რატომ წაახალისებს ბრენდირების პრინციპი სკოლებიდან მოსწავლეების გაყრას, რომ მათ მეთორმეტე კლასამდე ვერ მიაღწიონ
სიმონ ჯანაშია სწორედ მაშინ მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, როდესაც განათლების რეფორმა დაიწყო და რის გაუქმებასაც ახლა რეფორმის მეორე ტალღა დაერქვა, თანაც ისე, რომ ორივე შემთხვევაში რეფორმა წარმატებულადაა შეფასებული. ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ ქართულ განათლებას კარგი დღე არ ადგას: უკვე პრეზიდენტი მოგვიწოდებს, რა სპეციალობებს უნდა დავეუფლოთ და რომელი უნდა დავივიწყოთ, რაც გვაფიქრებინებს, რომ საკუთარი მოსახლეობის რუხი ნივთიერების ეფექტურობაში ეჭვი ეპარება. ერთი სიტყვით, რეფორმის ორივე ტალღის რყევის სიმძლავრეზე აწ უკვე ილიაუნის წარმომადგენელი სიმონ ჯანაშია გვესაუბრება.
– რეფორმის მეორე ტალღაში მიღწევად მიიჩნევა იმის გაუქმება, რაც რეფორმის პირველ ტალღაში რეფორმის წარმატებულ ნაბიჯებად მიიჩნეოდა. მართებულია ჩემი შთაბეჭდილება?
– უბრალოდ როლები შეიცვალა. რასაც ერთი ჯგუფი წარმატებულად მიიჩნევდა, მეორე ჯგუფისთვის წარუმატებლობა იყო. საზოგადოების ნაწილი არ ეთანხმებოდა 2004-2008 წლებში მიმდინარე პროცესებს განათლების სფეროში, მაგრამ ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო. დღეს ხელისუფლება დაეთანხმა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც არ ეთანხმებოდა და ახლა საზოგადოების იგივე ნაწილი, ან სხვა ნაწილი ისევ უკმაყოფილოა. ეს ჩვეულებრივი რამაა განათლების სისტემის რეფორმირებისას. უბრალოდ პრობლემა ის არის, რომ არ შეიძლება, არ ეცადო დიდი ხნის განმავლობაში, რომ რაც პროგრესულია, დანერგო. ტრიმესტრული სწავლება, ანუ სამი საგნის მონაცვლეობით სწავლება გაცილებით უკეთესი პრინციპია, ვიდრე ის, რაც მანამდე იყო და, რაც დღეს არის.
– რატომ იყო ცუდი, როდესაც ცალ-ცალკე სწავლობდნენ ბიოლოგიას, ქიმიასა და ფიზიკას?
– მოსწავლეებისთვის ცუდი იყო, რადგან სამი ახალი და რთული საგანი ერთდროულად შემოდიოდა. საბჭოთა სისტემის ნაკლი ის იყო, რომ არ გვასწავლიდნენ მეცნიერულ აზროვნებას. ცდილობდნენ, გვესწავლა ის, რაც მეცნიერებმა უკვე შეისწავლეს. სწავლებისას კი მთავარია, თავად შემეძლოს დასკვნის რაციონალურად და განზოგადებულად გაკეთება.
– ამას რაში უშლის ხელს, რომ ისიც ვისწავლო, რაც მეცნიერებმა ჩემამდე გამოიგონეს?
– ერთი ასეთი მაგალითია აღწერილი ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ნაშრომში, ყველა მექანიზმი შედგება რაღაც ნაწილებისგან და ჩვენ გვასწავლიდნენ სწორედ შემადგენლობას და არა მუშაობის მექანიზმს. მაგალითად, მოსწავლე მეათე კლასში სწავლობდა18 საგანს. ტრიმესტრულ სწავლებაში კი კარგი ის იყო, რომ ერთი ტრიმესტრის განმავლობაში მოსწავლე სწავლობდა მხოლოდ ერთ ახალ საგანს. ასევე, მონაცვლეობითი სწავლების დადებითი მხარე ისიც იყო, რომ ჩვენ, განსაკუთრებით, სოფლის სკოლებში ქიმიისა და ფიზიკის მასწავლებლების ნაკლებობა გვაქვს.
