რამდენ ხანს შეგიძლიათ ორქიდეას ყვავილის შენარჩუნება და როგორ პირობებში ვამყოფოთ ციანოტისი
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერთან თენგიზ პაპავასთან ორქიდეა „ვენერას ქოშისა“ და ციანოტისის გახარებაზე ვისაუბრეთ. თუ ჯერ არ გაქვთ ეს მცენარეები, გირჩევთ, შეიძინოთ, რადგან ორივე ძალიან ლამაზია და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნაც ძალიან იოლია.
– რას გვეტყვით „ვენერას ქოშის“ შესახებ?
– ის ორქიდეების გვარს მიეკუთვნება და ერთ– ერთი ყველაზე იოლად გასაზრდელი ორქიდეაა. მისი ყვავილი განცალკევებულიც კი სამი თვის განმავლობაში ინარჩუნებს დეკორატიულობას.
– რამდენი ხანი გრძელდება ამ ორქიდეას ყვავილობა?
– მცენარე ყვავის რეგულარულად და არც მოსავლელადაა პრეტენზიული. ის იწყებს ყვავილობას შემოდგომაზე და გაზაფხულამდე აგრძელებს. კარგ პირობებში წლის სხვა დროსაც შეიძლება აყვავდეს. ყვავილი, როგორც წესი, ერთი აქვს, მაგრამ მოზრდილი. მისი ქვედა ტუჩი და ზედა ნაწილი განლაგებით ჩექმას წააგავს და ამიტომ მას „ვენერას ქოშს“ უწოდებენ. მისი ყვავილი აბრეშუმივით პრიალაა. ხშირად გვერდებზე ულამაზეს ნაკეცებს იკეთებს. ფერთა გამა და მოხატულობა მრავალფეროვანია: კაშკაშა მუქი შინდისფერი, მოყვითალო თეთრი ლაქებით. მისი თითოეული ყვავილი ერთ-ორ თვეს ძლებს.
– როგორი პირობები მოსწონს ამ ორქიდეას?
– მცენარეს არ უყვარს მკვეთრი სინათლე და პირდაპირი მზის სხივები. ის კარგად ხარობს ნახევრად ან ხელოვნურად განათებულ ოთახებში. ამიტომ ეცადეთ, ეს ორქიდეა მზეს მოარიდოთ და ოდნავ ჩრდილიან ადგილას დადგათ.
– რაც შეეხება ტემპერატურას...
– „ვენერას ქოშს“ არ მოსწონს ჩახუთული და ცხელი ადგილი. უმჯობესია, ტემპერატურამ 25 გრადუსს არ გადააჭარბოს. მისთვის ოპტიმალურია 22-24 გრადუსი გაზაფხულ-ზაფხულში. ზამთარში კი – 16-18 გრადუსი, თუმცა, ამ დროს 13 გრადუსსაც გაუძლებს. აყვავილების შემდეგ ტემპერატურის 3-4 გრადუსით შემცირება ხელს უწყობს ახალი ყვავილების ამოსვლას.
– ხშირად სჭირდება „ვენერას ქოშს“ მორწყვა?
– აპრილის თვიდან აგვისტომდე მორწყვას უნდა უმატოთ თანდათან, ხოლო იანვარიდან აპრილამდე საგრძნობლად შეამცირეთ წყლის რაოდენობა. მხოლოდ შეამოწმეთ, რომ ნიადაგი ძალიან არ გამოუშროთ. აყვავილებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში – მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცალეთ. სხვა დროს, როდესაც მიწა გაშრება, სულ ცოტა ხნით ჩადგით რბილ წყალში, შემდეგ კი, კაშპოში ჩადგმამდე, ნახევარი საათის განმავლობაში დაწრიტეთ მცენარე. იცოდეთ, რომ ფოთლებზე წყლის მოხვედრა ლპობას იწვევს, ამიტომ ყურადღებით მორწყეთ ხოლმე.
– როგორი ნიადაგი მოსწონს ამ ორქიდეას და ზაფხულში რით გავამდიდროთ მისი მიწა?
– ზაფხულში ნიადაგი სამ კვირაში ერთხელ ორქიდეასათვის განკუთვნილი სასუქით გაანოყიერეთ. ნიადაგი ფხვიერი და კარგი დრენაჟის მქონე უნდა იყოს. ეს სახეობები მიწის ორქიდეებს არ მიეკუთვნება და მას უყვარს ეპიფიტური ორქიდეებისთვის საჭირო ნაერთი. საინტერესოა, რომ ეს სახეობა ირჩევს ფხვიერ სუბსტრატს და სჭირდება გარკვეული რაოდენობის კალცი ნიადაგში. მასში უნდა შედიოდეს: სამ-სამი წილი ჩვეულებრივი მიწა და ტორფი, ორი წილი ფოთლოვანი მიწა, თითო-თითო წილი წიწვოვანი და ნახშირი. ამას დაუმატეთ ცოტა ცარცი და ცოტა დოლომიტის ფქვილი.
