რატომ იღლება თამუნა ნიკოლაძე დასვენებით და როგორ გახდა ის ერთდროულად მშრომელი და ორი შვილის დედა
ყველასთვის საყვარელმა და რეიტინგულმა სერიალმა „შუა ქალაქში“ მეშვიდე სეზონი დახურა. ისვენებენ მსახიობებიც და ზაფხულის ცხელ დღეებს სხვადასხვა კურორტზე ატარებენ. გამგზავრებამდე ქეთევან ღლონტს, იგივე თამუნა ნიკოლაძეს შევხვდით და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.
– ზაფხულის სიცხეს როგორ უძლებ?
– ზაფხული და სიცხე არ მიყვარს. ძალიან მიყვარს ზამთარი, თოვლი და მზე ერთად. მიყვარს რომ თოვს და ჯანსაღი, გრილი ჰაერია. როცა ჯანსაღ ჰაერს ვსუნთქავ, კარგად ვარ. ძალიან მიყვარს მთა. ზღვაც მიყვარს, ოღონდ, ათ დღეზე მეტს ვერ ვძლებ. სულ ვამბობ, სადაც არ უნდა ვიყო, ორი კვირის შემდეგ უთბილისობა მჭირს, მენატრება და ნოსტალგია მაწუხებს-მეთქი.
– ამჟამად რას საქმიანობ?
– შვებულებაში ვარ. თეატრში სეზონი „კავკასიური ცარცის წრით“ დაიხურა. ასევე, ძალიან საინტერესო ამბებითა და სასიამოვნო ინფორმაციებით დავხურეთ მეშვიდე სეზონი სერიალ „შუა ქალაქში.“ პირადად მე, ქეთევან ღლონტს, ძალიან ბევრი საინტერესო რამ მელოდება მერვე სეზონზე, რადგან, როგორც ცნობილი გახდა მე და ლაშამ ერთი ბავშვი ვიშვილეთ, თან, ფეხმძიმედ ვარ და შვილს ველოდებით. ძალიან სასიამოვნოა, როცა უცებ ორი შვილის დედა ხდები, ამისთვის სცენარისტებს დიდი მადლობა. ჩემ გარდა სხვა პერსონაჟებსაც ძალიან კარგი ისტორიები აქვთ სამომავლოდ და, დიდი იმედი მაქვს, რომ მერვე სეზონს ძალიან საინტერესოდ გავაგრძელებთ.
– ახალი პერსონაჟები თუ იქნებიან ახალ სეზონში?
– იმედია, იქნებიან, ეს სცენარისტებზეა დამოკიდებული, მსახიობები ამას ვერ ვწყვეტთ. მსახიობებს რაც შეგვეხება, ახალ პერსონაჟს ძალიან დიდი სიყვარულით ვხვდებით და ვინც კი მოსულა, წასვლა არავის აღარ სდომებია. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, ეს უნდა შეიგრძნო, ვერ წარმოიდგენთ, „შუა ქალაქში“ და „ღამის შოუ სტუდიოში“ რამდენად კარგი და ჯანსაღი ურთიერთობებია. სამსახურში მისვლა ყოველთვის მიხარია. ახლაც, რომ ვისვენებთ, ძალიან ცუდად ვარ. მე მუშაობა მიყვარს, ამიტომ, ერთი და ორთვიანი დასვენება ჩემთვის ბევრია, რადგან დასვენებისგან ვიღლები.
– მსახიობობა საკმაოდ შრომატევადი პროფესიაა.
– მსახიობობა შრომისა და ტევადობის გარეშე არ შეიძლება. სამსახურში მიხვიდე, საბუთებს ხელი მოაწერო და წამოხვიდე – ეს არ არის მსახიობობა. თუ გინდა მსახიობობა, პოპულარობა, თან, ამდენ ინტერვიუებს წერდნენ შენთან და, ამ დროს, არ იშრომო და არ „იტევადო“ – ეგრე სად არის. მსახიობობა მართლა შრომატევადი პროფესიაა.
– სიახლეა თამარ ღლონტის რეალურ ცხოვრებაში – თათული მალე შვილს ელოდება.
