კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი ნამუშევრის მიხედვით იქარგება გულდამი მგელაძის მიხაკები და როგორ მოვიდა მისი კოლექცია დღემდევისი ნამუშევრის მიხედვით იქარგება გულდამი მგელაძის მიხაკები და როგორ მოვიდა მისი კოლექცია დღემდე


უმშვენიერეს სამყაროში მოვხვდი, სადაც ყველაფერი დახვეწილი გემოვნებითაა შექმნილი და კედლებზეა განთავსებული. გამოგიტყდებით, ამგვარი სასიამოვნო მომენტები, საბედნიეროდ, ჩემს საქმიანობას ხშირად ახლავს. ეს სამყარო გულდამი მგელაძის მიერაა მოწყობილი. მისი სახლის კედლები უამრავი ნაქარგითაა მოფენილი, რომელთა შორისაც იხილავთ როგორც ცნობილი კლასიკოსი მხატვრების ნამუშევართა ასლებს, ისე თვით ჩვენი რესპონდენტის მიერ შესრულებულ კომპოზიციებსაც. ამჟამად თვითნასწავლი მხატვრის, გულდამი მგელაძის ნაქარგების კოლექციაში ასზე მეტი ნამუშევარია თავმოყრილი. ქალბატონი გულდამი აღნიშნავს, ამ ნამუშევრებით ვიფერადებ წუთისოფელსო. თუ როგორ, რამდენ ხანში და რის მიხედვით იქმნება ისინი, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ქალბატონო გულდამ, როდის შეუდექით ამ მშვენიერი სამყაროს შექმნას?

– ყველაფერი დაიწყო იმით, რომ, ერთ დღეს სამსახურიდან წავედით რამდენიმე თანამშრომელი ქალბატონი „ოფიცერთა სახლში“ ქარგვის სხვადასხვა ხერხებისა და სტილის შესასწავლად.

– ეს რამდენი წლის წინ იყო?

– ეს იყო ოთხმოცდაათიან წლებში. თავდაპირველად რელიგიურმა თემატიკამ გამიტაცა, მახსოვს, პირველად ღვთისმშობლის ქარგვა დავიწყე, შემდეგ წმიდა ნინო ამოვქარგე, მერე – წმიდა გიორგი... მოგვიანებით გადავხედე ცნობილი მხატვრების საერო თემაზე შექმნილ ნამუშევრებს, ფერებმა გამიტაცა და გადავწყვიტე, მათი ნახატების ასლების შექმნა ნემსითა და ძაფით მეცადა. განსაკუთრებით ფიროსმანის ნახატებმა დამაინტერესა. ჯერ ამოვქარგე „მეთევზე“ – შემდეგ „გოგონა ბუშტით“ და ძალიან ლამაზი გამომივიდა. კედელზე რომ გავაკარი, კიდევ და კიდევ მომინდა ჩემი კოლექციის გაფართოება. ამის შემდეგ უფრო აქტიურად შევუდექი ქარგვას და ასე ვაფერადებ ამ წუთისოფელს დღემდე.

– სულ რამდენი ნაქარგია ამჟამად თქვენს კოლექციაში თავმოყრილი?

– ასამდე იქნება, მეტი თუ არა. სიმართლე გითხრათ, არ დამითვლია.

ქარგვა ყოველთვის მაინტერესებდა. ფრანგი ბიცოლა მყავდა, ქალი იყო, ნინა ერქვა. არაჩვეულებრივად ქარგავდა. ის დედაჩემის ბიძის მეუღლე გახლდათ. 1937 წელს ცოლიცა და ქმარიც დააპატიმრეს და გადაასახლეს. ბიძა შინ ცოცხალი აღარც დაბრუნებულა, ნინა ბიცოლა კი დაბრუნდა – ქარგვამ გადაარჩინა.

– როგორ?

– ბანაკში, სადაც ის პატიმრობაში იმყოფებოდა, დაასაქმეს და ტყვე ქალებს ასწავლიდა ქარგვას. ამის წყალობით შეინარჩუნა სიცოცხლე და გარკვეული წლების შემდეგ სახლშიც დაბრუნდა.

– როგორ მოხვდა ფრანგი ქალი საქართველოში?

– თავდაპირველად ნინა ერთ ასაკიან ოფიცერს ჰყოლია ცოლად. საქართველოში რომ ჩამოიყვანა, ნინამ ძალიან მოიწყინა. მეუღლეს შეეცოდა ცოლი და სთხოვა დედაჩემის ბიძას, რომ მისი მეუღლე, ცხენით გაესეირნებინა და გაერთო. ასე დაწყებულა მათ შორის რომანი. მოხუც გენერალს შეუმჩნევია, რომ დედაჩემის ბიძას ნამდვილად უყვარდა ნინა და მასზე ქორწინების ნებაც დაურთავს. ასე დარჩა ნინა ბიცოლა საქართველოში და ასე გადარჩა ის ცოცხალი. იგი ძალიან კარგი ქალი იყო. ნინას რამდენიმე ნამუშევარი მისმა შვილიშვილმა – კამილამ მისახსოვრა და მეც სიამოვნებით გავაერთიანე ჩემს კოლექციაში. მიხაკების ქარგვა ნინას ნაქარგების მიხედვით დავიწყე.

– ალბათ, მანამდე ხატავდით, სხვანაირად ვერ შეძლებდით ფერებისა და ჩრდილების ამგვარად განაწილებას აბრეშუმის ძაფით.

