სიბრძნე მინიატურებში
უფსკრული
გზად ხალხის დიდი ნაკადი მიდიოდა. თითოეულ ადამიანს საკუთარი ჯვარი მოედო მხრებზე. ერთ-ერთს ეჩვენა, რომ მისი სხვებისაზე მძიმე იყო. ეს კაცი ძალიან ეშმაკი გახლდათ. იგი ყველას ჩამორჩა. ტყეში შევიდა და ჯვარს ნაწილი ჩამოაჭრა. იმით კმაყოფილი, რომ ყველა გააცურა, მიმავალთ დაეწია და გზა განაგრძო, მაგრამ უეცრად უფსკრული შეხვდათ. ყველამ თავისი ჯვარი გაიდო ხიდად და გადავიდა. ცბიერმა კაცმა კი დაბრკოლება ვერ გადალახა და იცით, რატომ? – მისი ჯვარი მოკლე აღმოჩნდა!
შემთხვევა
ხომალდის დაღუპვის შემდეგ ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი ადამიანი ტალღამ პატარა დაუსახლებელ კუნძულზე გარიყა.
იგი გულმხურვალედ ევედრებოდა ღმერთს შველას. დახმარების მოლოდინში ყოველდღე ათვალიერებდა ჰორიზონტს. ბოლოს, არაქათგამოცლილმა და თითქმის იმედგადაწურულმა, გადაწყვიტა, წყალში ჩარჩენილი ძელებისგან, ავდარში თავის შესაფარებლად, პატარა ქოხი აეგო. ერთხელ, საკვების საძებრად წასული, უკან რომ დაბრუნდა, ნახა, რომ მისი ქოხი ცეცხლის ალში იყო გახვეული, კვამლი კი ცას სწვდებოდა. რაც გააჩნდა, ისიც დაკარგა. იგი რისხვამ მოიცვა და საყვედურიც კი შეჰკადრა უფალს.
– „ღმერთო, როგორ შეგეძლო, ასე მომქცეოდი?!“ – მთელი ხმით ყვიროდა გამწარებული.
გამთენიისას ნაპირს მოახლოებული გემის ხმამ გააღვიძა, რომელიც მის საშველად მოსულიყო.
– როგორ გაიგეთ, რომ აქ ვიყავი? – ჰკითხა გათანგულმა კაცმა თავის მხსნელებს.
– შენი კვამლის სიგნალი დავინახეთ, – უპასუხეს მათ.
ცხოვრების საიდუმლო
ძალიან დიდი ხნის წინათ, უხსოვარ დროს, ღმერთმა ანგელოზებს ჰკითხა, სად დაემალათ ცხოვრების საიდუმლო, ერთ-ერთმა ანგელოზმა შესთავაზა, ზღვის ფსკერზე შეენახათ იგი.
უფალმა კი თქვა: – ეს ძალიან უბრალო სამალავი იქნება. მოვა დრო, როდესაც ადამიანები ყველაზე ღრმა ოკეანის ფსკერზე დაეშვებიან და მთელ ზღვებს გადაცურავენ.
მაშინ ანგელოზებმა უთხრეს, დედამიწის გულში დაემალათ იგი.
– არც ეს იქნება საიმედო ადგილი. ერთხელაც ისინი მთელ სამყაროს მოივლიან, დედამიწას გადათხრიან და უთუოდ იპოვიან მას, – თქვა ღმერთმა.
ცოტა ხნის დუმილის შემდეგ, ანგელოზებმა მოიფიქრეს, ყველაზე მაღალი მთის მწვერვალზე დაემალათ ძვირფასი განძი.
მაგრამ უფალი კვლავ უარზე იდგა:
– მოვა დრო და ისინი მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალებს დაიპყრობენ.
თუ ცხოვრების საიდუმლოს შენახვა არც ზღვაში, არც მიწაში და არც მთაზე არ შეიძლებოდა, მაშინ სად უნდა დაემალათ იგი? იქნებ ვარსკვლავზე?
კვლავ სიჩუმე ჩამოწვა, ბოლოს უფალმა განაცხადა:
– ადამიანები უფრო ადრე მოივლიან სამყაროს ოთხივე მხარეს, ჩავლენ ყველაზე ღრმა ოკეანის ფსკერზე, დაიპყრობენ მწვერვალებს, მიაღწევენ ვარსკლავებამდე, ვიდრე შეიცნობენ საკუთარ თავს. ამიტომ, უმჯობესია, ცხოვრების საიდუმლო თავად მათში იყოს დამალული.