კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგა რეზო ჩხეიძემ ორი საყვარელი ქალი და როგორ გახდა ის „ვირების საკრებულოს“ თავმჯდომარე


„მაგდანას ლურჯა“, „დონ კიხოდი“, „განძი“, „ნერგები“, „ღიმილის ბიჭები“, „ჯარისკაცის მამა“, „ჩვენი ეზო“... ამ პატრიოტული სულისკვეთებით რეზო ჩხეიძემ, შეიძლება ითქვას, მთელი კინოეპოქა შექმნა. ფილმები, რაც კი აქამდე საქართველოში გადაღებულა, აღარ განმეორდება. როცა მათ ეკრანზე უჩვენებენ, შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს შენც იმ დროში ხარ, მათთან ერთად ცხოვრობ, განიცდი, გიხარია და სურვილი გაქვს, ასჯერ ნანახი, კიდევ ასჯერ ნახო. ბატონ რეზოს ცხოვრებაში, ისევე როგორც ერთ დიდ წიგნში, საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდებია თავმოყრილი და მასთან საუბარი არასდროს მოგწყინდება. ამიტომ, ცხოვრების დღიურის ფურცლები მყარად არის ჩაკრული ალბომში და არასდროს ამოვარდება.

– ბატონო რეზო, თქვენი განვლილი ცხოვრების ყველა ეტაპი საინტერესოა. მოგვიყევით, რა გზა გამოიარეთ იქამდე, სანამ ცნობილი პიროვნება გახდებოდით.

– დავიბადე ქუთაისში. მოგეხსენებათ, ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, გამორჩეული, მისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესითა და ხასიათით. ქუთაისი იყო ქალაქი გალაკტიონის, „ცისფერყანწელების“, მარჯანიშვილის თეატრის, რომელიც ჩვენი იქ ცხოვრების პერიოდში არსებობდა. ცხოვრება დუღდა. მამაჩემი გახლდათ მწერალი, ქუთაისის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ამავე დროს მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი და ისტორიის შესახებ ლექციებს კითხულობდა პედაგოგიურ ინსტიტუტში. ჩვენს სახლში გამოჩენილი მსახიობების მუდმივი მიმოსვლა იყო. ნამყოფია დიდი გალაკტიონიც. ზოგჯერ მამას რეპეტიციებზეც მივყავდი. მაშინ იქ მოღვაწეობდნენ: უშანგი ჩხეიძე, სერგო ზაქარიაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, გრიშა კოსტავა, აკაკი კვანტალიანი. ჯერ კიდევ პატარა ვეზიარე მათ ხელოვნებას, რამაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მათი სიტყვა-პასუხი, სიმღერები ჩვენი სახლიდან, რომელიც რიონს გადაჰყურებდა, სასიამოვნოდ ისმოდა. ასეთ ატმოსფეროში ხდებოდა ჩემი ჩამოყალიბება. დადგა ოცდაჩვიდმეტი