კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეძახდნენ სოსო თოლორაიას ამერიკაში „სოუ-სოუს“ და როგორ გახდა ის ჯოზეფ თოლორაია


სოსო თოლორაია იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც თავისი ნიჭიერებით, კომუნიკაბელურობით, ლაღი ხასიათით ხალხის ყურადღებას იოლად იქცევენ, მათ კეთილგანწყობას იმსახურებენ და შესაბამისად, თავს ძნელად ავიწყებენ... სოსო ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, მუშაობს და რაც მთავარია, გვერდით არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს, რომელთანაც მან ამერიკულ გარემოში ლამაზი, ტკბილი, ქართული, როგორც ჩვენთან იტყვიან, თბილი კერა შექმნა.



სოსო თოლორაია: 2005 წლის ვალენტინობა დღე იყო, როდესაც ამერიკაში ჩამოვედი და კარგად მენიშნა, ყოველ შემთხვევაში მეუბნებოდნენ, რომ ეს კარგის ნიშანი იყო. ამ დღეს ქართულ სათვისტომოსთვის გამართულ შოუში ვმონაწილეობდი და თავიდანვე მქონდა დარჩენა გადაწყვეტილი.

ახალი ცხოვრების დაწყება საინტერესოა, ოღონდ, ალბათ, გარკვეულ ასაკამდე, რადგან მერე უფრო სენტიმენტალური და ალბათ, ცოტა ნაკლებად ბრძოლისუნარიანი ხდები. თუმცა, აქ კიდევ დიდხანს გიგრძელდება იმის შეგრძნება, რომ კიდევ საჭირო ხარ საზოგადოებისთვის. თავიდან, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ახალი ცხოვრების დაწყება, ინგლისურად „ჰაი, ბაი“ კი ვიცოდი, მაგრამ ძირითადად, ვერ ვმეტყველებდი და ამან დიდი დრო წაიღო. მახსოვს, პირველ სამსახურში გამომპრანჭეს, მაღაზიაში დამაყენეს, მითხრეს, რასაც გკითხავენ, იმაზე გაეცი პასუხიო. მაგრამ, არ იცოდნენ, რომ პასუხის გაცემა არ ვიცოდი, ამიტომ ვაჭრობის პირველი მცდელობა ტრაგიკულად წარიმართა. მახსოვს, იმწამს ისეთი შეგრძნება მქონდა, ყველა სცენას დავიპყრობდი და ლუჩანო პავაროტისთანაც ვიმღერებდი დუეტში, ისე არ ვინერვიულებდი, იმ დროს – იქ დგომას ყველაფერი მერჩივნა. 6 თვეში უკვე ფხიზლად ვერა, მაგრამ ნასვამი კლუბებში აქტიურად ვსაუბრობდი ინგლისურად. როცა უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, იქ ძირითადად გეკითხებიან, საიდან ხარ, რა ხდება თქვენს ქვეყანაში. ამიტომ, ჩემი ინგლისურის სწავლა დაიწყო რუსების დედის გინებით და საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის ახსნით. ამიტომ, ცხოვრებაში თუ როდისმე პოლიტიკოსობას გადავწყვეტ, საქართველოზე და მის ღირსშესანიშნაობებზე უცხოენოვან საზოგადოებასთან საათობით საუბარში ვერავინ მაჯობებს.

– შენს გეგმებში შედის პოლიტიკოსობა?

– ასეთი არაფერი მაქვს გეგმაში. თუმცა, თუ პოლიტიკოსის მოვალეობა, პირველ ყოვლისა, საკუთარი ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმია, ან ის, რომ მას უყვარს ადამიანები და ზოგადად სიცოცხლე, ამ გაგებით, შეიძლება, ძალიან ვგავარ კარგ პოლიტიკოსს. მაგრამ იმ გაგებით, როგორითაც შენ მკითხე – არა.

– ამერიკაში ცხოვრების განმავლობაში ყველაზე დიდი სირთულე რა იყო?

