კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში დააოსტატა ცირა სუქნიძე „მის საქართველოს“ ტიტულმა და რას ამთავრებს ის შეყვარებულთან რეკორდულად მცირე დროში


ცოტა ხანიც და, „მის საქართველო 2009“ ცირა სუქნიძე, ყველაზე ლამაზი და მომხიბვლელი გოგონას ტიტულს დაემშვიდობება და მას ახალ „მისს“ გადააბარებს. განვლილი ერთი წელიწადი ცირას ცხოვრებაში განსაკუთრებულად დარჩება – „მის საქართველოს“ ტიტულმა ცირას ბევრი საუკეთესო მოგონება დაუტოვა, მისცა ძალიან ბევრი შანსი, რაზეც თავად თქვა უარი მოკრძალებული ხასიათის გამო, მაგრამ, ამის მიუხედავად, ცირა ტიტულს მაინც დიდი მადლიერებისა და ბედნიერების განცდით ტოვებს და ახალი ცხოვრებისა და სასიამოვნო სიურპრიზებისთვის ემზადება.


ცირა სუქნიძე: ცოტა ხანიც და „მის საქართველოს” გვირგვინს დავემშვიდობები, თუმცა, ტიტული – „მის საქართველო 2009” – ყოველთვის ჩემთან დარჩება. ეს ერთი წელი ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის, ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი და გული მწყდება, რომ გვირგვინი სხვას უნდა გადავცე – როგორც ვიცი, შერჩეულები არიან კონკურსანტები და იმედი მაქვს, რომ მათში ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი გოგონა გახდება „მის საქართველო 2010.”

– ამ ტიტულმა და დედოფლის გვირგვინმა როგორ შეცვალა შენი ცხოვრება?

– რა თქმა უნდა, ძალიან შეცვალა – მომეცა შანსი, წავსულიყავი „მის მსოფლიოზე”. ეს იმდენად მასშტაბური კონკურსია, რომ მასში მონაწილეობაც კი ბევრს ნიშნავს. ერთი თვის განმავლობაში ვიყავით ზღაპრულ გარემოში, მოვიარეთ და დავათვალიერეთ სამი ქვეყანა: ინგლისი, საუდის არაბეთი და სამხრეთ აფრიკა. ვცხოვრობდით ძალიან კარგ სასტუმროებში. ბარგის ჩალაგებაში ისეთი დაოსტატებული ვარ, გამოცდილ მოგზაურსაც კი არ ჩამოვუვარდები (იცინის). „მის მსოფლიოს კონკურსიდან” ბევრი კარგი მოგონება დამრჩა. რაც იქ გამოვცადე, ამას ვერსად ვერ მივიღებდი, ეს მთელი ცხოვრება გამყვება. პატარ-პატარა უსიამოვნებებიც იყო, მაგრამ ახლა ისიც კარგად მახსენდება. თავიდან ძალიან მიჭირდა კონტაქტების დამყარება, რადგან ენა კარგად არ ვიცოდი, თან, ზოგიერთი მონაწილე ისეთი ინგლისურით საუბრობდა, რაც უნდა მოგენდომებინა, ვერ გაიგებდი. ხან ვიტყუებოდი, რომ, ვითომ მესმოდა, რას საუბრობდნენ (იცინის), როცა სამხრეთ აფრიკიდან ლონდონში ჩავედით „მის მსოფლიოს“ კონკურსანტები, კურატორები ყურადღებას აღარ გვაქცევდნენ. კონკურსი უკვე ჩატარებული იყო და, როგორც ჩანს, ყველამ თავისი საქმე მონახა. ერთი კვირა მოგვიწია ლონდონში დარჩენა და, ერთ საღამოს დამშეულები გოგონები „მაკდონალდსაც“ კი შევესიეთ, რომ შიმშილით გული არ წაგვსვლოდა. იქიდან წამოსულს ფეხსაცმელზე ქუსლი მომძვრა და ლამის ტლაპოში ვიარე კოჭლობით, სანამ სასტუმროში მივიდოდი. ბოლოს ისე აიღეს ჩვენზე ხელი, აეროპორტამდე ძლივს მივაღწიე (იცინის). თუმცა, ამ ყველაფერს თავისი დადებითი მომენტებიც ჰქონდა – ახლა არსად აღარ მეშინია მარტოს წასვლა, სხვებსაც კი ვეხმარები თვითმფრინავში, ვისაც ენასთან და გეოგრაფიულ ორიენტაციასთან აქვს პრობლემები. ამ ერთ წელიწადში იყო ბევრი სითბო, სიყვარული და ყურადღება ადამიანების მხრიდან, ალბათ, უფრო მეტის გაკეთებაც შემეძლო, მაგრამ, მაინც არაფერზე არ მწყდება გული.

– მეტის გაკეთებაში რას გულისხმობ?

