რომელი დესერტი უნდა მიართვას ჭკვიანმა დიასახლისმა ქმარს მოსარჯულებლად და რისგან დავამზადოთ მსოფლიო კულინარიის შედევრები სახლის პირობებში
ბევრი ადამიანი ცდილობს, მიიღოს კულინარიული შთაბეჭდილება სხვადასხვა ქვეყნის კერძების დაგემოვნებით. როგორც სომელიე, თეიმურაზ ბენიძე ამბობს, ყველაზე დაუვიწყარ და საინტერესო მოგონება სწორედ ადგილობრივი გასტრონომიული სიამოვნებით მიღებული შთაბეჭდილებაა. ასევე, მისივე თქმით, არსებობს კერძების რეცეპტები, რომლებიც დასვენებულმა და შვებულებიდან დაბრუნებულმა უნდა მოამზადოთ, მიირთვათ და ასე გადმოაწყოთ ორგანიზმი სამუშაო გარემოს შესაგუებლად.
თეიმურაზ ბენიძე: კურორტზე დასვენებულმა და შვებულებიდან დაბრუნებულმა, სწორად უნდა შეარჩიოთ საკვები რაციონი და ასე უნდა შეაჩვიოთ კუჭი „მშობლიურ” გარემოს.
– როგორ მოვამზადოთ ასეთი კერძები შვებულებიდან დაბრუნებულებმა?
– სანამ ამ გემრიელი კერძების რეცეპტებს გაგანდობთ, მინდა აღვნიშნო, რომ დასასვენებელი ადგილიდან ჩამოსულმა ადამიანმა, რაღაც პერიოდი, ორგანიზმი მსუბუქი კერძებით უნდა გამოკვებოს. მაგალითად, ასეთია „ტარატორი”, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 150 გრამი კიტრი, 2 კბილი ნიორი, 1/2 ჩაის კოვზი მარილი, 40 მილილიტრი ზეთი, 30 გრამი კამა, კეფირი – 900 მილილიტრი და 40 გრამი ნიგოზი. მსუბუქი, გამაგრილებელი, ბულგარული სუპ-კერძი „ტარატორი” ასე უნდა მოამზადოთ: გაფცქვენით კიტრი და დაჭერით პატარა ნაჭრებად. წვრილად დაჭერით კამა და ნიორი. კეფირი ჩაასხით ქვაბში, ჩაყარეთ მასში დაჭრილი კიტრი, ნიორი, კამა და მარილი. ნიგოზი დაჭყლიტეთ ან „დააბლენდერეთ“. სუპში ჩაამატეთ ნიგოზი და ზეთი. ყველაფერი კარგად ამოურიეთ და შეინახეთ მაცივარში, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ და გემრიელად მიირთვით. სულ ესაა, მას არც გაზთან ტრიალი სჭირდება და არც დროის დანიშვნა ადუღებამდე. „ტარატორი” უბრალო, გემრიელი და ადამიანის ორგანიზმისთვის „მოსარგები” სუპ-კერძია. რადგან უცხოურ სამზარეულოს შევეხე, აქვე მოგახსენებთ უგემრიელესი, ადვილად მოსამზადებელი და ამ სეზონის იტალიური კერძის „პასტა ბოლონეზის” რეცეპტის შესახებ. მისთვის საჭიროა: 30 მილილიტრი ზეითუნის ზეთი, 450 გრამი ძროხისა და ღორის ხორცის ფარში, 1/4 ჩაის კოვზი მარილი, 300 გრამი სპაგეტი, 100 გრამი ყველი, 1 ცალი ხახვი, 5 კბილი ნიორი, 1/2 ჩაის კოვზი შავი პილპილი და 700 გრამი პომიდორი. „პასტა ბოლონეზის” რეცეპტი ძალიან მარტივია. მთავარია, გამოიყენოთ ყველა ის პროდუქტი, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. ამ რეცეპტში შეგიძლიათ, გამოიყენოთ ნებისმიერი მაკარონი ან ტომატ-პასტა. მოკლედ, ის, ასე მზადდება: ხახვი დაჭერით და შუშეთ ზეთში დაახლოებით სამი წუთის განმავლობაში. მას დაამატეთ ფარში და შებრაწეთ სანამ არ გაწითლდება. შემდეგ დაამატეთ დაჭყლეტილი ან დანაყილი ნიორი. სანამ ფარში იწვება, გააკეთეთ პომიდვრის პასტა და ცალკე მოხარშეთ მაკარონი ზეთიან წყალში.
