კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


მთელი ცხოვრება ერთი კაცი მიყვარდა

ცხოვრება მშვენიერია, არა? მაგრამ, ოდესღაც ეს მშვენიერება შეიძლება, დიდ უბედურებაში გადაიზარდოს – ყველაფრით განებივრებული, არაფერს მოკლებული, მაგრამ, თურმე, ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან სიყვარულს მოკლებული, ეს ცუდია. ასეთია იმ ადამიანთა ცხოვრება, რომელთაც ყველაფერი აქვთ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს კარგავენ – მეგობრებსაც და ნამდვილ სიყვარულსაც, რომელიც ვერ დაინახეს და ზურგი შეაქციეს. იცით, რა საშინელებაა, როცა ადამიანი, რომელიც სიგიჟემდე გიყვარს, ზურგს გაქცევს და შენგან შორს მიდის?! ალბათ, არასდროს წარმომედგინა, რომ ყველაფრით განებივრებულ გოგოს, სხვებისთვის ერთი უბრალო ბიჭი, მაგრამ ჩემთვის კი უძვირფასესი ადამიანი, შემიყვარდებოდა. გურამი ჩემი სკოლელი იყო. როცა გავიცანი, მეათე კლასში ვიყავი, ის კი – მეთერთმეტეში. გაცნობის დღიდანვე ვხვდებოდი, რომ ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა და ისეთს გამხდიდა, როგორიც უნდა ვყოფილიყავი. მოსიყვარულე ადამიანი იყო, არაფერს მაკლებდა, სულ ერთად ვიყავით, მაგრამ მაინც რაღაც ჩატეხილი ხიდი იყო ჩვენ შორის. მე და გუროს საერთო მეგობარი გვყავდა, ლიკა. ჩვენი სიყვარულის ერთი წლის თავს დაემთხვა ლიკას დაბადების დღე. რა თქმა უნდა, ორივე დაგვპატიჟა და წავედით. მშვენიერ დროს ვატარებდით, მაგრამ უცბად გურო მოვიდა და მთხოვა, აივანზე გავსულიყავით, სალაპარაკო მაქვსო. სახეზე ფერი არ ედო. მივხვდი, რაღაც ცუდი უნდა ეთქვა, მაგრამ ისეთ საშინელებას არ მოველოდი. ანა, იცი, მე... მე საქართველოდან მივდივარ. მთელი ოჯახი მივდივართ საცხოვრებლად გერმანიაში. ანა, მე აღარ დავბრუნდები, უნდა დავშორდეთ! კაი, გურო, კარგად! ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. ლიკასთან დამშვიდობებისა და გუროს ბოლოჯერ ნახვის გარეშე, რაც შემდეგ ბევრჯერ ვინანე, წამოვედი ლიკას სახლიდან.

მეგონა, ცხოვრება დამთავრდა. არავისთან აღარ მქონდა ურთიერთობა, აღარც ლიკას ზარებს ვპასუხობდი და, რაღა თქმა უნდა, არც გუროსას. ერთი თვე არც სკოლაში მივსულვარ. ცხოვრება უფრო მიძნელდებოდა. გადიოდა დღეები და ჩემი სიყვარული უფრო და უფრო ძლიერდებოდა. დამთავრდა სკოლა... ბანკეტი, რომელიც ყველასთვის ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა, ჩემთვის ჩვეულებრივი იყო.

