონტროლო პაკეტი, როგორც აღვნიშნეთ, „3-ჯი კეპიტალმა“ შეისყიდა, „ტი-პი-ჯი კეპიტალმა“, „ბეინ კეპიტალმა“ და „გოლდმან საჩმა“ კი მისი აქციების მხოლოდ 31 პროცენტი დაიტოვეს. „ბურგერ კინგის“ ახალი მეპატრონე „3-ჯი კეპიტალი“ უმსხვილესი ქსელის აქტივებთან ერთად პასივებსაც მიიღებს, მათ შორის, ვალებსაც, რომლის ოდენობაც 4 მილიარდ დოლარს აღწევს.