რუსები ევროპულ ფეხბურთს დაშვებული და დაუშვებელი წესებით იპყრობენ
როცა რამდენიმე კვირის წინ მერაბ ჟორდანია ჰოლანდიური „ვიტესის“ მფლობელი და პრეზიდენტი გახდა, ითქვა, რომ ეს კლუბი არა ქართველმა, არამედ რუსმა ოლიგარქმა, რომან აბრამოვიჩმა იყიდა და ინვესტიციაც სწორედ მან განახორციელა. ჰოლანდიურმა მედიამ ეს თემა ძალიან განავრცო და აბრამოვიჩიც იძულებული გახდა, საგანგებო განცხადება გაეკეთებინა.
„მე ლონდონის „ჩელსის“ მფლობელი ვარ და, „ფიფას“ კანონების თანახმად, უფლება არ მაქვს, რომელიმე სხვა კლუბი ვიყიდო. ამიტომ, აბსურდია იმაზე საუბარი, რომ „ვიტესი“ მე შევიძინე. იგი მერაბ ჟორდანიას კუთვნილებაა და წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა აბრამოვიჩმა.
მართლაც, „ფიფას“ კანონების თანახმად, ერთსა და იმავე პიროვნებას არ აქვს უფლება, ორი კლუბის მფლობელი იყოს, რადგან, თუ ეს კლუბები ევროთასებზე შეხვდებიან ერთმანეთს, მინიმუმ, იმის შესაძლებლობა იქნება, რომ მფლობელი გადაწყვეტს, შემდეგ ეტაპზე რომელი გავიდეს, თუმცა, კანონი იმიტომ არის კანონი, რომ მასში ხარვეზის მონახვა შეიძლება და ეს ხარვეზი რუსული კომპანია „გაზპრომის“ ებრაელმა მფლობელებმა იპოვეს.
ორი წლის წინ „გაზპრომი“ ევროპულ საფეხბურთო ბაზარზე მოულოდნელად გამოჩნდა. მოულოდნელად იმიტომ, რომ მანამდე ეს კომპანია მხოლოდ რუსულ კლუბებზე აკეთებდა აქცენტს და სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ დაფინანსებაზე ფიქრობდა. თუმცა, ორი წლის წინ მათ ვალებში ჩავარდნილ გელზენკირხენის „შალკეს“ დაადგეს თვალი. გერმანული კლუბის ღირსებას მაშინ ლევან კობიაშვილიც იცავდა და ქართველი ფეხბურთელი გუნდის სხვა ლიდერებთან ერთად „გაზპრომის“ სახე გახდა, მათი ბილბორდებით კი მთელი ქალაქი აჭრელდა. თავის მხრივ, „გაზპრომის“ წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში კლუბში, საერთო ჯამში, 100 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებდნენ. რუსებმა დანაპირები გადაჭარბებით შეასრულეს და გუნდის ახალი თავკაცის, ფელიქს მაგათის პრაქტიკულად ყველა სურვილი შეასრულეს.
მადა ჭამაში მოვიდა და... იტალიური მედია ამტკიცებს, „გაზპრომს“ მხოლოდ „შალკე“ არ აკმაყოფილებს და თვალი იტალიურ „მილანსაც“ დაადგაო. არადა, ერთი შეხედვით, მარტივია – კომპანია კლუბში არა მფლობელის, არამედ სპონსორის რანგში შედის. ჰოდა, თუ სეზონის დაწყებამდე „მილანის“ მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, გამორიცხულია, წელს ერთი მილიონი მაინც დავხარჯო, რადგან რეალურად გუნდი ვალებში იხრჩობაო, მოულოდნელად იტალიური გრანდის რიგები რობინიომ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეავსეს. გარდა სატრანსფერო ფასისა, სოლიდურია ფეხბურთელების ხელფასებიც – ზლატანი წლიურად 10 მილიონ ევროს მიიღებს, რობინიო კი – ოთხი მილიონით ნაკლებს.
