კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არსებები ბინადრობენ რეჟისორ ხათუნა ბედელაძის სახლში და რა პირობები წაუყენეს იაპონელებმა თოჯინა „ბარბის“ მწარმოებლებს, სანამ მას იაპონიაში შეიტანდნენ



რეჟისორ ხათუნა ბედელაძის კოლექციაში ათასობით თოჯინაა თავმოყრილი. მათგან ზოგი ბავშვობის დროინდელია, ზოგი – მეგობრების საჩუქარი, ზოგიც თილისმაა იმ სპექტაკლებისა, რომელიც ქალბატონმა ხათუნამ დადგა. თილისმა–თოჯინები იმითაცაა უნიკალური, რომ მათზე თავმოყრილია სპექტაკლის მონაწილე მსახიობებისა და მთლიანი ჯგუფის წევრების ავტოგრაფები. ქალბატონი ხათუნა, არ ეთანხმება გამოთქმას, თითქოს კოლექციონერები მარტოსულები არიან. მან თავისი კოლექციის გარკვეული ნაწილი ბავშვთა სახლებსა და საავადმყოფოებს დაურიგა და როგორც თვითონ ამბობს, ამით თავისი წილი სითბო გაუნაწილა ბავშვებს. დღეს ხათუნა ბედელაძე ჩვენი რესპონდენტია:



თოჯინები ბავშვობიდან მიყვარდა და როგორც ყველა გოგონას, მეც მჩუქნიდნენ. მქონდა ძალიან ლამაზი თოჯინები. ვთამაშობდი; სულ რაღაცეებს ვუკერავდი, ვბანდი. ვიფიქრე, ყველა თოჯინას აქვს თავისი ბიოგრაფია და მოდი მათ სახელებსაც დავარქმევ-მეთქი. სახელები ძირითადად იმ ადამიანების ჰქვიათ, ვის მიერაც არის თითოეული მათგანი ნაჩუქარი. მაქვს თილისმა თოჯინებიც. როცა ვმუშაობ რომელიმე სპექტაკლზე, აუცილებლად მაქვს თილისმა და სპექტაკლის თილისმა არის ერთი კონკრეტული თოჯინა. მაგალითად, ეს თოჯინა მაჩუქა ლელა ოჩიაურმა 1999 წელს, როდესაც ვმუშაობდი მანანა დოიაშვილის სპექტაკლზე „სამს პლუს სამი“. ტრადიციულად, სპექტაკლის თილისმა–თოჯინა ყველა რეპეტიციას ესწრება. თუ კარგი რეპეტიცია იყო, ისიც კარგ ხასიათზეა, თუ ცუდი – „ცუდზე“. პრემიერაზეც ჩვენთან ერთად გამოდის სცენაზე თილისმა-თოჯინა და ეგრეთ წოდებულ „პაკლონსაც“ ჩვენთან ერთად აკეთებს, ანუ ქედს იხრის მაყურებლის მიმართ და მათ აპლოდისმენტებს იღებს. ამის შემდეგ მთელი სადადგმო ჯგუფი თავის წარწერებსა და ავტოგრაფებს ტოვებს თილისმაზე. ასეთი თილისმები ბევრი მაქვს და მათ ვერასდროს გავაჩუქებ.

მინდოდა რაღაცით დამემახსოვრებინა სპექტაკლზე მუშაობის პერიოდი და მოვიფიქრე, კარგი იქნებოდა, თუ ამ თილისმებზე სამახსოვროდ დამრჩებოდა შემოქმედებითი ჯგუფის წარწერები. მანანა ორბელიანს ჰქონდა არაჩვეულებრივი ტრადიცია, მისი ოჯახის სტუმრებს – სუფრის წევრებს მაგიდის გადასაფარებელზე აკეთებინებდა ხოლმე წარწერას. იქ ნახავდით ილიას, აკაკის, ივანე მაჩაბლის და იმ ეპოქის სხვა ცნობილი პიროვნებების ავტოგრაფებს. მოგვიანებით, მანანა ორბელიანმა ეს წარწერები ამოქარგა. მეც მომივიდა ასეთი აზრი, რადგან წარწერები დროთა განმავლობაში ხუნდება.

– გამოდის, რომ ეს ავტოგრაფებით მოხატული თოჯინები თქვენს კარიერაში სხვადასხვა წარმატებების მომსწრე და გამხსენებელია.