იმ წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში. თითქოს ახალი სიყვარული მეწვია, მაგრამ ჩემი გული ისევ გუროს ეკუთვნოდა. გავიდა დრო. ინსტიტუტიც დავამთავრე და გათხოვებაც გადავწყვიტე. ქორწილის დღე დაინიშნა. თითქოს, ბედნიერი ვიყავი, მაგრამ გულში ისევ გურო მიყვარდა. ჯვრისწერა დაიწყო. უცებ თვალწინ გურო დამიდგა. ისტერიკული ტირილი ამიტყდა, ტაძრიდან გავიქეცი და ქორწილი ჩაიშალა! ამ დღის მერე არავის ვუნახივარ. იმ საღამოს საქართველოდან წავედი ძალიან შორს! ერთი თვე მშობლებსაც კი არ შევეხმიანე. მხოლოდ უმისამართო წერილებს ვგზავნიდი, სადაც ვწერდი, რომ კარგად ვიყავი და სხვას არაფერს. ამერიკაში ვცხოვრობდი, სადაც გავიცანი ქართველი ბიჭი, რომელიც ვითომ შემიყვარდა და მასზე დავქორწინდი. ერთი შეხედვით ბედნიერი ოჯახი გვქონდა. მალე შვილიც გვეყოლა – პატარა ნანი. ნანიმ გადაწყვიტა, გერმანიაში ესწავლა და იქ გადავიდა საცხოვრებლად. რამდენიმე ხანში ნანიმ გამოგვიცხადა, რომ შეყვარებული ჰყავდა და მალე დაქორწინებასაც აპირებდა. დაინიშნა ქორწილის დღე და მე და ჩემი მეუღლე გავემგზავრეთ გერმანიაში.

ულამაზესი ქორწილი იყო. ცოტა ხნით გადავწყვიტეთ, ნანისთან დავრჩენილიყავით. ჩვენს იქ ყოფნისას ნანის მეგობრის ბებია გარდაიცვალა და სასაფლაოზე წავედით... უცბად ჩემი ყურადღება ერთმა საფლავმა მიიქცია, სადაც ქართული წარწერა იყო და რას ვხედავ, ჩემი დაუვიწყარი სიყვარულის სასაფლაო... დიახ, გურამის საფლავთან ვიდექი. საფლავზე დავემხე და გაუჩერებლივ ვტიროდი, დაღამებამდე. გამიჭირდა, მაგრამ გურამის ოჯახი ვიპოვე, მივედი და ავუხსენი, ვინც ვიყავი. ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდათ, თბილად მიმიღეს და სიმართლესაც ფარდა აეხადა. გურამი გერმანიაში სამკურნალოდ წასულა, ტვინის სიმსივნე ჰქონია. მე არ გამიმხილა, რადგან არ უნდოდა, დავტანჯულიყავი, მაგრამ მე ხომ ისედაც ვიტანჯებოდი და ეთქვა, სიკვდილის წინ მასთან ვიქნებოდი და ვეტყოდი, როგორ მიყვარდა. ასეთი მწარე სიმართლე გავიგე, მაგრამ გუროს ჩემთვის წერილი დაუტოვებია, სადაც მწერდა, რომ უზომოდ ვუყვარდი!!!

ეს წერილი ყველაზე ძვირფასია, რაც კი ამ ცხოვრებამ ჩემთვის გაიმეტა. მართალია, მყავდა მეუღლე, რომელსაც სიგიჟემდე ვუყვარდი და შვილიც, მაგრამ არ მყავდა გვერდით ის ადამიანი, რომელიც ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული იყო! ასეთი დაუნდობელი ყოფილა ცხოვრება – ჯერ გუროს შემახვედრა, უზომოდ შემაყვარა და შემდეგ ისე მოკლა, რომ მის აცრემლებულ და დატანჯულ თვალებშიც არ ჩამახედა ბოლოჯერ და არ მათქმევინა. მიყვარხარ...

ანა, 40 წლის.



