როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ორგანიზმი ღრმა სიბერემდე და აქვს თუ არა კავშირი ორსული ქალის კვებას მომავალი შვილის მიდრეკილებებთან
ახლა ის პერიოდია, როცა ადამიანი უფრო მეტად აქცევს საკუთარ გარეგნობას ყურადღებას – ცდილობს, დიდხანს იტრიალოს სარკესთან, კვების შეზღუდვით შეინარჩუნოს საკუთარი წონა და სეზონური ხილითა თუ ბოსტნეულით დაიკლოს ზედმეტი კილოგრამები. ერთი სიტყვით, ახლა ის დროა, როცა შეგვიძლია, მსუბუქი კვებით ჭარბი წონის პრობლემა მოვიგვაროთ, მაგრამ, როგორც ექიმი-დიეტოლოგი, ქალბატონი ასმათ კევლიშვილი ამბობს, არასწორად შეზღუდული კვების რაციონი, თვითნებურად დაწესებული დღის მენიუ და მით უმეტეს, ორსულობის დროს დარღვეული სწორი კვების რეჟიმი, ძალიან საშიში და სახიფათოც კია ადამიანისთვის.
ასმათ კევლიშვილი: ბევრს არ უნდა დაიჯეროს, რომ სიმსუქნე არის არა ვიზუალური დეფექტი, არამედ დაავადება, რომელიც რეალურად ორგანიზმში მიმდინარე პროცესების რღვევის შედეგია, ნიშანი იმისა, რომ ორგანიზმში მთელი რიგი პროცესებისა დარღვეული და შეფერხებულია. მას ადამიანი ძალისმიერი მეთოდებით კი არ უნდა ებრძოლოს, არამედ გამომწვევი მიზეზები გაარკვიოს და შესაბამისად, იმკურნალოს. ამ დროს უნდა გაარკვიოთ, რამ გამოიწვია ეს მეორადი დაავადება და სწორად ჩასწვდეთ კონკრეტულად რომელი ორგანოს ფუნქციის დაქვეითების შედეგია ის. ჯერ კიდევ ის პერიოდია, როცა ბევრმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ საკუთარი პარამეტრები, მოთხოვნას აღარ აკმაყოფილებს, ღია სამოსში უფრო მეტად ჩანს ზედმეტი კილოგრამები და ამიტომ, გადაწყვიტა დიეტის დაცვა. მაგრამ, ამ დროს ხშირად ივიწყებენ იმას, რომ დიეტა ცხოვრების წესია და არა თვითნებურად აკრძალული პროდუქტი და შეზღუდული კვება. ამ დროს, ცდილობენ, თვითნებურად შეცვალონ საკვები რაციონი, რათა წონაში მოიკლონ და სასურველ წონას მიაღწიონ. არადა, გლობალური ეკოლოგიური, ქიმიური თუ ბიოლოგიური საფრთხის პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჯანსაღი და ჯანმრთელი ცხოვრების წესი, სწორი კვება, ანუ ყველაფერი ის, რაც ადამიანის ჰორმონული განვითარებისთვის არის საჭირო და უმნიშვნელოვანესი პირობა. დიეტა ცხოვრების წესია, მაგრამ, როგორც კი ადამიანი იწყებს დიეტას თვითნებურად შერჩეული საკვები რაციონით, ავიწყდება ამ სიტყვის მნიშვნელობა და საკუთარ ორგანიზმს საშიშ ექსპერიმენტებს უტარებს, რაც დროებითი ეფექტის პარალელურად, არაერთი დაავადების განვითარების საფუძველი ხდება.
– ამბობენ, სიმსუქნე გენეტიკური ფაქტორია და მისკენ მიდრეკილებას ადამიანი მუცლადყოფნის პერიოდში იძენსო. ეს რეალური მოსაზრებაა? თქვენ, როგორც სპეციალისტი, ამაზე რას გვეტყვით?
