კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოაჩინა საქართველოდან დევნილმა გიორგი ალანიამ ჩეხეთში სამეგრელო და როგორ დაუკავშირა მან ცხოვრება მეკობრეებს


გიორგი ალანიამ საქართველო წლების წინ დატოვა და უკვე დიდი ხანია, რაც ცნობილი ფილმის პერსონაჟივით, ყოველდღე უკან სამშობლოში ბრუნდება. ბევრისგან განსხვავებით, ემიგრანტის ცხოვრებასთან შეჩვევა ვერ შეძლო. გიორგი ალანია ჩეხეთის ოპოზიციური პარტიის, „მეკობრეთა პარტიის” წევრია და მოახლოებული არჩევნებისთვის ემზადება. როგორ აღმოჩნდა ის დევნილობაში და რით ეხმარება ქართველ პოლიტიკოსებს პილზენიდა ნ, ამის შესახებ გიორგი ალანიას ჩეხეთში გავესაუბრეთ.


გიორგი ალანია: საქართველოდან 17 წლის წინ წამოვედი, გასაქცევად გამიხადეს საქმე. 1993 წლის ნოემბერში დავტოვე საქართველო, სამაჩაბლოდან გადავლახე საზღვარი. მაშინ დევნილების ოჯახებსაც მკაცრად უსწორდებოდნენ. ცოლ-შვილი სამაჩაბლოში მყავდა დამალული, ქურთაში ცხოვრობდნენ ჩემი მეუღლის მშობლები. ცოლ-შვილი საქართველოდან წითელი ჯვრის დახმარებით გავიყვანე. მე დღემდე ძებნილი ვარ საქართველოში, ჩემს მიმართ ბოლო გამოძიება 6 თვის წინ ჩატარდა. რამდენადაც ვიცი, სამშობლოს ღალატის ბრალდების დამატებასაც მიპირებდნენ. მე ქართული ჯარის ერთ-ერთი დამაარსებელი ვარ. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეც კი დევს. ჩემი ორგანიზებით ჩატარდა პირველი გაწვევა ჯარში. მონაწილეობას ვიღებდი ქართული ბატალიონების შექმნაში. მე დღემდე ვარ ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს ოპერატიული ქვეგანყოფილების უფროსი. სამი წლის წინ მივწერე თავდაცვის სამინისტროს, რომ ხელფასი მქონდა ასაღები, 14 წლის ხელფასს ვითხოვდი. არც უარი უთქვამთ ამაზე, არც თანხმობა, თუმცა ხელფასი ჯერ არ ამიღია. თუ ევროპული კანონებით ვიმსჯელებთ, მე ხელფასი მეკუთვნის, აქ რომ ამ მოთხოვნით სასამართლოში წავსულიყავი, აუცილებლად მოვიგებდი პროცესს. საქართველოდან სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ წამოვედი. 1997 წელს, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის შემდეგ, მე მომიხსნეს სამშობლოს ღალატის ბრალდება და ორი მუხლი – ბანდფორმირების შექმნა და იარაღის ტარება დამრჩა. როცა ხელისუფლებაში მიშა სააკაშვილი მოვიდა, მე საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე, მოლაპარაკებებიც მქონდა ახალ ხელისუფლებასთან. ეს საქმე გურამ აბსნაძეს ჰქონდა დავალებული, მაგრამ ჩემი ჩამოსვლა კი არა, მერე თვითონ აბსნაძეს გაუხდა გასაქცევად საქმე. მე მომთხოვეს, რომ პრეზიდენტის სახელზე თხოვნა დამეწერა და შეწყალება მეთხოვა, მაგრამ მე ამაზე უარი ვთქვი. ხუთი ადამიანი ვართ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვინც შეწყალება არ ითხოვა. მე მოვითხოვდი, რომ ჩატარებულიყო სასამართლო პროცესები, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოში ეს პროცესი არასდროს ჩატარდება, რადგან მერე მექნება საშუალება სტრასბურგში ვიჩივლო. ჩემს მოთხოვნას ის მოჰყვა, რომ კიდევ სამი მუხლი დამიმატეს. ნახევარი წლის წინ ძალიან გავაბრაზე ქართული პროკურატურის წარმომადგენელი. ის ჩეხეთში ერთი ადამიანის რეპატრიაციაზე იყო ჩამოსული, მას არ სურდა საქართველოში გადაყვანა. მე ვუთხარი გენერალური პროკურატურის წარმომადგენელს: მის მაგივრად მე გამოგყვებით-მეთქი, მაგრამ უარი მითხრეს, ეტყობა, ამაზე საქართველოში მაგრად გაბრაზდნენ (იცინის).