ჩემმა ცოლმა საქვეყნოდ თავი მომჭრა

ყოველთვის მომთხოვნი ვიყავი ადამიანების მიმართ, რა სიკეთესაც გავცემდი, იგივეს მიღება მინდოდა, მაგრამ ასე აწყობილი რომ არაა ცხოვრება, ეს ისედაც ვიცოდი. ამასთან ერთად, საკმაოდ ფრთხილიც გახლდით. როცა ცოლის მოყვანის ასაკი მომივიდა, თავსატეხი გამიჩნდა, ვისზე გამეკეთებინა არჩევანი, რომ კარგი ცოლობა გაეწია. ისე, ნათქვამია, „თვალი ჭამს და თვალი სვამსო“, ამიტომ, რაღა გასამტყუნი ვიყავი, რომ ცოლად ლამაზი გოგოს მოყვანა მომენდომებინა?! არც მე ვიყავი ურიგო შესახედავი და ქალების ყურადღება არც მაკლდა. მაკა ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი, მართლა თვალისმომჭრელად ანათებდა, ისეთი ლამაზი იყო, მეც მიმიზიდა, ბუნებრივია და თუ დამიჯერებთ, ერთი ნახვით შემიყვარდა. მერე გავიგე, რომ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა და მათგან ზოგიერთს მაკას მოტაცების მცდელობაც კი ჰქონია. ეს რომ გავიგე, მოსვენება დავკარგე და რადგან მაკასაც მოვწონდი, ბევრი აღარ მიფიქრია, მოვიტაცე. გავიდა წლები, ამ ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი, რაც ჩემი ცოლი ქალობაში შევიდა, კიდევ უფრო გალამაზდა. ის მუდამ ყურადღების ცენტრში იყო და იმის მიუხედავად, გათხოვილი ქალი იყო, კაცები მაინც უჟუჟუნებდნენ თვალებს. მაკა მე არ მეუბნებოდა, მაგრამ ვამჩნევდი, რომ ძალიან სიამოვნებდა კაცების ყურადღება, რაც მე მაგიჟებდა. აქედან გამომდინარე, უფრო ეჭვიანი გავხდი და არცთუ უსაფუძვლოდ. ამის გამო ურთიერთობა მართლა დაგვეძაბა და სულ ვეჩხუბებოდი, მით უმეტეს, როცა ტელეფონი ურეკავდა, ის კი ზოგჯერ თიშავდა, ზოგჯერ კი გაურკვევლად წაიბუტბუტებდა და მერე ეტყოდა, სხვაგან მოხვდიო. დავასკვენი, რომ მას საყვარელი ჰყავდა და ამის დამტკიცება მინდოდა. ეჭვი და სიბრაზე გულზე ლოდივით მედო და როდის ვიფეთქებდი, არ ვიცოდი. მინდოდა, სანამ რამეს გამიბედავდა და თავს მომჭრიდა, მანამდე გამეგო ყველაფერი, მაგრამ ვერ ვამტკიცებდი, ვიდრე საკუთარი თვალით არ ვნახე ჩემი ცოლი სხვა კაცის მკლავებში. მიჭირს, გადმოგცეთ, რაც მაშინ ვიგრძენი. ოთხი დღით სამსახურიდან