– მე, სხვებისგან განსხვავებით, ძალიან გამიმართლა, ემიგრანტი ქართველები ბევრ რამეში დამეხმარნენ, გვერდში დამიდგნენ. მაშინ ხალხი სოსო თოლორაიათი მიცნობდა. ჯერ კიდევ სოსო თოლორაია ვიყავი და როცა თავიდან ვიწყებდი ყველაფერს, მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რისთვისაც მათი უზომოდ მადლიერი ვარ.

– ალბათ, ყველაზე მეტად შვილთან განშორება გაგიჭირდა.

– ძალიან, და ეს ტკივილი დღემდე თან დამაქვს. საბედნიეროდ, ჩემი და ანდრიას დედის ოჯახი, ნათესავები ჩამოყალიბებული, ინტელექტუალი ხალხია და მათი გავლენა ანდრიაზე პოზიტიურად აისახა. ჩემი ძმა მისთვის მამაც არის და ბიძაც. ორივე როლი აქვს შეთავსებული, თან ჩემზე წარმატებულად, იმიტომ, რომ ჩემს შვილს, მგონი, კოტიკოზე მეტად არავინ უყვარს პლანეტაზე.

– შენ თქვი, ჯერ კიდევ მაშინ სოსო თოლორაია ვიყავიო, ახლა ვინ ხარ?

– როგორც ჩამოვედი ამერიკაში, უცებ აღმოვჩნდი ასეთი არჩევანის წინაშე, ან ვარ იოსები ან სოსო, ან კიდევ სხვა, რადგან ვერც ერთი ამერიკელი ამ სახელს წესიერად ვერ წარმოთქვამდა. თუ ვარ სოსო – ვიყავი „სოუ სოუ“, რაც თარგმანში არის – ისე რა და ნამდვილად არ მინდა მერქვას „ისე რა“, ან კიდევ „სოი სოს“. იოსებს – საერთოდ ვერ მეძახდნენ. ამიტომ ავირჩიე – ჯოზეფ და ამას ყველა კარგად გამოთქვამს. გვართანაც ბევრი სირთულეები მაქვს, მაგრამ სახელთან უფრო. სოსოს მარტო ქართველები და ევროპელები მეძახიან.

– ამჟამად რას საქმიანობ, შოუ-ბიზნესთან გაქვს კავშირი?

– შოუ მე ვარ და ბიზნესთან დასაახლოვებლად საუკეთესო ადგილი ავირჩიე – ეს ხუმრობით, მაგრამ თავიდან ბევრ რამეს ვაკეთებდი. ქართულ სკოლაშიც ვასწავლიდი სასცენო მეტყველებას, სასცენო მოძრაობას, სიმღერას, ქართულ ხელოვნებაზე ვესაუბრებოდი ბავშვებს, რომლებმაც თავიანთ ქვეყანაზე ცოტა რამ იცოდნენ. საბოლოოდ, კურდღლების დაჭერის ვარიანტი გამოვიდა. ამჟამად მიწევს ქართული სათვისტომოს მიერ გამართული კონცერტების წაყვანა, სიმღერა. ძირითადად, საკუთარ თავზე ვმუშაობ. დავინტერესდი ავტორბოლით. ჯერჯერობით, რბოლაში არ ვიღებ მონაწილეობას, ავტოსკოლაში დავდივარ. ჩემი ძირითადი სამსახურის უფროსი, ბოსი და უკვე მეგობარი ალფრედ კაიოლა ავტომრბოლელია და შეჯიბრებებზე ხშირად მივყვები, ძალიან დამაინტერესა. მერე რამდენჯერ სერიოზულ და ძვირად ღირებულ სპორტულ ავტომობილზე დავჯექი. რომ ჩავიცვი კომბინეზონი, დავიხურე შლემი, გავატარე მანქანა, მივხვდი, რომ საოცრება იყო. ღამე მეღვიძება, რომ მახსენდება. ისე, რამდენიმე სამსახური მაქვს. მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ ჩელსიში, მანჰეტენზე – ალფრედი, დიდი, უძრავი ქონების მფლობელია და ჩვენც მის კომპანიაში ვმუშაობთ. იტალიელია, ქართული ტრადიციები მისთვის ახლო აღმოჩნდა. ქართველებიც ხომ კოპწია ხალხი ვართ და დავმეგობრდით. მამამისი ამერიკაში „ფერარის“ ყველაზე დიდი კოლექციონერია. 50-მდე „ფერარი“ ჰყავს და მგონი, იმის პერსპექტივა მაქვს, ერთ-ერთი ვატარო. როგორც მეუბნებიან, ავტომრბოლელის მონაცემები აღმომაჩნდა და მოკლედ, სასიმღერო და სამსახიობო კარიერას კიდევ ერთი პრეტენდენტი აღმოუჩნდა. ისე, ჩემი ცოლი სულ მეუბნება, შენ მარტო ბროდვეიზე უნდა იყო, სხვაგან არსადო და იმდენი ქნა, ვოკალზე დავიწყე სიარული.

