გერმანიაში მილიონერთა რაოდენობა სარეკორდოდ იზრდება
2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისით გამოწვეული ვარდნის შემდეგ გერმანიაში მილიონერთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა და სარეკორდო დონეს მიაღწია. გერმანიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მილიონერთა რაოდენობით ამჟამად მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. დღესდღეობით, ევროპის უმდიდრეს სახელმწიფოში 430 ათასამდე მილიონერია. პირველ ადგილზე კი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც მილიონერთა რაოდენობა 4,7 მილიონს აღწევს. ერთ მცხოვრებზე ყველაზე მეტი მილიონერი აზიურ ქალაქ-სახელმწიფოში – სინგაპურშია – ყოველი მეათე მოქალაქე. კვლევის მონაცემებით, მილიონერებს გლობალური ფინანსური კრიზისის დასაძლევად არცთუ დიდი დრო დასჭირდათ და მათ ძალიან დიდი ზიანიც არ მიადგათ. ექსპერტების მონაცემების მიხედვით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ფინანსური კრიზისის შედეგად 140 მილიარდამდე ევრო დაკარგეს, მაგრამ ზარალი რამდენიმე თვეში აინაზღაურეს. 2010 წლის პირველ კვარტალში გერმანელთა ფინანსური დანაზოგების მოცულობამ 4,8 ტრილიონ ევროს მიაღწია, ეს კი სარეკორდო მაჩვენებელია.