მივლინებით გამიშვეს, მაგრამ ისე მოხდა, დროზე ადრე მომიწია დაბრუნება. თან, ეკლებზე ვიჯექი, გული ცუდს მიგრძნობდა და ისედაც არ მინდოდა ჩემი ცოლის მარტო დატოვება. მივლინებიდან მესამე დღეს დავბრუნდი და სახლში რომ შევედი, დილა იყო. ბავშვები სკოლაში იყვნენ წასული და კარი გასაღებით გავაღე. ვიფიქრე, ცოლს მოულოდნელად დავადგები თავზე-მეთქი. როცა ჩემს საძინებელს მივუახლოვდი, იქიდან მაკას კისკისი გამოდიოდა, გამიკვირდა, ნეტავი, რაზე იცინის-მეთქი და როცა კარი შევაღე, დავინახე როგორ ეჯდა უცხო მამაკაცს კალთაში ნახევრად შიშველი და როგორ ეალერსებოდა. კინაღამ გავგიჟდი. ჯერ იმ კაცს ვეცი და ისე გავმწარდი, მუცელში დანა გავუყარე, კიდევ კარგი არ მოკვდა ის წყეული. ჩემს ცოლს კი ერთი მაგარი სილა გავარტყი და სახლის დატოვება მოვთხოვე. მინდოდა, მისთვის დედობის უფლებაც ჩამომერთმია. ამას ნამდვილად იმსახურებდა, რადგან საკუთარ სახლში, ჩემს საძინებელში და ბავშვების ოთახის გვერდით სხვა კაცთან განცხრომის უფლებას აძლევდა თავს. ეს უბედურება არ მაკმარეს და ციხეში მიკრეს თავი, ცოლის საყვარელის დაჭრის გამო. კიდევ კარგი, ერთ წელზე მეტი არ მომიხდა ციხეში ყოფნა და მალევე გამოვედი. უპირველესად სახლის გაყიდვა მომიხდა, რადგან ყველამ იცოდა, ცოლმა რქები რომ დამადგა და იმ უბანში აღარ დამედგომებოდა. ბავშვები ახლა დედამისთან იზრდებიან, ის ქალბატონი კიდევ ორჯერ გათხოვდა. ახლა კი, მგონი, კიდევ ახალი საყვარელი გაუჩენია. არ ვიცი, რა ვქნა, არ მინდა, ჩემი შვილები უნამუსო დედის გვერდით იზრდებოდნენ. როგორ მოვიქცე, იმას ვფიქრობ. ბოლო დროს დავრწმუნდი, რომ საჭირო არაა ლამაზი ცოლი გყავდეს, ჯობია, ნაკლები გარეგნობა ჰქონდეს და ადამიანი იყოს, ყოველ შემთხვევაში, გარეთ რომ გავა, ყველა იმას არ დაუწყებს ყურებას და მერე თავის სილამაზე თავში არ აუვარდება, ჩემი ყოფილი ცოლივით. მე მართლა დამღუპა ეკას სილამაზემ და უკვე ისე ვარ, ყველა ლამაზი ქალი ნამუსგარეცხილი მგონია. არაა საჭირო მაცდური სილამაზე. ამიტომ, თუ კიდევ გავრისკავ და ცოლს ოდესმე მოვიყვან, დანამდვილებით ვიცი, რომ ის ლამაზი არავითარ შემთხვევაში არ იქნება.