წელი. მაშინ ასე, ათი წლის ვიქნებოდი. ყველგან დაიწყო მასიური დაპატიმრებები. არ დარჩენილა არც ერთი კუთხე ჩვენი ცხოვრებისა, რომ ტერორისტული გზებით არ ემოქმედათ. ერის საუკეთესო შვილებს იჭერდნენ და ანადგურებდნენ. ვერც ჩვენი ოჯახი ასცდა ამ უბედურებას. ერთ ღამეს სახლს მოადგნენ „კაგებეს“ წარმომადგენლები. დაიწყო ჩხრეკა, დაკითხვები, საშინელი ცინიზმით მოგვმართავდნენ. მოითხოვდნენ მათთვის გვეჩვენებინა იარაღი, პროკლამაციები. ჩვენს სახლში ასეთი რამ არასდროს ყოფილა. უბრალოდ, მითი იყო შექმნილი, თითქოს ქალაქში დიდი ტროცკისტული ორგანიზაციები არსებობდა. სინამდვილეში, სულ სხვა მიზანი ჰქონდათ და ამით ხალხმა დიდი ზიანი მიიღო. მამა რომ დააპატიმრეს, იმ ღამეს ბავშვები გაოცებულები შევყურებდით ერთმანეთს, ვერ ვხვდებოდით, რა ხდებოდა. დედა მარტო რჩებოდა, რომელსაც არავითარი მატერიალური სახსარი არ გააჩნდა, სამი ბავშვი გავეზარდეთ. არც მამას ჰქონდა რაიმე მნიშვნელოვანი გადანახული. წასვლის წინ ჯიბიდან პატარა, შავი საფულე ამოიღო, რომელშიც ოცდაექვსი მანეთი იდო და დედას მისცა. სახლში როიალი გვქონდა. სხვათა შორის, თვითონ ოფიცერმა მიგვანიშნა მისი გაყიდვა – ვინმეს მიეცითო. ჩვენ გავყიდეთ და ის ფული კარგა ხანს გვეყო, საარსებოდ. შიშისგან ხალხი ქუჩაში ერთმანეთს არ ესალმებოდა. ბიძაშვილს ბიძაშვილი რომ დაენახა, ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა, ან სადარბაზოში იმალებოდა. წერილები, რომელსაც მამა გზავნიდა საპატიმროდან, „პაპიროსის“ ქაღალდზე იყო დაწერილი. ეს მოჰქონდა ვიღაც შავებში ჩაცმულ ქალს. მისი არც სახელი ვიცოდით და არც გვარი. წერილს მაგიდაზე დადებდა და უმალ მიდიოდა. ჩვენი ერთადერთი საშველი დედაჩემისა და მამაჩემის საახლობლო იყო. ისინი თბილისში ცხოვრობდნენ და ჩვენზე ძალიან ზრუნავდნენ. ზამთარში, ერთ დღესაც სახლიდან გამოგვასახლეს. კართან ბარგით ვიდექით, არ ვიცოდით, სად წავსულიყავით. ამ დროს ჩვენი ერთი შორეული ნათესავი, ლადო მაჭავარიანი მოვიდა. აქ რატომ დგახართო, – გვკითხა. დედამ უთხრა, გამოგვასახლესო. მერე, სად მიდიხართო. არ ვიციო, – უპასუხა დედამ. ჩემთან წამოდითო და ჩვენც წავყევით. ორი ოთახი ჰქონდა. ოთახის შუაში დიდი თუნუქის ღუმელი იდგა, რომელშიც ცეცხლი გიზგიზებდა. მთელი ზამთარი ამ ღუმელთან შემომსხდრებმა გავატარეთ.