– რამდენიმე წელიწადში საერთოდ აღარ გვეყოლება, ალბათ.
– გვეყოლება, საკმაოდ ბევრ ადამიანს აქვს ეს სპეციალობა და, თუ სკოლაში ვითარება გაუმჯობესდება, ისინი იმუშავებენ სკოლებში. პრობლემა წახალისებაა: ხალხი არის, მაგრამ მათ, სკოლას ბანკში მუშაობა ურჩევნიათ.
– ბუნებრივია. სხვათა შორის, სერტიფიცირებულ მასწავლებლებს დაჰპირდნენ ხელფასის 160 ლარით მომატებას, მაგრამ სასერტიფიკაციო გამოცდების შემდეგ 75 ლარზე ჩამოვიდნენ. ღირდა წვალება 75 ლარისთვის?
– მასწავლებლების მოტივაცია მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს.
– სკოლების ბრენდირების სისტემის შემოტანა გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს?
– ბრენდირების სისტემა სკოლებს შორის კონკურენციის პრინციპს ეფუძნება.
– ბრენდირებას მართლაც ექნება გავლენა იმაზე, თუ რამდენ გამოსაშვებ გამოცდას ჩააბარებენ მრავალვარსკვლავიანი სკოლების მოსწავლეები?
– იმ სკოლაში, რომელსაც უმაღლესი შეფასება ექნება, არ ჩატარდება გამოსაშვები გამოცდები, მაგრამ ეს სისტემა არ იმუშავებს, რადგან სკოლების უმეტესობას არ აქვს შანსი, მივიდეს საუკეთესო შედეგამდე.
– მასწავლებელი არ უვარგათ თუ მოსწავლეები?
– ვერავის შეეჯიბრებიან. საქართველოს სკოლების ნახევარი ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ ბავშვი ან იქ უნდა მივიდეს, ან საერთოდ არ უნდა იაროს სკოლაში. ამას გარდა, არის კიდევ ერთი საფრთხე. სკოლის შეფასებისას ერთ-ერთი კრიტერიუმია მისი მოსწავლეების წილი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და მათი მაჩვენებლები ამ გამოცდებზე. იორდანიაში, დაახლოებით, ჩვენი რაოდენობის მოსახლეობაა და იმავე ტიპის რეფორმა ჩატარდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, სკოლაც ამავე პრინციპით ფასდება, ამიტომაც სკოლები ცდილობენ, ან წინასწარ გაყარონ მოსწავლეები, ან კლასებში ჩატოვონ, რომ მეთორმეტე კლასამდე არ მივიდნენ. თუმცა მხოლოდ იორდანიაში არ ხდება ასე. ისევ ტრიმესტრულ სწავლებას რომ დავუბრუნდეთ: მაშინ, როდესაც საგნების ცალკე სწავლების პრინციპი შემოვიდა სხვა ცხოვრება იყო. იმ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ რაღაცეები დაგემახსოვრებინა, მაგალითად, ტარაკნის აგებულება. ერთი სიტყვით, ვსწავლობდით სამეცნიერო მიღწევებს. შემდეგ, როდესაც მეცნიერების მიღწევები გაიზარდა, ინფორმაციაც გაიზარდა და სკოლაში ამის სრულად სწავლება წარმოუდგენელია. გაიხსენეთ, როდის ისწავლეთ სკოლაში, თუ რა არის მეცნიერული მეთოდი?
– არ მახსოვს.
