დაღლილობისა და უძილობის დროს ყავას ნუ მიეძალებით
ბევრი ჩვენგანი ნებით ისჯის თავს, როცა ძილს ღამის კლუბებზე, ბარებზე, რესტორნებზე, ინტერნეტსა თუ ღამის სატელევიზიო გადაცემებზე ცვლის. ცხოვრების ასეთი წესი ქრონიკულ დაღლილობას, შრომის უნარის დაქვეითებასა და ათას დაავადებას იწვევს.
იძინეთ იმდენი, რამდენსაც ორგანიზმი მოითხოვს. მიეცით ნერვულ სისტემას სრულფასოვანი დასვენების საშუალება. ერთი უძილო ღამე რომ აინაზღაუროთ, ორი ღამე მაინც არის საჭირო, დღის ძილი კი არცთუ კარგია. ის ბიორითმებს ცვლის და ორგანიზმში მიმდინარე პროცესთა დესინქრონიზაციას იწვევს. მოერიდეთ ყველაფერს, რაც დაძინებაში გიშლით ხელს. მაგალითად, ვახშამი დაწოლამდე ორი საათით ადრე მიირთვით. საღამოს, ძილის წინ, ნუ მოწევთ სიგარეტს, ნურც ყავას და მაგარ ჩაის დალევთ. საწოლში არ იკითხოთ და არც ტელევიზორს უყუროთ დაწოლილმა, დაწექით დასაძინებლად, როცა ძილი მოგერევათ – ასე გამოგიმუშავდებათ რეფლექსი და დაწვებით თუ არა, მალევე დაგეძინებათ.
ბევრი ადამიანი დილით ფინჯან ყავას მიირთმევს და ამბობს, რომ კოფეინი გადაღლილობისა და გამოფიტვის საწინააღმდეგო საშუალებაა. ეს არასწორი მოსაზრებაა, რადგან კოფეინი ალკალოიდია, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს და ენერგიის მოზღვავების იმიტაციას იწვევს. ის დაკარგულს კი არ აღადგენს, არამედ დარჩენილ მარაგს კრებს და ორგანიზმს უფრო მეტად ფიტავს. ამიტომ, ქრონიკული დაღლილობისა და უძილობის დროს ყავის სმას ნუ მიეძალებით, ეს უარესია. ის კი არ აფხიზლებს ადამიანს, არამედ ძილს უფრთხობს. ამ დროს იწყება თავის ტკივილი და, შესაძლოა, ხანგრძლივი უძილობაც კი დაგჩემდეთ. გირჩევთ, ნუ დალევთ დღეში ორ ფინჯანზე მეტ ყავას. თუ დაღლილობას თავს ვერ ართმევთ, სხვა სასმელი მიირთვით, მაგალითად, ლიმონიანი ჩაი, თაფლიანი წყალი ან მინერალური წყალი. მიიღეთ კონტრასტული შხაპი, ჩაიტარეთ სუნთქვითი ვარჯიშები, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და ასე შემდეგ.
ასევე, სერიოზული ზიანი მოაქვს სიმსუქნეს. ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი არანაკლებ ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს მოიხმარს, ვიდრე გული და ტვინი. ის გულს აიძულებს, ერთიორად მეტი დატვირთვით იმუშაოს და საკუთარ პრობლემებს სხვა ორგანოების, კერძოდ, გულის, სისხლძარღვების, კუჭის, პანკრეასის, სახსრების ხარჯზე აგვარებს. ამიტომაც არის სიმსუქნე გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების, შაქრიანი დიაბეტის, ოსტეოპოროზისა და სხვა დაავადებების რისკფაქტორი. ამიტომ, გირჩევთ, ერიდოთ მაღალკალორიულ საკვებს და მეტი იმოძრაოთ.
ადამიანები დიდ დროს ატარებენ ავტომობილში, ტელევიზორთან, კომპიუტერთან და ასე შემდეგ. ასეთ მდგომარეობას ჰიპოკინეზია, ანუ მოძრაობის უკმარისობა ეწოდება. ის ორგანიზმისთვის ძალიან საშიშია. ამიტომ, სწორად უნდა შეარჩიოთ ფიზიკური ვარჯიშები. ფიზიკური აქტივობა ნებისმიერ ჩვენგანს სჭირდება, რათა პასიური ცხოვრების წესმა ორგანიზმი არ გამოფიტოს და არ დააავადოს.