– გვიამბეთ, საიდან წამოვიდა თქვენი კინოსადმი დაინტერესება? როგორ გაიცანით თენგიზ აბულაძე, რომელიც თქვენი განუყრელი მეგობარი გახდა და ერთადაც შეუდექით ფილმების გადაღებას?

– ომის დროს ძალიან ბევრი ფილმი გადიოდა, როგორც ქართული და რუსული, ისე უცხოური. პლეხანოვზე იყო პატარა კინოთეატრი, სადაც დოკუმენტური ფილმების ნახვა შეიძლებოდა. პირველად იქ ვნახე ამ ჟანრის ფილმები და ვფიქრობდი, ეს ხელოვნება, რომელიც კინოაპარატის საშუალებით ამხელა რაღაცეებს აკეთებს – შენამდე მოაქვს და გაჩვენებს, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი ისლანდიაში, რომში, პარიზში, – ისეთი მიმზიდველი მეჩვენა, სურვილი გამიჩნდა, ჩემს პროფესიად მექცია. მეათე კლასში ვიყავი, როცა გადავწყვიტე სკოლაში „გიორგი სააკაძე“ დამედგა, რომლის ავტორიც ცნობილი დრამატურგი, სანდრო შანშიაშვილი გახლდათ. დღევანდელი გადასახედიდან რომ შევხედოთ, ალბათ, საკმაოდ კომედიურადაც გამოვიყურებოდით. აბა, რა სააკაძე და შაჰები ვიქნებოდით მეათე კლასის მოწაფეები, მაგრამ დიდი გატაცებით კი ვმუშაობდით. თბილისი მაშინ არ იყო დიდი ქალაქი. ჩემს ყურამდე მოვიდა, რომ ერთ-ერთ სკოლაში ვინმე თენგიზ აბულაძეს დაუდგამს ვალერიან გუნიას პიესა „და-ძმა“, რომელიც ასევე, პატრიოტული ხასიათის იყო. მე და თენგიზი ამ მოტივით შევხვდით. ერთმანეთს და ეს იყო ჩვენი პირველი გაცნობა. თენგიზმა თავის სპექტაკლზე მიმიპატიჟა, მე კი ჩემსაზე დავპატიჟე. ასე გავხდით თანამოაზრეები. ისიც ძალიან გატაცებული იყო კინოთი. გადავწყვიტეთ, ერთად გვესწავლა და ეს პროფესია აგვეთვისებინა. სხვათა შორის, ძნელი იყო ისტორიულ თემაზე შექმნილი პიესის დადგმა. იმ პერიოდისთვის შესაფერისი კოსტიუმები, დეკორაციები იყო საჭირო. ამიტომ, ჩვენი რეპეტიციები გაჭიანურდა. მოკლედ, ყველაფერი მომზადებული გვქონდა, გავაკარით აფიშები, მეორე დღეს პრემიერა იყო გამოცხადებული. ჩვენს მეგობარს, ლევან ჩხიკვაძეს, რომელსაც გიორგი სააკაძის როლი უნდა შეესრულებინა, სამხედრო კომისარიატიდან გამოძახება მოუვიდა. პრემიერის დღეს, დილის რვა საათზე სამხედრო კომისარიატში უნდა გამოცხადებულიყო. გადავწყვიტეთ, კომისარიატში მივსულიყავით, და ვითხოვეთ მიღება. შევედით კომისართან. ტელეფონზე საუბრობდა. ერთი კი ამოგვხედა, შეგვათვალიერა, მაგრამ ვერ მიხვდა, ვინ და რისთვის ვიყავით მისულები. მერე გვკითხა: რა გნებავთო. მე, როგორც ამ საქმის მოთავემ, რეჟისორმა ვუთხარი: სკოლაში „გიორგი სააკაძეს“ ვდგამთ-მეთქი. რას შვრებითო? – გაკვირვებულმა გვკითხა. მერე, მსახიობები ვინ არიანო. ჩვენ-მეთქი. გიორგი სააკაძე რომელიაო, აი, ეს-მეთქი, – ლევანზე მივუთითე. კომისარს სახეზე ღიმილი არ სცილდებოდა. ვერ წარმოედგინა, რანაირი შაჰ-აბასი, ლუარსაბი, შადიმანი და სააკაძე ვიქნებოდით. მოგვისმინა და ისე გვკითხა, – ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ჩემთან რა გინდათო. ხვალ პრემიერა გვაქვს. ლევან ჩხიკვაძეს თქვენგან უწყება მოუვიდა და ძალიან გთხოვთ, ერთი დღით დატოვეთ-მეთქი. კომისარმა კიდევ ერთხელ შემოგვხედა, უკვე ნაღვლიანი გამომეტყველება ჰქონდა, შეიძლება, იმაზეც ჯავრობდა, ბავშვები როგორ უნდა წავიდნენ ფრონტზე, ვინ იცის, მათგან ცოცხალი ვინ დარჩებაო. მერე ღილაკს თითი დააჭირა. შემოვიდა ოფიცერი და უბრძანა: ლევან ჩხიკვაძე ხვალ რვა საათზე კი არა, ზეგ დილის რვა საათისთვის გამოცხადდესო. არ ვიცოდით, როგორ გამოგვეხატა მადლიერება. მერე ცუდი ამბავი გავიგეთ. ლევანმა ბაქოში სატანკო სკოლა გაიარა. მისმა ტანკმა უდიდეს სატანკო ბრძოლაში, „კურსკის რკალში“ მიიღო მონაწილეობა და იქ დაიღუპა. ტანკს ცეცხლი წაეკიდა და იქიდან ცოცხალი ვეღარ გამოვიდა. ის ჩემს გულში ყოველთვის დარჩება, როგორც გმირი და უძვირფასესი ადამიანი.