– ვერც გაიხსენებთ, იმიტომ რომ ამას საბჭოთა სკოლაში არ ასწავლიდნენ. ჩვენ გვაძლევდნენ მზა ცოდნას და, თუ ეს ცოდნა გქონდა, მიიჩნეოდა, რომ იცი. მითხარით, რა არის ელექტრონი?
– არ მახსოვს, აღარ დამჭირვებია ფიზიკის ამ ნაწილის ცოდნა, თუმცა ელექტრობის ცოდნა ძალიან გამომადგა.
– ვთქვათ, მიდიხართ ბანკში, სადაც გთავაზობენ, ანაბარზე დადოთ რაღაც თანხა 5 წლით და წელიწადში გაიტანოთ 5 პროცენტი, ან 2 წლით დადოთ თანხა და გაიტანოთ 20 პროცენტი. რა გირჩევნიათ?
– უნდა დავითვალო, რომელი ვარიანტია მომგებიანი.
– და რამდენი ადამიანი გამოიანგარიშებს, რომლებიც 11 წელს სწავლობდნენ მათემატიკას?! რაც შეეხება პროცენტებით მანიპულირებას: რამდენი მასწავლებელი გახდა სერტიფიცირებული?
– 11 პროცენტამდეო.
– ასე გამოაცხადეს, მაგრამ სინამდვილეში რამდენი გახდა სერტიფიცირებული? 18 პროცენტი. ორივე გამოცდაზე ყველა მასწავლებელი არ გასულა. ზოგი მხოლოდ ერთ გამოცდაზე გავიდა. ამიტომაც პროცენტული მაჩვენებელი უნდა დათვლილიყო მხოლოდ იმ მასწავლებლების რაოდენობიდან, რომლებიც ორივე გამოცდაზე გავიდნენ. მაგრამ სახელმწიფო, რატომღაც, დაინტერესებული იყო, უარყოფით კონტექსტში ეჩვენებინა შედეგი და აჩვენა კიდეც, თუმცა რატომ, არ ვიცი.
– შესაძლოა, იმიტომ, რომ გაემართლებინა მასწავლებელთა შემცირება, რასაც დღემდე უარყოფს, მაგრამ ეს ფაქტია?
– არსებობს მეორე მონაცემიც: მაგალითად, ის რომ გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან ერთ გამოცდაზე წარმატებული შედეგი აჩვენა ნახევარმა მაინც და ეს საკმაოდ კარგი შედეგია პირველი ჯერისთვის.
– თქვენ რა არგუმენტები გაქვთ, რა მოტივაცია ჰქონდა სახელმწიფოს, დაემძიმებინა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები?
– ამ სფეროში მიღებულია ერთგვარად საბჭოთა დროინდელი რიტორიკა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაუმჯობესებთ, ხუთწლედი შევასრულეთ სამ და ოთხ წელიწადში და ასე შემდეგ. 90-იანების შუა ხანს ჩვენთან, ბალტიისპირეთში, შუა აზიაში, აღმოსავლეთ ევროპაში, მონღოლეთში, ეს რიტორიკა შეიცვალა და ყველანი ამბობდნენ, არც ისე კარგადაა საქმეო. რატომ? იმიტომ რომ უფრო მეტი დაფინანსება მიეღოთ. დაფინანსება დამოკიდებული იყო საერთაშორისო ორგანიზაციებზე და, თუ არ მოუმატებდნენ დაფინანსებას, სიტუაცია გაუარესდებოდა. დღეს დონორები იმდენად მნიშვნელოვანი არ არის და გამოცდების ცენტრი ცდილობს, დაარწმუნოს მთავრობა, მეტი ფული ჩადოს ამ სფეროში.
– როგორ ფიქრობთ, სამართლიანია და აქვს მორალური უფლება სახელმწიფოს, გამოცდა მოუწყოს მეთორმეტეკლასელებს იმ საგნებში, რომლებიც არ უსწავლებია რეფორმის ტალღების მიზეზით?