– ესე იგი, ბროდვეის უმიზნებ?

– „არასდროს იცი, რა მოხდება“, – ამერიკელების საყვარელი გამოთქმაა.

– მომიყევი, როგორ გაიცანი შენი მეუღლე?

– ჩემი მეუღლე არის სოფო ბედოშვილი – „ბესტ გერლ ონ ზე პლენეთ“ – ასე დავარქვი. სოფო 22 იანვარს არის დაბადებული, მე – 25 იანვარს. ორივე „მერწყულები“ ვართ და ერთად ვსუნთქავთ, ერთდროულად გვშივდება, ერთდროულად გვწყურდება და საერთოდ, ერთ „რამსზე“ ვართ აწყობილი. რაც ერთმანეთი დავინახეთ, მას შემდეგ სულ ერთად ვართ. ბრუკლინში გავიცანი ყველაზე ცივ ზამთარში და ისე ჩავეხუტეთ ერთმანეთს, ვეღარ აგვაწიწკნეს. გვაქვს მყარი ოჯახი, რომელმაც სამწლიანი ბარიერი 14 ივლისს უკვე გადალახა. დედაჩემმა დაგვირეკა და მოგვილოცა, მთავარია, გადალახოთ წელიწად-ნახევარი, სამი წელი, ოთხწელიწად-ნახევარი, შვიდი წელი, მერე ორმოცდაათი და „ვსიო“. ვუთხარი, დედა, ეს წლები თუ მოვახრჩე, მერე ისედაც „ვსიო-მეთქი“. მოკლედ, არაჩვეულებრივად გადავლახეთ ეს პერიოდები და დიდი პერსპექტივებიც დავსახეთ. სიმამრს, ბატონ გივის არ ვიცნობ პირადად, მაგრამ სოფოს დედა, ქალბატონი მარინა აქ ცხოვრობდა და მერე მოუწია წასვლა. ვიცი, რომ ორივე ელოდება, როდის ეყოლებათ შვილიშვილი. გვეუბნებიან, სამი წელია, ერთად ხართ და შვილი არ გყავთო. მაგრამ, აქ ისეთი ტემპია, ხანდახან ერთმანეთს ერთი საათითაც ვერ ვხედავთ, მხოლოდ „ჰაი, ბაის“ ვეუბნებით. ხშირად ორივე ისეთი დაღლილები მივდივართ სახლში, თავებს მივადებთ ერთმანეთს, ტელევიზორს ჩავრთავთ და 5 წუთში გვეძინება.

– როგორი ქორწილი გადაიხადეთ, ქართული, ტრადიციული?