– თათული ოქტომბერში ელოდება შვილს. გოგოა თუ ბიჭი – ვერ გავამხელ, ეს თვითონ თათულიმ თქვას. მინდა, გითხრათ, რომ როგორც თათული ელოდება შვილს, მეც ისე ველოდები, რადგან, ერთად უნდა გავზარდოთ, ასე ვართ შეთანხმებული. თუ ძალა და ენერგია მეყო, შეიძლება, თათულის მშობიარობასაც დავესწრო – მას ამის სურვილი ნამდვილად აქვს. ცოტა ემოციური ვარ და, თუ შევძელი, აუცილებლად დავეხმარები, ის მართლა დასავით მიყვარს.
– მთელი საქართველო გიჟდება თქვენზე, ყველას ძალიან უყვარხართ და ხშირად ღლონტებს ამა თუ იმ ადამიანს ადარებენ კიდეც.
– ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. უკვე სამი წელია ეკრანზე ვარ და, დამიჯერე ხალხი ამ ხნის განმავლობაში მეფერება; დაწყებული ბავშვიდან, დამთავრებული ასაკოვანი ადამიანით, ჩემდამი ყველა ძალიან დიდ სიყვარულს გამოხატავს, სად არ მცნობენ. რამდენიმე დღის წინ „შუა ქალაქის“ მსახიობები თუშეთში ვიყავით წასული და იქაც ყველა გვცნობდა და ყველა გვეფერებოდა. უყურებენ სერიალს, თან, პარალელურად, უყურებენ გამეორებას, გარდა ამისა, აგროვებენ ფულს, ყიდულობენ ჩვენს დისკებს და ამით ცხოვრობენ. როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანები არ გიყვარდეს და არ გსიამოვნებდეს? აჭარაში რომ ვიყავი ჯაზ-ფესტივალზე, იქაც ძალიან ბევრი სითბო ვიგრძენი. ბავშვები ფოტოებს იღებდნენ ჩემთან და ასე შემდეგ.
– არასდროს გიფიქრია იმაზე, რამდენ ოჯახში შეიძლება იყოს შენი ფოტო?
– რამდენ მობილურ ტელეფონში აქვთ ჩემი ფოტო, რამდენი ფოტოაპარატით არის გადაღებული და კიდევ რამდენი პაპარაცი მიღებს მალულად, ამას ვინ დათვლის. თურმე პოპულარული რომ ხარ, ყველაფერს ეგუები, ყველაფერს უნდა ელოდო. შეიძლება, ბევრი სასიამოვნო ჭორიც იყოს, ან, პირიქით – არასამართლიანი. რაც მთავარია, მე ვიცი, როგორც ვცხოვრობ, ჩემმა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა იციან ვინ ვარ და, ამიტომ, ჭორებს ღიმილით ვხვდები.
– გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი გყავს, ალბათ შვებულებას წყნარად ვერც გაატარებ, ზედმეტი ყურადღების გამო.
– სიმართლე გითხრა, წელს ზაფხულის გეგმები შემეცვალა. ორი ფილმის გადაღებები უნდა მქონოდა, მაგრამ ორივემ რაღაც დროით გადაიწია. რომ მივხვდი, რომ დასვენების პერიოდი მქონდა, ევროპაში მოვინდომე წასვლა, მაგრამ, ისე მოხდა, რომ ვიზის აღება ვეღარ მოვასწარი და, საბოლოოდ, გადავწყვიტე, აჭარაში, სადმე გაუჩინარებულ ადგილას წავიდე, მაგალითად კვარიათში, სადაც ოჯახთან ერთად დავისვენებ.
– სად გინდოდა წასვლა?
– ძალიან მინდოდა ჰოლანდიაში წავსულიყავი, მაგრამ, არა უშავს, ცხოვრება წინ არის და მომავალ წელს ან ახალ წელს შეიძლება, სადმე წავიდე.
– სამაგიეროდ, კვარიათის დამსვენებლებს გაახარებ.