– ეს თქვენ მიიჩნევთ, რომ არ ასწავლა, მე ვფიქრობ, რომ ასწავლა, სხვა საქმეა, როგორ ასწავლა.
– ქაღალდზე შეიძლება, ასწავლა, სასწავლო გეგმებით, მაგრამ შედეგი აჩვენებს, რომ არაფერიც არ უსწავლებია?
– თუ ცუდად ასწავლა, არ აქვს იმის მორალური უფლება, რომ ცუდად გამოსცადოს?!
– რა აზრი აქვს?! ითქვა, ტესტები იქნება მარტივი და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დაბალიო. ვინმესგან ჩათვლა უნდა მივიღოთ და იმიტომ ვატარებთ გამოსაშვებ გამოცდებს?
– არავისგან. უბრალოდ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ შინაგანი რწმენა, რომ, თუ არის გამოცდა, ბავშვები ამისთვის მოემზადებიან. ამას ფსიქოლოგიაში ეწოდება გარეგანი მოტივაცია: კანფეტს მოგცემ, თუ კარგად გაართმევ თავს დავალებასო. თუ კარგად მოიქცევი, არ ჩაიჭრები, თუ კარგად არ მოიქცევი, ჩაიჭრები და ადამიანებს სჯერათ, რომ ეს არის მოტივაციის გაჩენის გზა, მაგრამ ეს არ არის გზა და მეორეც, გააუარესებს იმ შედეგს, რაც არის.
– საქართველოს განათლების სისტემა, ის რეფორმები, რომლებსაც თქვენს დროს ატარებდა სამინისტრო, ან ახლა ატარებს, იძლევა საშუალებას, რომ ბავშვმა საკუთარი პოტენციალის მიხედვით დაიკავოს სოციალური სტატუსი?
– როგორ არა?!
– დავთვალოთ ბანკის პროცენტების არ იყოს: ვთქვათ, აბიტურიენტმა, არათბილისელმა, მოიპოვა ასპროცენტიანი გრანტი ბაკალავრიატში, თბილისში ხომ უნდა იცხოვროს? სახელმძღვანელოები ხომ უნდა შეიძინოს? უცხო ენა ხომ უნდა ისწავლოს? ამასთან, ყოველი შემდგომი საგანმანათლებლო საფეხური არის ფასიანი, როგორ ისწავლოს? თუ განათლების მიღება მხოლოდ შეძლებულების პრეროგატივა გახდა?
– მაგისტრატურაშიც არის გრანტი.
– არის, მაგრამ რაოდენობაა მცირე. ცნობილია, როდესაც რაღაც სფეროში, ვთქვათ, 1 000 სპეციალისტი გყავს, მათგან მხოლოდ 200-ია მართლაც სპეციალისტი, მაგრამ, თუ იმ ათასს ორასამდე დაიყვან, გეყოლება 40. ასე რომ, ათასი უნდა შეინახო, რომ შედეგად 200 მიიღო. რატომ უზღუდავს სახელმწიფო ახალგაზრდებს საშუალებას, მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია?
– მაგისტრატურის გრანტი 1 000-მა სტუდენტმა მიიღო.
– და 1 000-ზე მეტი მაგისტრატურის ღირსი არ გვყავს ქვეყანაში? ნიჭიერება უნდა წაახალისო თუ უნდა დათრგუნო?
– რა თქმა უნდა, სჯობს, უფრო მეტი ახალგაზრდა იყოს სტუდენტი, ვიდრე დღეს არის და ამაში მათ ხელს უშლის მაღალი გადასახადები. თუ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებებს შევადარებთ, შეღავათები ყოველთვის არ გვაძლევს კარგ შედეგს, მაგრამ, მეორე მხრივ, თავისთავად ცხადია, ვისაც კარგი წინასწარი პირობები აქვს, უფრო მეტად იქნება წარმატებული. დღევანდელი საგრანტო სისტემა ხელს უწყობს იმას, რომ უფრო შეძლებულები გახდნენ სტუდენტები.