– პასტა როგორ მოვამზადოთ?
– პომიდვრებს გადაასხით ცხელი წყალი და მოაცილეთ კანი. შემდეგ დაჭერით საშუალო ნაჭრებად. ხელით დაჭყლიტეთ და ჩაამატეთ ფარშში. დაამატეთ ამ მასას დაჭრილი, გემოვნებით შერჩეული მწვანილი. ყველაფერი კარგად ამოურიეთ და ადუღეთ დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში. მომზადებულ სოუსში ჩაყარეთ მოხარშული მაკარონი. ამოურიეთ და ხარშეთ რამდენიმე წუთით. „პასტა ბოლონეზიც” მზად არის. ცხლად გაიტანეთ სუფრაზე და გემრიელად მიირთვით.
– გამიგია, ესპანურად მომზადებული ხორცი ტომატის სოუსით, მსოფლიო კულინარიის შედევრებში ლიდერობსო. ეს როგორღა მოვამზადოთ?
– მართალია, ესპანურად მომზადებული ხორცი, მართლაც რომ ლიდერია მსოფლიო კულინარიული შედევრების ნუსხაში. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 800 გრამი ძროხის ხორცის ფილე, 3 თავი ხახვი, 2 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი, 400 გრამი მაიონეზი, 100 გრამი მაგარი ყველი, 250 გრამი მოხარშული ბრინჯი, 1 ჩაის ჭიქა ტომატის სოუსი, დაფქული შავი წიწაკა, კამა და მარილი გემოვნებით. ეს კერძი ასე უნდა მოამზადოთ: დაჭერით ხორცი წვრილ კუბიკებად. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, დაალაგეთ ხორცის ერთი ფენა, მოაყარეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, მარილი, წიწაკა, მოასხით მაიონეზი და შედგით ჰაერღუმელში. როცა შეწითლდება, დაუწიეთ სიმხურვალეს და დაბალ ტემპერატურაზე გააჩერეთ, დაახლოებით, თხუთმეტი წუთით. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს კერძი სუფრაზე უნდა მიიტანოთ იგივე ჭურჭლით, რაშიც მზადდება. მოაყარეთ გახეხილი ყველი. ცალკე მიიტანეთ მწვანილმოყრილი, მოხარშული ბრინჯი ტომატის სოუსით. ტომატის სოუსი კი ამ კერძისთვის ცალკე უნდა მოამზადოთ. მისთვის დაგჭირდებათ: 500 გრამი ხორცის ან თევზის ბულიონი, 50 გრამი სტაფილო, 50 გრამი ხახვი, 500 გრამი ტომატ-პასტა, 25 გრამი ერბო ან მარგარინი, შესანელებლად კი ხმელი სუნელი, 10 გრამი შაქარი, 40 გრამი ოხრახუშის ძირები. წვრილად დაჭრილი ხახვი და ძირები მოშუშეთ ერბოში, ისე რომ ფერი არ შეიცვალოს, დაუმატეთ ტომატი და გააგრძელეთ მოშუშვა კიდევ თხუთმეტი წუთის განმავლობაში. ფქვილი მოხალეთ ისე, რომ ფერი არ შეიცვალოს, შეაგრილეთ, კარგად გახსენით მცირე რაოდენობის ხორცის ან თევზის ბულიონში და შეურიეთ დარჩენილ ბულიონს. მიღებულ თეთრ სოუსს დაუმატეთ ტომატში მოშუშული ბოსტნეული, ხარშეთ ოცი წუთი. შემდეგ ჩაუმატეთ შავი წიწაკა, შაქარი, მარილი, დაფნის ფოთოლი და დატოვეთ ცეცხლზე კიდევ თხუთმეტი წუთით. მზა სოუსი გაწურეთ, გახეხეთ ბოსტნეული, შეურიეთ ბულიონს და ისევ წამოადუღეთ. შეკაზმეთ კარაქის ნაჭრებით, შეგიძლიათ დაუმატოთ 0,5 გრამი ლიმონმჟავა ან 100 გრამი თეთრი მშრალი ღვინო. ეს ტომატის სოუსი შეგიძლიათ მიირთვათ შემწვარ ხორცთან, სუპ-პროდუქტებთან ან ბოსტნეულის კერძებთან ერთად, ასევე გამოიყენოთ ხორცის ჩასახრაკად. ტომატის სოუსი თევზის ბულიონით შეგიძლიათ, მიირთვათ მოხარშულ ან შემწვარ თევზთან ერთად. ამ კერძის მომზადებას ერთი საათი სჭირდება, მაგრამ მისი დაგემოვნება და მისგან მიღებული სიამოვნება დროის ხარჯვად ნამდვილად ღირს.
