კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაურჩა დათო ბაქრაძე მეუღლესთან ერთად შინაპატიმრობას რომში


რამდენიმე თვეა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის ცოლი, მაკა მეტრეველი, საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიურად გამოჩნდა – გაზაფხულზე მისი პატრონაჟით წარმატებით ჩატარდა საქართველოს მოდის კვირეული, რომელიც მორიგ სტარტს 22 ოქტომბერს აიღებს. ამჯერად თბილისს პარიზული მოდის სამყაროს უფრო ცნობილი და წარმატებული სახეები ესტუმრებიან, მაკა და მისი მეგობრები კი მასპინძლის როლს უკვე გამოცდილები ხვდებიან – მაკა მოდის კვირეულის ყველა დეტალს სკურპულოზურად ადგენს და აღარც იმას აპირებს, რომ ქმარი კვირეულის გახსნაზე უადგილოდ დატოვოს.



მაკა მეტრეველი: გასული სეზონი ძალიან აქტიური იყო ჩემთვის. შემიძლია, ვთქვა, რომ ის დაღლა მომენატრა კიდეც. როდესაც თავიდან ბოლომდე ხარ ჩართული საქმეში, რა თქმა უნდა, ძალიან იღლები, მაგრამ, მერე, როცა ამ საქმის შედეგს ხედავ, ადრენალინის მოჭარბებას გრძნობ. მოდის სფეროში საქმიანობას ამდენი ხიბლი თუ ექნებოდა, ადრე ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. ეს ჩემი არჩევანი არც ყოფილა, მე თვითონ ამირჩიეს იმ ადამიანებმა, ვისაც ამ საქმის გაკეთება სურდა. მე კი, როგორც ძალიან დამყოლი ადამიანი დავთანხმდი მათ, თან, მოდის სფეროც მაცდუნებელი აღმოჩნდა ჩემთვის. რადგან ერთხელ ვთქვი თანხმობა და ნაბიჯი გადავდგი, რა თქმა უნდა, არ გავჩერდები და უფრო წინ და წინ წავალთ. საქართველოს მოდის კვირეულმა მოდის სამყარო ძალიან გამოაცოცხლა, მანამდე თითქმის არც არაფერი ხდებოდა. რამდენ დიზაინერს ვიცნობდით? ერთს, ორს... დანარჩენები, ფაქტობრივად, არ ჩანდნენ, ახლა კი უკვე ძალიან ბევრი დიზაინერი გამოჩნდა ასპარეზზე, გაიხსნა ფაბრიკა, კიდევ კეთდება ახლები. ვფიქრობ, რომ როცა მოდის კვირეული ეწყობა, ამას ქვეყანა სხვა ეტაპზე და სხვა მდგომარეობაში გადაჰყავს.

– როგორც ვხვდები, ოჯახიც აქტიურად ჩართეთ ამ სფეროში.

– დათოსი რა მოგახსენოთ, მხოლოდ მოდის კვირეულის გახსნის დღეს აღმოჩნდა მაყურებლის როლში და, ისიც, ლამის უადგილოდ დარჩა (იცინის). რაც შეეხება ჩემს შვილებს, ისინი მართლაც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ამ საქმეში – აქცია, რომელიც ბავშვთა დაცვის დღეს მივუძღვენით, იყო სოლიდარობის აქცია – ჩემმა შვილებმაც და სხვების შვილებმაც უნდა იგრძნონ ის პასუხისმგებლობა, რაც უნარშეზღუდული ბავშვების მიმართ ყველას გვაკისრია. ეს არ იყო პოდიუმი, რომ მოგვეწყო ფართი და მერე სახლებში დავბრუნებულიყავით, ამ სეზონის ბოლო ჩვენებას უფრო დიდი დატვირთვა ჰქონდა – ბავშვებმა თავისი დღე მიუძღვნეს სხვა ბავშვებს, რომლებსაც თანადგომა სჭირდებათ. ამის მერე ბათუმში ჩემმა მეგობრებმა მოაწყვეს აქცია „ბათუმის ანგელოზები”, მოეწყო სამი ქართველი დიზაინერის ჩვენება, ჩამოსული იყო დიჯეი ნაკადია, აქციას ჰქონდა ულამაზესი სიმბოლო, რომლითაც გაფორმებული იყო მაისურები და ჩანთები და ვისაც ეს მაისური ეცვა, წარმოადგენდა ბათუმის ანგელოზს. აქცია სანახაობრივად ძალიან ლამაზი გამოვიდა, ბათუმიც კმაყოფილი დარჩა და ხალხიც.

