რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: იქნებ ამიხსნათ, რას ნიშნავს „ვანუსი“?
პასუხი: ამ სისტემას „ბეემვე“ იყენებს. ეს არის სისტემა, რომელიც გაზის განაწილების ფაზებს ცვლის და, შესაბამისად, ზემოქმედებს ავტომობილის როგორც ეკონომიურობაზე, ისე სიმძლავრის გაზრდასა და შემცირებაზე. უფრო ზუსტად კი, იმ შემთხვევაში, როდესაც გვინდა, გაიზარდოს სიმძლავრე, ჩვენი ძრავას გარკვეული დეტალები ახერხებენ იმას, რომ სარქველები, ეგრეთ წოდებული „კლაპნები“, უფრო ღრმად იხსნება. შესაბამისად, უფრო მეტ ჰაერს ჩაისუნთქავს და ამიტომ მეტ სიმძლავრეს გამოიმუშავებს. დაახლოებით იმავე პრინციპით მუშაობს ეგრეთ წოდებული „ვიტეკის“, „მივეკის“, „ვევეტეელისა“ და სხვა მსგავსი სისტემები. ამ საქმეში პიონერი იყო „ჰონდა“, რომელმაც „ვიტეკის“ ტიპის სისტემა გამოიყენა. როდესაც მან ამ პროექტის პრეზენტაცია მოახდინა, ის იმდენად პრიმიტიულად და მარტივად გამოიყურებოდა, რომ მისი აღიარება არ მოხდა. კომისიამ მიიჩნია, რომ ის არ იმუშავებდა, მაგრამ ეს სისტემა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ოთხმოცდაათიანი წლებიდან დღემდე, ამ სისტემით მილიონობით ავტომობილი დამზადდა და გაუმართაობა მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევაში თუ დაფიქსირდა.
კითხვა: რა ფუნქცია აქვს ავტომობილში ტურბინას და რა განსხვავებაა ტურბინიან და „ტურბოინთერქულერ“ ძრავებს შორის?
პასუხი: ტურბინა არის ძრავაზე დამატებითი მოწყობილობა, რომელიც ძრავადან გამოტყორცნილ გამონაბოლქვს იყენებს იმისთვის, რომ იგი ბრუნვაში მოვიდეს და ამის ხარჯზე ძრავას მაღალი წნევით მიაწოდოს ჰაერის ფილტრიდან გამოსული სუფთა ჰაერი. მაღალი წნევით მიწოდებული ჰაერი კი უფრო მეტ სიმძლავრეს ქმნის და, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძრავა დაბალლიტრაჟიანია, ის უტოლდება შედარებით მაღალლიტრაჟიან ძრავას. სპეციალისტებმა ამის ზუსტი კოეფიციენტი გამოთვალეს. მაგალითად, თუ ძრავა 2 000 კუბური სანტიმეტრის მოცულობისაა, ტურბინის ქონის შემთხვევაში ის 1.7-ზე მრავლდება და, შესაბამისად, 3 400 კუბური სანტიმეტრი მოცულობით აღჭურვილი ძრავას ტოლ სიმძლავრეს გამოიმუშავებს, მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა: ტურბინა ძალიან ხურდება და, ვინაიდან ძრავაში მისაწოდებელმა ჰაერმა ტურბინის გავლით უნდა გაიაროს, ისიც საგრძნობლად ცხელდება. ხოლო, როდესაც ძრავას ცხელი ჰაერი მიეწოდება, ის მიდრეკილია გადახურებისკენ. ასევე, დაბალია ცხელი ნაზავის ფეთქებით მიღებული სიმძლავრე. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო დამატებითი მოწყობილობა, სადაც ჰაერი ძრავაში ჩასვლამდე გარკვეულწილად უნდა გაგრილებულიყო. ამ მოწყობილობას ეწოდება „ინთერქულერი“. ის ძალიან ჰგავს რადიატორს, მაგრამ ოდნავ მცირე ზომისაა.