– რა თქმა უნდა. აქ თავმოყრილია თილისმები სპექტაკლებისა: „როგორ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი“, „საზამთრო“, „ეს თავისუფალი პეპლები“, უცნაური დღესასწაული“, „ამიკო“, „ღამე და თუთიყუში“, „მავნე სტუმრები“, „ქალი ქვიშაში“, „თითით საჩვენებელი“... პრემიერებზე წარწერების გაკეთების დრო როცა დგება, სულ ჩხუბი იწყება ხოლმე, რა თქმა უნდა, ხუმრობით, არა მე ყურზე უნდა გავაკეთო წარწერა, მე ცხვირზეო და ასე შემდეგ.

– შეიძლება ვთქვათ, რომ თქვენ არაჩვეულებრივ სამყაროში ცხოვრობთ?

– ნამდვილად. აი, მაგალითად, ამ თაროებზე განთავსებულ თოჯინებს მე მოფერებით „ტყუპუშებს“ ვეძახი. მათ რომ ერთმა ჩემმა სტუმარმა შეხედა, მითხრა: რა ერთნაირები არიანო. შეიძლება, სახით კი არიან ერთნაირები, მაგრამ კოსტიუმებით განსხვავდებიან. ყველანი ერთი ასაკის არიან და ისინი ჩემი ბავშვობის წლებს მახსენებენ. ძალიან სასაცილო და საყვარლები არიან. მართლა ზეპირად მახსოვს დღესაც, რომელი თოჯინა ვინ მაჩუქა.

– ყველაზე ძველი თოჯინა რომელია ამ კოლექციაში?

– ყველაზე ძველი ეს არლეკინები არიან. ძალიან მიყვარს სათამაშო თოჯინა-ბალიშები და როგორც ხედავთ, საკმაოდ უხვადაა ისინი ჩემს კოლექციაში. მათი უმრავლესობა ძირითადად ჩემი მეგობრების ნაჩუქარია, უმეტესწილად მჩუქნიან პრემიერაზე ან დაბადების დღეზე.

– კოლექციონერებს ხშირად ვეკითხები ხოლმე შეუძლიათ თუ არა გაჩუქება. როგორც ვიცი, თქვენ არა მარტო გაჩუქება, არამედ ქველმოქმედებაც კი შეგიძლიათ...

– ეს კოლექცია არის ჩემი მიკროსამყარო. ამბობენ, მარტოსულები აგროვებენ კოლექციასო, რასაც მე ვერ დავეთანხმები. ძალიან მიყვარს კარგი ტიპაჟები, ეს თოჯინები ძალიან მეხმარებიან ამა თუ იმ პერსონაჟების არჩევაში, ჩამოყალიბებასა და გაცოცხლებაში. ჩემი მეგობრის შვილები, როცა ჩემთან სახლში მოდიოდნენ ხშირად გაიძახოდნენ: „მინდა”, ამ კოლექციის შემხედვარე, არადა თხოვებაც კი არ შემიძლია, ჩუქებაზე ხომ ზედმეტია საერთოდ საუბარი. ამიტომ ზოგ პატარას არ უყვარდა აქ მოსვლა, თუმცა როცა წამოიზარდნენ უკვე, თვითონ მჩუქნიან ხოლმე აქეთ თავიანთ ბავშვობის დროინდელ სათამაშოებს.

რაც შეეხება იმ ბავშვებს, რომელნიც მართლა მოკლებულნი არიან სითბოს, არ იზრდებიან მშობლების გვერდით და ზოგს მართლა არ ჰყავს დედ-მამა, არ აქვთ კომფორტი, რომ ნაირნაირი სათამაშოებით შეიქციონ თავი, მე გადავწყვიტე, რადგან სხვაგვარად ვერ დავეხმარებოდი, თოჯინებით მაინც გამეხარებინა ისინი. კოლექციაში სულ 5 ათასი თოჯინა მქონდა, ამ მიზნით კი 3 ათას თოჯინას შეველიე. მათი გარკვეული რაოდენობა ვუსახსოვრე ონკოლოგიური საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებას და იაშვილის სახელობის კლინიკას. ჩემთვის თოჯინა არის სითბო, სიხარული, სილაღე და ეს ყველაფერი ვაჩუქე იმ ბავშვებს, რომ ცოტათი მაინც დაეხმაროს და შეუმსუბუქოს ყოფა. მახსოვს, წყნეთის ბავშვთა სახლში რომ ვიყავი, ყველა ბავშვს სათითაოდ ვაჩუქე თოჯინა, აგრეთვე რამდენიმე თოჯინა დავტოვე მათ სათამაშო მოედანზე. არ დამავიწყდება, ბავშვები ცალ-ცალკე მოდიოდნენ და მთხოვდნენ, ამიყვანე რა ხელში, მაკოცე, ჩამეხუტეო... ამან იმდენად იმოქმედა ჩემზე, ბავშვთა სახლიდან ძალიან დათრგუნული წამოვედი, ვფიქრობდი, იმ წუთას კი მოვეფერე მათ, მაგრამ ეს ხომ წამიერი იყო?! შემდეგ თავს ვიმშვიდებდი, ჩემს ნაჩუქარ თოჯინას ჩაიხუტებენ ჩემს მაგივრად და ჩემს სითბოსაც ის თოჯინები გადასცემენ მათ-მეთქი.

