ნაწლავების ტოქსინებისგან გასუფთავება აუცილებელია
იმ შემთხვევაში, თუ ნაწლავები არარეგულარულად და არასათანადოდ იცლება, ტოქსინები სისხლში გაედინება, რაც ცუდად აისახება კანის მდგომარეობასა და ადამიანის ხასიათზე.
თუ გსურთ, ახალგაზრდობა გაიხანგრძლივოთ, გქონდეთ ლამაზი კანი და თავიც კარგად იგრძნოთ, მაშინ ნაწლავები ტოქსინებისგან უნდა გაისუფთაოთ. თუ ნაწლავები პრობლემებს არ გიქმნით, გასუფთავების პროცედურა სამ თვეში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ, სხვა შემთხვევაში კი – თვეში ერთხელ.
დასვენების დღეებში აადუღეთ ორასი მილილიტრი წყალი, ჩაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. ეს ფიზიოლოგიური ხსნარია, რომელსაც ორგანიზმი არ შეიწოვს. ის ნაწლავებს გარეცხავს და მავნე ნივთიერებებს გარეთ გამოიტანს. ამ ხსნარის დალევის შემდეგ, დაახლოებით, ნახევარ საათში უნდა ჭამოთ წინასწარ მომზადებული საუზმე. კერძოდ, ერთი მუჭა ბრინჯი მოხარშეთ უმარილო და უშაქრო წყალში, დაამატეთ ცოტა კარაქი და საუზმეც მზად იქნება. მას შეგიძლიათ, ოდნავ დამტკბარი ჩაიც მიაყოლოთ. ბრინჯის ჭამიდან ორი საათის შემდეგ, შეგიძლიათ, მიირთვათ, რაც გსურთ.
ასეთი წესით ნაწლავების გაწმენდა, ძალიან ეფექტურია და არ არღვევს ნაწლავების მიკროფლორას. იმ შემთხვევაში, თუ შეშუპებისკენ ხართ მიდრეკილნი, უმჯობესია, ფიზიოლოგიური ხსნარი აფთიაქში შეიძინოთ.
ხანდახან ადამიანი მსხვილი ნაწლავის პათოლოგიური სიგრძით იბადება, რაც ადვილი გამოსავლენია მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური საშუალებით. ასეთ ადამიანებს ნაწლავების დაცლის პრობლემა ბავშვობიდანვე აწუხებთ.
ნაწლავების დაცლის რეგულირება ყველაფერი როდია. დაცლა შვებას უნდა ჰგვრიდეს ადამიანს და ეს იოლად უნდა ხდებოდეს. თუ ასე არ არის, ეს უკვე პათოლოგიაა.
დეფეკაციის დროს არსებული ტკივილები, ბუასილის გამწვავების შემთხვევაში რომ იჩენს თავს, ბლოკავს ნაწლავების დაცლის პროცესს და საშინელ დისკომფორტს იწვევს. ასეთმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ სპეციალური რჩევები. კერძოდ:
* გაღვიძებისთანავე დალიეთ ოთახის ტემპერატურის მქონე ერთი ჭიქა წყალი;
* სანამ ადგებით, საწოლში გაიკეთეთ მუცლის მასაჟი. თითებით შეასრულეთ წრიული მოძრაობები საათის ისრის მიმართულებით;
* დილას მუცლის პრესისთვის გააკეთეთ ვარჯიშები;
* დილას, უზმოზე ასეთი ნარევი მიირთვით – დააქუცმაცეთ გარგარის, შავი ქლიავისა და ლეღვის ჩირი. ორას გრამ ნარევს შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი. ამას შეგიძლიათ, ერთი ჩაის ჭიქა წყალიც მიაყოლოთ თან;
* ხშირად მიირთვით ზღვის კომბოსტო, უმი ბოსტნეულის სალათები, მაგალითად, კომბოსტოს, სტაფილოს, ჭარხლისა და ვაშლის მცენარეული ზეთით შეზავებული სალათა. ასევე, კიტრის, სალათის ფურცლების, პომიდვრის, ბოლოკისა და მწვანილების სალათები;
* მიირთვით ღერღილი. ეს უკანასკნელი B ვიტამინის საბადოა და ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნისგან იცავს ადამიანს.