რუნი ღალატში გამოიჭირეს
უეინ რუნი მაგარ შარშია: „მანჩესტერის“ ფორვარდს ჟურნალისტები ჩაუსაფრდნენ და ისეთ ამბავში ამხილეს, შესაძლოა, სანიმუშო მეოჯახედ მიჩნეულ რუნის ყველაფერი თავზე დაემხოს.
ბრიტანულმა მედიამ ვინმე ჯენიფერ ტომპსონი გამოქექა, რომელმაც აღიარა, რომ, მაშინ, როცა უეინის ცოლი, კოლინ მაკლაფლინი, ორსულად იყო, „მანჩესტერის“ ფორვარდი მასთან დადიოდა და თითო ვიზიტში 1 200 ფუნტსაც უხდიდა. მოკლედ, ჯენიფერი პროფესიონალი მეძავია და ვერ გეტყვით, რამდენი გადაუხადეს ამ ამბის გახმაურებაში, მაგრამ მან დეტალებში მოყვა, სად როდის და როგორ ხვდებოდა რუნის. ქალმა ისიც თქვა, უეინი გამომიტყდა, რომ პირველად სექსი 18 წლის ასაკში ჰქონდა და 48 წლის მეძავს 20 ფუნტი გადაუხადაო.
აბა, რა გასაკვირია, რომ ამ ამბავს დიდი რეზონანსი მოჰყვა. როგორც ამბობენ, კოლინმა სერიოზული სკანდალი მოაწყო და უეინიც იძულებულია, შინ დარჩეს და ცოლს ერთგულება უმტკიცოს. მეორე მხრივ, კაპელოს უეინი აუცილებლად სჭირდება და მაქსიმუმს აკეთებს, რათა გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა როგორმე შვეიცარიაში წაიყვანოს და ათამაშოს.