– გეტყვით, რომ სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სათავეს ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდიდან იღებს და გრძელდება ადამიანის ორგანიზმის ასაკობრივი განვითარების ყველა ეტაპზე. ამიტომ, ამის გათვალისწინებით, მასთან ძალისმიერი მეთოდებით ბრძოლა კი არ უნდა დაიწყოთ, მის გამომწვევ მიზეზებს უნდა უმკურნალოთ. ხშირად მსმენია, რომ ამბობენ, სიმსუქნე გენეტიკურად გადადისო. იმასაც გეტყვით, რომ არ არსებობს გენეტიკური სიმსუქნე. ბევრ ოჯახში ტრადიციადაა ქცეული, რომ ოჯახის წევრებმა დილა აუცილებლად მსუყე და გემრიელი საკვებით დაიწყონ და ეს ტრადიცია შთამომავლობით გადადის. ამას გენეტიკასთან კავშირი არ აქვს. კი ამბობენ, აბა, შემოგვხედეთ, ჩვენ ერთმანეთს დავემსგავსეთ გენეტიკურად წონის მატებაშიო, მაგრამ, როგორც კი ოჯახის თითოეული წევრი სწორ კვებას დაიწყებს, ის მალევე გამოჯანმრთელდება, წონაშიც დაიკლებს და მიხვდება კიდეც, რომ გენეტიკა აქ არაფერ შუაშია. სულ ვამბობ, საჭმელი კუჭის, ბოდიში და, გასაძღომი საშუალება არ არის, ის სწორი განვითარებისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სჭირდება ადამიანს. ეს უნდა გაითავისოთ და ისიც არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ჩვენი ჯანმრთელობის ერთადერთი გარანტი, სწორედაც სწორი კვებაა. მაგალითად, ახლა ის პერიოდია, როცა ადამიანმა უნდა ჭამოს ბევრი სეზონური ხილი და ბოსტნეული ცოცხალი სახით, თეთრი პური კი ჩაანაცვლოს ხორბლის ფაფით. უნდა ჭამოთ ხშირ-ხშირად და პატარ-პატარა ულუფებით, მიიღოთ დღეში არანაკლებ ორი ლიტრი სითხე, იქნება ეს ხილის ნატურალური წვენი თუ სასმელი წყალი, რომ ორგანიზმი არ გამოშრეს და არ განიცადოს გაუწყლოება.
– მაგრამ, ზოგ დაავადებას ხომ გენეტიკური განწყობა აქვს?
– ამაში გეთანხმებით, მთელ რიგ დაავადებებს რაღაც გარკვეული, გენეტიკური განწყობა ნამდვილად აქვს. მაგრამ, არის დაავადებები, რომლებსაც არასწორი კვება იწვევს. ის საკვები ნივთიერებები, რომლებმაც უნდა მართოს მთლიანად ორგანიზმი და არის ერთგვარი საწვავი, ჩვენ მას არ ვაწვდით. სამაგიეროდ, ვაწვდით ისეთ საწვავს, რომელიც მისთვის გენეტიკურად უცნობია. უჯრედები ამ საკვებს არ იღებს და გამუდმებით შიმშილს განიცდის. მერე იწყება რეაქციების დარღვევა, კუჭის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არითმიები და ასე შემდეგ. ამიტომ, არ შეიძლება, დიეტების თვითნებურად დაცვა. ამისთვის არსებობს შესაბამისი სპეციალისტი, რომელსაც შეგიძლიათ, მიაკითხოთ, მისგან მიიღოთ კონსულტაცია და ამის შემდეგ დანიშნოთ სწორი კვება, რომელიც თქვენს ორგანიზმს ესაჭიროება. ეს ინდივიდუალური საკითხია.
– ორსულობის პერიოდში ქალის არასწორი კვება ბავშვის გენეტიკურ კოდზე ახდენს რაიმე ცვლილებას?
– რასაკვირველია. ზოგადად, როცა ადამიანი თვითნებურად, არაკომპეტენტურად ინიშნავს დიეტას, ორგანიზმი იფიტება ორგანული მინერალების, ფერმენტებისა და ვიტამინებისგან. თუ დედის მუცლადყოფნის პერიოდში, ნაყოფი არ შეივსო ამ მინერალებით, ეს რასაკვირველია, შთამომავალზე უარყოფითად აისახება. თუ ჩასახვის მომენტში ორგანიზმში ნიადაგი არ არის მომზადებული და ის გამოფიტულია, მომავალში, ჯანმრთელ ბავშვზე საუბარი ცოტა რთულია. ასე რომ, ამ პროცესისთვის შესაბამისი ნიადაგის მომზადება ყველა ქალის ვალდებულებაა. უფრო მეტიც, მომრავლებული ონკოლოგიური დაავადებები, უშვილობა და ნარკომანიაც კი არასწორი კვების შედეგია.
– კი მაგრამ, გასაგებია, რომ კვება შესაძლოა, კავშირშია უშვილობასა და ონკოლოგიურ დაავადებებთან, მაგრამ რა კავშირი აქვს მას ნარკომანიასთან?