სკოლა რომ დავამთავრეთ, მე და თენგიზი თეატრალურ ინსტიტუტში შევედით. ერთად ჩავაბარეთ მისაღები გამოცდები. მაშინ თბილისში კინემატოგრაფიის სასწავლებელი რაც ჩვენ გვაინტერესებდა, არ არსებობდა. მთელი საბჭოთა კავშირიდან მხოლოდ მოსკოვში იყო ასეთი ინსტიტუტი, მაგრამ ომის გამო ყველა შუა აზიაში იყო წასული, ევაკუაციაში. ვიფიქრეთ, ვიდრე ომი დამთავრდება, აქ ვისწავლოთ და მერე იქ გავაგრძელებთ-მეთქი. დამთავრდა ომი. წავედით „გიკში“ ჩასაბარებლად. ჩვენი კინოკარიერა ბედნიერად დაიწყო. მე გადავიღე დოკუმენტური ფილმი „ბორის პაიჭაძე“, რომელიც ჩემი სადიპლომო ფილმი იყო. თენგიზმა კი გადაიღო ფილმი დიმიტრი არაყიშვილზე. მერე კი ერთად გადავიღეთ ფილმი „სუხიშვილებზე“. დავბრუნდით თბილისში. ერთ დღეს ჩვენთან მოვიდა მწერალი, დრამატურგი კარლო გოგუაძე და გვითხრა: სცენარი მაქვს გამზადებული და თუ დადგამთ, კარგი იქნება. რაც არ მოგეწონებათ, მითხარით. საერთო ძალებით მივიყვანოთ იმ კონდიციამდე, თქვენთვის აბსოლუტურად მისაღები იყოსო. მოგვეწონა და დავიწყეთ მოქმედება. შევუდექით მსახიობების შერჩევას. ატმოსფერო მაშინ ისეთი იყო, რომ ქართულ კინოს დავიწყებული ჰქონდა, რას ნიშნავდა ახალგაზრდა რეჟისორი, რომელიც თავის ფილმს აკეთებს. ამიტომ, ჩემი და თენგიზის გამოჩენა რაღაც მოვლენასავით იყო. ყველა ცდილობდა, გულით შეგვხვედროდა, მოგვფერებოდა, მაგრამ „მაგდანას ლურჯას“ გადაღების იდეას კინოსტუდიის კოლექტივში წარმატება არ ჰქონია. ეს ქარგა ჩვეულებრივად მოეჩვენათ და ამბობდნენ, აქედან რა უნდა გამოვიდესო, მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობას არავინ აკრიტიკებდა. მოკლედ, ძალიან ეჭვის თვალით უყურებდნენ. ერთმა ცნობილმა რეჟისორმა სამხატვრო საბჭოზე თქვა: ვერ გაიგებ, რომელ პერიოდში ხდება მოქმედება. ამიტომ, მოდით, ასე გავაკეთოთ, სურათი დაიწყოს პიონერთა ბანაკში კოცონთან. მის გარშემო პიონერები სხედან და პიონერთა ხელმძღვანელი – მაგდანას ქალიშვილი ბავშვებს თავისი ოჯახის შესახებ უამბობსო. ამგვარად, ფილმს საბჭოთა ცხოვრებას დავუკავშირებთ და ყველას ვაგრძნობინებთ, როგორი ბედნიერები ვართ ახლა და რა მძიმე ცხოვრება ჰქონდათ წარსულში ადამიანებსო. ერთმა თქვა, მეშინია, ამ სურათს რომ გადაიღებენ და ნახავენ, მთავარ როლში ვირია, არ თქვან „საქართველო ვირების საკრებულო“ ყოფილაო.

– მიუხედავად თქვენ მიერ გადაღებული არაჩვეულებრივი ფილმებისა, თქვენს სავიზიტო ბარათად „ჯარისკაცის მამა“ იქცა, რომელიც, მგონი, რომ სპეციფიკურად ყველაზე რთული გადასაღები უნდა ყოფილიყო. როგორ დაიწყეთ მასზე მუშაობა?