ლევანი, 31 წლის.



ურწმუნო ქმრის გამო ჯვარი ვერ დავიწერე

რის მოყოლასაც ვაპირებ, თქვენი ჟურნალის მრავალათასიანი მკითხველისთვის, შესაძლოა, ბევრს არარეალური ამბავი ეგონოს. მაგრამ ეს ისტორია თავად გადამხდა, რომლის გამოც ჯვრისწერა, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, შეუძლებელი გახდა. თავის დროზე მე და ჩემი შეყვარებული გავიპარეთ და სპონტანურად დაქორწინება გამოგვივიდა. როცა დავორსულდი და მუცელი დამეტყო, პატარა ქორწილის გადახდა გადავწყვიტეთ, რადგან ხელმოწერაც მინდოდა და ჯვრისწერაც. ჩემი ქმარი ურწმუნო თომასავით იყო და მეუბნებოდა, მე, ხომ იცი, ღმერთის არ მწამს და რატომ მაძალებ, ჯვრისწერა არაა აუცილებელი, მთავარია, ხელი მოვაწეროთო. ამაზე გვქონდა დავა, რადგან მე პირიქით ვფიქრობდი და ხელმოწერის ფორმალურ ცერემონიაზე უფრო მნიშვნელოვნად ჯვრისწერა მიმაჩნდა, რომ ჩვენს ქორწინებას ღვთისგან კურთხევა მისცემოდა. ბევრი დავიდარაბის მერე, როგორც იქნა, ქმარი დავიყოლიე ჯვრისწერაზე, მაგრამ რა ვიცოდით, წინ რა გველოდა. როცა ერთ-ერთ ეკლესიას მივუახლოვდით ჯვრის დასაწერად, ჩემმა ქმარმა მითხრა, გული მიმდის, თითქოს რაღაც სუსტად ვარო, მე ვიფიქრე, ჯვრისწერა არ უნდა და განგებ მაბრაზებს-მეთქი. დავაძალე, შემოდი ეკლესიაში და მოიქეცი ნორმალურად, ამ ქორწილის დღეს მოგინდა, ნერვები ამიშალო-მეთქი, ვუსაყვედურე. კარგიო, დამეთანხმა, თან თავის მეჯვარეს ელაპარაკებოდა და ხუმრობდა, რა სისულელეა ეს ჯვრისწერა, არ მწამს ღმერთის და ძალა ხომ არააო. წესიერად პირჯვრის გადაწერაც არ ვიცი და საერთოდ, რა მინდა ეკლესიაში, არ მესმის. ერთი სული მაქვს დროზე დავიწერო ჯვარი და გავიდე აქედანო. ამ საუბრიდან ცოტა ხანში მივედით მღვდელთან, რომ დაეწყო ჯვრისწერის ცერემონია. როცა მან ღვინის შესმა მოგვთხოვა, ჩემს ქმარს თვალები გადაუტრიალდა, ვაიო, ერთი კი დაიძახა და ძირს დაეცა. ძალიან ავნერვიულდი, არასოდეს წასვლია გული და იქ რა მოუვიდა, არ მესმოდა. ცივი წყალი ვასხით, წამლები დავალევინეთ და ძლივს მოვიყვანეთ აზრზე. მართალია, ჯვრისწერა შეყოვნდა, მაგრამ განვაგრძეთ, თუმცა არც მეორე ჯერზე გაგვიმართლა – ჩემი ქმარი კვლავ ცუდად გახდა. ვიფიქრეთ, ჯერ კარგად არ იყო და ფეხზე მალე რომ წამოვაყენეთ, ალბათ იმან იმოქმედა-მეთქი. ხელახლა მოვასულიერეთ და მღვდელს ვთხოვეთ, დაგვლოდებოდა. ძალიან მინდოდა ჯვარის დაწერა და ქმარს ვეხვეწებოდი, თავს ძალა დაატანე, ჯვარს უცებ დავიწერთ, არ ინერვიულო და ცუდად აღარ გახდები-მეთქი. გავიდა ნახევარ საათზე მეტი და ჩემი ხათრით, კიდევ გარისკა ქმარმა ჯვრისწერა. დავიწყეთ ისევ თავიდან და როცა ჯერი ღვინის შესმაზე მიდგა, იგი მოცელილივით ისევ დაბლა დავარდა. თან ბორგავდა, თითქოს ვიღაცას ელაპარაკებოდა. გავგიჟდით, ყველა ისე ავნერვიულდით. როგორც იქნა, მოვაბრუნეთ ნეფე. როცა ძალა მოეცა, მითხრა, წინ დამიდგა თეთრებში ჩაცმული ანგელოზი და მითხრა, შენ ღმერთი არ გწამს, მას უდიერად იხსენიებ და ამიტომ ჯვრისწერის ნებას მანამ არ მოგცემ, სანამ მართლა არ იწამებ ღმერთსო. როცა ეს გვითხრა, გავანებეთ ყველაფერს თავი და წამოვედით ეკლესიიდან ჯვარდაუწერლები. მართალია, გული მწყდებოდა, მაგრამ რადგან ღვთის ნება იყო, დავმორჩილდი, სხვა რა გზა მქონდა. იმ დღის მერე ათი წელი გავიდა, მაგრამ მე და ჩემს ქმარს ჯვარი კიდევ არ გვაქვს დაწერილი, თუმცა ვხვდები, რომ ეს დღეც მალე დადგება, რადგან ჩემი მეუღლე უფრო მორწმუნე გახდა და როცა ღმერთი ისურვებს და ამისთვის მზად ვიქნებით, მაშინ დაგვწერს ჯვარს. ბოლოს კი განმარტებისთვის მინდა გითხრათ, რომ ჩემი ქმარი სრულიად ჯანმრთელი ადამიანია და თუ არ ჩავთვლით ეკლესიაში მომხდარ ფაქტს, ის ცუდად არასოდეს გამხდარა. რამდენადაც დაუჯერებლად უნდა მოგეჩვენოთ, მართლა სამჯერ წაუვიდა გული მას ეკლესიაში. ეს, ალბათ, მინიშნება ან გაფრთხილება იყო, რომ ღმერთისკენ შემობრუნებულიყო და საბედნიეროდ, ასეც მოხდა. იმედია, ბოლოს და ბოლოს დადგება ის სანატრელი დღეც და ღმერთი მოგვიანებით მაინც მოგვცემს კურთხევას, ჩვენს კავშირზე.

თინიკო, 29 წლის.