– არა, მაგრამ, სადაც კი გამოფენა მოეწყობოდა ხოლმე, ვცდილობდი, ყველგან მივსულიყავი. დათვალიერება მომწონდა, მაგრამ, თავად შემეძლო თუ არა ხატვა, არც ვიცოდი. ქარგვა როდესაც დავიწყე მაშინ აღმოვაჩინე, რომ რაღაც მეც შემძლებია, თუმცა, რომ მთხოვოთ, ფანქრით დახატე რაც ამოქარგული გაქვსო, არაფერი გამომივა, აღმოჩნდა, რომ ნემსითა და ძაფით უკეთესად ვხატავ. მიკვირს კიდეც, როგორ ახერხებენ ამა თუ იმ ფერის მიღებას სხვადასხვა სახატავი საშუალებით. მგონია, რომ ეს ძაფით გაცილებით იოლია. დეგას „ცისფერი ბალერინებისთვის“ იმდენნაირი ცისფერი ძაფი გამოვიყენე სასურველი ფერის მისაღებად, რომ თვლაც კი ამერია, მაგრამ, ვფიქრობ, ნამდვილად დავამსგავსე ორიგინალს.

– პროფესიით ვინ ბრძანდებით?

– ინჟინერი, მსუბუქი მრეწველობის დარგი მაქვს დამთავრებული. თუმცა, წლების განმავლობაში პედაგოგად ვმუშაობდი სხვადასხვა სკოლაში, შემდეგ – განათლების სამინისტროში მეთოდისტად.

– თვითონაც ქმნით კომპოზიციებს თუ მხოლოდ და მხოლოდ კლასიკოსი მხატვრების ტილოებს იმეორებთ ნემსითა და ძაფით?

– ქარგვა რომ ვისწავლე, გარკვეული ხნის შემდეგ მეც გამიჩნდა სურვილი, რომ საკუთარი ძალები შემემოწმებინა და მხოლოდ სხვების, თუნდაც კლასიკოსების ტილოები არ გამემეორებინა. პირველად „ყაყაჩოები“ ამოვქარგე. მახსოვს, მივლინებით ვიყავით ჯავახეთში და გზაში აბიბინებულ მდელოზე წითელი ყაყაჩოები გვაცილებდნენ აქეთ-იქიდან. ისეთი ლამაზი იყო, რომ გონებაში ჩამრჩა და ამოვქარგე კიდეც. ერთხელ კი გურიაში მივდიოდით, ქუთაისს რომ გასცდებით, სოფელი ფიტირია და, იმ მიდამოებს ქათქათა გვირილები ამშვენებდნენ მზისფერი გულებით, ისეთები, ამოქარგვა რომ მოგინდება და ამოვქარგე კიდეც. სხვათა შორის, შემდეგ წლებში ამ ადგილს რომ გავივლიდი ხოლმე, სულ ვათვალიერებდი – აბა, მე რომ დავქარგე ისეთი გვირილები თუ მოჩანს-მეთქი ისევ, მაგრამ, აღარ მომიკრავს თვალი – ეტყობა, იმ სეზონზე ხარობდნენ მხოლოდ. შემდეგ ჩვენი ეზო გავიხსენე, ბავშვობიდან რომ შემორჩა ჩემს გონებას და ასე შემდეგ.

– ერთი ნამუშევრის დასრულებას რამდენ ხანს უნდებით?

– ნამუშევრის შექმნას ძირითადად ორი კვირიდან ერთ თვემდე ვუნდები, თუმცა, იყო ფიროსმანის ერთი ტილო, რომლის ასლზეც ექვსი თვე ვმუშაობდი.

– მოწყენა თუ იცის ამ სამუშაომ?

– არა, პირიქით, ერთი სული მაქვს, რომ, რაც შეიძლება, მალე დავამთავრო. ის კი არა, სანამ დავამთავრებ, მანამდე, ქარგვის პროცესში, იმაზე ვფიქრობ, შემდეგ რაზე უნდა დავიწყო მუშაობა.

– საყვარელი ფერები გაქვთ?

– მკვეთრი ფერები მომწონს.

– გამოფენებში იღებთ ხოლმე მონაწილეობას?

– 2001 წლიდან დღემდე, არაერთი მიწვევა მივიღე და საკმაოდ ბევრ გამოფენაში მომიხდა მონაწილეობის მიღება. მიღებული მაქვს მრავალი მადლობის წერილი, დიპლომი, ლაურეატის წოდება. სულ პირველად შემოქმედებით გამოფენებში მონაწილეობას ჩემმა მძახალმა მაზიარა, რომელიც თვითნასწავლი მხატვარია და, როდესაც ჩემი ნამუშევრები ნახა, ხელი შემიწყო, რომ ჩემი ნაქარგები საზოგადოებისთვისაც ეჩვენებინა. მართლაც, მას შემდეგ თითქმის ყველა გამოფენაზე მიმიწვიეს, რაც კი თბილისში ჩატარდა.

– რა რეაქცია აქვთ, როდესაც თქვენს ნამუშევრებს ხედავენ?

– მოსწონთ. ისეთ შეფასებებს მაძლევენ, ხანდახან მიფიქრია კიდეც, გადაჭარბებულია-მეთქი.

– გაჩუქება შეგიძლიათ?

– სანამ ცოცხალი ვარ, ვუყურებ, ვერ შეველევი. ფიროსმანის თემებზე ნაქარგები ძირითადად ჩემი შვილიშვილისთვის – ზუკასთვისაა, მხოლოდ მისთვის.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– ბევრ რამეს. რომ გადავხედავ ხოლმე, მიკვირს – ნუთუ ეს მე გავაკეთე?..

– რამდენი წლისაა ეს კოლექცია ამჟამად?

– 1993 წლიდან მოყოლებული – დღემდე ვქარგავ. ახლა თვალების პრობლემა დამეწყო, მაგრამ მაინც არ ვნებდები – ქარგვის გარეშე არ შემიძლია.


скачать dle 11.3