– თავადაც თქვით, რომ გამოსაშვები გამოცდები არაფერს შეცვლის, პირიქით გააუარესებს სწავლის ხარისხსო. საერთოდაც, იცვლება ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა, რასაც საზოგადოება დადებითად აფასებს. რატომ აფუჭებენ თვითონვე საკუთარ კარგ საქმეს?
– ისინი ფიქრობენ, რომ პირიქით, ხვეწავენ. განათლების ეროვნულმა ცენტრმა გადაწყვიტა, რომ მეოთხე გამოცდის დამატება იყო გაუმჯობესება.
– ათი გამოსაშვები გამოცდის ჩაბარებაც დახვეწაა?
– ალბათ, ცხრა გამოცდა იქნება, იმიტომ რომ მეთორმეტე კლასში ათი საგანი ვერ გროვდება. ცალკე ჩააბარებენ 9 გამოცდას და ცალკე ოთხ გამოცდას.
– ერჩიან რამეს სკოლის მოსწავლეებს?
– ორი თვის განმავლობაში მოუწევთ ცამეტი გამოცდის ჩაბარება. თან გამოსაშვები გამოცდები ცენტრალიზებულად უნდა ჩატარდეს. შეიძლება, ერთსა და იმავე საგანში ერთსა და იმავე დღეს იყოს გამოცდა, მაგრამ ერთი გამოცდა ვერ იქნება. სხვადასხვა პროგრამებია და უკვე დევს ინტერნეტში.
– არ უნდა უჩივლონ მოსწავლეებმა სახელმწიფოს დისკრიმინაციისთვის?
– ნორვეგიაში ერთ-ერთ წელიწადს შემოიღეს ასეთი წესი, მაგრამ არავინ მივიდა გამოცდაზე.
– ჩვენთან დაბალია სამოქალაქო აზროვნება, თორემ ბევრი რამის კორექტირება შეეძლო საზოგადოებას ძალიან კორექტულად და ცივილურად.
– მგონია, რომ ხელისუფლება გადაიფიქრებს, რადგან ეს იქნება ძალიან ბევრი ფულის არაფერში დახარჯვა. ათობით მილიონი ლარი დასჭირდება ყოველწლიურად იმას, რასაც არანაირი ეფექტი არ ექნება.
– იმავე პროცედურით ჩატარდება გამოსაშვები გამოცდები, როგორც ეროვნული გამოცდები?
– თითქოს აქ დაიბეჭდება ტესტები, მაგრამ ამან შეიძლება, უნდობლობა გააჩინოს, გაჟონოს იმ ტესტებმა და შეიქმნას პოლიტიკური პრობლემები. წარმოიდგინეთ, ტექნიკურად როგორ უნდა განხორციელდეს: გამოსაშვები გამოცდები უნდა ჩატარდეს მხოლოდ რაიონულ ცენტრებში, სამოცდაათ ადგილას, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი რომელიღაც მოშორებული სოფლიდან რაიონულ ცენტრში ცხრაჯერ უნდა ჩავიდეს. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ოჯახებს ფინანსური პრობლემა აქვთ, როგორ უნდა აიძულო ოჯახები, რომ ცხრაჯერ ჩავიდეს სადღაც?! ლაპარაკია იმაზე, რომ დაწესდება ძალიან დაბალი ზღვარი და შემდეგ ნელ-ნელა ავწევთო, სწორედ იმიტომ რომ არ გვაქვს მორალური უფლება, ვაიძულოთ ბავშვები, ჩააბარონ გამოცდები იმ საგნებში, რომლებიც კარგად არ გვისწავლებიაო. სხვა ქვეყნებშიც გაკეთებულა მსგავსი რამ, მაგალითად, ამერიკაშიც იყო დაწესებული კომპეტენციის დაბალი ზღვარი სკოლების შესაფასებლად და შემდეგ შეეცადნენ აწევას, მაგრამ, როდესაც აწიეს ეს ზღვარი, ბავშვების დონემ არ აიწია, რადგან გამოცდა არ წევს მაღლა განათლების დონეს. აღმოჩნდა, რომ ყოველ წელს უფრო მეტი და მეტი ბავშვი იჭრებოდა და, რაც უფრო ბევრი იჭრებოდა, მით უფრო იზრდებოდა ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ბოლოს მიხვდა ამერიკის ხელისუფლება და გააუქმა ეს გამოცდები, ჩვენთან კი შემოვიდა ეს პრაქტიკა.