გვიან გავიგე, რომ

ნაბუშარი ვყოფილვარ

სამწუხაროდ, დედისერთა ბიჭი ვიყავი და დედის მზრუნველობის ქვეშ გავიზარდე, ისე, რომ მამის არსებობის შესახებ, ხეირიანად არაფერი ვიცოდი. როცა წამოვიზარდე, დედას შევეკითხე, მამაჩემი სადაა-მეთქი. იმან დამწუხრებით მიპასუხა, შენზე ფეხმძიმედ რომ ვიყავი, ავტოავარიაში მოყვა და ადგილზევე გარდაიცვალაო. ეს იყო და ეს, დედა მეტად აღარ შემიწუხებია ზედმეტი კითხვებით. სამწუხაროდ, მამას, მხოლოდ სურათებით ვიცნობდი და შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ უმამოდ მომიწევდა ყოფნა და მას ვერავინ გამიცოცხლებდა. მართალია, დედა, შეძლებისდაგვარად, თავს მევლებოდა, მივლიდა, მიფრთხილდებოდა და რომ იტყვიან, ცივ ნიავს არ მაკარებდა, მაგრამ მამის ხელი მაინც მაკლდა. შევნატროდი ჩემს მეგობრებს, როცა მამასთან ერთად დავინახავდი, ძმაკაცებივით რომ მუსაიფობდნენ. ისე მინდოდა, ოჯახში კაცის ყოფნა, რომ დედას ვთხოვე კიდეც, გათხოვდი, კარგი იქნება და ახალი მამა მეყოლება-მეთქი. ისე მოხდა, რომ დედა აღარ გათხოვდა. მე მეუბნებოდა, რაც არ უნდა კარგი იყოს, მამას მამინაცვალი ვერ შეგიცვლისო. ერთ დღეს მე და ჩემი მეგობრები, რომლებიც, ამავდროულად, მეზობლებიც იყვნენ, ეზოში ფეხბურთს ვთამაშობდით. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ჩხუბი მოგვივიდა, ვეკამათეთ ერთმანეთს და ისე გამწვავდა მდგომარეობა, კამათი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ერთმა ამხანაგმა წყობიდან გამომიყვანა, ისე მეუზრდელებოდა და როცა დავარტყი, გამწარდა და ბიჭების თანდასწრებით წამომაძახა, შენ ვის „ებლატავები“, ბიჭო, არ იცი, რომ ნაბიჭვარი ხარ, დედაშენი გატყუებს, იმას ქმარი არც ჰყოლია და ვიღაცა კაცისგან „ლევად“ გაგაჩინა. რა უფლება გაქვს, რომ დიდგულობ და საერთოდ, ბიჭები რომ გვერდით გიკარებთ ნაბიჭვარს, მადლობა გვითხარიო. ამ სიტყვების გაგონებამ წყობიდან გამომიყვანა, მეგონა, მატყუებდა და ამას გასამწარებლად მეუბნებოდა, მაგრამ როცა ატირებულმა სახლში დედას შევჩივლე ეს ამბავი, მან ჯერ დამამშვიდა, მერე მომიყვა თავის ისტორიას და მითხრა, რომ გაგიჟებით ყვარებია, თურმე, მამაჩემი, იმასაც უყვარდა და ცოლთან გაშორებას აპირებდა, რომ დედა მოეყვანა ცოლად, მაგრამ ავარიაში მოყვა და ვეღარ მოასწრეს თურმე დაქორწინება. დედა კი ექვსი თვის ფეხმძიმე იყო და მუცლის მოშლას აზრი აღარ ჰქონდა. როცა გარდატეხის ასაკში ვიყავი და ეს ამბავი მომახალეს პირში, სიკვდილი მინდოდა. იმ ამბის მერე მე და დედა სხვა უბანში გადავედით საცხოვრებლად და ჩემი ნაბუშრობის ისტორიაც იქ დამთავრდა. ასეა თუ ისე, მართლა ნაბუშარი გამოვედი, მაგრამ ამის მიუხედავად, დღევანდელი გადასახედიდან ნამდვილად არ მესირცხვილება და აღარ განვიცდი, რადგან დედაჩემმა მთელი ცხოვრება მე შემომწირა და ერთი კაცის ერთგული დარჩა.

ვასილი, 51 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3