– როგორც ვიცი, ამის შემდეგაც თქვენი კოლექცია კიდევ უფრო შემცირდა, თუმცა გახდა ძალიან დიდი კოლექციის ნაწილი.

– ჩემს ბავშვობაში, თოჯინების მუზეუმი განლაგებული იყო მაშინდელ პიონერთა სასახლეში. ცოტა ხნის წინ შევიტყვე, რომ ამ თოჯინებს კარგა ხანი აღარ ჰქონდათ ბინა. ახლა კი აქვთ, მაგრამ დარბაზი იმდენად პატარაა, რომ როგორც ვიცი, ძალიან ბევრი თოჯინა აქვთ ყუთებში შენახული, რადგან არ არის სივრცე და მათი განლაგების საშუალება. მე მქონდა ულამაზესი ნაციონალური თოჯინები, რომელიც გავიმეტე და გადავეცი ამ მუზეუმს, არა მარტო ქართული, არამედ, იქ იყვნენ იაპონელები, ჩინელები, ინდოელები, ბალტიისპირელები, ავსტრიელები, აფრიკიდან ჩამოტანილი თოჯინები...

მგონია, როდესაც თოჯინას ამზადებ ძალიან დიდი სითბო და სიყვარული უნდა ჩადო ამ საქმეში, იმიტომ რომ ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა.

ამერიკელმა ფსიქოლოგებმა მოიფიქრეს, რომ ცერებრალური დამბლით დაავადებული სავარძლიანი და სხვაგვარი თოჯინები დაემზადებინათ და ფიქრობდნენ, ამით ბავშვები უფრო მზრუნველები და კონტაქტურები გახდებოდნენ. მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი აზრია. მივესალმები.

– „ბარბის“ თოჯინები არ გაქვთ?

– მქონდა და გავაჩუქე, რადგან „ბარბის“ თოჯინები საშინლად არ მომწონდა. მგონია, რომ ძალიან სტანდარტულია, რომლის მიხედვითაც ყველა უნდა იყოს მაღალი, გამხდარი, ღიმილიანი – გაკრეჭილი. იაპონიაში „ბარბი“ არ შეიტანეს. პირობები წაუყენეს. ამ პირობების თანახმად „ბარბისთვის“ ფეხები უნდა დაემოკლებინათ, პირი – დაემუწათ, მკერდი – დაეპატარავებინათ და ჩაეცმიათ კიმანო. მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუშვეს იაპონიაში „ბარბი“.

– თქვენ თვითონ თუ დაგიმზადებიათ თოჯინა?

– როგორ არა, მაგალითად, როდესაც ვმუშაობდი კობო აბეს – „ქალი ქვიშაში“, ძალიან მომინდა გამეკეთებინა რაღაც თოჯინა, რომელსაც შევწირე რაღაც-რაღაც ტანსაცმელი საკუთარი გარდერობიდან და საბოლოოდ, ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

– რას ნიშნავს თვენთვის ეს კოლექცია?

– ჩემთვის ეს კოლექცია ჩემი სამყაროა. მიუხედავად იმისა, რომ მათი მოვლა საკმაოდ ძნელია. მე როდესაც მათ ვუმზერ ვმშვიდდები. მიყვარს.

– რამდენი წლისაა დღეისათვის ეს კოლექცია?

– ამ კოლექციას ვაგროვებ დაახლოებით, 1965-1968 წლებიდან მოყოლებული; ასაკი მათქმევინე ხომ? (იცინის).

ეკა სალაღაია


скачать dle 11.3