– ჩვენთან, ალბათ, რეფორმის მესამე ტალღაში გააუქმებენ. გამოსაშვები გამოცდები ფასიანი იქნება?
– ამ შემთხვევაში ფასს ვერ გადაახდევინებ მოსწავლეს. ყოველწლიურად 60 000 ბავშვი ამთავრებს სკოლას და მათგან, დაახლოებით, 25 000 ცდილობს, გავიდეს ეროვნულ გამოცდებზე, ანუ 45 000 ბავშვი საერთოდ არ აპირებს სწავლის გაგრძელებას და ამ 45 000 ბავშვს ეუბნები, გამოცდა მაინც უნდა ჩააბაროო.
– ყოველთვის იყო პრობლემა, რომ ამდენი სპეციალისტი არ გვჭირდებოდა. ხომ არის მსოფლიოში ჩვენი ზომის ქვეყნები, როგორ უვლიან ისინი ამ პრობლემას? რადგან მცირერიცხოვანი პრობლემა გვაქვს, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდები მაინცდამაინც, მზარეულები და მიმტანები უნდა გახდნენ?
– არიან ჩვენი ზომის ქვეყნები, რომლებიც ცენტრალიზებულად გეგმავენ, რამდენი სპეციალისტი სჭირდებათ ამა თუ იმ სფეროში და არიან ქვეყნები, რომლებიც ცენტრალიზებულად არ გეგმავენ და, ვინც გეგმავს, გაცილებით უარესი შედეგი აქვს, ვიდრე მას, ვინც არ გეგმავს. რადგან, როდესაც სახელმწიფო პიროვნების ნაცვლად იღებს გადაწყვეტილებას, გაცილებით უარეს შედეგს ვიღებთ. არის ქვეყნები, სადაც დაგეგმვა არ ხდება, მაგრამ ეხმარებიან პიროვნებას, რომ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. სადაც ამბობენ, რამდენი სამუშაო ადგილი სჭირდებათ და არა იმას, რომ ამის და ამის სპეციალისტები არ გვჭირდებაო.
– პრეზიდენტმა მოგვიწოდა, დაივიწყეთ იურისპრუდენციაო.
– იურიდიულ სფეროში დამსაქმებელია კერძო სექტორი და არა სახელმწიფო. ამიტომ კერძო სექტორმა უნდა დაითვალოს, სჭირდება თუ არა სპეციალისტები და არა სახელმწიფომ. სახელმწიფომ შეიძლება, უბრალოდ თქვას, ჩვენ გამოვიკვლიეთ კერძო სექტორი და იქ არის ამდენი ადგილი, ამდენი და ამდენი სპეციალისტი და თვითონ გადაწყვიტეთ, გინდათ თუ არა კონკურენციაში შესვლა მათთანო. მაგრამ იმის თქმა, რომ ჩვენ ადგილებს შევამცირებთ უმაღლესებში, ამიტომ ვეღარ ისწავლით და გავზრდით ადგილებს სხვა სფეროებში, სადაც დასაქმების შესაძლებლობა არ არსებობს, არასწორია.