– კი, ნამდვილად. თუმცა, შარშან მეგობრებთან ერთად ათი დღე ბოდრუმში ვიყავი. 1 500 კაცი იყო იმ სასტუმროში, სადაც ვისვენებდით და აქედან ჩემი ოთხი მეგობრის გარდა ვერავინ ვერ მცნობდა. მიხაროდა, რადგან ჩემს გემოზე დავისვენე. გინდა-არ გინდა გცნობენ ავტოგრაფს გართმევენ, ფოტოს გიღებენ. ამით არ ვწუხდები, მაგრამ, ყველაფრისგან დასვენება ძალიან კარგი რამეა ცხოვრებაში.
– რაღაც მომენტში ხომ არ გბეზრდება პოპულარობა და ხალხის ყურადღება?
– არ არსებობს, ეს რომ მოგბეზრდეს. შეიძლება, ცოტა დაიღალო, მაგრამ, სიყვარული რატომ უნდა მოგბეზრდეს? რამდენიმე კვირის წინ ქალაქგარეთ ვიყავი წასული. ვიღაც ქალმა რომ დამინახა გამიღიმა და მითხრა: ვაიმე, ქეთევანი არ ხარ შენო? ტელევიზორში როგორი მაღალი და მსუქანი ჩანხარო. ძალიან ბევრი ვიცინე. ყოფილა შემთხვევა, ბავშვს გამოუთქვამს სურვილი, ქეთევანმა მომნათლოსო, ასევე, უცნობ ადამიანს მოუნდა, რომ მისი მეჯვარე ვყოფილიყავი. უცხოეთში მცხოვრები ქართველებისგან საჩუქრები მომსვლია სიურპრიზად. რამდენიმე დღის წინ, ქალბატონმა, რომელიც შვედეთიდან იყო ჩამოსული და „შუა ქალაქს“ იქ ადევნებდა თვალს, ჩემი გაცნობა მოინდომა. შემხვდა და ძალიან ლამაზი მძივი მაჩუქა. მითხრა, შენი ყველაფერი მომწონსო, მომწონს როგორ თამაშობ, შენი ვარცხნილობაც კი მომწონს სერიალშიო.
– ძალიან ბევრი შენი ფრაზა, მიმიკა და ქცევის მანერა ხალხში დამკვიდრდა. როგორც ვიცი, მათ შორის ბევრი შენი მოგონილია.
– დიახ, ძალიან ბევრი რეპლიკა და სიტყვაა ჩემი მოგონილი, რადგან ჩემმა პერსონაჟმა თავად მომთხოვა. ძალიან მიხარია, რომ სხვასაც მოსწონს და ასე გაჰიტდა. სამი წელი ადამიანი თამუნა ნიკოლაძისა და ქეთევან ღლონტის რეპლიკებით რომ ლაპარაკობს და ცხოვრობს, ან, თუნდაც, „შუა ქალაქის“ სხვა ნებისმიერი პერსონაჟის რეპლიკით, წარმატებაა, აბა რა არის?!
– სამი წელი იყო ქეთევან ღლონტი – იოლი საქმე არ არის. ამ დროის განმავლობაში ხომ არ დაემსგავსე მას რამით?
– ვინც კარგად მიცნობს, იცის, რომ მე და ქეთევანი ერთმანეთისგან რადიკალურად განვსხვავდებით. ერთადერთი, ქეთევანს მაშინ ვგავარ, როცა ვინმეს ვეფერები, მაგალითად, თათულის, ბაჩოს (ლაშას), ან კახას (ვახოს), მოფერებაში ქეთევანი გამეპარება ხოლმე. მართლა ასეთი ვარ. როგორც კი ანჩხლობა და გურული სიგიჟეები მემართება, მაშინ ვიღაც სხვას ვემსგავსები.
– თამუნა ნიკოლაძე თუ „ფეთქდება“ ოდესმე?
– უსამართლობის, ტყუილის, არასწორი დამოკიდებულების გამო „აფეთქებული“ თამუნა ნიკოლაძე ბევრჯერ მინახავს. მეც მიყვირია, მეც მიჩხუბია, მაგრამ, ქეთევანივით „გადი! გადი! და გადიიი!“ – არ მიყვირია. ისე ბავშვობიდან ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ვარ, ქეთევანისგან განსხვავებით.