ვინ ჩამოვიდა სპეციალურად ამერიკიდან ლიკა ევგენიძისა და ნიკა ალასანიას შვილის ნათლობაზე
დაახლოებით ერთი წლის წინ, მამა დავითის ეკლესიაში სრულიად ქართული ბომონდი და მასმედია შეიკრიბა ულამაზესი წყვილის – ლიკა ევგენიძისა და ნიკა ალასანიას ქორწილში. ეკლესიის ლამაზი, მაგრამ რთულად ასავლელი აღმართი თეთრ კაბაში გამოწყობილმა პატარძალმა მოკრძალებით და ღვთის შიშით აიარა. ერთი წლის შემდეგ კი წყვილი თავის ახალშობილ ანგელოზთან ერთად იმავე ეკლესიის აღმართს შეუდგა, რათა მათი პატარა ნათლობის საიდუმლოს ზიარებულიყო. 25 მაისს ნიუ-იორკში დაბადებული ამერიკის მოქალაქე და თბილისში სულ ცოტა ხნის წინ ჩამოსული ანა-სოფია გარემოს დაბნეული ათვალიერებდა, თეთრი და ფითქინა პატარა ქალბატონი გარუჯული მშობლების გვერდით ძალიან საყვარლად გამოიყურებოდა და ამ თემაზე სტუმრებს შორის ბევრი ხუმრობაც იყო.
ანა-სოფიას ნათლობა წყვილმა მამიკოს – ნიკა ალასანიას დაბადების დღეს დაამთხვია. ნათლობა 4 საათისთვის დაიწყო. მთავარ გმირებს მამა დავითში შეკრებილი ოჯახის წევრები და მეგობრები საჩუქრებით ხელში ელოდნენ. ავტომობილიდან გადმოსულმა ლიკამ იქ დამსწრე საზოგადოების სრული შოკი გამოიწვია, საოცარი სილამაზის მწვანე კომბინეზონში გამოწყობილ და შოკოლადისფრად გარუჯულ დედას ძალზე უხდებოდა, მუქი ვერცხლისფერი კოლიე და ოდნავ გაღიავებული თმის ფერი. ნიკამ კი ავტომობილიდან გადმოსვლისთანავე ძალიან ბევრი მილოცვა მიიღო. პრესამ შედარებით გვიან გაარკვია, რომ იმ დღეს მისი დაბადების დღეც ყოფილა. ეკლესიის შესასვლელთან ლიკას ელოდებოდა მამას, დათო ევგენიძე, მეუღლესთან ერთად. რამდენიმე ხნის შემდეგ მოვიდნენ ნიკას დედა და ლიკას დედა, ლიკას უმცროს დასთან, პატარა კირასთან ერთად. მათთან ერთად იყო მსახიობი კირა ანდრონიკაშვილიც. ლიკას დედა ბევრს ხუმრობდა, რომ პატარა კირა ანა-სოფიას დეიდაა. ნიკუშას დედა უბედნიერესი იყო. მან თქვა, რომ ლიკამ და ნიკამ უდიდესი სიხარული აჩუქეს ჯერ ანა-სოფიას სახით, დღეს კი უკვე შვილიშვილის გაქრისტიანებითაა ბედნიერი. ალბათ, იცით, რომ ამ დრომდე პატარა ანა-სოფია მათ გვერდით იზრდებოდა, ახლა კი, როგორც ნიკას დედამ თავად თქვა, ამერიკაში მყოფი ბაბუა, თემურ ალასანია, პატარას სკაიპით ეკონტაქტება. თვითონ კი, მართალია, სპეციალურად ამ დღისთვის არა, მაგრამ, ისეთ დროს ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომ ნათლობასაც დასწრებოდა.
ანა-სოფია მამა იოანემ მონათლა. პატარამ მხოლოდ წყალში სამჯერ ჩაყვინთვის შემდეგ წაიტირა, შემდეგ კი ნათლობის მთელ ცერემონიალს მშვიდად და ინტერესით ადევნებდა თვალყურს. მისი ნათლიები მშობლების მეგობრები იყვნენ.
ლიკა ევგენიძე: ნიკამ ჩვენი შვილი მოანათვლინა თავის მეჯვარეებს: პაატა გოგეშვილს და ანზორ ყურაშვილს, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა ამერიკიდან (მის შესახებ ჩვენი ჟურნალი რამდენიმე თვის წინ წერდა). მეც ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და, მინდა, მათთან ამდენწლიანი ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გავხადო. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ჩემს მეგობრებს მოენათლათ ანა-სოფია. ანზორთან და პაატასთან ერთად, მისი ნათლიები არიან ბახვა ბრეგვაძე და ანა ჭანტურია.
ლიკასგან გავიგეთ, რომ პატარა ანა-სოფია ყოველდღიურად ახალ-ახალ რაღაცეებს სწავლობს, არ არის პრეტენზიული და მტირალა და, რაც დრო გადის, მასთან ურთიერთობა სულ უფრო საინტერესო ხდება. ახლა მშობლები პატარა ქალბატონს თბილისურ სახლში ახალ, ლამაზ ოთახს უწყობენ, სადაც ის მშვიდად და მყუდროდ იგრძნობს თავს.
ლიკა ევგენიძე: ძალიან ბედნიერი ვარ, ეს დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. ანა-სოფია ჭკვიანად მოიქცა, ბევრი არ უტირია. საოცარი ინტერესით აკვირდებოდა ყველაფერს, რაც მის ირგვლივ ხდებოდა.
ნათლობის შემდეგ შეკრებილმა საზოგადოებამ რესტორან „ქალაქურში” გადაინაცვლა, სადაც ნათლობა და ნიკას დაბადების დღე ერთად აღნიშნეს.