“ტოტო„ – საჩუქარი ფეხბურთის მოყვარულთათვის და არა მხოლოდ
„საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ ახალი თამაში „ტოტო“ რომ შემოგვთავაზა, ამის შესახებ ჩვენი ჟურნალის საშუალებით უკვე შეიტყვეთ, თუმცა, 7 სექტემბერს, „თბილისი მარიოტში“ შეკრებილ პრესის წარმომადგენლებს „ტოტოსთან“ დაკავშირებული ახალი პროექტი გააცნეს. პრეზენტაციაზე დამსწრეთა შორის ულამაზესი ლიკა ქორქია რომ დავინახე, მივხვდი, საქმე არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ სილამაზის ყველა მოყვარულს ეხებოდა. საქმე ისაა, რომ „რუსთავი 2-ზე“ დაიწყო ახალი გადაცემა „ტოტო“, რომელსაც დიმა ობოლაძე და ლიკა ქორქია გაუძღვებიან. „ტოტო“ ყოველ ხუთშაბათს გავა ეთერში. ღამის 12-ის ნახევარზე, მაგრამ, „პროფილის“ ეთერში დაბრუნებასთან ერთად, გადაცემა ზუსტად „პროფილის“ დამთავრების შემდეგ დაიწყება. გადაცემის საშუალებით გავიცნობთ „ტოტოს“ გათამაშების გამარჯვებულებს, მოვისმენთ საფეხბურთო პროგნოზებს და მივიღებთ კვალიფიციურ რჩევებს ექსპერტებისგან მატჩების შესახებ.
პრესკონფერენციაზე პრესის წარმომადგენლების კითხვებზე პასუხობდნენ „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე დევიდ ელიშკოვი, მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი გიორგი ბარკალაია, „ტოტოს“ კონსულტანტი შაულ შნაიდერი და გადაცემა „ტოტოს“ წამყვანები.
გიორგი ბარკალაია: „ეს იქნება გადაცემა, რომლითაც ყველა სიამოვნებას მიიღებს და გაერთობა, ფეხბურთის მოყვარულებს კი გამარჯვებაში დაეხმარება. ეს არის პირველი პროდუქტი სპორტულ ღონისძიებაზე ფსონის დადების მიმართულებით, რომლის სტანდარტული ბილეთის ღირებულება ფიქსირებული 2 ლარია. ხოლო „ტოტო პლუსის“ ბილეთის შერჩევისას, ღირებულება კომბინაციების რაოდენობაზეა დამოკიდებული. კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას, რომ ბილეთები მთელი საქართველოს მასშტაბით, ხუთასზე მეტ სავაჭრო ობიექტში შეიძინოთ. თამაშის პრინციპი საკმაოდ მარტივია და იძლევა სოლიდური თანხის მოგების შანსს. ამ ეტაპზე ჯეკპოტი შეადგენს 200 ათას ლარს, ანუ, თუ მომხმარებლის მიერ დადებული თორმეტივე ფსონი დაემთხვა რეალურ შედეგს, ის გახდება ჯეკპოტის მფლობელი“.
შეგახსენებთ „ტოტოს“ თამაშის წესებს: ყოველი გათამაშებისთვის კომპანია წინასწარ აქვეყნებს 14 საფეხბურთო მატჩის სიას, რომელთა შედეგის პროგნოზირებით შევსებული ბილეთი მონაწილეობას მიიღებს კონკრეტულ გათამაშებაში.
კომპანიის წესების მიხედვით არსებობს ოთხი საპრიზო კატეგორია:
I კატეგორია ჯეკპოტი – 14 საფეხბურთო მატჩის შედეგის დამთხვევა;
II კატეგორია – 13 საფეხბურთო მატჩის შედეგის დამთხვევა;
III კატეგორია – 12 საფეხბურთო მატჩის შედეგის დამთხვევა;
IV კატეგორია – 11 საფეხბურთო მატჩის შედეგის დამთხვევა.
„ტოტო“ – აღნიშნე გამარჯვება!