კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის ცოლისთვის თავის ტკივილის მიზეზი ქმრის ყოფილი შეყვარებული


ქალებს ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი ფსიქიკა, აზროვნება და ქცევები ძალიან განსხვავდება მამაკაცის აზროვნებისა და ქმედებისგან. ისინი მაინც სხვანაირად არიან „მოწყობილნი“ და თავად დედაბუნებაა ამაში „დამნაშავე“. ამიტომ, როცა ვცდილობთ, მამაკაცის მაგივრად ვიაზროვნოთ და გავაკეთოთ დასკვნები, რომლებსაც, სავარაუდოდ, ის გააკეთებდა, შეცდომებისგან დაზღვეულები არ ვართ. ეს შეცდომები კი მერე ისეთ პრობლემებს გვიქმნის, რომელთა მარტივად მოგვარება აღარ ხერხდება. ოჯახისა და საყვარელი მამაკაცის შენარჩუნებისთვის ბრძოლა თითქმის ყველა ქალს უწევს. საერთოდაც, სიყვარულის პოვნა უფრო ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება. ამ ბრძოლაში ბევრი რამ არის საჭირო: სიმშვიდე, ცივი გონება, პრაგმატული აზროვნება, დიპლომატია, მოთმინება, სიყვარული, ყურადღება და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის გაცნობიერება ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე. შეცდომას ჩვენ მაინც დავუშვებთ, მაგრამ იმდენი უნდა მოვახერხოთ, რომ ამ შეცდომის შედეგებმა ცხოვრება არ გაგვიფუჭოს.



მაკა (27 წლის): გული მაქვს დამძიმებული. არ ვიცი, ამ მდგომარეობიდან როდის გამოვალ. პრობლემა საკუთარ თავს თვითონვე შევუქმენი. ვიცი, რომ ამის მიზეზი ჩემი გადაჭარბებული გრძნობაა, მაგრამ ეს არ მამართლებს. რატომ ვერ ვიფიქრე, რომ ზომიერების შეგრძნება არასდროს არაფერში არ უნდა დაკარგო – არც სიყვარულში, არც ეჭვში, არც მონატრებაში... „პერედოზიროვკა“ არ უნდა მოგივიდეს. არ შეიძლება, ისევ შენ გავნებს და გატკენს.

ჩემი ცხოვრება, უფრო სწორად, ოჯახური ცხოვრება, თავიდანვე არ აეწყო ისე, როგორც მე მინდოდა. ჩემს ამჟამად უკვე ქმარს სხვა უყვარდა. მე კი ის მიყვარდა, თანაც, ძალიან მიყვარდა. ვერც ვმალავდი და არც ვმალავდი ამ გრძნობას. აჩრდილივით დავდევდი უკან, როგორც უკანასკნელი სულელი.

– სიყვარული სისულელეა?

– სიყვარული არ არის სისულელე, მაგრამ, როცა ცალმხრივად ხარ შეყვარებული, სულელად გამოიყურები. სასაცილო ხარ შენი ზღვარგადასული უიმედო სიყვარულით. მე ხომ, პრაქტიკულად, არანაირი შანსი არ მქონდა.

– ამბობენ, რომ რაღაც შანსი ყოველთვის არსებობს.

– პრინციპში, ბოლოს მართლაც ასე გამოვიდა, მაგრამ მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი სიყვარული ბოლომდე უპასუხოდ დარჩებოდა. მათი ურთიერთობა ძალიან სერიოზულ ფაზაში იყო შესული. ფაქტობრივად, დანიშნულები იყვნენ. როცა ვხედავდი, როგორი თვალებით უყურებდა ჩემი სიყვარული თავის სიყვარულს, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ნაკუწ-ნაკუწ მფლეთდნენ. საშინელებაა, როცა შენ თვითონ სიყვარულით ხარ სავსე და ვერაფერს აკეთებ, ხელ-ფეხი გაქვს შეკრული. მე არ ვარ ისეთი, რომ ვინმეს რამე წავართვა. მათ შორის ვერაფრით ჩავდგებოდი. რამდენჯერ ვცადე, მეიძულებინა საკუთარი თავი, აღარ მეფიქრა მასზე, მაგრამ, ვერ შევძელი. ვიცდიდი და მიყვარდა სასოწარკვეთილს, უიმედოდ. მაგრამ, სასწაული მოხდა. მოულოდნელად ჩემი შეყვარებულის საცოლე გერმანიაში გაემგზავრა ერთი წლით და ამან ძალიან იდარდა.