– როგორ ცხოვრობთ ჩეხეთში, რას საქმიანობთ მანდ?

– ახლა უკვე კარგად ვარ, კარგად მოვეწყვე. თავიდან, როდესაც ემიგრაციაში წავედი, ჯერ საფრანგეთში ჩავედი, მაშინ იქ ცოტა სხვაგვარად იყო საქმე. დიდხანს ვერ გავძელი და მალე გადავედი ჩეხეთში. თავიდან ძალიან გამიჭირდა. სანამ ენას ვისწავლიდი, სამსახური არ მქონდა. მერე ქარხანაში მუშად დავიწყე მუშაობა, სოციალური სტატუსით ვერ ვიცხოვრებდი, მუშაობა მერჩივნა. პატარა ბიზნესიც მქონდა. თუმცა, ჩემი მთავარი საქმიანობა, მაინც იმ უცხოელი მოქალაქეების იურიდიული მომსახურებაა, ვისაც ჩეხეთში პრობლემები აქვს. უკვე ათი წელია, რაც ამ სფეროში ვმუშაობ და აქაურ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლს ვუშრობ. ერთი აქციაც მოვაწყვე, რომელიც მთელ ევროპაში გახმაურდა – პრეზიდენტის სასახლესთან რასიზმის საწინააღმდეგო მოთხოვნებით ხელი დავიჭედე. აქ დიდი ხანია, ვეხმარები იმ ადამიანებს, ვინც არ იცის ჩეხური ენა და ამის გამო ძალიან ბევრი პრობლემა ექმნებათ.

– მეგრულიდან ჩეხურზე გადასვლა იოლად მოახერხეთ?

– აბა, როგორ? მე არ ვიცოდი რუსული, რის გამოც ჩეხური იოლად ვისწავლე, მაგრამ მეგრულს ხშირად ვასაღებ იტალიურ ენად (იცინის). ერთხელ მე და ჩემი მეგობარი კაფეში ვისხედით ახალგაცნობილ ადამიანებთან ერთად. რამდენიმე სიტყვა ვთქვი მეგრულად. ჩემს მეგობარს ჰკითხეს, ეს ვინააო. იტალიელიაო, უპასუხა მან. ეგ იტალიური ენა არ იყოო, უთხრეს მათ. ეს კორსიკული აქცენტით საუბრობსო – განუმარტა მათ ჩემმა მეგობარმა, ჩემი საყვარელი მეგრული სიტყვებია „ჩქიმი პაკაზუხა“. ამაზე ერთი ცნობილი ანეკდოტიც არსებობს: მეგრელი კაზინოში წაიყვანა მეგობარმა. ამ ტიპმა თამაში არ იცოდა და იკითხა: ფსონი რომელ ციფრზე დავდოო? მეგობარმა უთხრა: რა რიცხვშიც ხარ დაბადებული, იმაზე დადეო, დადო და მოიგო, მეორედ იმ თვეზე დადო ფული, რომელ თვეშიც იყო დაბადებული. ისევ მოიგო დიდი თანხა. მესამე მცდელობის დროს კიდევ იკითხა: ახლა რომელ ციფრზე დავდოო? უთხრეს, რამდენი სექსუალური აქტის თავიც გაქვს, იმდენზეო, ადგა მეგრელი და ექვსზე დადო ფული. სულ წააგო რაც მოიგო, ამის მერე იტკიცა ხელი შუბლზე და „ჩქიმი პაკაზუხაო“, იყვირა (იცინის).