„თავიდან ვარაუდობდნენ, რომ „მილანს“ ფეხბურთელები მათმა ახალმა გენერალურმა სპონსორმა – „ემირეიტსმა“ აყიდვინა, მაგრამ მერე გაირკვა, რომ არაბული კომპანია არაფერ შუაშია და თანხა „გაზპრომმა“ გაიღო, რომელიც კლუბში რიგითი სპონსორის სახით არის შესული. პარალელურად ამბობენ, რომ „გაზპრომი“ წინააღმდეგი არ არის, „მილანის“ აქციათა მესამედი შეიძინოს და ამის თაობაზე ბერლუსკონისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს“, – წერს იტალიური პრესა.
სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ფეხბურთელთა ტრანსფერებში სპონსორები აქტიურად ერევიან. მაგალითად, როცა ბრაზილიელი რონალდო მადრიდის „რეალში“ მიდიოდა, თანხა „ადიდასმა“ გაიღო, არადა, რონალდოს პირადი კონტაქტი „ნაიკთან“ ჰქონდა, თუმცა, მადრიდელთა გენერალური სპონსორი სწორედ „ადიდასი“ გახლდათ. საბოლოოდ კი, ისე გამოვიდა, რომ რონალდოს „ადიდასის“ ლოგოთი დამშვენებული მაისური, ტრუსები და გეტრები ეცვა, ბუცებს კი „ნაიკის“ რეკლამა ამშვენებდა. რონალდოს ხელფასის დიდ ნაწილსაც კი „ადიდასი“ იხდიდა, მაგრამ, როცა ფეხბურთელი „სამეფო გუნდიდან“ წავიდა, „ნაიკმა“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რონის „კორინთიანსის“ მაისური მოერგო და თავიდან ბოლომდე ერთი ფირმის ნაწარმით შემოსილიყო.
ამერიკული საკალათბურთო ნაციონალური ლიგის ვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი, 18 წლის იყო, როცა „ნაიკმა“ ხუთწლიანი და 90-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა. კონტრაქტის ვადა რამდენიმე თვის წინ გავიდა და ლებრონს რიგი დაუდგა – იგივე „ნაიკი“, „ადიდასი“ და „რიბოკი“ მას მრავალმილიონიან კონტრაქტს სთავაზობდნენ, მაგრამ, საბოლოოდ, კვლავ „ნაიკმა“ იმარჯვა, თუმცა, რაღა იმარჯვა – ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი კომპანიას 150 მილიონი დოლარი დაუჯდება.
საფეხბურთო ბაზარზე აქტიურად არის ჩაბმული „ემირეიტსი“. ეს არაბული საავიაციო კომპანია ჯერ ლონდონის „არსენალის“ სპონსორი გახდა, მერე ამ გუნდს სტადიონის ასაშენებლად გამოუყო თანხები, ბოლოს კი, ამ სტადიონს, საერთოდ, „ემირეიტს სთედიუმი“ ეწოდა და, როგორც თავიდან მოგახსენეთ, არაბები „მილანის“ გენერალური სპონსორებიც გახდნენ, თუმცა, ჭიდაობა „გაზპრომთან“ მოუწევთ. კულუარებში იმასაც ამბობენ, რამდენიმე არაბულ კომპანიას ევროპის მეტ-ნაკლებად ცნობილი კლუბების აქციები აქვს ნაყიდი და როგორც კი კლუბში ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდება, მისი ტრანსფერის უდიდეს ნაწილს ითვისებენო. ეს კი იმ ფინანსური კრიზისის დამსახურებაა, რომელიც საფეხბურთო წრეებს ყველაზე მეტად შეეხო, რადგან ფეხბურთელებს არანორმალურად დიდი ხელფასები ჰქონდათ. თავად განსაჯეთ – ბოლო წლების ყველაზე წარმატებული კატალონიური „ბარსელონას“ საგარეო ვალი 400 მილიონს აჭარბებს და, ეს მაშინ, როცა გასულ სეზონზე კატალონიელებმა 300 მილიონამდე მოგება ნახეს, თუმცა სეზონი მაინც მინუსებით დაასრულეს.
დიდი ალბათობით, „ფიფა“ იმ კანონს მიიღებს, რომელიც დიდ კომპანიებს რამდენიმე კლუბის სპონსორობას აუკრძალავს და ეს საფეხბურთო სამყაროში აშკარა ქაოსს გამოიწვევს.