– თქვენ კი ამშვიდებდით...

– ვხვდები, რასაც გულისხმობთ, მაგრამ ამ პერიოდშიც არ მიაქტიურია. არ ჰქონდა აზრი, იმიტომ, რომ ეს ძალიან ერთგულად ელოდა, მაგრამ იმან არ უერთგულა – ჩამოვიდა და ბეჭედი დაუბრუნა: მე იქ სხვა შემიყვარდა და ცოლად ვეღარ გამოგყვებიო. საერთო მეგობარმა მითხრა ამის შესახებ და მივხვდი, რომ ჩემი დროც დადგა. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ უკვე შემეძლო, ყველანაირად მეაქტიურა. გზა თავისუფალი იყო, არავის ვეღობებოდი წინ. თქვენც ხომ მეთანხმებით, რომ მართალი ვიყავი საკუთარ სინდისთან. ჩემი სიყვარული თავიდან ძალიან ძნელად გამოდიოდა კონტაქტზე. უხალისოდ პასუხობდა ჩემს ზარებს, მესიჯებს... მერე ნელ-ნელა თითქოს გალღვა და შეხვედრებზეც აღარ მეუბნებოდა უარს. მე გასაქანს არ ვაძლევდი. ყოველწუთს ვუმტკიცებდი ჩემს უსაზღვრო სიყვარულსა და ერთგულებას. სულ თვალწინ ვყავდი ან ჩემი ხმა ესმოდა. ისეთი ყურადღებით მყავდა გარემოცული, უკვე იფიქრა, რომ ჩემთან შეძლებდა ნატკენი გულის მოშუშებას. ერთხელ მითხრა, რომ არ მიყვარხარ, ამას შეეგუებიო? ვერ ვიტყვი, რომ გული არ მეტკინა, მაგრამ, ისე ძალიან მიყვარდა, რომ ამაზეც გავჩუმდი. თუმცა, ეტყობა, ძალიან ღრმად და მტკივნეულად ჩამრჩა გულში. ისე ღრმად, რომ მერე კომპლექსი გამიჩინა.

– რისი კომპლექსი?

– იმის, რომ ჩემს ქმარს არ ვუყვარდი. მართალია, ძალიან კარგი ოჯახი გვქონდა, მშვიდი, ჰარმონიული, არაჩვეულებრივი მამაა, მეც პატივს მცემს, არ მახსოვს, ხმამაღლა ერთი სიტყვაც ეთქვას ჩემთვის, მაგრამ ცოლად იმიტომ შემირთო, რომ ფეხმძიმედ ვიყავი მისგან. მე ახლა უკვე არ ვიცი, მაინც შემირთავდა ცოლად თუ არა, რომ არ დავორსულებულიყავი. ამ კითხვაზე პასუხი არც მე მაქვს და არც მას. ალბათ, წარსულისკენ აღარ უნდა ვიხედებოდე და არც ვიხედებოდი, სანამ ჰორიზონტზე საფრთხე არ გამოჩნდა ჩემი ქმრის ძველი შეყვარებულის სახით. რვა წლის განმავლობაში მასზე არაფერი გამიგია. არც ვკითხულობდი და საერთოდ ვერიდებოდი მის ხსენებას, მით უმეტეს, ქმართან. იმასაც არასდროს უხსენებია. მართლა ძალიან კარგად ვიყავით ერთად, ვუგებდით ერთმანეთს და ვუფრთხილდებოდით ჩვენს შვილს. მე აღარასოდეს მიკითხავს ჩემი ქმრისთვის, ვუყვარდი თუ არა. „გიყვარვარ?“ – ეს სიტყვა არასდროს წამომცდენია.

– რატომ?