– რამდენადაც ვიცი, თქვენ პოლიტიკურ საქმიანობასაც ეწევით და საკმაოდ ორიგინალური, „მეკობრეთა პარტიის“ წევრი ხართ. რამე კავშირი აქვს ამ პარტიას მეკობრეებთან?

– ეს არის საერთაშორისო პარტია, რომელიც დაარსდა შვედეთში, ამ პარტიას ევროპარლამენტშიც ჰყავს თავისი წარმომადგენელი. მე ამ პარტიის ჩეხეთის ორგანიზაციაში სიით რიგით მეოთხე წევრი ვარ. საპარლამენტო არჩევნებში კარგი შედეგები ავიღეთ, ჩამოვიტოვეთ „მწვანეთა პარტია“, რომელიც საკმაოდ პოპულარულია. ახლა კენჭს ვიყრი ადგილობრივ არჩევნებში, შესაძლოა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც ვცადო ბედი. მით უმეტეს, რომ პარტიას სამომავლოდ ბევრი შანსი აქვს, რაც შეეხება სახელწოდებას „მეკობრეებს”, პარტიაში მეკობრეები ნამდვილად არ გვყავს. პირიქით, ბევრი ინტელიგენტია, რომელთა საქმიანობის პრიორიტეტი ადამიანის უფლებების დაცვა და სოციალური პრობლემების მოგვარებაა. ეს საკითხები ჩემთვისაც მნიშვნელოვანია. ამიტომ, როცა შემომთავაზეს პარტიასთან თანამშრომლობა, მე ამაზე სიამოვნებით დავთანხმდი. მათ შევთავაზე ახალი სტილის ფიარკამპანია, პარტია არ უნდა არსებობდეს მხოლოდ იმისთვის, რომ არჩევნები მოიგოს. პარტია უნდა ემსახუროს ხალხს იმ შემთხვევაშიც, თუ არჩევნებს ვერ მოიგებს. როგორც ვიცი, მსგავსი პრობლემები საქართველოშიც არსებობს. პოსტკომუნისტურ ქვეყნებს ხომ ზოგადად საერთო პრობლემატიკა აწუხებს. ჩვენი პარტიები მუშაობენ მიტინგების რეჟიმში და არ აქვთ პროგრამები, რაც დღეს ნამდვილად აღარ მუშაობს. ვარდების, კიტრებისა და მწვანილების რევოლუციების დრო აღარ არის, ახლა გუნდების და პროგრამების დროა.

– ჩეხური პოლიტიკიდან ქართული პოლიტიკა როგორ „ჩანს”?

– მე მაქვს კონტაქტები ქართველ პოლიტიკოსებთან, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე იმ ხალხთან ვინც პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ინფორმაციის ნაკლებობას არ განვიცდი. რამდენიმე ჩემი პროექტი განხორციელდა სამაჩაბლოში. უკვე დიდი ხანია, რაც ვებგვერდების შექმნაზე ვმუშაობ. ქართველი პოლიტიკოსებისთვისაც კი გამიკეთებია ვებ-გვერდები, როგორც ამბობენ, ისინი კმაყოფილები არიან.

– როგორ ცხოვრობთ ჩეხეთში?

– ჩეხურად. ვცხოვრობ ქალაქ პილზენში. აქ ერთადერთი ქართული ოჯახი ჩვენია. ეს ქალაქი გერმანიის საზღვართან უფრო ახლოსაა, ვიდრე – პრაღასთან. ჩვენი ქალაქიდანაა „წარმოშობილი” მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ლუდი პილზენი. თუმცა, მე ლუდის სიყვარულით არ გამოვირჩევი, ჩვენი, ქართული ღვინო მირჩევნია. საღამოს ერთი ჭიქა აუცილებლად უნდა მოვწრუპო, ღვინო საკმარისად მაქვს. მახსოვს, ახალი ჩამოსული ვიყავი ამ ქალაქში, ერთმა ქართველმა მითხრა: საღამოს სახლში რომ მივალ, ერთ ჭიქა ქართულ ღვინოს ვწრუპავო. სახლში რომ დავბრუნდი, ცოლს ვუთხარი: როგორ გაფუჭდა ეს ქართველობა, სახლში სხედან და ერთ ჭიქა ღვინოს წრუპავენ-მეთქი. ახლა მეც ძალიან კარგად ვიქცევი ასე და მივხვდი, რომ ქართულად მუცლის გახეთქვა სულაც არაა საჭირო (იცინის).