– ეს ზაფხული ბათუმში გაატარეთ?

– არა, ზაფხული გავატარეთ წყნეთში. ჩვენ ცივ ზამთარსაც და ცხელ ზაფხულსაც წყნეთში ვატარებთ. ადრე კოჯორში დავდიოდით ხოლმე და მთელი ზაფხული ჩანთების ჩაწყობაში, აბარგებასა და დაბარგებაში ვიყავით. ახლა აღარ მიწევს ეს პროცესი, რაც ძალიან მიხარია. თუმცა, წელს წყნეთშიც ძალიან ცხელოდა. დათო ერთი კვირით საქმიანი ვიზიტით იყო წასული თურქეთში, პროტოკოლი აძლევდა იმის საშუალებას, რომ მე და ბავშვებიც თან წავეყვანეთ. თურქეთიდან ჩამოსვლის შემდეგ მე და დათო იტალიაში წავედით, მაგრამ ბავშვები ვერ წავიყვანეთ – მაინც პატარები არიან და აკლიმატიზაცია უჭირთ. იტალიაშიც ერთი კვირა დავრჩით. როცა დათო საქმიან შეხვედრებს ესწრებოდა, მე ჩემს „საქმეებს” ვუძღვებოდი, დავდიოდი ქალაქში, რომელიც ძალიან მიყვარს. მეც და დათოსაც რომის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს. 2001 წელს, როცა დათო ნატოს აკადემიაში სწავლობდა, ჩვენ რამდენიმე თვე ვცხოვრობდით რომში. მაშინ მაინც ახალდაოჯახებულები ვიყავით, ჩვენი უფროსი შვილი პატარა იყო.

– ახლა თავიდან გაიარეთ თაფლობისთვე რომში?

– თაფლობის თვე არც მაშინ გამოგვივიდა: დათო სწავლობდა და მე ვიყავი ოჯახში ყველაფერი – ბავშვსაც ვუვლიდი და სუპერმარკეტშიც დავდიოდი, რომ პროდუქტი მეყიდა. კატო ძალიან ცუდი მჭამელი იყო, მისთვის რომ მეცადა, როდის შეჭამდა საჭმელს, სახლიდან აღარასოდეს მოგვიწევდა გასვლა, ამიტომ ფაფები თერმოსით დამქონდა და ხან კიბის კუთხეში ვაჭმევდით, ხან – ესპანეთის მოედანზე. ლამის შინაპატიმრობა გამოგვიწერა მაშინ. ახლა ყველაფერი გავიხსენეთ, კატოს ოინებიც კი (იცინის). ამჯერად მე და დათოს სრული თავისუფლება გვქონდა: ვიყავით ღია ამფითეატრში, სადაც ჩვენი ოპერის ორკესტრი იყო ჩასული და იტალიელებთან ერთად მათ „რიგოლეტო” შეასრულეს. ღია ცის ქვეშ ეს ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო. მეც და დათოსაც ძალიან გვიყვარს კლასიკური მუსიკა. გარდა იმისა, რომ ძალიან ვგულშემატკივრობდით ჩვენს ორკესტრს, ამ წარმოდგენითაც ძალიან დავტკბით.

– პარლამენტის თავმჯდომარე კარგი პარტნიორია უცხოეთში დასვენებისთვის?