– სად უნდა დასაქმდნენ ფიზიკოსები, ქიმიკოსები, ბიოლოგები, მათემატიკოსები? ანუ საბუნებისმეტყველო მეცნიერების სპეციალისტები, სულაც რომ ყურებიდან გადმოსდიოდეთ ცოდნა?
– ფიზიკოსები, ძირითადად, ბანკებში საქმდებიან.
– და რატომ უნდა დავამთავრო ფიზიკის ფაკულტეტი, რომ ბანკში დავსაქმდე? დავამთავრებ საბანკო საქმეს?
– ათიოდ წელიწადში, როდესაც ინდუსტრია განვითარდება და ეკონომიკა გაძლიერდება, სადღაც დასაქმდებიან.
– ათ წელს რა ქნან?
– ამიტომ უნდა ითქვას, როგორი ტიპის საზოგადოება გვექნება ათი წლის შემდეგ, რომ ადამიანმა ამაზე გათვლით რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს. თუ გვეცოდინება, რომ ჩვენი ეკონომიკა ორიენტირებული იქნება მაღალ ტექნოლოგიებზე, მაგალითად, იქნება კონკრეტული გეგმა, რომ ხუთი წლის შემდეგ ავიღებთ ლიცენზიას მობილური ტელეფონების გამოშვებაზე, ვიღაც დაფიქრდება და იტყვის, მე მინდა, ვიყო პროგრამისტი. თვითონ აირჩევს სპეციალობას და სახელმწიფოს არ დასჭირდება დაგეგმვა. სახელმწიფოსთან ურთიერთობა კი არ უნდა უხდებოდეს ადამიანს, არამედ სახელმწიფო უნდა იყოს შუამავალი კერძო სექტორთან. წელს გაუზარდეს დაფინანსება საბუნებისმეტყველო სპეციალობებს, მაგრამ ამან გაზარდა მსურველების რაოდენობა? არა, რადგან, ჯერ ერთი, არ აინტერესებთ ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნები და, მეორე, იქ სწავლა რთულია. რატომ უნდა გავიღო ძალიან დიდი ძალისხმევა, როდესაც ნაკლები ძალისხმევით შემიძლია მეტი ანაზღაურების მიღება?!
– მივდივართ იქამდე, რომ სახელმწიფო უნდა ჰგავდეს სახელმწიფოს?
– სახელმწიფოს ახლაც ჰგავს, უბრალოდ უნდა გავარკვიოთ, როგორი სახელმწიფო გვინდა.
– მე სახელმწიფოს ვუწოდებ იმას, სადაც საბაზრო ეკონომიკაა და ადამიანები იკავებენ სოციალურ სტატუსებს საკუთარი პოტენციალის მიხედვით.
– კარგი იქნება, თუ სახელმწიფო იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ საგამოცდო სისტემა ადამიანებს დაეხმაროს წარმატების მიღწევაში, ხოლო, თუ ვიტყვით, რაში გვჭირდება ამდენი უმაღლესი და ამდენი სპეციალისტიო, მაშინ გვექნება სახელმწიფო, სადაც იარსებებს ძალიან მცირერიცხოვანი ელიტა, რომლებიც იქნებიან განათლებულები და დანარჩენი ადამიანები უბრალოდ იმუშავებენ ფიზიკურად. ასეთ სახელმწიფოში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა მძიმე ინდუსტრიაშია ჩაბმული, ცოდნის შექმნასა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ ეკონომიკას ვერ ააშენებ, რადგან ამას სჭირდება უმაღლესი ტექნიკური განათლების მქონე ბევრი ადამიანი. მაგალითად, ცნობილია, რომ ჰუმანიტარული სფეროს წარმომადგენლები უფრო ძნელად საქმდებიან, მაგრამ უფრო მაღალ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე, ვინც ბიზნესს სწავლობს. ასე რომ, არ არის აუცილებელი ყველას ჰქონდეს მენეჯერული განათლება, ეს თავისთავად დარეგულირდება.