– ბასტილიის აღების დღეს გვქონდა არნახული, სასწაული ქორწილი. ჩემმა სიდედრმა გაგვიკეთა სიურპრიზი. რომ შევედით დარბაზში და დაიწყო ზღაპარი, აღარ დამთავრებულა. ჩემი მეგობრები ეხმარებოდნენ. ერთმა გოგონამ თავის ცეკვის ანსამბლი მოიყვანა, რამდენიმე ქართული ცეკვა შეასრულეს. ქართული ქორწილი გვქონდა, თავისი ჩოხა-ახალუხებით, დოლით და საცივით. უცხოელი სტუმრებიც დავპატიჟეთ, გაგიჟდნენ, ეგონათ, რომ ყველა ასე იხდიდა ქორწილს საქართველოში. მაგრამ ავუხსენით, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო. რა თქმა უნდა, ჯვარიც დავიწერეთ, წინა ღამეს სოფომ ძალიან რთული ოპერაცია გაიკეთა. მეორე დღეს ნახევარი ხალხისთვის მქონდა დარეკილი, აღარ იქნება ქორწილი-მეთქი, მაგრამ, სოფო საოპერაციო მაგიდიდან ადგა, ჩაიცვა, გამოიპრანჭა და ეკლესიაში წავედით. ეკლესიამდე გაგვიჭირდა მისვლა, ვერ დადიოდა, მაგრამ ჯვარი რომ დავიწერეთ, უკეთ გახდა. საღამოს ცეკვავდა კიდეც. იმის შემდეგ აღარ დაბრუნებულა საავადმყოფოში. თუ უფალი ჩემს თხოვნას ისმენს, ეს სოფოს დიდი დამსახურებაა. ის იმდენად კარგი ადამიანია, რომ მადლშია. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ჩემი შვილი, ჩემები კარგად არიან. თუმცა, წელს ცოტა მძიმე წელი მქონდა. ჯერ მამა გარდამეცვალა, მერე ჩემი დეიდაშვილი – გიო კალანდაძე. ეს იყო ჩემთვის დანა – გულში.

– ვიზიარებ. როგორია შენი და სოფოს პატარა, ქართული ოჯახი?

– ძალიან საყვარელი, შორიდან, რომ უყურო, ჩაყლაპავ. ბოლოს იმდენად იმედგაცრუებული ვიყავი, მეგონა, ჩემს შვილთან ერთად კენტად გავატარებდი დარჩენილ ცხოვრებას. სოფო იყო ჩემთვის დიდი სიურპრიზი, რომელსაც საერთოდ არ ველოდი, განსაკუთრებით იმ აწეწილი ურთიერთობების მერე. შევხვდი სოფოს და მან ჩემი ცხოვრება მთლიანად შემოაბრუნა. ჩემში სიკეთის, სიმშვიდის საწყისები გააღვიძა, სასწაულები მოახდინა. თავად სოფოა ჩემს ცხოვრებაში დიდი სასწაული. ის დამეხმარა, რომ ისევ სრულფასოვანი ადამიანი გავმხდარიყავი. ისე შევავსეთ ერთმანეთი, რომ ხანდახან ვეუბნები, ვერ წარმომიდგენია, შენ რომ სხვა ქმარი გყავდეს-მეთქი. ძალიან ლამაზი ოჯახი გვაქვს და ყველას მოსწონს ჩვენი სამყარო გაგანია ამერიკულ გარემოში. ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელს და დავდივართ აქეთ-იქით. ახლახან ჩვენმა უფროსმა დიდი საჩუქარი გაგვიკეთა, მასაჩუსეტში, ბოსტონთან ახლოს არის საოცრად ლამაზი, „სვეცკი“ ადგილი „მარტას ვინიარდ“, კუნძული, სადაც კენედის რეზიდენციაა და ამჟამად ბარაკ ობამა ისვენებს იქ. ყველაზე „დონე“ სასტუმროში დავისვენეთ ერთი კვირა, თავისი წყვილის სპა-პროცედურებით, „დინერებით“ და მთელი „პეროებით“.


скачать dle 11.3