– ალბათ, იმიტომ, რომ მეშინოდა, ისევ ის პასუხი არ მიმეღო, როგორიც მაშინ – „არ მიყვარხარ!“ ოჯახი მქონდა, საყვარელი ადამიანი გვერდით მყავდა, სხვა რა უნდა მდომებოდა? მაგრამ, შინაგანი დაძაბულობა ყოველთვის მქონდა. არ არის მარტივი, იცხოვრო კაცთან, რომელსაც ჰქონდა დიდი სიყვარული და პირდაპირ გითხრა, შენ არ მიყვარხარო. შეუძლებელია, ვინმეზე ამას არ ემოქმედა. თუმცა, დროთა განმავლობაში ეს ტკივილი თავს იშვიათად მახსენებდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პატარა ბედნიერება მქონდა და, უცებ, მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდა – შემთხვევით, მარკეტში „ის“ დავინახე, ჩემი ქმრის ყოფილი შეყვარებული. ისეთ ფორმაში იყო, რომ ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე. ქურდივით გამოვიპარე. ახლაც ვერ ვხვდები, რატომ მოვიქეცი ასე. მან ხომ თავად თქვა უარი იმ კაცზე, რომელსაც მე ცოლად გავყევი. ავიღე ის, რაც მას აღარ უნდოდა და აღარ ეკუთვნოდა. ყველაფერს მაინც ამ კომპლექსებს ვაბრალებ, რომლებმაც პიროვნულად შემცვალა. ხასიათშიც შემიცვალა რაღაცეები. როცა სულ შემართული და ჩასაფრებული ხარ, სულ დაძაბული და ეჭვით შეპყრობილი, აუცილებლად დაუშვებ შეცდომას. სახლში როგორ მივედი აღარ მახსოვს. მთელი სხეული მიკანკალებდა. მარტო იმას ვფიქრობდი, ნეტავი ჩემმა ქმარმაც იცის, ის რომ ქალაქშია თუ გადავრჩები უბედურებას-მეთქი.

– გეშინოდათ, რომ თქვენს ქმარს მასთან შეხვედრის სურვილი გაუჩნდებოდა?

– მე არ ვიცოდი, რისი სურვილი გაუჩნდებოდა ჩემს ქმარს, არ ვიცოდი, კიდევ დარჩა თუ არა მის მიმართ გრძნობა, ენატრებოდა თუ არა მთელი ამ წლების განმავლობაში; არ ვიცოდი, რა ხდებოდა მის გულსა და სულში. ვერ ვუფათურებდი შიგ ხელებს, არც მომცემდა ამის უფლებას. ამიტომაც შევშინდი. შევშინდი კი არა, დავპანიკდი. ღმერთს ვევედრებოდი, იქნებ, ისე წავიდეს, მოშორდეს აქაურობას, რომ ამან ვერც გაიგოს მისი ჩამოსვლის შესახებ-მეთქი. სულ ტყუილად მქონდა ამის იმედი. ჩემი ქმარი სამსახურიდან კარგ გუნებაზე დაბრუნდა, თვალები უციმციმებდა. მე კი ისეთი მოშხამული ვიყავი, ძლივს გავუღიმე. იცი, ვინ ჩამოვიდაო? – მითხრა და დავიშალე. რომ არ წავქცეულიყავი, დავჯექი. კახამ დამირეკა (ჩვენი საერთო მეგობარია) და შაბათს თავისთან გვეპატიჟება. უნდა წავიდეთო. რა უნდა მეთქვა? მარტოს ვერც გავუშვებდი. შაბათამდე თავი მოვიკალი, რომ ძალიან მაგარ ფორმაში ვყოფილიყავი, ვარცხნილობაც შევიცვალე, ახალი ტანსაცმელიც ვიყიდე... მაინც მეჩვენებოდა, რომ „ის“ თავისი ჯინსითა და სპორტული მაისურით, გაცილებით ლამაზი იყო. ის საღამო რომ ჩამშხამდა, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. ჩემი ქმარი სულ იმას ელაპარაკებოდა. იმდენი რამე გაიხსენეს, იმდენი საერთო ჰქონდათ... დანა პირს არ მიხსნიდა. ჩრდილში მოვექეცი, დავიბოღმე, გავნერვიულდი და ასეთ მდგომარეობაში კიდევ უფრო ცუდი დასანახავი ვიყავი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა.

– ალბათ, უნდა აგეყვანათ საკუთარი თავი ხელში და ძალდაუტანებლად, უბრალოდ მოქცეულიყავით.

– სათქმელად ადვილია, მაგრამ, როცა საკუთარ თავზე გამოსცდი ამას, ვეღარ იმსჯელებ და იმოქმედებ ცივი გონებით. ემოცია აუცილებლად ჩაერთვება. დიდმა გრძნობამ იცის ასე.

– თუ საყვარელი ადამიანის დაკარგვის დიდმა შიშმა?

