გასულია მომსახურების ზონიდან
ლორიკ კანა ალბანური ფეხბურთის ვარსკვლავია და ამჟამად თურქული „გალათასარაის“ ღირსებას იცავს. მისი პოპულარობა მას შემდეგ უფრო გაიზარდა, რაც ლორიკმა რომანი ვინმე ზანა კრასნიკთან გააბა. პრინციპში, რაღა ვინმე, ზანა „მის კოსოვოს“ ტიტულის მფლობელია, საკუთარ ქვეყანას „მის მსოფლიოზეც“ წარმოადგენდა და, საბოლოო ჯამში, საპატიო მეხუთე ადგილი დაიკავა. წყვილი ერთმანეთს ამის შემდეგ დაუმეგობრდა, თუმცა, რომანი ექვსთვიანი გამოდგა და ამაში ფეხბურთელია დამნაშავე. ზანა ფოტოსესიაზე ამერიკაში მიიწვიეს და ისიც გაფრინდა, მაგრამ გადაღებები ერთი დღით ადრე დაასრულა და გადაწყვიტა, ლორიკისთვის სიურპრიზი მოეწყო: მან ტელეფონი გამორთო და თურქეთში გამოემგზავრა...
როგორც ჩანს, სიურპრიზების მოყვარული თავად კანაც გახლავთ და, როგორც კი საყვარელი ქალი მომსახურების ზონიდან გასული დაიგულა, შინ ბრაზილიელი მოდელი მიიყვანა და მაშინ, როცა გახარებულმა ზანამ საძინებლის კარი შეაღო, წყვილი იმ მდგომარეობაში დაინახა, რომლის დროსაც, ძირითადად, ასე ამბობენ: ეს ის არ არის, რაც შენ გგონიაო.
სავარაუდოდ, ზანამ დაიჯერა, რომ ეს სწორედ „ის“ იყო და არა სხვა რამ და ფეხბურთელს დაშორდა. დიდი ალბათობით, მას ხანგრძლივად მარტო ყოფნა არ მოუწევს.