– დიახ, კარგი პარტნიორია, დათო აქაც ძალიან ხშირად „იხდის კოსტიუმს“. ახლო მეგობრების წრეში და არაოფიციალურ სიტუაციებში მას კოსტიუმით ვერ ნახავთ, მტერმა იარა სულ ასე. როცა უცხოეთში ვართ, დავდივართ ერთად ქუჩაში, ბევრს ვსეირნობთ, ვათვალიერებთ ყველაფერს. ახლა, რომში ყველაფერს უკვე სხვა თვალით ვუყურებდი და ჩემმა ფანტაზიებმა მოდის მიმართულებითაც გაიღვიძა. საკუთარი თავი გამოვიჭირე (იცინის), როცა სასტუმროში და მუზეუმში შევდიოდით, სადაც ბევრი კარგი დარბაზია, ჩემთვის ვფიქრობდი ხოლმე: „აქ რა კარგ პოდიუმს მოვაწყობდი, ამ გოგოს აქედან გამოვიყვანდი, განათებას აქ მოვაწყობდი“... ამ ფანტაზიებმა ისე გამიტაცა, რომ დათოსაც კი გავანდე, და ჩემზე გახუმრების საშუალება მივეცი.

– ალბათ, ახლა რომში „შოპინგიც“ სხვაგვარი მოიწყვეთ.

– ამჯერად „შოპინგი“ არ გვქონია, ქალაქით დავტკბით. „შოპინგს“ თავისი განწყობა სჭირდება, თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეა, როცა ტანსაცმელს ვყიდულობ, ნაკერსაც კი ვაკვირდები – ეს დიზაინერებისგან ვისწავლე. ვერ ვიტყვი, რომ მას შემდეგ, რაც მოდის სფეროში ჩავერთე, ჩემი გემოვნება და დამოკიდებულება ძალიან შეიცვალა ჩაცმის მიმართ, ჩემი ჩაცმის სტილი შეიცვალა მაშინ, როცა საჭირო გახდა, რომ დათოს გვერდით აკადემიურად ჩაცმული ვყოფილიყავი, თორემ, მე თვითონ ჯინსი და კედები მიყვარდა, რაზეც არც ახლა ვამბობ ხოლმე უარს, თუ ამის საშუალება მაქვს. ჯინსებში, თავისუფლად ჩაცმული, უკეთესად ვაკეთებ საქმეს. დათოსაც ძველებურად ვაძლევ რჩევას, როცა ერთად რამეს ვყიდულობთ, მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ სულ ჩემს ჭკუაზე იცვამს. (იცინის). მას უყვარს ცისფერი პერანგები, რადგან ამ ფერს ჰალსტუხი სხვაგვარად უხდება და ეკრანზეც კარგად მოჩანს. ხანდახან კი ვეუბნები ხოლმე, რომ ცისფერს სხვა ფერი ჩაანაცვლოს, მაგრამ თვითონ ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, დილას ნამდვილად არ იწყებს იმაზე ფიქრით, რა ჩაიცვას, მაგრამ, ყოველთვის გამოიყურება ისე, როგორც უნდა გამოიყურებოდეს.

– მოდის ახალი კვირეულისთვის სამზადისი უკვე დაიწყეთ?

– დავიწყეთ. დიზაინერებმა უკვე შექმნეს ესკიზები, რომლებიც გავგზავნეთ პარიზში და, ალბათ, უკვე ერთ კვირაში გახდება ცნობილი, ვინ მიიღებს მონაწილეობას მოდის კვირეულში. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებული გვაქვს, ახლა ვიწყებთ სასტუმროების, ექსკურსიების ორგანიზებაზე ზრუნვას. ოქტომბრის ბოლომდე „დავეკარგები“ ოჯახს, თუმცა, მაინც ვცდილობ, ისე გადავანაწილო საქმეები, რომ ოჯახს ძალიან არ მოვაკლდე (იცინის).

– სად და როდის გაიმართება საქართველოს მოდის კვირეული?