– დიახ, მართალი ბრძანდებით, დიდმა შიშმაც. არ უარვყოფ, რომ არანორმალურად შემეშინდა. ვფიქრობდი, ეს თუ ახლა ჩემს ქმარს მოუბრუნდა და ძველი სიყვარული გაახსენა, მოვკვდები-მეთქი. არ ვაპირებდი დანებებას. ვიცოდი, რომ ყველა საშუალებით ვიბრძოლებდი, მაგრამ არ დავუთმობდი ქმარს. თან, იმანაც შემაშინა, რომ მარტო იყო, ქმრის გარეშე. მე ხომ ვერ ვკითხავდი, ქმარი სად გყავს-მეთქი. მაგრამ, როცა წამოვედით, გზაში ჩემს ქმარს ვკითხე. ეგ ქმარს ხომ არ გასცილდა, რატომ ესტუმრა სამშობლოს, დიდი ხნით რჩება-მეთქი? არ ვიცი, არ მიკითხავს, შენთვის რა მნიშვნელობა აქვსო, – მიპასუხა. ვიგრძენი, რომ ფიქრებით სხვაგან იყო, იმასთან. ტირილი მომინდა. ეგ არ გამოირჩევა გრძნობის ერთგულებით და ამისი მაგალითი შენ გაქვს. არ გამიკვირდება, თუ გავიგებ, რომ ქმარიც მობეზრდა-მეთქი, – „ვუკბინე“ ჩემსას და მაშინვე ვინანე. ჩემი ქმარი გაფითრდა და ისე შემომხედა, მივხვდი, იმ წუთში მისთვის ჩემზე საზიზღარი არსება არ არსებობდა. არ მეგონა, ამდენი ბოღმა თუ გქონდა დაგროვილი. რა დაგიშავა, შენთვის ხომ არასოდეს არანაირი პრობლემა არ შეუქმნია. თუ მატკინა, მე მატკინა და ეს ჩვენი პრობლემაა, შენ რატომ გაქვს ასეთი აგრესია მის მიმართო. იმიტომ, რომ შენი ტკივილი ჩემი ტკივილიც არის-მეთქი. სხვა ვეღარაფერი ვუთხარი. მერე კი დაიწყო... საკუთარ თავს თვითონვე ვეღარ ვცნობდი. ისეთ რამეებს ვაკეთებდი, რაც მანამდე არასდროს გამიკეთებია: ვიქექებოდი ჩემი ქმრის ჯიბეებში, მობილურში... ჩუმად ვუსმენდი მის საუბრებს; სამსახურში ვურეკავდი და ვამოწმებდი, იქ იყო თუ არა... ერთი სიტყვით, მეც გავწამდი და ისიც გავაწამე.

– ხვდებოდა ამ ყველაფერს?

– რაღაცეებს ხვდებოდა. უფრო სწორად, მე მატყობდა, რომ რაღაც მჭირდა. რამდენჯერმე შევამჩნიე მისი გაოცებული მზერა. ბოლოს მკითხა კიდეც, რა გემართებაო.

– რა უპასუხეთ? არ უთხარით მიზეზი, რის გამოც იყავით ასეთი დაძაბული?

– არა და ახლა ძალიან ვნანობ. უნდა დავლაპარაკებოდი, გულახდილად უნდა მეთქვა ყველაფერი. მაშინ ამ პრობლემებს ავიცილებდი თავიდან და ჩემს ქმართან ურთიერთობაშიც ბზარს არ გავაჩენდი. ყოველთვის უნდა იცოდე, რომ საუბარს ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს, როცა ქმარი გიყვარს და ერთმანეთის მიმართ ნდობა გაქვთ.

– იქნებ, თქვენ სწორედ ნდობა გაკლდათ მის მიმართ?

– როგორც ჩანს, ასე იყო. ვერ დავიჯერე, რომ აღარ უყვარდა ის ქალი, რომ ეს გრძნობა წარსულში დარჩა და უკვე მთლიანად ჩემთან იყო, სხეულითაც და გონებითაც. ეს რომ მცოდნოდა, როგორი ბედნიერი ვიქნებოდი... გიჟივით აღარ მოვიქცეოდი. ძალიან მრცხვენია იმის, რაც ჩავიდინე.