– შეიძლებოდა, რომ უფრო აქტიური ვყოფილიყავი და ჩემი ტიტული მაქსიმალურად გამომეყენებინა, თუმცა, ამაში არავის არ ვადანაშაულებ საკუთარი თავის გარდა (იცინის). მე არ ვარ აქტიური, პირიქით, ვფიქრობ, რომ ზომაზე მეტად მოკრძალებული ადამიანი ვარ. ამას გარშემო მყოფები ხშირად მეუბნებიან და მსაყვედურობენ კიდეც. ალბათ, მე თვითონ უნდა დამეძალებინა ვიღაც-ვიღაცეებისთვის, რომ სადმე გამოვსულიყავი და გამოვჩენილიყავი. სააგენტო მაქსიმალურს აკეთებს, რომ ყველა „მის საქართველოს” ინტერესი დაიცვას, მაგრამ, თვითონ თუ არ ხარ საკუთარი პოპულარობით დაინტერესებული, სააგენტო ხომ ვერ დაგაძალებს?! ალბათ, ვერ ამიყოლიეს. ის, რაზეც უარს არ ვამბობ კონკურსებია. იყო რამდენიმე შემოთავაზება უცხოეთის სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობაზე, მაგრამ მე თვითონ ვთქვი უარი – სწავლას ვერ მოვწყდი, თუმცა, თუ საქმე ეხებოდა კონკურსებს, ყველგან უყოყმანოდ გავრბოდი; ახლაც ჩინეთში ვიყავი საერთაშორისო კონკურსზე.

– კარგად მოემზადე ამ კონკურსისთვის?

– დიახ, კაბები შევარჩიე, საჩუქრებიც. ჩვენი საფოსტო მარკებით დატვირთული წავედი პეკინში – მათზე დიდი მოთხოვნა იყო. ამაზე სააგენტომაც იზრუნა და მეც, თუმცა სპონსორების მოძიება საქართველოში საკმაოდ რთულია – ამ სფეროში ფულის ჩადებას ბევრი ერიდება. რამდენჯერმე ვცადე სპონსორის მოძიება საკუთარი ძალებით, მაგრამ არ გამომივიდა.

– ფინანსურად თუ აღმოჩნდა მომგებიანი შენთვის, დედოფლის გვირგვინი? ბოლოს და ბოლოს, ორასი გრამი ოქროს მფლობელი ხარ.

– ეს – დროებით, თანაც, გვირგვინი ჩემთან არ ინახება – ჩემი განძი ერთ-ერთი ბანკის საცავშია (იცინის). გვირგვინი სულ ორჯერ მეკავა ხელში: ერთხელ, როცა „მის საქართველო“ გავხდი, მეორედ კი – ფოტოსესიის დროს. ახლა კიდევ ერთხელ მომეცემა შანსი, ხელში დავიჭირო გვირგვინი, როდესაც მას ახალ „მის საქართველოს“ გადავცემ. სააგენტომ, როგორც გამარჯვებული, დამასაჩუქრა ავტომანქანით, რომელიც ავტოფარეხშია „დატყვევებული“, რადგან ჯერ კიდევ ვერ მოვახერხე მართვის მოწმობის აღება. საცოდავი მანქანა! ვქოქავ ხოლმე, რომ რამე არ გაუფუჭდეს. ამ მანქანას, ალბათ, ვერ შეველევი, რადგან ის ძალიან კარგ მოგონებებთან არის დაკავშირებული.

– ბევრმა ყოფილმა „მის საქართველომ“ გამოიყენა თავისი ტიტული პირადი ცხოვრების მოსაწყობად – ისინი საკმაოდ წარმატებულად გათხოვდნენ. შენ ამ მხრივ რატომ „დაიჩაგრე”?

– ვერ ვიტყვი, რომ ამ ტიტულმა თაყვანისმცემლების არმია გამიჩინა, ესეც, ალბათ, ჩემი ხასიათის გამო მოხდა – ზედმეტს არავის გავაბედვინებ. თუმცა, მე არ მიმაჩნია თავი დაჩაგრულად, გეთანხმებით, რომ სილამაზის კონკურსში მონაწილენი ძირითადად ცნობილ ადამიანებზე, წარმატებულ სპორტსმენებსა და ბიზნესმენებზე თხოვდებიან. ალბათ, ვიღაცას შეუძლია, გამოიყენოს თავისი სილამაზე, ტიტული, მაგრამ მე ცოტა სხვაგვარად ვუყურებ ამ საკითხს – არ მიყვარს საკუთარი თავისა და სილამაზის აფიშირება. მე არ ვარ ღამის ცხოვრებისა და კლუბური გართობების დიდი მოყვარული, ეს კი „კარგად” გათხოვებისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია (იცინის). იმის მიუხედავად, რომ ცნობილი ადამიანისთვის არ დამიკავშირებია ბედი, მე არ ვარ უკმაყოფილო ჩემი პირადი ცხოვრებით. მყავს შეყვარებული და, არასწორად მიმაჩნია, როცა ასეთ სიტუაციაში სხვებსაც ეპრანჭები და ბოლოს საუკეთესოს არჩევ. მე ამის გაკეთება არ შემიძლია. ჩვენს ურთიერთობაში ჩემი ტიტული და გვირგვინი ნამდვილად არაფერს ნიშნავს. როცა მან გამიცნო, არც კი იცოდა, რომ „მის საქართველო“ ვიყავი, ერთმანეთი ჩვეულებრივ სიტუაციაში გავიცანით და აქამდე ისე მოვედით, რომ მას ჩემთან ურთიერთობაში შეცდომა არ დაუშვია. სამაგიეროდ, მე მპატიობს შეცდომებს, რადგან ყველა უსიამოვნო ინციდენტის დროს დამნაშავე ძირითადად მე ვარ ხოლმე. თუმცა ჩვენი გაბუტვები რეკორდულად მცირე დროში – ორ-სამ საათში მთავრდება.