– რა თქმა უნდა, რთული იყო გადასაღებად, თუნდაც იმიტომ, რომ უზარმაზარი სამხედრო ძალები მონაწილეობდა. თითქმის მთელი მეორე მსოფლიო ომის აღწერა იყო. მისი გადაღების იდეა ჯერ კიდევ მოსკოვში სწავლის დროს ჩაისახა, სასცენარო ფაკულტეტზე სწავლობდა ბათუმიდან ჩამოსული ვინმე სულიკო ჟღენტი, რომელიც ჩვენი დიდი მეგობარი და შემდგომში ქართული დრამატურგიის მამა გახდა. ერთ მშვენიერ დღეს მან გადმომცა შვიდ გვერდზე დაწერილი მოკლე შინაარსი მომავალი ფილმისა. წაიკითხე, დილით დამირეკე და მითხარი, რა შთაბეჭდილების ხარო. სულიკო თვითონ ფრონტიდან იყო დაბრუნებული, სადაც მოხალისედ წავიდა. ლესელიძის არმიაში იბრძოდა, კავკასიის მხარეს, შავი ზღვის ნაპირებთან. მძიმედ დაჭრილს მამამისმა ჩაიკითხა ჰოსპიტალში. რომ გამოჯანმრთელდა, სახლში წამოიყვანა. ომის ამბებში კარგად იყო გათვითცნობიერებული. თვითონაც მრავალჯერ დაიჭრა, მაგრამ ის, რაც მან დრამატურგიაში ჩადო – მამის ისტორია, ეს იყო ძვირფასი მონაპოვარი. სცენარში მთავარი მოქმედი გმირი – მამა, კახელი გლეხი, მევენახე კაცია. შვილი წერილს სწერს, რომ ჰოსპიტალში ვიმყოფები, ცოცხალი ვარ, არ ინერვიულო, მალე გამომწერენ და ჩამოვალო. მამამ ვერ მოითმინა, მოიკიდა ზურგზე ხურჯინი, რომელშიც მეზობლებმა სოფლის ნობათი ჩაუდეს და ბრძოლის ცხელ წერტილში გაემგზავრა. მახარაშვილის სახე სულიკომ ცხოვრებაში ნახა, ფრონტის პირობებში. მის ბატალიონში იბრძოდა გურჯაანელი გლეხი რამინ მახარაშვილი, რომელიც ახალგაზრდა ჯარისკაცებს ბოლომდე გვერდით ედგა და მამასავით ეპყრობოდა მათ. სულიკო ყვებოდა: ხანში შესული კაცი იყო, მაგრამ ძალიან მაგარიო (გურჯაანში მახარაშვილის ძეგლი დგას, რომლის ავტორი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილია, – ავტორი).

– მოდით, ახლა თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ.

– ჩემი პირველი მეუღლე იყო თინა ღამბაშიძე, რომელიც ჩემი შვილების – ბიძინას და თამრიკოს დედაა. სკოლაში, მერე თეატრალურ ინსტიტუტშიც ერთად ვიყავით, მე – სარეჟისოროზე, ის – სამსახიობოზე. როცა ჩვენ შევუღლდით მოხდა, ეს უკვე მრავალი წლის ისტორია იყო. მშობლებმაც იცოდნენ. ძალიან ნაზი ურთიერთობები გვქონდა. მეტად დადებითი ადამიანი იყო, რომელმაც ცოტა რამ თუ იცოდა ცხოვრების უკუღმართობების შესახებ. დაამთავრა სამსახიობო ფაკულტეტი, რაღაც პერიოდი ინსტიტუტში მეტყველებას ასწავლიდა, მერე მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. შემდეგ მოხდა ისე, რომ დაავადმყოფდა. ამაში დიდი როლი ითამაშა იმან, ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვიყავით, ჩვენი ქალივშილი – თამრიკო ჩხეიძე რომ დააპატიმრეს. ციხეში ოთხ წლამდე დაჰყო, მოგვიანებით კი „კაგებეს“ ციხეში გადაიყვანეს. წარმოიდგინეთ, როგორ იქნებოდა დედა შვილის გარეშე, რომელმაც იცოდა, რომ მის შვილს სადღაც ცემენტზე სძინავს. მეც ვნერვიულობდი, ცხადია, მაგრამ დედის გული სულ სხვაა. თინა რომ გარდაიცვალა, სადღაც ოთხ წელიწადში, კვლავ დავოჯახდი. თუმცა, მანამდეც მყავდა შვილი, ხათუნა. მეორე მეუღლეც თეატრალურ ინსტიტუტში მოღვაწეობდა, პედაგოგი იყო. მართალია, თინამ იცოდა ხათუნას არსებობის შესახებ, მაგრამ ჩვენ არ დავშორებივართ ერთმანეთს. მაინც მიმაჩნია, რომ მისთვის არ მიღალატია. ძალიან მიყვარდა. მე და რუსუდანი 16 წელი ვიყავით ერთად. სამი თვის წინ ისიც გარდაიცვალა.


скачать dle 11.3