ერთხელ აქედან თვითმფრინავები გამოფრინდა საქართველოში, ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანეს მიწისძვრის შემდეგ. ჩემი მეგობარი მოფრინავდა, ვთხოვე, მიწა ჩამომიტანე-მეთქი. როცა ჩამოვიდა, დამირეკა: ერთი ცელოფანი მიწა ჩამოგიტანეო. მაშინვე გავიქეცი ხარიტონში, გავიარე 100 კილომეტრი, ჩავედი და რას ვხედავ, ჩემი მიწის ნახევარიც აღარაა. ხარიტონში უმუშავია ერთი ქართველი კაცის მეუღლეს, თურმე, იმას წაუღია ჩემი მიწა. ძალიან გაბრაზებულმა დავურეკე იმ კაცს და ცუდი დღე ვაყარე. მეორე დღეს კი ძალიან გავბრაზდი საკუთარ საქციელზე, მე თუ მინდოდა მიწა, იმას არ უნდოდა? დავურეკე და ბოდიში მოვუხადე ჩემს ქართველს. მერე ტოპრაკებში ვდებდით იმ მიწას და საჩუქრად ვურიგებდი ემიგრანტებს.

– ემიგრანტის ცხოვრება რთულია?

– გააჩნია, ვინ როგორ ეგუება სხვა ქვეყანაში ცხოვრებას. მე ბოლომდე ვერ შევეჩვიე – ყოველ წელს საქართველოში მოვდივარ. ემიგრაციაში წასვლის შემდეგ, როდესაც პირველად საფრანგეთში ჩავედი, შორეული ნათესავის ოჯახში მივედი. ის ოჯახი სამამულო ომის შემდეგ დარჩა საფრანგეთში. ისინი საფრანგეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდნენ, მთელ სოფელში მხოლოდ მათ სახლს ჰქონდა აგურის ღობე. ამის მიზეზი რომ ვიკითხე, ნახეთ ჩვენი ეზო და მიხვდებითო, მითხრეს. მეგონა, აბაშაში მოვხვდი. იმ ქართველ კაცს პატარა სამეგრელო ჰქონდა მოწყობილი. სულ ვამბობ, რომ ჩეხეთი კარგი დედინაცვალია, მაგრამ დედას ვერ მიცვლის-მეთქი (იცინის).

– საქართველოში როდის დაბრუნდებით?

– ჩამოვალ, საქართველოში არაა ციხე, რომელიც მე დამაკავებს. მე ვერ ჩამსვავენ, ამისი არ მეშინია. უფრო ის მაშინებს, რაიმე პროვოკაცია არ მომიწყონ. ისეც შეიძლება უკვე წამოსვლა, სამი გოგონა მყავს, ორი უკვე გზაზეა დამდგარი, მალე მესამეც დაამთავრებს სწავლას და მერე მე აქ ვეღარაფერი გამაჩერებს. საქართველოში დედა და და მყავს. უკვე ჩვიდმეტი წელია, რაც არც ერთი არ მინახავს. მე საქართველოს პერმანენტული ნოსტალგია მაქვს – აქ ღომიც მაქვს, ელარჯიც, მაგრამ ეს ხომ ის არაა, რაც საქართველოში გაქვთ. აქ გზებზე ბევრი ხილის ხე დგას, ვაგროვებდით ხოლმე ხილს. ერთხელ ჩემმა ცოლმა ჩურჩხელა გააკეთა, ფანჯარაზე გვქონდა ჩამოკიდებული. თურმე, მეზობლები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ: ეს უცხოელები ძალიან არიან შეშინებულები, რომ შუქი არ იქნება და სანთლებს იმარაგებენო. ასე ვაოცებდით ჩეხებს. ბოლოს როგორც იქნა მიხვდნენ, რომ ჩვენი ჩურჩხელა სანთელი არ იყო (იცინის).


скачать dle 11.3