მოკლედ ვიტყვი ჩემს სათქმელს. ახლა უკვე ვერ წარმომიდგენია, რომ მე ჩავიდინე ასეთი საშინელი და გამოუსწორებელი სისულელეები. გადავრიე ჩემი ქმარი და ძალიან ცუდად გავაცანი თავი, თანაც, ამდენი წლის შემდეგ. არადა, მართლა არ ვარ არც ბოროტი და არც ბოღმიანი. არავის ცუდი არ მინდა. ეჭვიანობამ და შიშმა გადამიკეტა გონება. რომ მითხრა, ხომ არ დაგვეპატიჟა ჩვენთანო, გადავირიე. მაშინვე ის ვიფიქრე, რომ იმასთან უნდოდა დაბრუნება. რა სულელი ვარ, მაშინ სახლში ხომ არ დაპატიჟებდა! ისე შეხვდებოდა, საერთოდ ვერ გავიგებდი. მაგრამ, ლოგიკური აზროვნების უნარი დავკარგე და ქმარს ვუყვირე. იწექი, ხომ, მასთან, მოასწარი? აისრულე დიდი ხნის ოცნება? ალბათ, მთელი ეს წლები მხოლოდ მაგაზე ფიქრობდი. უსირცხვილოები ხართ ორივე, განსაკუთრებით – ის. მაგას ყველა კაცი ერთად უნდა. თუ უყვარდი, რატომ მოგატოვა და ახლა რატომ ანგრევს ჩემს ბედნიერებას-მეთქი. ჩემი ქმარი გაოგნებული მისმენდა. შენ ხომ არ გადაირიეო – მითხრა ბოლოს – რას ამბობ, დაფიქრდი და შეგრცხვეს. ვერ გცნობ, რანაირად იქცევი. რას ფიქრობ და რას ლაპარაკობ, ასე რამ გადაგრია, ან, იქნებ, სულ ასეთი იყავი და მე ვერ ვამჩნევდიო. ყელში წამიჭირა რაღაცამ. როგორი მოსასმენია ბრალდება, როცა აქეთ ხარ შეურაცხყოფილი?! იმის მაგივრად, რომ გავჩუმებულიყავი, უარესები ვუთხარი: შენ ის გიყვარს და ოცნებობ, რომ დაუბრუნდე. დარწმუნებული ვარ, ყოველ საღამოს ხვდები და გეგმებს აწყობთ, როგორ იყოთ ერთად. მე ხომ არ გიყვარვარ და არც არასდროს გყვარებივარ-მეთქი. თავი გადააქნია – რა სულელი ხარო. მერე მშვიდად ამიხსნა: ჯერ ერთი, იმას ქმარი ჰყავს და არ აპირებს მის მიტოვებას. ერთად რომ ვნახეთ, იმის მერე არც შევხვედრივარ, მხოლოდ ტელეფონზე ველაპარაკე, უბრალოდ, მინდოდა, ჩვენთან დამეპატიჟა. რას წარმოვიდგენდი, შენ თუ ასეთი ბოღმა გქონდა გულში. გეკითხა და გეტყოდი, რომ დიდი ხანია აღარ მიყვარს. ის წარსულია, შენ და ჩემი შვილი კი ჩემი ცხოვრება ხართ, მიყვარხარ კიდეც და არავისში არ გაგცვლი, მაგრამ საშინლად მატკინე გული. ამდენი ხანია, ერთად ვართ და ამ ხნის განმავლობაში, თურმე, საერთოდ არ მენდობოდი. როგორ შევძლებ ამის გადახარშვას არ ვიციო. ამ სიტყვებმა მიმახვედრა, რომ დიდი შეცდომა დავუშვი, ტყუილად დავდე ბრალი საყვარელ ადამიანს. არადა, შემეძლო, საუბრით გამერკვია ყველაფერი. ახლა ჩემი ქმარი გამირბის. აშკარად ვხედავ, რომ ნაწყენია. ის ქალბატონი ქმართან გაემგზავრა, მე კი უზარმაზარი პრობლემა მაქვს. არაფრისგან გავაჩინე ხანძარი. რა უნდა ვქნა, რომ ჩემი ქმრის კეთილგანწყობა დავიბრუნო, ან როგორ შევუცვალო ის შთაბეჭდილება და წარმოდგენა, რომელიც ახლა აქვს ჩემზე, არ ვიცი. ცხადია, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ იქნებ ისევ ჩემი დიდი სიყვარული დამეხმაროს – ეს ყველაფერი ხომ დიდი სიყვარულის გამო დამემართა.


скачать dle 11.3