– მოდის კვირეული გაიმართება 22, 23, 24 და 25 ოქტომბერს. როგორც გავიგე, ამ დღეებში იმართება თბილისობაც. ძალიან მინდა, რომ მოდის კვირეულის გახსნა მოვაწყოთ თბილისობის წინა საღამოს, მეტეხის ხიდზე, საიდანაც თბილისის ულამაზესი ხედები მოჩანს. ჩვენი სურვილია, ამ მოდის კვირეულს უფრო მეტად არტის სახე ჰქონდეს, წინა კვირეული უფრო კლასიკური გამოვიდა, ახლა პარიზული ჩვენებისკენ ავიღეთ გეზი. პარიზიდანაც მოდის უფრო თვალსაჩინო სახეები ჩამოვლენ. პარიზის მხარეზე ძალიან აქტიურად ზრუნავს სოფო ჭყონია.

– თქვენ არ იყენებთ მეუღლის ევროპულ კავშირებს?

– ჩემი მეუღლის ევროპული კავშირები ამ სფეროში ნაკლებად გამოდგება, მაშინ, მომიწევს ევროპელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების ჩამოყვანა, თუმცა, არც ეს იქნება ცუდი, თუ ვაჩვენებთ ხალხს, რომ მოდის ტენდენციებით ჩვენ იმაზე მაღლა ვდგავართ, ვიდრე მათ ჰგონიათ. პირველ მოსაწვევს გავუგზავნი პრეზიდენტსა და მის მეუღლეს – როგორც წესი, პირველი მოსაწვევი პირველ პირს ეკუთვნის და ამ ეტიკეტს არ დავარღვევ. წინა კვირეულის გახსნას ვერ დაესწრო, რადგან თბილისში არ იყო. მინდა, რომ მან საკუთარი თვალით ნახოს, რა კეთდება ამ კვირეულით ქვეყნის იმიჯისთვის და როგორი წარმატებული დიზაინერები გვყავს. ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკოსის ცოლი ვარ, სტუმრების დაპატიჟებას პოლიტიკოსებით ვიწყებ ხოლმე, თუმცა, მოდის კვირეულზე ყველა სტუმარი ძალიან მნიშვნელოვანია. წელს გამოვასწორებთ ჩვენს შეცდომას ადგილებთან დაკავშირებით და არც ჩემს მეუღლეს არ დავტოვებ უადგილოდ (იცინის).

– მოსაწვევს სამსახურში გაუგზავნით?

– ასე ვაპირებ, წინა კვირეულზე კი ჩემი ხელით შევსებული მოსაწვევი საძინებელში დავახვედრე (იცინის). ამჯერად ყველაფერს სკურპულოზურად ვუდგებით. მგონი, აღარ მომიწევს „ლილოს“ ბაზრობაზე სანტიმეტრით სირბილი, გამოსავალი მოვძებნე – პოდიუმი გაიმართება დარბაზში, რომელსაც ფარდები არ სჭირდება. ჩვენება მოეწყობა რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში და, ვფიქრობ, ერთი ჩვენება მაინც, ეროვნული ბიბლიოთეკის ულამაზეს დარბაზში მოვაწყოთ – იქ მხოლოდ განათების და გახმოვანების დაყენება დაგვჭირდება, სხვა არაფერს სჭირდება ხელის ხლება.

– ამ სფეროს რთულ კულისებს შეეჩვიეთ?

– ვცდილობ ხოლმე, რაც შეიძლება ნაკლებად ჩავიხედო ამ კულისებში, რაღაცნაირად ვიცავ თავს.

– ბევრი ვერ გაბედავს პარლამენტის თავმჯდომარის ცოლთან „ბრძოლას”.

– გეგონოთ, გეგონოთ!.. ეს ნამდვილად არაა ასე (იცინის). ვფიქრობ, ასეთი „ბრძოლები” ყველა სფეროში ხდება. როცა ექიმად ვმუშაობდი, მაშინ ისეთი კონკურენციების მოწმე ვხდებოდი, მოდას რომ არ დაესიზმრება. ათი წელი ვიმუშავე ექიმად, თავიდან ისეთ რაღაცეებს ვეჯახებოდი, მიკვირდა კიდეც, მაგრამ, ახლა ვიცი, რომ ეს ძალიან ჩვეულებრივი მომენტია და ამაზე აღარ ვნერვიულობ. ასე რომ, გამოცდილება მაქვს, თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მძიმე კულისებში არ გავერიო.


скачать dle 11.3