– თინეიჯერებში ძალიან პოპულარულია „რედ ბული“. როგორ მოვამზადოთ მათ „მოსათოკად” კოქტეილი და კრემ-ბრულე?
– დიახ, სწორედ ასეა. თინეიჯერები ენერგიის გასაათმაგებლად და გუნება-განწყობის შესანარჩუნებლად სწორედ „რედ ბულს“ ამჯობინებენ. ეს სასმელი ძალიან პოპულარულია და არსებობს ისეთი გემრიელი სასმელები და კრემ-ბრულეები, რომლებსაც ის კარგად ეხამება და უფრო სასიამოვნო დასალევი ხდება. მაგალითად, ასეთია ხილის კოქტეილი. რაც უფრო ცხელა გარეთ, მით უფრო მსუბუქი და გამაგრილებელი საჭმელ-სასმელი გვინდება. ამ კოქტეილს შეგვიძლია, დესერტიც დავარქვათ. მისთვის დაგჭირდებათ მწიფე ხილი, კერძოდ, 1 ცალი ბანანი, 1 ცალი მსხალი, 200 მილილიტრი ვაშლის წვენი, 2 ცალი კივი, 20 გრამი შაქრის პუდრა, 10 გრამი შოკოლადი და „რედ ბული“. ხილი გაფცქვენით და მსხვილად დაჭერით. ჩაყარეთ ბლენდერში და ათქვიფეთ. გამოვა ხილის პიურე. ამ ხილის პიურეში ჩაყარეთ შაქრის პუდრა და ჩაასხით ვაშლის წვენი გასათხელებლად. თუ არ დაამატებთ წვენს გამოვა გემრიელი ხილის პიურე. ჩაასხით ჭიქებში და ზემოდან დააყარეთ გახეხილი შოკოლადი ან დარიჩინი. მაცივარში გააცივეთ და შემდეგ მიაყოლეთ მას „რედ ბული“. გაგრილდებით კიდეც და პირსაც დაიტკბობთ ამ გაგანია სიცხეში. ასევე, გასწავლით ისეთი იტალიური ნაყინის „სემიფრედოს” მომზადებას, რომლის გემო ზამთრის ყინვაშიც მოგენატრებათ. მისთვის საჭიროა: 500 გრამი 33-პროცენტიანი ნაღები, 180 გრამი შაქრის პუდრა, 5 ცალი კვერცხი, 50-70 გრამი შავი შოკოლადი, კაკაო კი გემოვნებით, ნაყინის მოსართავად. იტალიური ცივი სასწაული „სემიფრედო”, სახლის პირობებში, ასე უნდა მოამზადოთ: კარგად ათქვიფეთ კვერცხის გული შაქრის პუდრთან ერთად, სანამ არ გათეთრდება. ცილა ათქვიფეთ ერთ მწიკვ მარილთან ერთად, სანამ ქაფი არ გამაგრდება. ცალკე ათქვიფეთ ნაღები. ნელ-ნელა შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და თანდათან დაამატეთ გახეხილი შოკოლადი. ჩადეთ მიღებული მასა სპეციალურ, სანაყინე ლამაზ ჭურჭელში და შედგით საყინულეში, მინიმუმ ორი საათით მაინც. სანამ მიირთმევთ და პირს ჩაიტკბარუნ-ჩაიკოკლოზინებთ, ნაყინი მორთეთ კაკაოს ფხვნილით. უგემრიელესი რამაა, რომელიც არა მარტო თინეიჯერებს, არამედ, ნებისმიერ მოურჯულებელ და ჯიუტ ქმარს მოიყვანს ჭკუაზე (იცინის). ასე რომ, ჭკვიანმა დიასახლისმა, თავის მეუღლეს დესერტად, სწორედ „სემიფრედო” უნდა მიართვას და გემრიელად გაუმასპინძლდეს, გულის დასაშოშმინებელ-მოსაგებ-დასაამებლად.