– ის არ არის წარმატებული და ცნობილი?

– არა, ჩვეულებრივი ადამიანია, სტუდენტია და ყველაფერი წინ აქვს. ჯერ ორივეს სხვა გეგმები გვაქვს, რომელიც სწავლასთან არის დაკავშირებული. ამ ეტაპზე ნამდვილად არ მინდა გათხოვება. ორი წლის შემდეგ პოდიუმს მე თვითონ დავემშვიდობები, რადგან ვერ შევიგრძენი მოდელების ცხოვრებისეული ხიბლები, არ შემიძლია ყოველდღე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული და მაკიაჟის გაკეთება. ეს ის ცხოვრება არაა, რომლისკენაც შეიძლება მივილტვოდე. მაგისტრატურას დავამთავრებ და მინდა მუშაობის დაწყება საერთაშორისო ორგანიზაციებში ადამიანის უფლებების დაცვის განხრით. ჩემი შეყვარებული სწავლობს საავიაციო ინსტიტუტში, პილოტი უნდა გამოვიდეს, მაგრამ ჯერ თვითმფრინავში არ მჯდარა და ჩემი, მგონი, შურს. ამ წლიდან პრაქტიკა დაეწყება და აისრულებს ოცნებას (იცინის).

– თბილისში კიდევ მარტო ცხოვრობ?

– დიახ, ბინა მაქვს ნაგირავები, ჩემს ხარჯებს კი ჩემი ოჯახი უზრუნველყოფს – მთლიანად ისინი მაფინანსებენ. დამოუკიდებლობას მიჩვეული ვარ, საკუთარ თავს მშვენივრად ვუვლი. „უბორკებსაც“ კი ვაკეთებ, თვეში ერთხელ „გენერალურსაც“ კი. ყველა ამბობს, რომ კარგი დიასახლისი ვარ, გემრიელი კერძები გამომდის, თუმცა, კარგი იმერული ხაჭაპურის ცხობით არ გამოვირჩევი – მე და ცომეული ერთმანეთის მტრები ვართ. მუდმივად ვაკონტროლებ წონას: როგორც კი ჭამას მოვუმატებ და საჭმელს ზომაზე მეტად მივეპარები, მერე საკუთარ თავს მკაცრი დიეტით ვსჯი ხოლმე (იცინის).

– ამ ტიტულმა შენი ცხოვრების წესზეც, ალბათ, დიდი გავლენა იქონია, თუმცა, მთელი წელი ისე გაატარე, რომ, სხვა „მისებისგან“ განსხვავებით, არც ერთ სკანდალში არ მოხვდი.

– ესეც, ალბათ, იმის ბრალია, რომ მე არ ვარ მოდური „ტუსოვკების“ სტუმარი – სკანდალები, როგორც წესი, ასეთი სიტუაციებიდან იწყება ხოლმე. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ უცხოეთში მომიხდა ბევრჯერ წასვლა, ჩემს ცხოვრებაში სხვა არაფერი შეცვლილა, მით უმეტეს – ცხოვრების ყოველდღიური სტილი. იმის მიუხედავად, რომ ჩემს თავისუფლებას არავინ ზღუდავს, მე თვითონ არ მიყვარს ხმაურიანი თავყრილობები, მე უფრო სახლის გოგო ვარ, მიყვარს სახლში ყოფნა, თუმცა, ვიცი დროის ცუდად ფლანგვა, მაგრამ, სხვაგვარად არ გამომდის – სახლში, მარტომაც კი, შეიძლება, იმდენი რამ გამოვძებნო, რომ საკუთარი თავი მშვენივრად გავართო. ძალიან მიყვარს სიმღერა, შემიძლია, მთელი დღე ვიმღერო, თუმცა, არც ამ მხრივ გამოვიყენე ჩემი შესაძლებლობა. კლუბში მინდოდა კონცერტის გამართვა, მაგრამ თავი ვერ მოვაბი და, ეს ნიჭიც, ჩემი ტიტულივით, ჩემთან დარჩება და, ალბათ, ამას ოდესმე გამოვიყენებ, მანამდე კი ვმღერი მეგობრების წრეში, სახლშიც, როცა მარტო ვარ. დროის ფლანგვას კი ვერავინ მიკონტროლებს, რაც თან მომწონს, თან – არა.


скачать dle 11.3