– რით მრავლდება მცენარე?
– მისი გამრავლება ხდება ბუჩქის დაყოფით. ასე გამრავლებას ერთი წესი აქვს: ის ისე უნდა დაყოთ, რომ თითოეულ ძირს თავისი ფესვი ჰქონდეს.
– როდის შეიძლება მცენარის გადარგვა?
– „ვენერას ქოში“ შეგიძლიათ, გადარგოთ გაზაფხულზე ან ყვავილობის დამთავრებისთანავე. ჩარგვა ხდება მხოლოდ ქოთანში, ზემოაღნიშნულ სუბსტრატში 1-1,5 სანტიმეტრის სიმაღლეზე. გადარგვის შემდეგ მცენარე მოათავსეთ მოურწყავად ჩრდილში, მაგრამ აუცილებლია ძალიან ნესტიანი ჰავის პირობები. ასეთი გარემოში ორი კვირის განმავლობაში უნდა იყოს. ამ პერიოდში მცენარეს გაეზრდება ახალი ფესვები და თავის ჩვეულ რიტმში ჩაჯდება.
– როგორ დაახასიათებდით ციანოტისს და როგორ პირობებში ვამყოფოთ ეს მცენარე?
– ამ მცენარეს მკვეთრი, გაფანტული სინათლე და ნაკლები წყალი სჭირდება. მორწყეთ ზომიერად. უმჯობესია, ქოთნის სადგარზე იყოს წყალი და იქიდან შეიწოვოს. უყვარს ნიადაგის სიმშრალე. ზაფხულში, სასურველია, მორწყათ 3-5 დღეში ერთხელ, შემოდგომასა და გაზაფხულზე – 7-10 დღეში ერთხელ, ზამთარში კი თვეში ორჯერ. ციანოტისი ზამთრის სიცივეებს კარგად უძლებს. არც ნიადაგის მიმართაა ის პრეტენზიული. შეურიეთ ტორფი, ფოთლოვანი მიწა, დაღერღილი სფაგნუმი თანაბარი პროპორციით, გაურიეთ სუბსტრატი და ჩარგეთ მცენარე. ციანოტისი კარგად იზრდება განიერ, მაგრამ არა ღრმა ჭურჭელში. ჩააყარეთ სუბსტრატი ისე, რომ ქოთნის ერთი მესამედი ნაწილი თავისუფალი დარჩეს. მცენარე ისე ჩარგეთ, ძირითადი ფესვები მიწის ქვეშ მოექცეს. ამ შემთხვევაში მისი გაახალგაზრდავება ხშირად აღარ მოგიწევთ.
– როგორ გავამრავლოთ ციანოტისი?
– მცენარე დაკალმებით მრავლდება. მისი გამრავლების წარმატების საიდუმლო ისაა, რომ არ დაარღვიოთ ზრდის ერთადერთი მიმართულება. უნდა გამოიყენოთ გვერდითი ამონაზარდები, ისინი კარგად ფესვიანდება და მოათავსეთ სუბსტრატში ზედაპირის პარალელურად. მიწა ისე მიაყარეთ, რომ ზრდის წერტილი არ დაიფაროს. დაფესვიანებისთვის საჭიროა უფრო სველი ნიადაგი. კალმებს წყალი არ მიასხათ და არც პოლიეთილენი გამოიყენოთ სინესტის შესანარჩუნებლად. ამ შემთხვევაში კალმები დალპება.
საერთოდ, ოთახის ციანოტისი სინათლის ნაკლებობას განიცდის. ამის გამო ფოთლები უფრო ღია უხდება, წვეროები იგრიხება.
– როგორ დავეხმაროთ ამ დროს მცენარეს?
– სინათლის უკმარისობა შეიძლება, შეივსოს სიმშრალით და სიგრილით. ზაფხულში მცენარეს პირდაპირი მზის სხივები მოარიდეთ.
– თუ ყვავილობს ეს მცენარე ოთახის პირობებში?
– ციანოტისი იშვიათად ყვავის, თუმცა ყვავილის გარეშეც ლამაზია. მთავარია, ეს პირობები გაითვალისწინოთ და ფოთლები ჯანსაღი ექნება. მას თითქმის არ სჭირდება დამატებითი საკვები. მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მინერალური სასუქი.