“მის საქართველოს„ ფინალისტები არჩეულები არიან
უკვე ტრადიციულად, „იმიჯ ცენტრი“ „მის საქართველოს“ კონკურსს ატარებს, რომლის გამარჯვებულიც „მის მსოფლიოზე“ გაემგზავრება და იქ ჩვენს ქვეყანას წარადგენს. 2010 წლის „მის საქართველოს“ გამოსავლენად ფინალური კონკურსის დღე რამდენჯერმე შეიცვალა. საზღვაო სეზონის გასაგრძელებლად „იმიჯ ცენტრს“ სთხოვეს, რომ ფინალი სექტემბრის პირველი რიცხვებიდან 20 სექტემბრისთვის გადაეტანა. ერთი სიტყვით, თარიღი დაინიშნა. მანამდე კი, 30 აგვისტოს, შედგა ფინალური ქასთინგი, რომელზეც შეირჩა ის ოცი კონკურსანტი, რომლებიც ფინალში „მის საქართველოს“ ტიტულისთვის იბრძოლებენ. ამ ოცი კონკურსანტის წარდგენა კი 7 სექტემბერს „უზდეუს“ ცენტრში შედგა. სწორედ ამ კომპანიამ დააწესა სპეციალური პრიზი ყველაზე ლამაზი ქართველი ლამაზმანისთვის – ავტომობილი „დეუ მატიცი“. „უზდეუს“ ცენტრში პრესისთვის საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიდნენ „იმიჯ ცენტრის“ ხელმძღვანელი ია კიწმარიშვილი, „უზდეუს“ წარმომადგენელი და „მის საქართველოს“ ჟიურის თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი, იგივე გოგიჩა.
გოგონები „ჯეოსელის“ ფერებში გამოწყობილ კაბებში რიგრიგობით ჩამოდიოდნენ კიბეზე და პრესას თავს აცნობდნენ. კონკურსანტებს შორის იყვნენ ლამაზმანები თბილისიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან, ბორჯომიდან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. ფინალურ შოუმდე, რომელიც ბათუმის სასტუმრო „შერატონის“ სადღესასწაულო დარბაზში შედგება, გოგონები „ინტურისტში“ იცხოვრებენ და იქ გაივლიან ბოლო მომზადებას. მანამდე კი სხვადასხვა ღონისძიება თბილისშიც არის დაგეგმილი: ფოტოგადაღება – „კიკალას სტუდიაში“, ფიზიკური მომზადება – ვაკის აუზზე, სტილის შერჩევა – „ნატალიში“. „მის საქართველოს“ და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს. ნომინაციებს შორისაა: მის მეგობრობა, მის ფოტოგენურობა, მის ელეგანტურობა, ინტელექტი, ტალანტი და სხვა. როგორც ქალბატონი იასგან გავიგეთ, ბოლო წუთამდე არ ხმაურდება ჟიურის წევრების შემადგენლობა, რათა მათზე რაიმე სახის ზეწოლა არ განხორციელდეს.