– სამწუხაროდ, დღეს ამ სენმა ბევრი ადამიანი დაღუპა და მასშტაბური სახე მიიღო. რომ ვამბობ, ორსული ქალის კვებასა და მომავალი შვილის ნარკოტიკისადმი მიდრეკილებას პირდაპირი კავშირი აქვს ერთმანეთთან-მეთქი, ამას ბევრი ვერ იგებს. განგიმარტავთ, როდესაც დედა იღებს გენმოდიფიცირებულ, არაორგანულ, რაფინირებულ, გადაუმუშავებელ, მკვდარ პროდუქტებს, ამ დროს ორგანიზმი ივსება ტოქსინებით. ასევე, იმ ტოქსინებით, რომლითაც სავსეა ჰაერი, წყალი და საკვები. დედის მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფი ითვისებს ამ კანცეროგენურ და ტოქსიკურ ნივთიერებებს. როდესაც ბავშვი ამქვეყნად მოდის და იბადება, დედას ის გადაჰყავს ხელოვნურ კვებაზე, ამით კიდევ ერთ დიდ დანაშაულს სჩადის. ყველა დედა კარგად უნდა დააკვირდეს, რისგან შედგება მისი ჩვილის საკვები. როდესაც წამოიზრდება, ხომ კაცმა არ იცის რით იკვებება. მოკლედ, გარკვეული წლების განმავლობაში ბავშვის ორგანიზმი ტოქსიკურ მდგომარეობაშია. რაც უფრო დიდია ამ ტოქსინების რაოდენობა ბავშვის ორგანიზმში, მით მეტია მიდრეკილება თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიმართ. ანუ, რაც უფრო იზრდება ტოქსინების რაოდენობა წლების განმავლობაში ადამიანის ორგანიზმში, მით მეტად ჩნდება მოთხოვნილება ნარკოტიკების მიმართ. ამიტომ ვამბობ ხოლმე ხშირად და ყველას ვაფრთხილებ, სანამ ორგანიზმი მწყობრიდან გამოვა, მანამდე უნდა დავფიქრდეთ საკუთარ ქცევაზე და მერე არ გაგვიკვირდეს არასასურველი შედეგი. თუ თქვენ საკუთარი ჯანმრთელობა გადარდებთ და გინდათ, დიდხანს იცოცხლოთ, მაშინ არ უნდა აჰყვეთ მომრავლებულ, პოპულარულ და მოდურ დიეტებს. არ გაითვალისწინოთ ახლობელ-მეგობრების, მართალია კეთილი გულით ნათქვამი, მაგრამ დამღუპველი რჩევები და ყოველთვის გამოძებნეთ ჭეშმარიტი გზა კვების სწორად შერჩევის ხარჯზე.
– ზოგადად, რას მივაქციოთ ყურადღება, რომ ჯანმრთელი ორგანიზმით ღრმა სიბერემდე ვიამაყოთ?
– უპირველესად, აუცილებელია მივიღოთ ისეთი საკვები, რომელიც უჯრედს გამოკვებავს, ამის ხარჯზე კი დაარეგულირებს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს. ახლანდელი პოპულარული და მოდური დიეტები კი უჯრედის გამოკვებაზე კი არა, მხოლოდ წონის დაკლებაზეა გათვლილი. უჯრედი, შიმშილის დროს, იწყებს გადაგვარებას და ვითარდება მთელი რიგი სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები. გირჩევთ, ნუ შეცვლით საკვებ რაციონს იმ მიზნით, რომ დღეს წონაში მოიკლოთ და ხვალ გარკვეული დაავადების წინაშე აღმოჩნდეთ. სიმსუქნეს, როგორც დაავადებას ისე უნდა უმკურნალოთ და არა დიეტებით. თავი რომ მოიკლათ შიმშილით, მაინც ვერ მიაღწევთ იმ შედეგს, რაც ევროპელებს აქვთ. აქ გენეტიკური ფაქტორი დგას წინა პლანზე. ჩვენ ქართული გენი გვაქვს, სხვა აგებულება და ამას ვერ შევცვლით შიმშილის ფონზე. უბრალოთ, უნდა იკვებოთ ცოცხალი, სეზონური, ჯანსაღი საკვებით და არ მოახდინოთ ის, რომ ზედმეტი ცხიმი ჩალაგდეს ორგანიზმში, არასწორი კვების ხარჯზე.